ირაკლი აბაშიძე - პოეტი მაინც

გინდ ღარიბობდეს,
გინდ მათხოვრობდეს,
გინდ ბროლის ედგას
წინ მთა-გორებიც
პოეტი მაინც უნდა ცხოვრობდეს
მხოლოდ პოეტის დიდი ცხოვრებით.

გინდ ხალიფობდეს,
გინდ ბატონობდეს,
გინდ დღეებს წვავდეს
გულის სწორებით
პოეტი მაინც უნდა ცხოვრობდეს
მხოლოდ პოეტის დიდი ცხოვრებით.


უნდა ცხოვრობდეს
უნდა ცხოვრობდეს,
უნდა სუნთქავდეს
მგოსნის ცხოვრებით
ნიკორწმინდობდეს, სვეტიცხოვლობდეს
ფიქრით, ლოცვებით და ამბორებით.

ქვეყანა მიაქვს შურს უბოროტესს,
მიწა სავსეა
ქვეყნის ჭორებით...
პოეტი მაინც უნდა ცხოვრობდეს
მხოლოდ პოეტის დიდი ცხოვრებით.

Irakli Abashidze - Poeti Mainc


No comments:

Post a Comment