ოთარ ჭელიძე - "მალე გაზაფხული მოვა"

მალე გაზაფხული მოვა
და შენ ყვავილები ქარში,
ალბად გეგონება თოვა
ქოლგას უნებლიედ გაშლი.

ჭრელი აბრეშუმის ჭერი
სად არ წამოგყვება თრთოლვით,
ვიდრე ჩამოდგება ჯერი
სულში უსასრულო თოვის.

რაღაც გარდაუვალს ბავშვი
შენდაუნებურად ხვდები,
ქოლგა გაშავდება მაშინ
როცა გათეთრდება თმები.

მაგრამ გირჩევნია ახლა
ფიქრში ჩაღრმავება უჩვევს,
წაჰყვე მანქანათა ნახნავ
თოვლში გამოხვეულ ქუჩებს.

მალე გაზაფხული მოვა
და შენც ყვავილები ქარში,
ალბად გეგონება თოვა
ქოლგას უნებლიედ გაშლი.

Otar Chelidze - Male Gazafxuli Mova

1 comment:

  1. ეს ლექსი ოთარ ჭელიძისაა შეასწორეთ!

    ReplyDelete