ვარსკვლავთა კრეფდა როდესაც ციდან, -
სად იყო მაშინ ჯერ ამა ქვეყნად
მამაი ძეი და სულიწმინდა!
ირემს გამოუდგა ფარნავაზ, -
ჯაგები აფხრეწენ ტალავარს.
იელვა, მეორედ იელვა, -
ლეშტერმა დაუშვა ძლიერმა.
დიღომში, - გოდლედის უბანთან, -
ღვართქაფმა უფრორე უმატა.
აღარ გადიღო რაკიღა წვიმამ, -
მეფემ სასწრაფოდ მიმართა მღვიმეს.
შევიდა შიგ და -
მყის დარჩა სახტად, -
მუნ უთვალავი საუნჯე დახვდა.
ოქროს,
საფირონს,
ზურმუხტს,
მარგალიტს, -
იღებს,
დებს,
იღებს
ხელის კანკალით...
წვიმა რომ არა დიღმისა, -
განძს ვერ ნახავდა იგი და
განძი რომ არა დიღმისა, -
ვერაფრით ქართლს ვერ იხსნიდა.
ანი და ბანი, განი და ცანი,
ონი, უნი და ძილი, -
აღორძინება ქართლისა-მძლავრი
იწყება
დიღმის წვიმით.
. . . . . . . . . .
ოცდასამი საუკინის წვიმა
ვერ დაწონის
ვერც ცხადში,
ვერც ძილად, -
ოცდასამი საუკუნის წინათ
მოსულ დიღმის წვიმას.
Muxran Machavariani - Digmis Wvima
მუხრან მაჭავარიანი - დიღმის წვიმა
No comments:
Post a Comment