მუხრან მაჭავარიანი - დიდ სალამს უძღვნის ახლა მუხრანი

დიდ სალამს უძღვნის ახლა მუხრანი
ჭეშმარიტ პოეტს, -
ტერენტი გრანელს! -
იყო რომელიც
კაცი მწუხარე.

- ირგვლივ სივრცეა და ფიქრი ბევრი! -
ტერენტი!
როცა შენ ამას წერდი,
თუ გახსოვს,
ღმერთი,
თვით ქრისტე-ღმერთი
ხომ არა მდგარა მაშინ შენს გვერდით?!

- სადღაც სანთელი იწვის კუბოსთან
და იბურება ქალაქი ნისლით! -
ვინც თავის ნაცვლად
ატარებს ხბოს თავს,
ღრმად იგრძნობს,
მჯერა, ამ სიტყვებს ისიც.

თუ არა ვაჟას ნაღდი აჩრდილი, -
სხვა ვინ იტყოდა,
როგორ გგონია?!
- წმინდაო ღმერთო!
რად გამაჩინე,
მე ხომ სიცოცხლე არ მითხოვია.

დიდ სალამს უძღვნის ახლა მუხრანი
ჭეშმარიტ პოეტს,
ტერენტი გრანელს! -
იყო რომელიც
კაცი მწუხარე.

Muxran Machavariani - Did Salams Udzgvnis Axla Muxrani
მუხრან მაჭავარიანი - დიდ სალამს უძღვნის ახლა მუხრანი

1 comment: