მყუდრო სამყოფელი,
ქვიტკირის მაენები
და კატის კნუტები_სიმინდის ყანა!
ჰა! კინტოს პროფილე,
საეჭვო ტარნები,
და დავიკუნტები
ქალაქის ქუჩებში მე_ სალახანა.
ტირილი, ტირილი, ტირილი ბევრი!
მზის განიავება,კალო და კევრი
და სოფლის სიწმინდე, მართალი ბათმანი,
როცა მე ქალაქში მაწუხებს, მახელებს,
ყველა ყელსახვევი, შავი ხელთათმანი.
იქნებ ჩვენ ტფილისი ხვალ ყველამ დავტოვოთ!
მინდა დღეს მივწერო დედას უსათუოდ,
იმღეროს მამასთან ის ნანა ტკბილი,
როცა გაიხარა, რომ მე მეჭრებოდა პირველი კბილი;
როცა მე ქურდები მეგობრად მრაცხავენ,
სოფელში ვენახი გახდა მოსარწყავი
და ვაზის ფურცლებზე ისე გალურჯდება იქ შაბიამანი,
ვით თვალის უპე _ როცა მე არ მახურავს ღამეში საბანი.
დედა! ინახულე
შენ წმინდა ხახული!
წადი ფეხშიშველი,
ქალაქში დაკარგულ შვილისთვის ღამე გაათია,
ღმერთო! აპატიე_
მე თუ ვერ მიშველი,
დედას, რომ დაგინთოს ჩემ სიგრძე სანთელი,
მისთვის, რომ ჩემს გულში
დაყუჩდეს გრიგალი და კორიანტელი.
Paolo iashvili - Werili dedas
No comments:
Post a Comment