აკაკი წერეთელი - იმერული ნანინა

ვუძღვნი საბატონო ყმების ახალშობილ შვილებს

გაპუტულო გლეხის შვილო, შენ პაწაწინაო! აგრე ტკბილად, უდარდელად რამ დაგაძინაო?
დედის მკერდში მიგიგნია შენ ტკბილი ბინაო...
დაიძინე ვარდო-ნანა, იავ-ნანინაო!...

დედა ეტყვის: “გენაცვალოს შენი მშობელიო,
ძუძუებში ჩაგივლია პაწაწა ხელიო!
შენს ვაჟკაცობას მომასწრებს მე ღვთისმშობელიო,
მამიშენის ბედის არ ხარ, შენ სხვა ბედს ელიო:

შენი ვარსკვლავი სხვა არის! - ბედმა გიცინაო!
იავ-ნანა, ვარდო-ნანა, იავ-ნანინაო!...

ღმერთს შენი ბედნიერება წინეთ უსახავსო,
შენც მის ნაცვლად ემსახურე, ნურას იზამ ავსო,
დედას თმას ნუ მაწეწინებ, ნუ ჩამაცმევ შავსო!
სხვებ რა გიჭირს: ხომ შეიტყვე, ბატონი არ გყავსო!

რისთვის შეკრთი? მართალია!... რამ შეგაშინაო?
იავ-ნანა, ვარდო-ნანა, იავ-ნანინაო!...

გაიზრდები, გენაცვალე, თავისუფალიო;
ბატონი ვერ შეგაწუხებს, ვერც გაგტეხს ვალიო;
შენს მტერსა და მოშურნესა დაუდგეს თვალიო;
ჭირისა და ავ თვალისგან გიხსნის უფალიო!

ხომ გიამა, გენაცვალე! მან გაგაცინაო?
იავ-ნანა, ვარდო-ნანა, იავ-ნანინაო!...

დიდი-კაცის შვილს სკოლაში გვერდთ მოუჯდებიო;
აბა შენ იცი, ბიჭოჯან, როგორ ეცდებიო;
ძველ ბატონის შვილს სწავლაში ნუ ჩამორჩებიო,
გლეხსა ნიჭი არა აქვსო, არ აფიქრებიო!..

შენი დაჩაგრული ძმები შენ უნდა იხსნაო,
იავ-ნანა, ვარდო-ნანა, იავ-ნანინაო!...

ჩინოვნიკებიც არიან ჩვენი გამწვალეო:
ჩვენს საქმეზე როცა მივალთ, გვეტყვიან: “ხვალეო”,
და, ჩვენ როცა დაგვსაქმებენ, მაშინ კი - “მალეო!”
ამას შენ ვეღარ გეტყვიან, შენ გენაცვალეო,

რომ ვეღარ დაგიბრიყვებენ, თუ რომ თავი სცნაო!
იავ-ნანა, ვარდო-ნანა, იავ-ნანინაო!...

პაწაწინა იადონო და ვარდის კონაო,
დღეს ხომ კარგად გაიგონე ჩემი ნანინაო?
და, თუ კარგად გაიგონე, ხომ მოგეწონაო?
მაშ ნუ გძინავს! გაიღვიძე! იცან ქვეყანაო!

შენც შეიტყვე ამა სოფლის ცრუ გამოცანაო!
იავ-ნანა, ვარდო-ნანა, იავ-ნანინაო!...

Akaki Wereteli - Imeruli Nanina

No comments:

Post a Comment