გალაკტიონ ტაბიძე - ისევ ახალგაზრდობას

ცხოვრების გზაზე მენავეს
ტალღა სცემს ხმაონავარი.
სულის სიმტკიცე აქ გვმართებს -
აი, რა არის მთავარი.

რაც ომმა ჩვენ მოგვაყენა
ჭრილობა სხვადასხვაგვარი,
უნდა მოშუშდეს, აი, რა,
აი, რა არის მთავარი.

მეცნიერება კი მზეა,
ფუძეა, მტკიცე ჯავარი.
შრომა, ცოდნა და სიმართლე
გვწამდეს, ესაა მთავარი.

თუ ადამიანს გეტყვიან -
მასზე ძვირფასი რა არის,
სახელი ადამიანის -
აი, რა არის მთავარი.

გეკაფოსთ – რაც უღრანია,
აგევსოთ – რაც ხარვეზია.
სამშობლო არ დაივიწყოთ,
სამშობლო – უმთავრესია.

Galaktion Tabidze - Isev Axalgazrdobas

No comments:

Post a Comment