გელა დაიაური - მახსოვს ის ცელქი ცქრიალი

მახსოვს ის ცელქი ცქრიალი,
მუცოში მოცვზე ცილობა,
ცად ცისარტყელას ციალი,
ოცნება და სიცილობა.

კოცნა დამქცევის სიცივის
ან ცვენა ცხელი ცრემლების,
ან ცივი ცვარის ციმციმი,
ცერებში ცეკვა ცელების.

კლდის ცქერით ზღვა გაოცება,
ცად აცერილი ფიცარი,
ან საოცნებო ცხოვრება,
სიმტკიცით შენაფიცარი.

ან ციყვის მომცრო ცაცებით,
ცირცელზე გადაცოცება,
ალიცლიცული ცაცხვები,
ცად ატყორცნილი ლოცვებად.

ან ჯერაც გასაციები,
ცვრიანი ხორცი აცმული,
მეცხრე ცას ასაცილები,
ცხელი კოცონის ტკაცუნი.

იმაზე ანცი ოცნება
რაც არ იცი და რაც იცი,
ცის-კარზე ცის დამორცხვება,
ცისფერ სივრცესთან ლაციცი.

ციცინათელას ციალი,
ოცნება და სიცილობა,
გახსოვს ის ცელქი ცქრიალი,
მუცოში მოცვზე ცილობა?

Gela Daiauri - Maxsovs Is Celqi Cqriali

No comments:

Post a Comment