ვაჟა-ფშაველა - ბებერი ლომი

დაბერდა ლომი, დაბერდა,
კლანჭებსა ხმარობს ვეღარა:
დაედვა შეუდრეკს ძალას
ჟამთ ვითარების ბეგარა.
სხეულით დაუძლურებულს
ვინ შაიბრალებს ნეტარა?!
ის დრო აღარ აქვს მეფესა,
მიწას რო სდრეკდა ტოტითა
გმირულის გავლით ვაჟკაცი,
მამაცის გადაბოტვითა.
ვეღარ სჭექს წინანდებურად,
ბუნაგშია წევს წყნარადა.
ნადირთა თავზარდამცემი
ეხლა იმალვის თავადა,
ჰგავს თორმეტის წლის სნეულსა,
გულით ისეა ავადა,
ფიქრი უპირო სოფელზე
სახეს ატყვია შავადა.
დაბერდა ლომი, დაბერდა,
კლანჭებსა ხმარობს ვეღარა:
დაედვა შეუდრეკს ძალას
ჟამთ ვითარების ბეგარა.
ტანი სულ დაჰკოჟრებია,
შემომტვრევია ბწკალები,
არ ანათებენ ძველებრივ
მისი ლამაზი თვალები.
ბეჩავო ნადირთ მეფეო,
ნეტავ, ვის შაებრალები?
წაჰსვლია ძველი ილეთი,
წყლულად ჰქცევია ტყავია,
ვაჰმე, რა საბრალო არის,
რა ძნელი სანახავია!
სიმშილით შეწუხებული
ჰქექავს თაგვების სოროსა,
თხოულობს მოწყალებასა,
რომ ტანჯვა დაიშოროსა.
ყურს ვინ მიუგდებს საწყალსა?
ყველა თავისთვის ნადირობს,
ზოგი თავხედი და ბრიყვი
ჯავრის ამოყრას აპირობს,
ბევრს იამს ბუნების ცოდვა.
დაუძლურება გმირისა,
არც ერთი ლომის სიბერეს
ნადირი არა სტირისა.
ვეფხვს უფრო გაჰხარებია
სისუსტე ავის პირისა;
გალაღებული ირემი
ფურს უხმობს, მთაზე ყვირისა.
დაბერდა ლომი, დაბერდა,
კლანჭებსა ხმარობს ვეღარა:
დაედვა შეუდრეკს ძალას
ჟამთ ვითარების ბეგარა.
იგონებს იმ დროს, როდესაც
ნადირთა გუნდი ებარა
და ლეში იმის ბუნაგში
გამოულევლად ეყარა.

Vaja Fshavela - Beberi Lomi

No comments:

Post a Comment