მორის ფოცხიშვილი - ლევილის მწუხრში

ლევილის მწუხრში დავრჩით მარტონი,
ხილვა იყო თუ გამოღვიძება,-
ქრისტეს პერანგში
მერაბ ბატონო
იდგა ღვთის წინ და
პირჯვარს იწერდა.

არც რას ამბობდა,
არც რას იტყოდა,
ცა ეღვრებოდა სულში იოდად,
ყრმას ცხრა აპრილის ყველა ჭრილობა
გულში სჭირდა და
გული სტკიოდა.

ქართულ ნაღვერდალს სიტყვა ქართული,
აქეთ მაწვდიდა სანთელ-საკმეველს,
მრევლში საფრენად ფრთებშემართული.
შავ ცხენზე იჯდა წმინდა გიორგი,
წინ წამებულის დიდი გზა იყო,
მკლავკურთხეულის ყველა გმირობის
ხმალი ვადაში გადამტყდარიყო.

ხტოდა, ცმუკავდა კერპთა კავშირი,
იყო სპექტაკლი, როგორც მკვლელობა,
სდუმდა ქაქუცა ჩოლოყაშვილი
და ვალმოხდილ ძმას,
ვით ძმას ელოდა...
გუნდი გალობდა-

,,შენ ხარ ვენახი!“
და იყო რაღაც ენით ართქმული...
და მთაწმინდიდან
მამრის შეძახილს
ექოდ ერწყმოდაგენი ქართული.
მზე ჩადიოდა...

ვწუხდით მარტონი,
მაგრამ კვლავ დუღდა სისხლი იბერთა,-
ქრისტეს პერანგში
მერაბ ბატონი
იდგა ღვთის წინ და
პირჯვარს იწერდა.

Moris Focxishvili - Levilis Mwuxrshi

No comments:

Post a Comment