აკა მორჩილაძე - ფალიაშვილის ქუჩის ძაღლები


 ზაზა
ნიცაში მინდა... ვინ მეუბნებოდა? მთელი ნიცა არაბებს აქვთ აღებულიო,
საფრანგეთში ნაციონალიზმის ტალღა აგორდაო - არაბებმა და ზანგებმა გადაჭამეს
ყველაფერიო. ჰო, ერთი შენიღბული ზვიადისტი მეუბნებოდა სუფრაზე. კუპატს
ვჭამდით, შავ ღვინოს ვსვამდით და საფრანგეთის პრობლემებზე ვსაუბრობდით
ჩვენს ეროვნულ ჭრილში...


ცხრა საათია და წარმოიდგინე, ნიცაზე ფიქრში გამეღვიძა. დამესიზმრა, თუ რა იყო,
არ ვიცი. შეიძლება იმის ბრალია, რომ გუშინ თუ გუშინწინ, რაღაც ფილმი ვნახე,
ტრენტინიანით, რომი შნაიდერით და ჩვენში მიღებული ფრანგული ხიბლით.
თორემ რა ნიცა უნდა გამხსენებოდა ამ სიბნელეში: არც ღამით იყო შუქი და არც
ახლაა - დილით.
აუ, რა საშინელია ლოგინიდან გამოძრომა და საპირფარეშოს ცივ იატაკზე დგომა.
ახალა პირის დაბანა ნახე... სარკეში ჩაიხედავ, ვიღაც გამოშტერებული კლიენტი
გიყურებს, თან შესამჩნევად მელოტდება და წვერიც გაუპარსავი აქვს. ყველაფერი
ეს სანნთლის შუქზე. ფანტასტიკური სანახაობაა, ნიფხავი და სანთელი. მოკლედ,
დავიბანე-ნუ დაიბან, მაინც ქლიავს გავხარ. მარტო მე კი არა, ყველა. რაღაც
ჩამოგრძელებული სიფათები გაგვიხდება.
დროა ეგეთი, დაქლიავების კლასიკური ჟამი.
არა, არა ნიცაში...
- ჩაი დალიე, - დედაჩემის ხმაა. ჩაი თერმოსში აქვს უკვე მეორე დღეა. რა მინდა
სამზარეულოში?
ჩაი... ჩაის, როგორც ქართული კლასიკა გადმოგვცემს, ასე და ისე... ჰოლში ვდგავარ
და ფულს ვითვლი. ერთი კოლოფი „მაგნა” ხომ უნდა მომივიდეს წესით, მაგრამ
გააჩნია სად ვიყიდი. ეს „მაგნა” ხომ პირდაპირ ეპოქის სიმბოლოა - ლამის
კომუნიზმის დასასრულის მაუწყებელად შემოვიდა თბილისში. შეიძლება
პირდაპირ დავარქვათ - ეპოქა „მაგნდა”.
- მაგვიანდება, - უკვე შუზებს ვიცვამ.
- მთელი დღე მშიერი უნდა იყო. სად გარბიხარ?
- ინტერვიუზე, მინისტრთა საბჭოში, - ...тоже мне ინტერვიუ, და თან მინისტრთან.
დაკვირვებული ვარ, უფროსებზე გასაგიჟებლად მოქმედებს ეს ამბები. მე კი,
მართლაც მქონდეს ასეთი რანდევუ, წყალმომმარაგებელთან, ან გზების
გამომსწორებელთან, ერთი კარგად ვაყირავებდი. არ მივიდოდი და მორჩა. ახლა
შენ წარმოიდგინე, როგორია, ვიღაც სათვალიანი და ღიპიანი ბიძა რომ სახალხო
ტყუილით გაბოლებს:
- სირთულეები ძალიან დიდია ენერგომატარებლები...
და ასე შემდეგ.
