წლები აჩქარებით დაღმართში მიხტიან,
ლექსის გაწყალება
არაერთს დამართნია,
ფრთხილად! - იუბილეს რომ გადაგიხდიან,
იცოდე - დაღმართია!
შენს ირგვლივ, გასოვდეს, ყმაწვილი მგლებია,
შენ ცხოვრობ ამაყი
წარსულის სახსოვრებით,
აქ აჩქარებული იმგვარი წლებია, -
მიხტიან კენგურუს
უშვერი ნახტომებით.
გახსოვდეს, ხვალ თუ ზეგ სიკვდილი გვაკითხავს,
მხცოვანი პოეტების
უარყავ ბჟუტური!
იქნება დღეს პირში არავინ არ გითხრას,
მაგრამ ხვალ ზურგსუკან
ატყდება პუტუნი...
წლები აჩქარებით დაღმართში მიხტიან,
ლექსის გაწყალება
არაერთს დამართნია,
ფრთხილად! - იუბილეს რომ გადაგიხდიან,
იცოდე - დაღმართია!
მაშ, გასწი! ძირს მიწა და მაღლა ზეცაა -
ცით მარადისობა
ჩვენსკენ ჩქარობს...
რაღადროს შეცვლაა, რაღადროს - შეშლაა,
თუ ძმა ხარ, არაფერი
შეგეშალოს!
Murman Lebanidze - Wlebi Achqarebit Dagmartshi Mixtian
მურმან ლებანიძე - წლები აჩქარებით დაღმართში მიხტიან
No comments:
Post a Comment