როინ აბუსელიძე - ჩემი ძმაკაცები და...

BOX და სამი, შვიდი, ცხრა, უმჯობესი MUZ-ასი,
ფურცლებს ლექსებიანებს ქარი დასტაცებია,
გვიან ღამით ბათუმში, გორგილაძის ქუჩაზე,
ბიჭები რომ მღერიან ჩემი ძმაკაცებია.

ყველა პოეტია და საქართველო ქართულად
აჩიკოსი არ იყოს ბათუმიდან თენდება
და ამ ღამით სხვისი მზე ჩვენთვის არის ნათურა,
ყოველ გამთენიისას ბოძზე რომ ითენთება.

პოეტები აფრენენ, გიჟდებიან, წვებიან
ასფალტზე და გენრისაც მონატრება სწყურია
აფხაზების, ბათუმშიც რაც თუ აფხაზებია,
უმეტესი მათ შორის ახლა მებადურია -
რადგან ის ტკივილები ზღვაში მოითევზაონ,
ბოთლშიც მცირე წერილად აცურებენ იმედებს,
ვგონებ არ გეკადრება ეს სურათი შენც ზღვაო,
ჰოდა ერთი ნაპირი კიდევ გამოიმეტე,

თორემ ვთვრებით რარიგად ამ პოეტურ ღამეში,
ბოლო-ბოლო სიფხიზლის აღარ შეგვრჩეს იოტი?
მზეს თუ ვერ შეაჩერებს ახლა ისუ-ნავესი,
როი საიქიოშიც იტრაბახებს გიოთი.

ასე იყო იმ ღამით ცას ლექსები სწყუროდა,
წვიმამ იაცაბაცა და პალმებზე ილაშქრა,
მერე ჩვენმა ძმაკაცმა დაგვირეკა ხულოდან,
"გენაცვალე" გავცვალეთ ჩვენ და გიორგი-ლაშამ.

წინ კი ეუჰ, რამდენი პოეტური წლებია,
მაგჰრად დათვრა მინდიაც, არ დაუთვრა სტრიქონი,
ხოლო ღამის ბათუმში ზეცას ვარსკვლავებიანს,
ჩვენი სიმღერებისგან ასძვრა იერიქონი.
ღრუბლის თეთრი ჩოხებიც ვარსკვლავებმა შელამბა,
მთვარე შვიდი პოეტის მეტაფორით გაერთო,
როცა ჭიქის მაგიერ გული დადო მერაბმა,
ხოლო მთელი საღამო გახდა საალავერდო.

გორგილაძის ქუჩაზე იმედები ეყარა,
ხოლო დილას წინა დღის განცდა მომეტებია,
წუხელ ვინც გიმღეროდა ჩემო კარგო ქვეყანავ,
ჩემი ძმაკაცები და შენი პოეტებია!

Roin Abuselidze - Chemi Dzmakacebi Da...

No comments:

Post a Comment