თამაზ ბაძაღუა - ჩემს რწმენას შავი წვიმები ნესტრავს

ჩემს რწმენას შავი წვიმები ნესტრავს,
ციხეს ბურჯები ჩაერღვა ცხრაჯერ;
ის ციხე ისევ უპყრიათ ქაჯებს,
ის ციხე ისევ გალოკა ნესტმა,
მე იმ ციხისკენ მოვდივარ, ნესტან!

მოთმინების და უიმედობის
ეკლები თავზე გვირგვინად მადგას.
ამოვიარე ცხრაჯერ ფერდობი,
ცხრაჯერ მუხლებზე დავეცი, რადგან
ცხრა სული სურდა თითეულ მათგანს.

მე ვერ შევედი შენს წმინდა დროში,
ვერ ჩავიმუხლე კარვის კალთამდი,
მე, სოსანისფერ ცხენით და დროშით,
ვერ დავეწიე გზაში ავთანდილს
და ჩემი დროის ზღურბლთან გავთავდი.

იმ გაზაფხულსაც ვერ დავეწიე
ვარდის ფურცლობის თბილი კაეშნით,
შენ ვარსკვლავების ბინდში დაეშვი,
და როცა შველა ვთხოვე ზეციერს -
ორივე ხელი დამრჩა ჰაერში.

მე იმ ციხისკენ მოვდივარ, მაგრამ
თურმე თანდათან მშორდება იგი.
ჩემი ტუჩები ღეჭავენ ლაგამს
ჩემი თიხის და სიცოცხლის შიგნით
ძევს, როგორ გადაუშლელი წიგნი

შენი ხანძარი, და მღვივან ხანძრებს
ვეხვევი, თითქოს არც შემეხება,
თითქოს სხვა სივრცის გასაღება მაძლევს;
და მე, თუჯივით უტყვი და გამძლე,
შენი გულისკენ ვღუნავ ხერხემალს.

Tamaz Badzagua - Chems Rwmenas Shavi Wvimebi Nestravs
თამაზ ბაძაღუა - ჩემს რწმენას შავი წვიმები ნესტრავს

No comments:

Post a Comment