ოთარ ჭილაძე - ვეფხის ბალადა

შეიშმუშნა ზღვის ნაპირის უდაბური მხარე;
ლერწმებიდან ნადირივით გამოვარდა მთვარე.
ჩამუქებულ შამბნარებში გაიღვიძა მხეცმა,
გაიღვიძა და თვალებში თითქოს ცეცხლი ეცა.


დაიქუხა, დაიჭექა, გაიელვა ჭრელად,
ზე ასწია თათი ვეფხმა მთვარის დასაჭერად.
სისხლისფერი მნათი მშვიდად როცა დაჯდა მთაზე,
ახტა ვეფხი, გაეკიდა მრისხანებით სავსე.


მთვარემ ისევ გადინაცვლა, სხვა მწვერვალზე დაჯდა,
ვეფხიც განა დაიქანცა, მთაგრეხილთან გაჩნდა.
ბედუინთა ცხელი მხარე უკან დარჩა მდევარს,
არ დაეძებს არც ცხვრის ფარებს, არც ცხენების რემას.


ხრამებს, ჩქერებს გადალახავს, მთვარეს შორით უცქერს,
შვლების ჯოგებს სადაც ნახავს, გვერდს შორიდან უქცევს.
მთელი ღამე ასე სდია მოელვარე მთვარეს,
და წააწყდა მთების ძირას სიზმრად ნახულ მხარეს.


რას შეხედა... ვეფხი შედგა, დაატყვევა მიწამ,
დაავიწყდა, მაღალ მთებთან რისთვის გამოიქცა.
შედგა, თითქოს ქანდაკებად გააქვავა მეხმა,
ხელმეორედ დაბადება თუ ინატრა ვეფხმა!


გადახედა ვერხვნარს, ბაღნარს, იალაღებს, არაგვს,
შედგა ვეფხი, არა, სხვაგან წასასვლელი არ აქვს.
დიდხანს იდგა, სანამ დილით არ ახალეს ტყვია,
ძირს დაეცა და სიკვდილი არც კი შეუტყვია.


გაწვა ვეფხი ტიალ გზაზე, მიწას უწყო ლოკვა;
საქართველოს სილამაზემ ასე ბევრი მოკლა.


Otar Chiladze - Vefxvis Balada
ოთარ ჭილაძე - ვეფხის ბალადა

No comments:

Post a Comment