მუხრან მაჭავარიანი - საგანი ღვარძლის...

საგანი ღვარძლის,
საგანი შურის, -
წარსულით სავსე,
იმედით სავსე -
მიგორავს სული,
მიგორავს სული,
მიგორავს სული
დედამიწაზე.

მიგორავს,
როგორც ქუჩაში კასრი,
რომელიც
შემდეგ სარდაფში ჩადის;
მიგორავს,
როგორც ტრამვაის ხაზზე
წითელი ფერის
ტრამვაი მიდის...

გზადაგზა ხვდება
ფერები სათის...
ფერები თოვლის...
ფერები შინდის...

წარსულით სავსე,
იმედით სავსე -
მიგორავს სული,
მიგორავს სული,
მიგორავს სული
დედამიწაზე...

ეხლება ამას.
ეხლება იმას,
ეხლება ხეებს,
ეხლება კედლებს...
ივსება თოვლით,
ივსება მწვანით,
ივსება წვიმით,
ივსება მთვარით...

სინათლით სავსე,
შრიალით სავსე -
მიგორავს სული,
მიგორავს სული,
მიგორავს სული
დედამიწაზე.

Muxran Machavariani - Sagani Gvardzlis...
მუხრან მაჭავარიანი - საგანი ღვარძლის...

No comments:

Post a Comment