შოთა ნიშნიანიძე - უოლტ უიტმენი - „ბალახის ფოთლები“

ნათელხილვაა, თუ მეწვია შორი მირაჟი?
ოკეანესთან ზებრისფერი დღე წევს სილაში.
ტკაცანით სკდება მზის მუჭაში კვერცხები კუთა,
ყოველ ატომში მირიადი სიცოცხლე კთავს.
ებღლარძუნება ოკეანე ვიღაც გოლიათს,
უსაზღვროებას ნაპირივით რომ მისწოლია. -
ტალღები მიჯრით ეხლებიან ნაპირებს ქვიანს,
ხმაურობენ და ამ ხმაურით სიჩუმეს ქმნიან.
რიყეზე ყანჩა ლოკოკინას ნაყავს ნისკარტით
და მზეზე თევზი აიჭრება ელვის სისხარტით.
მართლაც, სასწაულმოქმედია სიჩუმის განცდა -
სულის სიღრმიდან წარმომჩენი დაფარულ განძთა,
ჭვრეტის ექსტაზი... აზრში დანთქმა... ყველაფრად ქცევა...
რა არ მოჰყვება სიჩუმის წნევას!
დრო არ არსებოს, ემონება ყველა რომელსაც,
წარსული, აწმყო, მომავალი შენში მექცა.
და სიჩუმეში, თითქო ექოს მაძიებლები,
მიჭიხვინებენ სტრიქონები, როგორც ზარები.
გადაიფრენენ ოკეანეს წეროს მწკრივებად,
წერო თუ სიტყვა თავის მიზანს შეეწირება.
სამხრეთელები ხლეჩენ ამ სიტყვებს
და სვამენ, როგორც მაგრილებელ საამო სითხეს.
კორძიან სიტყვებს კუნძეივით აგუზგუზებენ
ესკიმოსები და ტუნგუსები.
მე ეს ბწკარები, მიწიერი თუ ღვთაებრივი,
დამიტეხია იმერეთში ტაროებივით...
ბწკარებს ვეხები, ბალახებსთუ ბიბლიურ წვერებს?
ჩვენი გულები ერთი აზრით და სუნთქვით ძგერენ.
ჩემს გაჩენამდე გიყვარდი და კიდეც მელოდი,
ბალახის წიგნად მოატანე საქართველომდე.
ესადაგება სიყვარული უღლად და ღერძად
მთელ სამყაროებს, არა მარტო ბალახის ღერსა
დე, პოეტებმა დაირიგონ დაფნის რტოებად
შენი სინდისი, სულგრძელობა და სათნოება.
ბალახი მწვანე ანბანია მარადისობის,
სული გრძნეული აქიმობის, სული მისნობის.

იქ, სადღაც გდია მახრჩობელა, როგორც უსულო
ცისარტყელაში გახვეული და გალურსული.
ფერთა ქარაგმით დახუნძლული, მქისე და სლიპი,
იდუმალ სიბრძნის ჯადოსნური იეროგლიფი,
შეიმართება, ავარდება ცისკენ ჯიქურად
და... დაიმსხვრევა სველი ტანი მზით მოჭიქული...

ჭიხვინებს სიცხე გათანგული ტალღის სიმლაშით
და მზე ეხვევა ზებრასავით ყვითელ სილაში...

Shota Nishnianidze - Uold Uitmeni - Balaxis Fotlebi
შოთა ნიშნიანიძე - უოლტ უიტმენი - ბალახის ფოთლები

No comments:

Post a Comment