დათო ყანჩაშვილი - გადაიღო

რა ხანია გადაიღო იმ დიდმა და კოკისპირულმა სიყვარულმა,
რომელმაც ჯერ დაგვასველა, მერე დაგვხავსა,
ბოლოს კი გვალვას შეგვატოვა.

ჩვენ გავიქეცით,
რომ გვეპოვნა თავშესაფარი,
სადაც შევძლებდით ერთმანეთი გამოგვეცვალა
და ჩაგვეცვა რამე უსაფრთხო.
ჩვენ გავიქეცით
და დავდექით ორი წლით შორს ერთმანეთისგან.
მაგრამ, როცა წვიმს,
შენ ყოველთვის სახსრებში გტეხავს,
გისველდება ხელისგულები
და მერე ამბობ:
“დღეს არ შემეხო დღეს ისეთი გამჭვირვალე ვარ
დღეს ყველაფერს ვირეკლავ და უკან ვაბრუნებ ყველაფერი მიჩანს ზურგს უკან
დღეს ვერაფერს წაიღებ ჩემგან ვერც ვერაფერს დატოვებ ჩემში დღეს ჰაერზე მიდებული ტუჩებით ვდუმვარ
დღეს ყველაზე ფრთხილი შეხებაც შესაძლოა მტკივნეული გამოდგეს ჩემთვის სულ პატარა სიხარულსაც შეუძლია რომ ამატიროს
დღეს არ შემეხო შენი ხელი ჩემ სხეულში
როგორც ნისლში
ისე გაივლის
მეშინია არ შეგაშინო
დღეს წვიმს
ასეთი გამჭვირვალე
გარეთ მარტო არ გავიშვები
ქუჩის ბოლომე მომეშველე
მერე მე თვითონ”
წვიმაში კი მანძილი იკლებს,
შენ უკვე დგახარ ორიოდ დღის მოშორებით
და იყურები მომავლისკენ, სადაც ვიდგები
ორიოდ დღეში, და ვეცდები გაგიხსენო, მაგრამ წვიმა გადაიღებს
და ორი დღის დაღლილობა, როგორც ქუჩაში უპატრონოდ გაგდებული სიყვარული,
ძაღლივით ფეხებს გამილოკავს
ერთგულების ყალბი სახელით.
გადაიღო.
რა ხანია გადაიღო კოკისპირულმა სიყვარულმა.
გადაიღო და დაგვტოვა მშრალზე.

No comments:

Post a Comment