ილია ჭავჭავაძე - რა ვაკეთეთ, რას ვშვრებოდით

ერთხელ მე და პაპაჩემი
ერთს ადგილს შევიყარენით;
ჯერ, როგორც მოგეხსენებათ,
მრავალჯერ დავამთქნარევით.
მერე ვუთხარი: - პაპაჩემო!
უწინდელი რამ გვაუწყეთ:
რით ვიდიდეთ თავი ჩვენი,
სახელი რით მოვიხვეჭეთ?

მაგალითებრ, მაშინ, როცა
მიიწურა ქართლის ბედი,
როცა მოგვიკვდა ერეკლე,
ის ჩვენის ქვეყნის იმედი, -
   რა ვაკეთეთ? რას ვშვრებოდით?
   - შენი მტერი!.. პირღიადა
   დავრჩით და ცას შევყუროდით.
მერე, როს მეფე გიორგი
დაჯდა შერყეულსა ტახტზედ,
შინ თვისტომნი აუჯანყდნენ,
წამოასხდნენ მტრადა თავზედ, -
   რა ვაკეთეთ? რას ვშვრებოდით?
   - ჩვენც ერთმანეთს გულმოდგინედ
   ვწეწდით და ვიწეწებოდით.
მერე, როცა ემაგ წეწვით
მეფეს საქმე გავუჭირეთ
და ქვეყანას ერთგულობა
ჩვენი ურცხვად დავუძვირეთ -
   რა ვაკეთეთ? რას ვშვრებოდით?
   - რუსეთისკენ სახვეწნელად
   გავრბოდით და გამოვრბოდით.
მერე, როცა საწყალ მეფემ
დაგვიყენა ლეკნი მცველად, -
თვის ქონება სრულად დასდვა
ჩვენის ქვეყნის დასახსნელად, -
   რა ვაკეთეთ? რას ვშვრებოდით?
   - მადლიერნი მუთაქაზედ
   ვიწექით და ვნებივრობდით.
მერე, როცა მოკვდა მეფე,
აიშალნენ მეფეთ ძენი
და ერთმანეთის შურითა
სულ ძირს დასცეს ქართლის ბჭენი, -
   რა ვაკეთეთ? რას ვშვრებოდით?
   - ჩვენც ლამაზად სულ ყველასა
   თვითო-თვითოდ ვღალატობდით.
მერე, როცა დაქსაქსულნი
უცხო ხალხმა ხელთა გვიგდო,
ქართვლის ბედი ბურთსავითა
სათამაშოდ წინ გაიგდო, -
   რა ვაკეთეთ? რას ვშვრებოდით?
   - ჩვენც ყაბახზედ ვაჟკაცურად
   ვჯირითობდით, ვბურთაობდით!
მერე, როცა გაგვიჭირდა
ყოფნა უცხო ხალხის ხელში,
როს საშველად მოწვეულმა
წაგვიჭირა თოკი ყელში, -
   რა ვაკეთეთ? რას ვშვრებოდით?
   - მაშინ მივხვდით, რომ ყველანი
   ერთს ტაფაში  ვიწვებოდით.
მერე, როცა ამ წვა-დაგვამ
დღენი ჩვენი მოგვაწბილა;
ტანჯვა ვეღარ ავიტანეთ,
სინიდისმაც გაგვამხილა, -
   რა ვაკეთეთ? რას ვშვრებოდით?
   - შერცხვენილნი და დამწვარნი
   აქა-იქა ვჩურჩულობდით.
მერე, როცა ეგ ჩურჩული
შეგვიტყვეს თუ შეგვამჩნიეს,
როცა ცხვრისა ფარასავით
მოგვკრიბეს და შეგვამწყვდიეს, -
   რა ვაკეთეთ? რას ვშვრებოდით?
   - ფერმიხდილნი ბეზღობაში
   ერთმანეთს ვეჯიბრებოდით.
მერე, როცა მაგ ბეზღობით
ზოგმა თავი გადვირჩინეთ,
ქვეყნისათვის ზრუნვა, ფიქრი
ჩვენ თავიდამ ავიცდინეთ, -
   რა ვაკეთეთ? რას ვშვრებოდით?
   - მოვყევით და სიხარულით
   ყოველდღე ვბედოვლათობდით.
მერე, როს ბეთოვლადობით
საქმე ხელთ არ მოდიოდა,
რაც რამ გვქონდა, სულ გავფლანგეთ,
არარა შემოგვდიოდა, -
   რა ვაკეთეთ? რას ვშვრებოდით?
   - ერთმანეთს უსინიდისოდ
   მამულებს ვეცილებოდით.
მერე, როცა მაგ ცილობით
ერთმანეთი ჩვენ დავღუპეთ,
ერთმანეთის მტრობით ჩვენს სახლს
ცეცხლი ჩვენვე წავუკიდეთ, -
   რა ვაკეთეთ? რას ვშვრებოდით?
   - ჭკვიანურად იმ ცეცხლი წინ
ვისხედით და ხელს ვითბობდით.
მერე, როს ხელთ სათბობადაც
ჩვენი სახლი აღარ ვარგდა,
როცა დიდი და პატარა
გაღარიბდა, გაღატაკდა, -
   რა ვაკეთეთ? რას ვშვრებოდით?
   - თვით შევსხედით მაღლა თაროს,
   დაბლა ყმებსა ტვინსა ვწოვდით.
მერე, როცა ის ყმებიცა
დროთა ბრუნვით ჩამოგვერთვნენ
და ცხოვრების ჩვენის წყარო
მაგ გზებითაც თითქო შესწყდნენ, -
   რა ვაკეთეთ? რას ვშვრებოდით?
   - მაგას, შვილო, ნუღარ მკითხავ...
   ვტიროდით, ვიხოცებოდით!..
მერე, როცა მაგ ტირილით
ყმები აღარ დაგვიბრუნდა
და ყმებისა მოშორების
გულს ტკივილი დაგივყუჩდა, -
   რა ვაკეთეთ? რას ვშვრებოდით?
   - რაღაც ბანკი მოვიგონეთ
   და მასზედ ვლაზღანდარობით.
მერე, როს საშვილიშვილოს
ბანკს უმუხთლა თქვენში ერთმა:
ჩემთვის ბანკი რა ჭკვააო,
არ მომცაო შვილი ღმერთმა, -
   რა ვაკეთეთ? რას ვშვრებოდით?
   - „Наплечо“-ბა გვასწავლეო,
   მთავრობას ვეხვეწებოდით.
მერე, როცა... - კიდევ როცა!.. -
აქ გამიწყრა პაპაჩვენი:
- შემაწუხე ამდენ კითხვით,
„პოჟოლუსტა“, დამეხსენი!
   რა ვაკეთეთ? რას ვშვრებოდით?
   მას ვშვრებოდით, რომ თქვენსავით
   უსაქმოდ ვეხეტებოდით.

Ilia Chavchavadze - Ra Vaketet,Ras vshvrebodit
ილია ჭავჭავაძე - რა ვაკეთეთ,რას ვშვრებოდით

No comments:

Post a Comment