აკაკი წერეთელი - გამზრდელი

I
მთის მწველვალზე, ცის მახლობლად
მერცხლის ბუდედ რაღაც მოჩანს;
თვალთ ისარი, შენატყორცი,
ვერ არჩევს მის სიგრძეს და განს.

ის ფაცხაა მღვიმის პირად
მიწნული და მიგრეხილი,
დრო და ჟამის შესაფერად -
ზამთარ თბილი, ზაფხულ გრილი.

როდესაც მთა ბარს და ვაკეს
ემუქრება წარღვნა-ღელვას, -
ფაცხაც ღრუბელს გარს იბურავს,
ეკრძალება ჭექა-ელვას.

მაგრამ, როცა დაჰქათქათებს
თავზე იქვე მზე და მთვარე
და თვალის წინ ფიანდაზად
ეფინება არემარე,

მაშინ ფაცხა უბრალობით
მომხიბლავად ლამაზია
და იმასთან ყველა ტყუის,
რაც კი ციხე-დარბაზია.

გზა მოუძღვის საცალფეხო,
მიხვეული, მოხვეული;
მასზე გამვლელს უნდა ჰქონდეს
მარჯვე თვალი, მტკიცე გული;

ანუ ჰყავდეს რაში ცხენი,
მთაში გაზრდილ-გამოწვრთნილი:
კლდიდან კლდეზე გადამფრენი,
უშიშარი და თან ფრთხილი.

ამ შორეულ ფაცხა-მღვიმეს
ვინ ჰპატრონობს, ვისი არის?
და საამო კარ-მიდამოს
ვინ შეტრფის და ვინ შეჰხარის?

ერთი ვინმე ახალგაზრდა
აფხაზია, ამ მთის შვილი,
რთულ ცხოვრების უარმყოფი,
მცირედითაც კმაყოფილი.

კარგი თოფი, კარგი ხმალი,
კარგი ცხენი და ნაბადი!..
რას ინატრებს სხვას, ამის მეტს,
კაცი, მისებრ დანაბადი?

მხოლოდ ერთს კი... და ის ერთიც
არის მარტო სიყვარული,
რითაც მხოლოდ ქვეყნიური
ნეტარება არის სრული.

ბედმა ესეც არ დააკლო,
განასხვავა, ვით რჩეული...
სიყვარულსა, მის მონაშუქს,
მიაშუქა სიყვარული:

ერთი თვეა, რაც რომ ცოლად
მიიყვანა ვინც უყვარდა,
ვისაც გულში ცასქვეშეთჲ
შეუწონა, შეუფარდა...

ნაზიბროლა - სახელია,
სამეგრელოს ასულია,
მოწყვეტილი ცით ვარსკვლავი
ედემს ალვად ასულია!..

ელფერობით ვარდი არის,
სინაზით-კი - მორცხვი ია...
ტრფობისათვის ჯერ პირველად
გულის კარი გაუღია.

ცა და ქვეყნის შუამავალად
მიაჩნია მას აფხაზი!..
გულში გულს სდებს, სულში სულს სცვლის,
ხორცს ეწმახვნის სურო-ვაზი!..

ნეტავი მათ!.. მათ სიყვარულს
და მათ უხმო აღსარებას!..
ერთად ჰგრძნობენ ამ ქვეყნადვე
სასუფევლის ნეტარებას...

მაგრამ ხანგრძლივ ეს სოფელი
გაახარებს ვინმეს განა?
თაფლში ურევს მწარე ნაღველს!
მტრისას მისი გამოცანა!..

II
ბნელა ისე, რომ აღარ ჩანს
თითი, თვალთან მიტანილი!..
ცა მრისხანებს, ელვა-ჭექამ
ნადირსაც-კი უფრთხო ძილი!..

ქარი ზუის გულსაკლავად,
წვიმა უშვებს კოკის პირად;
ხან აქ, ხან იქ მთა-ღრეებში
გავარდება მეხი ხშირად.

თითქო მართლა თვით ჯოჯოხეთს
აუშვია ქვეყნად ზარი!
აიტანა შიშის ქარმა
თანასწორად მთა და ბარი!

ამ დროს ხოლმე თვით ეშმაკიც
ეძებს ძრწოლით თავშესაფარს,
მაგრამ, დახეთ ვიღაც მგზავრი
სტუმრად მოსდგა აფხაზის კარს!

დაურეკა და ხმა მისცა:
„გამომხედეთ!.. ვინ ხართ შინა?
სტუმარი ღვთის კარზე ვდგავარ,
ცხენს და კაცსა გვინდა ბინა!“

გაუკვირდა აფხაზს და სთქვა:
„ამ თავსხმაში ეს ვინ არი?!“
შეუკიდა ცეცხლს და უცბად
გამოაღო ფაცხის კარი.

გავიდა და შემოუძღვა
ფეხებამდე დასველებულს,
მიიყვანა ცეცხლის პირად,
უდგამს სამფეხ სკამს - დაღალულს.

ხმას არ იღებს ჯერ სტუმარი,
ნაბდის თასმებს ნელა იხსნის...
თავ-პირი აქვს შებუდნული
ყაბალახით და იცინის!..

ჯერ ნაბადი მიაყუდა,
ბნელ კუთხისკენ მიდგა წყნარა
და, ბაშლიყი რომ გადიძრო,
მოტრიალდა უკან ჩქარა:

„მასპინძელო! - სიცილით სთქვა, -
წახდა ჩემი ხუმრობაო!..
ვერ მიცანი, თუ გეწყინა
ეს უდროვო სტუმრობაო?“

- საფარ, შენ ხარ?.. ენაცვალოს
ძიძის შვილი მაგ შენს თავსო...
ეს თვალები რაღას ნახვენ
შენს უკეთეს სანახავსო?

მოეხვია, გადაკოცნა,
როგორც ძმა და თვისი ტოლი,
და მერე კი გააღვიძა
შიგნით მწოლი მისი ცოლი.

შეეხვეწა: აბა ჩქარა
მოამზადე ვახშამიო:
შორი გზა აქვს გამოვლილი,
არ ექნება ნაჭამიო.

- არა, ბათუ, ვახშამს არ ვჭამ,
არ მცალია მაგისთვისო!
მე სხვა მადა მაქვს აშლილი
სხვანაირი გულისთქმისო...

უპასუხა და მოუყვა:
„მინდა გითხრა ჩემი ჭირი:
დღემდის მტკიცე პირიანსა,
დღეს მიტყდება ძმაო პირი!

ალმასხიტს ხომ კარგად იცნობ,
თავმომწონე ინალიფას?
მის ცხენსა და მის იარაღს
ვერვინ დასდებს ღირსეულ ფასს.

ვაჟკაცია თვალ-ტანადი,
ცხენოსანი უებარი!..
მეტოქეა ჩემი მხოლოდ,
ერთადერთი საშიშარი.

შორს გაისმის მისი ქება,
ჩვენშიც ხშირი სტუმარია;
ბიჭობით და სილამაზით
ქალებიც კი გადარია.

ერთი მხოლოდ ზია-ხანუმ
არად აგდებს, არც უყურებს,
რადგან იცის, რომ სხვებსავით
იმას ის ვერ იმსახურებს.

ზია-ხანუმ, შენც კი იცი,
რომ მშვენებით განთქმულია;
ბევრი კარგი ახალგაზრდა
მისი ეშხით დაბმულია!..

მთვარესავით ხელუხლები, -
სხივებს ჰფენს და არვის ათბობს;
მომხიბლავი შორეულად
თანასწორად ყველას ატკბობს.

ჯერ გაჰღალავს, მიიბირებს,
დაიმონებს, იგდებს ხელში,
მერე უნდა გამოსცადოს:
აგდებს მის მსხვერპს განსაცდელში!..

მეც მომხიბლა ჯადოსანმა,
დამამარცხა, დამიმონა!..
და, თუ ქალი მაჯობებდა,
არ ვფიქრობდი, არ მეგონა...

დამიჩემა: „თუ გიყვარვარ
და ხარ ჩემი მოგვარეო,
ინალიფას ლურჯი ცხენი
ამ სამ დღეში მომგვარეო!“

ინალიფა მის ბედაურს
არ დაუთმობს ნებით გამჩენს
და, თუ ვინმე ძალას იხმარს,
შეაკვდება, არ შეარჩენს!

