მურმან ლებანიძე - თავისებურად ლამაზია ხალხი ყოველი...

ესეც ვნუკოვო!
მოსკოვისკენ მანქანით მივქრით
მუხლზე ხელბარგით
და რუსეთზე ამგვარი ფიქრით:

მტრობენ, რატომღაც,
ამ ქვეყანას, ჟინი სჭირთ მისი,
ბევრი რამ არის
მოწონების აქ თუმცა ღირსი!

ვთქვათ, მაგალითად,
რას უწუნებ ამ ტაქსისტს, ჩაუქს?!
ამ არყის ტყეზე
გულმოსულიც ვერ იტყვი აუგს!

მშვენიერია
ეს რუსეთი ხორბლით და ჭვავით,
ოქროს პურებით,
ზომიერი ბუნებით, ჰავით!

ეგ კი არა და
(აქ თქვენს დასტურს ამ მხრით მოველი!)
თავისებურად
ლამაზია ხალხიც ყოველი!

განსაკუთრებით,
მე თუ მკითხავ, ეს ითქმის ქალზე!
კი, კი, ბატონო -
თუნგით დადის თუ კოკით წყალზე!

აპა, თუ არა!
ნახე! (უფლის დალოცა ძალმა!) --
ა, აგერ, -
ტყეში შეუხვია რავარმა ქალმა!
. . . . . . . . . .
მუხლზე ხელბარგით,
ღილკილოში ყაყაჩოს კოკრით,
სასტუმროს ვეძებთ,
სატახტოში მივქრით და მოვქრით,
ვარ კმაყოფილი
ამინდით და
ყმაწვილი შოფრით!

Murman Lebanidze - Taviseburad Lamazia Xalxi Yoveli 
მურმან ლებანიძე - თავისებურად ლამაზია ხალხი ყოველი

No comments:

Post a Comment