დათო მაღრაძე - ბაქანი, წეროები, კონიაკი.

ზეცას, თუნდაც მოღუშულს,
მოწყენილს
და წვიმიანს,
ფრთების ჯარს რომ მიანდობს
ყელგაწვდილი ფრინველი,
მისი სულისკვეთება
ამ საკრავის სიმია.
... დრამა ორ მოქმედებად,
მოქმედება პირველი:

-გავა მატარებელი?
ხალხია თუ თხებია,
ზოგი მოკლე კაბით და ზოგი
გრძელი ულვაშით,
რაც ქვეყანას მოვედი,
ამას მეკითხებიან,
მერე უკვირთ, მნახავენ
ადრიანად დუქანში.

ასეთ გზებზე ვათრიე
ჩემი ალფა-ომეგა,
ცაზე მოხვდა პატრიას
ლექსის პწკარი ყანჩებად,
არასდროს მინატრია-სადმე
რამე მომეგო,
რადგან პირჯვარს ვიწერდი
მხოლოდ გასამარჯვებლად.

იყო ბედთან თამაში,
იყო გზაზე დაცემაც,
წუთისოფლის შალაშინს როცა
ტრფობა დანებდა,
რა ვქნა, ვერ მივიცალე
თქვენთვის პატივსაცემად.
რადგან მუხლზე ვიდექი
მხოლოდ სათაყვანებლად.

არსაით არ მეძახდა
საგანძური მეფეთა,
მთვარე მედგა ნაკლული,
სიყვარულის ქომაგი,
შეძახილით კაფეში იყო
ჩემი შეკვეთა:
-კონიაკი ფრანგული
რიჟრაჟამდე ორმაგი!

წუთისოფლის მენიუს
მივაწერე ფასები,
უფრო ხელმისაწვდომი,
ვიდრე სხვაგან ნახავდით,
საფასურად სიცოცხლე,
საკმარია სავსებით,
სიყვარულის მხარგასწვრივ,
როგორც გადასახადი.

ამ ქალაქში, რა ვიცი,
ძველად ვის რა ენება,
ახლა გახდა წრფელობა
ირონიის საბაბი,
სიცოცხლეს იგრძელებენ
გაგრძელებით ენების
და ასაკსაც იკლებენ
დამოკლებით კაბების.

როგორც ჭაღის პეპლები,
ირევიან ნაშები,
თითქმის დავიწყებული
ცოცხლდებიან ქუჩები,
დაბერილი ტუჩებით
ადრე ნაპარპაშები
კვლავ მოდიან
შენ იცი,
თუკი გადაურჩები.

გადარჩენა ერთია,
სიყვარულის წვეთია
ბედი შეუკვეთია,
ამის დამწერს ორმაგი,
აბა ახლა შენ იცი,
შენა ხარ და ღმერთია,
თუ დარჩები პირველი
სიყვარულის ქომაგი.

ზოგი ხალხს თვლის - მოსეა,
ზოგი თავს თვლის მესიად,
მინდა გავქრე მზიანად,
შევერიო უსიერს,
ანდა ვკითხო ფღანგულად,
ძველებური წესია,
თანაც თავაზიანად:
შიგ ხომ აღ გაქვთ, მუსიე!

მუზეუმში საკლავით
მისდგომიან ოპიზარს...
საკმეველი გზას იკვლევს,
საპოვნელად ნაკლისა
ეკლესია იქნება
მეკვლე ქრისტეშობისა,
როცა გვირგვინს ეკლისას
კაცი მოისაკლისებს.

რუხი ცა გააცილებს
წეროების ქარავანს
და მოიწყენს ბაქანი,
ცრემლიანი საცოლე...
მგონი, გუნდს გადავყევი,
მგონი, მე აქ არა ვარ,
სულ შენ ეღვენთებოდი
ცისქვეშეთის საწოლებს.

სანამ გადაივლიან
წეროების გუნდები
ცის კიდეზე სტრიქონებს
წეროებით მივაწერ.
დავბრუნდები სიზმრიდან
სანამ გადავბრუნდები
თუ დამხვდები ბინაში,
დაბრუნებულს ბინაზე.
აქედან და შენამდე გზა
ვერ დავაცოტავე.
ვხვდები ალავერდობას
მერამდენედ უშენოდ...
თუ ოცნება ცოდვაა,
ოცნებები სცოდავენ,
უშენობას შენობა
მინდა ამოვუშენო.

შემომყურებს ბოჭორმის
ხატი წმინდა გიორგის,
ოქროსფერი გიორგი
წრფელობაზე მეტია,
გამებზარა ძახილით ყელში
სახმო იოგი
რადგან ზეცის ვარსკვლავი
გულში არ დამეტია.

შემოგყურებ ღამეში
შუქელვარე ლამპიონს,
ძახილით - გალაკტიონ!
ქარი დაგედევნება,
მინდა მთაში გავიქცე,
მწყემსებს გავეკაფიო,
ვთქვა სიტყვები მკაფიო
მწვერვალების მშვენება.

ცის არ გადაშენება,
წეროების ირაო,
მათი ფრთების მარაოს
მოწვდენილი ნიავი,
სიცოცხლით გადავიხდი
გადაუხდელ გირაოს,
ოღონდ მომწყდეს ნიავი,
ფრთებით ნალოლიავი.

ამდგარა და გამქრალა
ფიროსმანის სამარე,
არც აკვანი არა სჩანს,
იქნებ სულაც არ იყო...
თამარ, მიეთამარე,
აღდგომა დღეს გაფრინდა
უკვალოდ, უთარიღოდ.

და ისე არ ჩაივლის
ჩემი წუთისოფელი,
ცის კიდეზე სტრიქონებს,
წეროებით მივაწერ,
დასრულდება მირაჟი
თრობით დაუთრობელი,
დავბრუნდები ბინაში,
თუ დამხვდები ბინაზე.

გადაივლის ზამთარიც
მოწყენილი დღეებით,
ცაზე შეიკლაკნება
აქსელბანდი ოფიცრის,
სატრფოს გაეღვიძება კარის
ერთი შერებით,
მყუდრო საძინებელი სიცოცხლისთვის მოიცლის.

მოიცლის და
მოიცლის მარტოობის არშიას,
ოხშივარი დაგათრობს
ნათბილარი საწოლის,
გამრუდებულ ცხოვრების
გაისწორებ ხვაშიადს,
მერე წვიმა, ბაქანი,
დარჩენილი საცოლე...

და ბაქანის წვიმები
დადგენილი ფოთლიდან
ისაუბრებს ქოლგასთან
მოლოდინს რომ მოება,
ასხლეტილი წუთები, რასაც
ცული მოთლიდა,
ნაფოტებად დასცვივდა
შეჩერებულ დროებას.

აქაფებულ ტალღებში ჯერ
შევდივარ მხარულით
და თუ მეხსიერება მაინც
გახდა არქივი.
მაშინ თუნდაც დაძველდეს ეს
ჩემი სიყვარული,
სიყვარული ძველდება,
ოღონდ კონიაკივით.

P.S.
ხან ჩემივე სიტყვები
უსაშველოდ მაბრაზებს,
ამიტომაც არასდროს ნათქვამს
არ ვიმეორებ
და ძვირფასო მკითხველო,
შეისვენე ანტრაქტზე,
ვიდრე არ დაიწყება
მოქმედება მეორე.

Dato Magradze - Baqani, Weroebi, Koniaki

No comments:

Post a Comment