გოდერძი ჩოხელი - მე და ყივჩაღი

სამზღვარსა მუხრანისასა
რო ვეგდეთ მე და ყივჩაღი,
ის რო სისხლს ლევდა, მენაცა
რო ვეყარენით პირჩაღმით.
ცოლი რო სხვაგან წავიდა,
რო გახდა დუშმანისია,
ე, მაგით ძალმიცემული
ყივჩაღი წამოიწია.
მე რო ის მკვდარი მეგონა,
ის თურმე არ მომკვდარიყო,
შორით მიმზერდა, ფიქრობდა,
იქნება დრო დამდგარიყო...
და როცა ჟამი იგულა,
მომვარდა ხმალმოღერებით
პური კი აღარა მთხოვა,
პური ისედაც მისია,
ცხენი კი აღარა მთხოვა,
ცხენი ისედაც მისია,
ცოლი კი აღარა მთხოვა,
ღმერთმა გაიგოს, ვისია...
მამული მთხოვა _ ვერ მივე,
ის ჩემი წინაპრისია.
შემომიტია ყივჩაღმა,
ჯიქურ და ჯიქურ მიტია,
ვახ თუ მამული მას დარჩეს,
მე გავხდე საძრახისია.
იმედი მრჩება ღმერთისა,
თან ჩემი პაპებისია.

Goderdzi Choxeli - Me Da Yivchagi
გოდერძი ჩოხელი - მე და ყივჩაღი

No comments:

Post a Comment