რა, წახვალ? ორი საათი დაელოდები? მაშინ როდესაც ნიცაში... არა, ძალიან
ამოვიჩემე. ნეტავ რამდენი ქართველი ცხოვრობს ნიცაში? იქ რომ მოვხვდე, სულაც
კალედონიელად დავეწერები და მერე მიყარონ კაკალი. სამშობლოო, ესაო და ისაო,
რატომაო. დავეწერები და მორჩა - კალედონიელი ზაზა კობახიძე ნიცაში იმყოფება.
არა, არა, დავოლოება ფრანგული სჯობს - კობახიე. მერე, ოთხმოცი წლის რომ

გავხდები, სიამოვნებით გამოვალ საქართველოს ტელევიზიით და
ცრემლმორეული გიანდერძებთ ჩემს შლაპას და ძველმოდურ კოსტუმს -
გამახსენდება, რომ ... მოკლედ, შეიძლება გესტუმროთ კიდეც, მაგრამ აეროპორტის
ასფალტს ნამდვილად ვერ ვაკოცებ, წელკავი მექნება და ვერ დავიხრები.
ჰო, მართლა, გუშინ სამწუხარო ამბავი გავიგე, სენიორ პაბლო ესკობარი
მიუბრედიათ ორქიდეებით განთქმულ ქალაქ მედელინში. ჩვენი
კავშირგაბმულობა რომ ღირსეულად მუშაობდეს, ერთი-ორ კაცს მაინც გაეგზავნა
თანაგრძნობის დეპეშა. სირცხვილია მაინც, სულთა ერთობამ ხომ საზღვრები არ
იცის, ეჰ, პაბლიტო, პაბლიტო, სად უნდა დაბადებულიყავი და სად დაიბადე? აქ,
ამაყ კავკასიონს გადმოღმა შენ მტრის ტყვია ვერ მოგწვდებოდა. შენნაირ ხალხს აქ
თავად ჰაერი იცავს. აქ, განსვენებულო, მშვენიერი დილა ყაბახზე და ათატი სხვა
რამ... ერთი წინადადებით უნდა შევაბიჯო მერიაში : რომელიმე ქუჩას, რომელასც
თუნდაც შემთხვევით შემორჩა მარქსიანული სახელი, პაბლო ესკობარის ჩიხი
ეწოდოს. სადმე, გინდაც ვარკეთილში, სულ პაწაწინა შესახვევს რომ დავარქვათ...
მოკლედ, ვახურებ, რა დროს ეგენია.
უკვე გარეთ ვარ. გაქუცული და მოგარღალალავებული მრგვალი ბაღის კიდეზე
ვდგავარ. ადრე აქ ტაქსისტების ბირჟა იყო. ჩაჯექი, სამმანეთიანი დაუგდე და იარე.
ავოეეეე... ახლა კი ფეხით უნდა დავაწვე რედაქციამდე, სხვა გზა არ არის. მეტრო
და რაღაც სიგიჟეები ისე მიჭირს, თითქოს კუჭი მქონდეს შეკრული. მივდივარ და
ვფიქრობ : „კოტე ამერიკაშია, ჯავახა ესპანეთში, ცქვიტა ჰოლანდიაში, თუშმალა
პარიზში, შეშიკა ლონდონში, სხვები ან მოსკოვში, ან სადმე სხვაგან”. სხვა რომ
არაფერი იყოს, უბრალოდ, ისე, ადამიანურად, მოგენატრება ვინმე. მე შენ გეტყვი
და დარეკავ.
იმ დღეს სახლში ვიყავი და... ეგრე, საღამო იყო, ცხრა საათი, გააბა და გააბა
ტელეფონმა. მეთქი რაიონია. რაიონიდან ვინ უნდა დამირეკოს? მაგრამ ხომ იცი,
ერევათ ხოლმე. ავიღე. ასეთი რაიონი გამოდგა, კინაღამ ყურმილი გამივარდა
ხელიდან.
ალიკა იყო კანზას-სიტიდან. ექვსი თვეა არაფერი და უცებ რეკავს. მეგონა
გვერდით მიზის და ფეხბურთზე ვლაპარაკობთ, ავტომატიდან ვრეკავო. მოკლედ,
ვიყვირეთ, მე აქედან და იმან იქიდან. იქ გოგო ჰყოლია, ლესლი... კანზას-დიტი
თურმე ორია, ეს უფრო კარგ კანზას-სიტში მოხვედრილა და მთელი ამბავი. ისე,
ერთი ჩუმი ლესლი არ მაწყენდა. ოღონდ ჩუმი და... მინიმალური იმით, რა ჰქვია,
თბილისში რომ არის გავრცელებული.
ჰო, სნობობით. აი, ეგ მკლავს, როგორც ღამეულ პიკეტიდან გამოსროლილმა
ტყვიამ მოკლა ის ამერიკელი - ნატახტარის გზაზე. მაქვავებს ადგილზე, როგორც
იმ ამერიკელს - ბენზინის გულისთვის შუბლგახვრეტილ რემბოს.
ნახე, რა მძლავრად ვთქვი?
არა, არის ჩემში რაღაც მსხვერპლშეწირულის, არის რაღაც პუბლიცისტური.
ტყუილად კი არ დავხურე ხუთი ჰუმანიტარული კურსი. აი, ეს სნობიზმი მაგიჟებს.
თუ მოსწონთ, ისეთი რამეები მოსწონთ, რომ... არ ვიცი, რა. თან რაც ყველაზე
მთავარია, უცებ ჩაკლანდნენ. ხელოვანთა კლანები, ქართული სპეციფიკის
გათვალისწინებით. თუ რომელიმეში მოხვდი, კაცი ხარ, აქეთ მალბოროს ყიდი,
იქით წიგნებს წერ. იდეალებს არ ივიწყებ, მოკლედ. ხე-ლო-ვან-თა კლა-ნე-ბი.
წარმოიდგინეთ, მაგათი ხელოვნება, აი, ადრე რომ იყვნენ „ცისფერყანწელები” და

ვიღაც-ვიღაცეები, ორდენები და მთელი ამბავი, ახლა კლანებია,ამ ორდენების
მაგივრად. ძირითადად ასეა. ვთქვათ, კომპანია „ჯყტ”- ჯემალა-ყარამანა-ტრისტანა
ფიქჩერზ. კინოს გარდა ყველაფერს იღებენ: სნიკერსს, კრედიტს და წამალსაც კი.
მერე მსჯელობენ. მიდი რა მიახვიე, შენც მყავხარ ჟორჟ სადული, თუ ვიღაც კიდევ
- ისა, რა ჰქვია? გასტონ ბაშლიარ.
ჭავჭავაძეზე ჯიხურები „მაგნას” კოლოფებითაა გამოტენილი. „მაგნა”, „მაგნა” -
თბილისისათვის გერბი რომ შეგეცვალა, ყველაზე კარგი ალბათ „მაგნას” კოლოფი
იქნებოდა. ისე, თუ გახსოვს „მაგნას” ფასები? მე მახსოვს, მაგრამ ახლა მეზარება,
ყინავს და მგონი ცალი ყური სადღაც დავკარგე.
- ზაზა!
- ა,- მოვიხედე - დაუშა დგას. უფრო სწორად, დაუშას მანქანა დგას. დაუშა ზის
ცოლთან ერთად. ჩაფუთნულები არიან.
- სად მიდიხარ?
- პლეხანოვზე.
- დაჯე, რუსთაველამდე ჩაგიყვან.
მიყვარს გამძღარი ხალხი. ისინი ჩემი ქალაქის მამოძრავებელი ძალაა. მითუმეტეს,
თუ ერთი გზა გაქვთ, შენც და მაძღარ კაცსაც, ბედნიერება კარს მოგდგომია.
შეიძლება ეგეცაა მთავარი, რომ ერთი გზა გვაქვს. ისე, დაუშას არაფერს ვერჩი.
მითუმეტეს, არც მის სქელტუჩება და მაღალფეხებიან ცოლს. აი, ეგეთი მაწაკი ენა
და ფიქრები მაქვს. უბნელი პატივს მცემს, მე კი ვაშავებ. დროა ეგეთი. ძველი დრო
რომ იყოს, ტაქსით დავეწეოდი დაუშას მანქანას. რომ გავუსწორდებოდი, კეთილ
ღიმილს გავუცვლიდით ერთმანეთს და მე ჩემს მძღოლთან ლაქლაქს
განვაგრძნობდი, ის თავის ცოლს მიხედავდა.
სიგარეტი ვერ ვიყიდე.
- რას შვრები, ზაზუჩ?
- რავი, ვარ რა...
ღუმელიც ჩართული მაქვს. აქედან საკმაოდ შორია გურჯისტანამდე.
- მაკას ხო იცნობ?
- კი. როგორ არა.
მერე ვჩუმდებით. ან რაზე უნდა ვილაპარაკოთ? მე და დაუშამ, დაუშამ და მე.
გასულ ორ-სამ დღეში მგონი ჩვენს უბანში არავინ მოუკლავთ და არავისთვის
წაურთმევიათ რამე. სხვა რა გვაქვს სათქმელი ერთმანეთისთვის? მე მაგის
ბიზნესში ვერ ვერკვევი, ეგ ჩემს ფარმაკოლოგიაში.
- წიტა როგორ არი? - სულ გაჩუმებაც სირცხვილია, კაცს მივყავარ.
- არი რა. მიდის,მოდის.
- მეტროსთან გააჩერე.
- ...
- სპასიბა, დაუშ, ნახვამდის, - ამ მაკას თუ არ გაუცინე, არაფერი გამოვა. არა, ასეც
და ისეც, მისთვის ბოლო კაცი ჩანხარ ცხოვრებაში, მაგრამ რომ გაუცინებ, ეგებ
გული მოულბეს, შენი ეტიკეტი დააფასოს.
ნიცაში... იქ კი არ ვეტყოდი. ან რა მათხოვრული თქმაა: „მეტროსთან გამიჩერე”.
რას ნიშნავს მეტროსთან გაჩერება? ნიცაში ვეტყოდი: „ოტელ„რიც!” მერე
ერთდოლარიან სიგარას... და ა.შ.
ელბაქიძე,ელბაქიძე,ელბაქიძე. ეს მგონი ბოლშევიკი იყო. აქეთ, ხელმარჯვნივ

ერთი რესტორანია, მყრალი დახლები და მთლად აქოთებული მაღაზიები. რძე
იყიდება და ისეთი სუნი დგას, გგონია, რომ დამპალი კომბოსტოს უფასო
ჩამორიგებას შესდგომიან.
ბერიკაც მელიქ-კაზარიანცის გამოშიგნული სასახლე, დეკორაციად ქცეული უცხო
რამ იდეების გამო, მკვდრისფერი ღაღები და მოზანზარე სააღლუმო მოედანი თავს
ზემოთ რჩება. ლოყებაწითლებული და ხელდამსკდარი კაცი დგას და ტროტუარის
კიდეზე,ხელში დიდი თევზი უჭირავს,-უფორმო, უშნო და აქა-იქ
ქერცლგაცვენილი. ცოტა ქვემოთ ბებერი აისორის ქალი „მაგნას” კოლოფს
ათამაშებს თითებში.
- რა ღირს „მაგნა”?
- ხუთას ორმოცდაათი, ორი ფაჩქა ათასი.
- კუპონზე?
- არ გავყიდი.
- წადი, შენი... - არ ყიდი და ქვემოთ ვიყიდი მეტროსთან. მეორედ ვმაზავ „მაგნას”.