სხვა გზა არ მაქვს: მოპარვაა
მხოლოდ ერთადერთი ღონე,
თუმც-კი სხვა დროს არ იკადრებს
ამას კაცი თავმომწონე.

აი, რისთვის მოვსულვარ აქ,
ჩემო კარგო მეგობარო!
მე მინდა, რომ ალმასხიტის
ლურჯი ლაფშა მოვიპარო.

მოუსმინა ძიძის შვილმა,
ყველა კარგად გაიგონა,
მაგრამ საქმემ უკუღმართმა
შეაწუხა, დააღონა.

უთხრა: „ვწუხვარ, რომ ეგ საქმე
უკადრისი გიკისრია,
მაგრამ რადგან სიყვარულის
ტკბილი სენი შენც შეგყრია,

გზა აღარ გაქვს!.. უნდა გული
დაუდვა და ემსახურო,
რომ სატფროს წინ შენ სირცხვილის
ოფლი აღარ მოიწურო:

მის ოცნებას, მის გულისთქმას
უნდა მიჰყვე, დაემონო,
გინდ სიცოცხლეც შენი ტკბილი
მწარე სიკვდილს შეუწონო.

ეს შენც იცი, - არ ხარ ქვეყნის
უცადი და უმეცარი, -
სავაჟკაცოდ გამოსული,
უდრეკი და უშიშარი!

მაგრამ მარტო უშიშრობა
ძლევისათვის არა კმარა,
თუ სიფრთხილეც გონივრული
დროზე მას არ დაეხმარა.

ერთმანეთის მინამსგავსი,
შიში სხვაა, სიფრთხილე სხვა,
ისე როგორც სხვადასხვაა
ღვთის წყალობა და ღვთის რისხვა.

რომ მიდიხარ, სად მიდიხარ?
მართალია, გიჭრის თვალი,
მაგრამ ჩვენში როგორც უცხოს,
აგებნევა გზა და კვალი.

შენ ეგ საქმე მე მომანდე,
მე ვიზამ შენს მაგივრობას:
ან მოგიყვან იმ ცხენს, ან თავს
შევწირავ შენს მეგობრობას!

შენ აქ დარჩი, დაიძინე,
გამოშუშდი ცეცხლის პირას!..
და, თუ დამრჩა გამარჯვება,
მაშინ მოგთხოვ ფეხის ქირას“.

გაეხუმრა, გამოეწყო
სამგზავროდ და გავლო კარი.
მიდის, ელვა გზას უნათებს
და დაჰზუის თავზე ქარი.

III
ირიჟრაჟა, ქარი ჩადგა,
გადიყარა, დადგა დარი;
ლურჯ ბედაურს მოაგელვებს
მეგობრისთვის მეგობარი.

მოიყვანა, დააბა და
შინ შევიდა წყნარად, ფრთხილად.
გრძელ ნაბადში გამოხვეულს
სტუმარს სძინავს იქვე თბილად.

აუარა გვერდი, მიდის
იქ, სადაც ის ეგულება,
ვინც სიცოცხლეს ურჩევნია,
სულს სწირავს და თავს ევლება.

გულში ამბობს: „ერთს დავხედავ
ტკბილად მძინარ ნაზიბროლას,
თუ გავუძელ გულის ძგერას,
სულის ბრუნვას, ხორცის ჟრჟოლას“...

სასოებით შედის ქვაბში
და რას ჰხედავს იქ საკვირველს?!
ნაზიბროლა ჩუმად სტირის,
პირს იხოკავს, იკაწრავს ყელს!..

თმაგაშლილი, ტინის კედელს
თავს ახლის და ხმას არ იღებს...
მინგრეულს და მონგრეულსა
ჰხედავს იქვე მის ქვეშაგებს!!!

მიხვდა ქმარი, რაც მომხდარა,
ზარმა დაჰკრა, ელდა ეცა!..
და, რომ კრინტიც არ დაუძრავს,
იქვე უხმოდ ჩაიკეცა.

დიდხანს იჯდა რეტდასხმული,
უყურებდა ცოლის ტანჯვას;
ბოლოს ღონე მოიკრიფა
და მოეგო ისევ ჭკუას.

მივიდა და უთხრა მტირალს:
„ჩუ, ნუ სტირი, გენაცვალე!
რაც გინახავს - სიზმარია,
დაივიწყე ისევ მალე!

ყოველგვარი მოსავალი
კაცის თავზე უნებური,
ღვთის რისხვაა და ტყვილად ბედს
რას უჩივი, რათ ემდური?

გადაიგდე გულიდან ეგ
ცრუ ზღაპარი და სიზმარი!..
მე და შენი სიყვარული
წმინდა არის, ვით ლამპარი“.

მოეხვია და ცრემლები
ამოუშრო თვალში კოცნით,
დააწყნარა, დაამშვიდა
ალერსით და ბევრი ხვეწნით.

მაშინ მხოლოდ გამობრუნდა
სტუმრისაკენ და უთხრა ეს:
„ადე, ძმაო, გაღვიძებას
არ აპირებ, მგონია, დღეს!“

წამოვარდა ზეზე საფარ
შემკრთალი და დარცხვენილი!..
მაგრამ როცა მშვიდ სახეზე
შეამჩნია მას ღიმილი,

გაიფიქრა: „მადლობა ღმერთს!
არაფერი შეუტყვია,
თვარა გულ-მკერდს გამიხვრეტდა
ხანჯლის წვერი და ან ტყვია!

არ უთქვამს ქალს, რაც შევცოდე,
სჩანს, ნამუსი შეუნახავს.
ჩემ საქციელს, სამარცხვინოს,
ვინ გაიგებს, ვინ დამძრახავს?“

მერე უთხრა მის ძიძის შვილს:
„გატყობ, რომ ხარ კმაყოფილი,
შეასრულე განა ჩემი
ძნელი ნატვრა და სურვილი?“

„ - შევასრულე: მოგიყვანე,
დროა, აწ-კი გაეშურე!
ნუ დამძრახავ, საკადრისად
თუ რომ ვერას გემსახურე!“

ხან ესა სთქვეს, ხან ისა სთქვეს,
ისაუბრეს ჯერ ერთხანად,
მერე წყალიც მოუტანა
მას ხელ-პირის დასაბანად.

გამოაწყო, არ დააკლო,
რაც წესია, სამსახური,
რომ სტუმარი არ გაუშვას
გულნაკლი და უმადური.

შეუკაზმა ცხენი, შესვა,
თვითონ შეჯდა ნაქურდალზე
და ორივემ მათრახები
ატკაცუნეს ერთხანს ძალზე.

გაახურვეს მათ ცხენები,
ააღელვეს, ააჩქარეს
და ვიწრო გზით ის დაღმართი
სულ კუნტრუშით ჩაატარეს.

რომ ჩავიდნენ შორიახლოს
მინდვრის პირად, იქვე დაბლა,
მასპინძელმა შეაჩერა
ცხენი და ხმა აიმაღლა:

„ - საფერ-ბეგო! პირშავობა
შენი ვიცი, შემიტყვია!..
და დღეიდან ჩვენ ორს შუა
მოციქული არის ტყვია!

არა სთქვა-რა!.. არც მე გკითხავ:
არის ზოგი შეცოდება,
რომ სათქმელად საძნელოა...
არც შენდობა უხერხდება!

ახლა წადი! დამეკარგე!
ფრთხილად! არსად შემეყარო,
რომ ცუდ გულზე უცაბედად
შენი სისხლი არ დავღვარო!“

ეს რომ უთხრა, შეკრთა საფარ,
გაშრა, ფერი დაედვა მკვდრის,
ჩაუვარდა ენა პირში,
გაქვავდა და აღარ იძვრის...

ძლივს წარმოთქვა: „მართალი ხარ!..
აღარა მაქვს მე სათქმელი!..
შემაცდინა თვით ეშმაკმა
და დამრია ცოდვილს ხელი!..

შენი ტყვე ვარ!.. ჰა, ხომ ხედავ,
იარაღი დამიყრია...
სასიკვდილოდ ჩემი ნებით
შენ წინ თავი დამიხრია...

