მუხრან მაჭავარიანი - გზადაგზა

კმაყოფილი ჭაბუკი ვიღიმები, ვიჩქარი,
იღვიძებენ გზადაგზა სიყმაწვილის დღეები;
წისქვილები,
მინდვრები,
წყაროები,
ტყეები
და...
კაკლების ჩეროში
ჩვენი სახლიც...
შეხედე!

ცოტა დამრჩა მანძილი,
მუხლი მიჭრის ვაჟურად.
გზაში მხვდება სიცილით
იზვარა და ლაშურა.

აი, ჩემი სოფელი,
აი, ჩემი არგვეთი,
აქ მე რომ არ მიმიღოს, -
ქვაც არ გდია არც ერთი.

ველი გადახნულია,ჰყვავის აკაციები,
აქაც გაზაფხულია,
ხარობს აქაც იები.
მივდივარ და მომდევენ გვერდით აკაციები,
ვხედავ: იქაც იები,
ვხედავ: იქაც იები.

ცაო, შენი ბრალია მიწას რომ არ აჩნია,
ჩემი პატარაობის მკრთალი ნაფეხურები.
ცად გაშლილო ჯეჯილო!
ცავ - ჯეჯილად გაშლილო!
ვერა!
მე ვერ გავძღები საქართველოს ყურებით.

ცოტა დამრჩა მანძილი,
მუხლი მიჭრის ვაჟურად.
გამარჯობა, იზვარა!
გამარჯობა, ლაშურა!

Muxran Machavariani - Gzadagza
მუხრან მაჭავარიანი - გზადაგზა

No comments:

Post a Comment