მორის ფოცხიშვილი - თუ ხარ კაცი და თუ ხარ ქართველი

შენ აქ რა გინდა,
ჩემს სასთუმალთან,
ხალხს გააგონე შენი სიმღერა,
იქ განეცხადე
შენს მრევლს სულმნათად,
სადაც ქართული სისხლი იღვრება.

შენ აქ რა გინდა,
ჩემს სასთუმალთან?!

იქ უნდა იყო, სადაც სხვა არი,
სადაც ზღვა არი
ძმათა მრავალთა, -
იქ უნდა შეკრბეს ქართვლის ლაშქარი,
იქ უნდა სჭედდე
შენ შენს სამართალს...

თუ ხარ კაცი და
თუ ხარ ქართველი,
თუ ერი შენი ისევ მგოსნად გთვლის,
იქ უნდა ენთო, როგორც სანთელი
ხატად შერაცხულ სამშობლოსათვის...
თუ ხარ კაცი და
თუ ხარ ქართველი!

აწ იქ თუ შეგძრავს
ვით შუქს გენია,
ექო „ლაშქრულის“ და „ლილეოსი“,
იქ უნდა მოკვდე,
სადაც კვდებიან
თავისუფალი საქართველოსთვის!
თუ ხარ კაცი და
თუ ხარ ქართველი!

რძით მშობლიურით, ჯვარზე ოცნებით,
დედამ ქართველმა თუკი გაგზარდა,
ადრე თუ გვიან, როგორც მლოცველი,
უნდა მიხვიდე ქართულ ტაძართან!
იქ უნდა მოკვდე
როგორც ქართველი!

იქ უნდა შესძრა შენი სამარე,
იქ უნდა ჰპოვო შვება შვებისა,
იქ უნდა აღსდგე,
როგორც ლაზარე,
სულის ქართულის განახლების ჟამს!
შენ აქ რა გინდა,
ჩემს სასთუმალთან!

Moris Focxishvili - Tu Xar Kaci Da Tu Xar Qartveli

No comments:

Post a Comment