მორის ფოცხიშვილი - გოგლაურა

რაც გვინახავს, ვეღარ ვნახავთ,
უფსკრულებზე გვმართებს ხიდის გადება, -
„ავდგეთ ფეხზე, ვადღეგრძელოთ სწორედ ახლა,
ახლა ვინც იბადება!“

სიჭაბუკე აღმაფრენის წრიაპს იკრავს,
მწუხრი მთებზე დაშვებულა ფარდებად, -
„ავდგეთ ფეხზე, თაყვანი სცეთ ისეთ ცისკარს,
ახლა რომ ცისკარდება!“

კარგად ვიცით, რა გვქონდა და რასაც ვკარგავთ,
მზე ამოდის, ვენაცვალე ღვთის ნებას, -
„ავდგეთ ფეხზე და ავეკრათ ისეთ ცარგვალს,
ჩვენთვის რომ გაიხსნება!“
ცდება ალბათ, ვინც თითს გვიქნევს,
ახლა გვმართებს ერთმანეთის ფერება, -
„გაუმარჯოს სწორედ იმ ლექსს,
ახლა რომ იწერება!“

სისხლი ტვინში შუქად მიდუღს,
მეც არ ვიცი, ღამდება თუ თენდება,
„ავდგეთ ფეხზე, ვუგალობოთ სწორედ იმ გულს,
ახლა რომ აფეთქდება!“

ლექსთან ერთად ფრენას ვიწყებთ,
ვინ რას იტყვის, ლხინია თუ გოდება, -
„ავდგეთ ფეხზე, თაყვანი ვცეთ სწორედ იმ ერთს,
ჩვენ რომ გვიახლოვდება!“

Moris Focxishvili - Goglaura

No comments:

Post a Comment