შოთა ნიშნიანიძე - ბიჭები

კაცობრიობა რომ არ დაბერდეს
სიბრძნით, ძიებით ან დადინჯებით,
ჩვენს სასახელოდ მამებთან ერთად
იბადებიან ზოგჯერ ბიჭებიც.
ბიჭები! ღმერთო, სულ მთლად ბავშვები!
როგორც ლეგენდებს გადმოუციათ.
-ბავშვებო, ცეცხლს ნუ ეთამაშებით,
ნურც ისტორიას!...
რევოლუციას!...
წადით, ბიჭებო, სახლებში წადით,
წიგნი იკითხეთ ან ითამაშეთ...
მაგრამ ბიჭები დროის წადილით
ისტორიისთვის წერენ განაჩენს.
მე მაინც მგოსნურ სიბრალულს ვიჩენ
და ჯადოსნური ხილვის წუთებით
ამ ლეგენდარულ, თავნება ბიჭებს
გზაზე ჯიუტად გადავუდგები.

აჯაგრულია პარიზი... სენა...
კვამლი და ცეცხლი ფერავს ტერასებს.
ვიღაც სკუპ-სკუპით და სტვენა-სტვენით
გადარბის მოკლულ გრენადერებზე.
აჰა, ასკდება ჭურვი ბარიკადს,
ბიჭი ჩქარობს და აღარ შეიცდის:
- მე გავროში ვარ! -
ხელი ამიკრა, -
მე უნდა მოვკვდე საფრანგეთისთვის!

აგე, ნორჩ მხედარს , მზავრობით დაღლილს,
სპარსეთ რომ ელის გზა დამღუპველი,
მამის და დედის ფიქრივით თალხი
ასდევნებია ნოსტეს ღრუბელი.
ბიჭს ცალი ხელით ვწვდები ქამარში,
ცალი ხელითაც მხარზე შემოვწვდი:
- მე პაატა ვარ... ვერ გადამარჩენ,
მე უნდა მოვკვდე საქართველოსთვის...

ორმოცდასამის ზამთარი... ყინვა...
სძინავთ გერმანულ სადარაჯოებს...
არ სძინავს ერთ ბიჭს, არც რუსეთს სძინავს
და ბიჭს იმედის თვალს არ აშორებს.
- ჰეი, შესდექი! იქ გაღმა, ხიდთან
ღალატს და სიკვდილს მალავს ნაპირი...
- მე ოლეგი ვარ... -
ღიმილით მითხრა
და ამ ღიმილით თქვა ყველაფერი...

ვიღაცა ხოხვით თხრილს გადავიდა.
გაუწვა ბლინდაჟს, ვით გემის კიჩოს,
თიანეთს ძეგლად გნახავთ, კაპიტან,
ჩვენო ამაყო, ჭაღარა ბიჭო!
არა, ისინი არა კვდებიან...
არა კვდებიან...
მათ მხოლოდ ჰკლავენ!
და ქვეყნად რაც კი იმედებია -
აუზიდია მათ ბავშვურ მკლავებს.

ათასი დაფნა,
წიგნი,
მოლბერტი,
ვინც სინდისს თავი არ აარიდა!

- კაცობრიობა რომ არ დაბერდეს,
ჰეი, ვინ მოდის მანდ მომავლიდან?!

Shota Nishnianidze - Bichebi
შოთა ნიშნიანიძე - ბიჭები

No comments:

Post a Comment