ჩემს სიცოცხლეს სიკვდილი სჯობს
მომკალ... ტანჯულს რამ მიშველე,
მაზღვევინე, რაც შეგცოდე,
სინიდისი გამიმრთელე!“...

„ - არა! შენ ვერ შეგეხება
სასიკვდილოდ ჩემი ტყვია:
დედიჩემის გაზრდილი ხარ,
მისი ძუძუ გიწოვია...

რაც ქვეყანას მიაჩნია
რჯულზე უფრო უმტკიცესად,
რომ გასტეხე, ის გეყოფა
სიკვდილამდე შენ საკვნესად.

წადი ჩემგან შენდობილი,
მაგრამ შორს კი... და მშვიდობით!..
დღეიდან ჩვენ წმინდის გულით
ერთმანეთს ვერ მივენდობით!

მაგრამ ერთს კი დაგავალებ,
ამისრულე უეჭველად:
რომ მიხვიდე ყაბარდოში,
იცოდე, რომ სულ პირველად,

წადი, ნახე ის მოძღვარი,
ვინც შვილივით გამოგზარდა,
და უამბე შენი პირით,
რაც სირცხვილი დაგემართა!“

გადმოხტა და ლურჯი ლაფშა
მისცა ხელში, ჩააბარა,
მოტრიალდა და აღმართი
ძლივს ბარბაცით აიარა.

IV
არც გვარით, არც ვაჟკაცობით,
არც სიმდიდრით, არც ქონებით, -
ჰაჯი-უსუბ ცნობილია
მხოლოდ ჭკუით და გონებით.

ჭირში, ლხინში საზოგადოდ
უმისობა არ იქნება;
ხელის გულზე აწერია
თვით მაჰმადის წმინდა მცნება.

ზღვა და ხმელი მოვლილი აქვს,
მნახველია ცის და ქვეყნის;
ჯერ ისევე ჭანმაკია,
თუმც არ არის კი მცირე ხნის.

ხელ-ფეხს ერჩის, თვალსაც უჭრის, -
არ ტყუილი ქადილია;
სადაც კია გვარიშვილი,
ყველა მისი გაზრდილია.

საფარ-ბეგიც მან გაზარდა
ისე, როგორც სხვები ყველა,
მაგრამ მარტო წვრთნა რას იზამს,
თუ ბუნებამც არ უშველა?

აი, სწორედ ამ უსუბთან
მიდის ახლა საფარ-ბეგი,
მორდუობის გამტეხი და
ჩვეულების გადამდეგი.

ეუბნება ყოველიფერს,
უნებურად რაც შეემთხვა;
ცრემლები სდის და ეჩრება
ბურთად ყელში მწარე სიტყვა.

ყურს უგდებდა ჰაჯი-უსუბ,
სახე მოინაღვლიანა:
სიდიადე ამ მუხთლობის
თვალწინ გაისიგრძეგანა.

ოხვრით ჰკითხა: „მერე? მერე?
რომ გაიგო, რა სთქვა ქმარმა?“
- „მაპატივა შეცოდება,
როგორც ძმამ და მეგობარმა!..

მხოლოდ ის-კი დამავალა:
ნახე შენი გამზრდელიო
და მაგ შენი საქციელის
პასუხს მისგან მოველიო!“

- მესმის, მესმის და პასუხიც
ჩემი მხოლოდ ის არიო,
რომ ნამუსის გასაწმენდად
ჩემი ხელით სისხლს დავღვრიო!..

შეაყენა ზედა ფეხზე
მან დამბაჩა დატენილი;
მორჩილებით გულ-მკერდს უშვერს
საფარ, მისი გამოზრდილი.

მაგრამ უსუბ ეუბნება:
„შენ სიკვდილის რა ღირსი ხარ?!
სასიკვდილო მე ვარ მხოლოდ,
რომ კაცად ვერ გამიზრდიხარ!“

წარმოსთქვა და საფეთქელში
მიიჭედა ცხელი ტყვია!..
ჩაიკეცა სულთამბრძოლი
წამლის კვამლში გაეხვია...

Akaki wereteli - Gamzrdeli
აკაკი წერეთელი - გამზრდელი

1 comment: