საღამოა, ვგრძნობ მწუხარე იერს,
გულს ცხოვრება სამარეში ძირავს.
დღეს გიგონებ და ვღონდები ძლიერ,
მენატრები და სად ხარ, ირა?
საღამოა და ბედია მწველი,
ზეცა მინდა და ვშორდები მიწას.
შენ დატოვე საქართველოს ველი
და რუსეთის ბედისწერა გიცავს.
საღამოა, ვგრძნობ შორიდან ზამთარს,
ვარ მწუხარე და მივფრინავ ცისკენ.
რა ვქნა, ირა, - შენი სახე მწამდა,
რა ვქნა, ირა, - მაგონდები ისევ.
მოდის ფიქრი და ფიქრია შავი.
ალბათ, ირა, ჩემ საფლავთან მოხვალ
და მომიტან უფრო ცისფერ ყვავილს.
საღამოა, ვგრძნობ მწუხარე იერს,
გულს ცხოვრება სამარეში ძირავს.
დღეს გიგონებ და ვღონდები ძლიერ,
მენატრები და სადა ხარ, ირა!
Terenti Graneli - Iras
ტერენტი გრანელი - ირას
No comments:
Post a Comment