ვაჟა-ფშაველა - ბაყაყის სიმღერა

ჭყანტში ბაყაყი მღეროდა
გულ-დიდად, რიხიანადა:
– მე ვარ და ჩემი ჭაობი,
მცხოვრებნი ჯიშიანადა!
ჭაობი დარჩეს, ქვეყანა
აღიფხვრას ძირიანადა!
მიყვარს იმისი სიშმორე
და ზედაპირზე ობია,
ქვეყნად მას რა შაედრება?
ყველაფერს ისა სჯობია.
ის მასაზრდოვებს, მასუქებს
ათასგვარ ჭია-მღილითა,
არც ვსაჭიროებ, რომ ავდგე
საზრდოსთვის ადრე დილითა:
უხვად მაქვს საზრდო ძვირფასი,
ვძღები და ვცხვები ძილითა.
ღმერთმა ამრავლოს ჭიები,
მატლები! – ვმღერი იმითა.
ღმერთმა აცოცხლოს ჭაობი!
სადღეგრძელოს ვსვამ ჯიხვითა.
წერო დასწყევლოს კლანჭ-გრძელი,
თავის ნისკარტით დიდითა.
მიწამლავს ბედნიერებას
თავის უმსგავსის ჯიშითა.
როცა ის მომაგონდება,
გული მევსება ვიშითა.

Vaja Fshavela - Bayayis Simgera

No comments:

Post a Comment