მუხრან მაჭავარიანი - წისქვილის ღამე

სიბნელეს ებრძვის პატარა ჭრაქი.
ჭრაქით ებრძვის ღამეს ყვინჩილა.
აყუდებია ბუხარს ნაჯახი
და იმჭვარტლება ღორის ვიჩინა.

ტკბილად ღუღუნებს წისქვილი ღელის,
ღელეს ტირიფი შრიალით ბანს აძლევს.
გადმოკიდულან ღრუბლები თხელი,
ვითარცა სარეცხი სარეცხის ბაწარზე.

მთვარე ყარაულობს ურემს დერეფანში.
დოლაბს არ გადურჩა სიმინდი გაკვნეტა.
- წიქარამ ჩალის კონით ამოიძღო ფაშვი, -
რაღა აბღავლებს იმ სამგლეს ნეტა?!

ცაცხვებიდან გამოჩანს თეთრი საყდარი;
არ ჰგავს საფლავის ქვა წისქვილის ქვას -
არც მოყვანილობით, არც ბრუნვის სისწრაფით;
მაინც, ეს სიმინდს ფქვავს,
ის ადამიანს ფქვავს.

სიბნელეს ებრძვის პატარა ჭრაქი.
ჭრაქივით ებრძვის ღამეს ყვინჩილა.
აყუდებია ბუხარს ნაჯახი
და იმჭვარტლება ღორის ვიჩინა.

Muxran Machavariani - Wisqvilis Game
მუხრან მაჭავარიანი - წისქვილის ღამე

No comments:

Post a Comment