ყანა, ვენახი, ძროხა...
და კიდევ - ყავისა და თამბაქოს პლანტაციები
სადღაც, ამაზონის თუ ვირჯინიის მიდამოებში.
და უამრავი ხელი - ხელები,
ანუ ერთადერთი დიდი ხელის ნებით და სურვილთ.
და ეს ყველაფერი ჩემთვის,
ჩემი დილის საუზმისათვის.
ჩემთვის - ერთი უბადრუკი არსებისათვის,
რომელიც ჭამს პურსა და ყველს;
რომელიც სვამს არაყს და ყავას;
რომელიც ეწევა თუთუნს;
რომელიც დგას საკუთარი სახლის აივანზე,
შეყურებს იანვრის მზეს და ფიქრობს:
„ესაა ცხოვრება ?..
ფიქრობს და ასეთივე უკმაყოფილო სახით დაეხეტება
ამაზონის თუ ვირჯინიის მიდამოებში.
No comments:
Post a Comment