შოთა ნიშნიანიძე - გული

არავის გინდათ ბავშვის გული, ამაყი გული?
წაიღეთ ძმებო, მომაშორეთ, მე ვეღარ ვუვლი...

არც გოროზია, არც უბირი, არც ავადმყოფი,
რა ბევრი უნდა ამ საწყალს და რა ცოტა ყოფნის.

ვერ ეგუება ვერც სიბრმავეს და ვერც სიყრუეს, –
აიჯაგრება და მგელივით წამოიყმუვლებს.

ვერ ეგუება ქედმაღლობას და გაქსუებას,
ვერც ნიღაბ–როლებს, ვერც სიხარბეს ვერ ეგუება.

მეც მიჯანყდება... ამ ბოლო დროს მეც არ მოვწონვარ,
მიტევს და მიტევს... მიგიზგიზებს მთელ ტანს კოცონად,

კაცი ვბერდები და აქამდე ვერ შემიტყვია:
ვინ ვისი ბატონ–პატრონია, ვინ ვისი ტყვეა.

ცოტა ხანს უნდა დავისვენო, სული ვიცხონო,
ცოტა ხანს უნდა უგულოდ და წყნარად ვიცხოვრო.

რა დაგიმალოთ: უგულონი დიდხანს ცხოვრობენ,
სწრაფად გადიან ამ ცხოვრების ფონს და ჭორომებს.

...არც გოროზია, არც უბირი, არც ავადმყოფი,
მაგრამ ნაღმივით რომ ავარდეს, სულ ცოტა ყოფნის.

დანაღმული ხარ საკუთარი გულით, პოეტო,
დანაღმული ხარ სიყვარულით და იმედებით.

ფრთხილად, ბიჭებო, გულებს ტლანქად არ წამოვედოთ,
და მოძმის გულზე, როგორც ნაღმზე, ნუ ავფეთქდებით!...

Shota Nishnianidze - Guli

No comments:

Post a Comment