მუხრან მაჭავარიანი - ქართველი ამას იკადრებს?! - არა!

გამოუყვანეს ქართულ ტაძრებს უტიფრად წირვა,
განზრახ დაფხრიწეს არაერთი ქართული ნუსხა...
სადაც "თორნიკე ერისთავი" - ეწერა წინათ, -
მუნ "ნიკიფორე კეისარი" - დაწერეს ურცხვად.

ქართველი ამას იკადრებს?! -
არა!

ათონის ლავრა ნაპარევი დიდებით ბრწყინავს, -
მკვრეხელთა ურცხვი საქციელით ქრისტეა სახტად...
სადაც "დარეჯან დედოფალი" - ეწერა წინათ, -
"ირინა - ბერძენთ დედოფალი" - წერია ახლა.

ქართველი ამას იკადრებს?! -
არა!

გვინგრევენ წარსულს,
გვაოხრებენ, -
ჩვენ ყურზე გვძინავს.
იგივე ხდება
უცხოეთში კი არა,
აქაც:
აგერ,
ჩვენს თვალწინ, -
ძველი ძეგლი, -
ზედ ხრამის პირას,
კაცმა არ იცის,
სად,
როგორ გაჰქრა.


ქართველი ამას იკადრებს?! -
არა!

რაც შეუძლიათ მუშაობენ
წერაქვით,
ნაღმით:
სადაც ქართული წარწერაა,
თავისას წერენ...
ისაკუთრებენ,- ერთ დროს ჩვენმა რაც შეჰქმნა ხალხმა, -
და...
"ჩვენიაო!" -
გაჰყვირიან საქვეყნოდ მერე.


ქართველი ამას იკადრებს?! -
არა!

. . . . . . . . . .

ქართველი კაცი ბუნებით არაა პლაგიატორი:
ყვავი ვარ?!
ყვავად მოვკვდები!
იადონს,-
ხმა იადონის!

Muxran Machavariani - Qartveli Amas Ikadrebs?! Ara!
მუხრან მაჭავარიანი - ქართველი ამას იკადრებს?! - არა!

No comments:

Post a Comment