წერდა პუშკინი,
წერდა ბლოკი და ბლოკთან ერთად
საალბომო ლექსს,
მე თუ მკითხავ, გოეთეც წერდა...
ეგ იმიტომ, რომ,
როგორც წესი, ლექსს შობდა ელდა,
ეგ იმიტომ, რომ
ბავშვის გული
პოეტში ძგერდა...
თეონა!
ჩქარა ეგ ალბომი!
არც მე დაგიჭერ -
ადამიანურს,
თუ არ წავხდი
რასმე ჩაგიწერ!
ოჰ, ეს მეოცე
საუკუნე - ეს ბაბარიკა!
საქმიანმა და
გველაძუა ლექსმა წალეკა!
ეს პოეზია,
ჩემო თამთა, ჩემო მარიკა,
ჩემო თეონა.
სტრიქონ-სტრიქონ
ჩოთქში ჩარეკა!
თეონა!
დროზე ეგ ალბომი!
თვალსველს, თვალგიშერს
ჩემი რომ მქონდეს,
იცი, ჩემსას
არც მე დაგიჭერ -
ადამიანურს
სხვისას მაინც
რასმე ჩაგიწერ!
Murman Lebanidze - Werda Pushkini...
მურმან ლებანიძე - წერდა პუშკინი...
No comments:
Post a Comment