ოთარ ჭილაძე - კუმურდოს ტაძარი

უდაბურ ზეგანზე სადგურდება
ნგრევის და არყოფნის ნატერფალი,
ინთქმება, იქცევა, ნადგურდება
კუმურდოს უმრევლო კათედრალი.

დრო ლოდებს აგორებს ყომარივით,
გარშემო ნამსხვრევთა შრაპნელია,
და ჯვარი, აქშეულ ყორანივით,
საფლავის ბალახში ჩაფრენილა.

ნაგები ზეკაცურ რუდუნებით
იშლება ტაძარი ნახანძრალი,
ბავშვები ისვრიან შურდულებით
 აწმყოდან წარსულში გადამძვრალი.



ღვთისგან და კაცისგან მიგდებული
თვალებში ჩამცქრის მგლოვიარე
პორტალი მანიშნებს დიდებული:
მომხედე, მიშველე, მომიარე,

გამთანგველ გოდებას ვუჩუმდები
და სულში გუბდება ქარტეხილი,
კამარის იყრება ჩუქურთმები -
სამოთხის ვაზებად დაგრეხილი.

ინთქმება, მიწაში ითესება,
სვეტები ემხობა თავდაყირა,
რაც ოფლი დაღვარეს ქიტესებმა
ფრეზებზე მარილად გადაჰყრია.

თაღის წილ ლაჟვარდის ნახევია,
სიწმინდე ლივლივებს ქალწულური,
ქვის მტევნებს ტბებივით გახელია
მარცვლები - ცრემლებად დაწურული.

უდაბნოს დუმილი სადგურდება
ბზარებში ამოჩრილ ბალახივით.
კურთხეულ ოსტატთა საკუთრება
ქარს მიაქვს უჩინარ ბალდახინით,

და თითქოს ზარები დაირეკა,
წკარუნი ჩამესმა ღამურული.
მიმწუხრის ჩრდილებად აირეკლა
ფრესკები - წაშლილი, გამურული.

ვიღაცამ ყვედრებით წამომძახა:
- ნანგრევზე ვალალი გვიანია;
უკვდავის მოკვდავად წარმოსახვა,
ვინ უწყის რაოდენ გვინანია.

უდაბურ ზეგანზე ბანაკდება
უთაღო, უმრევლო ნატაძრალი,
დაქცეულ სიცოცხლის ქანდაკებად
მაინც დგას ქვითკირის პატარძალი.

უებრო ლაზათი შეუცვლია
და როგორც გაფანტვა წვრილმანების,
კუმურდოს აროდეს შეუძლია,
დაკარგვა ყოფილი ბრწყინვალების.

რადგან მან ხარკივით ჩააბარა
საწუთროს მშვენება გარდასული
და ყოფნა-არყოფნის ანაბარა
არ უცდის უკვალო დასასრული.

ფესვებით სამარხთა ბორცვებზეა,
წმინდაა კაცთანაც, უფალთანაც
და თეთრი ლოდების პროცესია
უგალობს ამაო სულთათანას.

ჟამთასვლა მოკვდავებს უმკლავდება,
ტაძარი ვერასგზით წაუშლია,
რამეთუ კუმურდოს უკვდავება
გასცლია და უკვე წარსულშია.



Otar Chiladze - Kumurdos Tadzari
ოთარ ჭილაძე - კუმურდოს ტაძარი

No comments:

Post a Comment