თან ვერ ვიტან, მაგრამ ხომ იცი, „მაგნა” უფრო ჟღერს, ვიდრე „კოლხეთი”. - 5 000
კუპონი.
ელბაქიძე ბოლშევიკი იქნებოდა, აბა რა! სხვისთვის ძნელად თუ გაიმეტებენ
ამხელა აღმართს. ხომ არ დაარქმევდნენ რომელიმე საწყალი იუნკერის სახელს.
ესეც მტკვარი. პაუსტოვსკი, თუ ვიღაც სხვა წერს, თბილისში ეკლესიების
სახურავები მღვრიე მტკვრის ფერისანი არიანო. მართლაც ეგრეა, მე ვიყო გარეთ,
სიცივეში...
ისე, როგორც ვატყობ, საერთოდ და საზოგადოდ, ეს მტკვარი დიდი უსახური
რამეა. ისევ არაგვი სჯობს: აბა, ნახე რამდენი ლექსია არაგვზე და რამდენი ამ
ტალახიან წყალზე. ჩვენში დარჩეს და სოლიდურობა ამას მეტი აქვს, იგრძნობა
ოდინდელი ღირსება.
გაკოტრებული სოვდაგარივითაა - მაინც რომ დადის მეიდანში, შემორჩენილი
საგარეო სამოსი აცვია და იბერება: ნახეთ, ეს მე ვარ, სახელოვანი თუმაჯან
თუმაჯანიანციო. მეორეს მხრივ, სხვები ეუბნებიან - ხარ და იყავი, სულ
ფეხსაცმლის ჭვინტზე გვკიდიხარ და საერთოდ, იცით რა არის მთავარი?
რა თქმა უნდა, იცით.
აი, სოციოლოგიური გამოკითხვა რომ ჩავატაროთ ქალაქში და ვკიტხოთ : „ძმაო,
რა არის მთავარი?” - ორნაირი პასუხი გამოვა. ზუუუსტად ორნაირი. ერთი გეტყვის,
აი ისე, აი, რომ და ძაან მოკლედ და ისა, რომ... სამშობლო: „ ძმებო და დებო, ჩემო
საყვარელო ქართველებო, გავერთიანდეთ და იცით რა? მოდით ნუ გავაცინებთ
მტერს, რომ მხარში და... ამოვუდგეთ ერთმანეთს”. და მეორე კი მოგახსენებს,
ისეთი, რომელიც მოკლედ, შავურს და ბევრი ცისფერთვალა და შენი წონა, ბიჭო...
ეგეთი რო, ჩემო ძმებო, ჩემო ახლობელო ხალხო, რომ ამ დროში მთავარია, რო ჩვენ
ურთიერთგაგებაში გაგება, რო იყოს კაცური.
ხომ მძლავრი სოციოლოგიური მასალა ვართ,ჰა?
სულლო, - როგორც იტყოდა კლასიკოსი.
აი, ერთი მასალაც. რედაქციის სადარბაზოში შევდივარ და ლიფტამდე კიდევ
ერთი მასალაა - სერგო.
სერგო დარაჯია, ნერვული ცხვირი და ორად გაყოფილი ნიკაპი აქვს. ბოლოს,
ალბათ ვიღაც მოკლავს. დროა ეგეთი, სერგოსთანებს და ჩემისთანებს ბრიდავენ

შემთხვევით გამოფრენილი ტყვიები, რომლებიც,რა დასამალია, ადრე
ბეღურებივით დაფრინავდნენ რუსთაველზე, ახლა კი საერთოდ ყველგან
დაფრინავენ მერცხლებივით.
- ზაზა,ზაზა, - იმ თავის ჯიხურიდან გამოძვრა სერგო, ხელში კროსვორდების
გაზეთით.
- ა...
- ისა, ეს „ფენთჰაუსი” შენი იყო?
- ჰო.
- მათხოვე რა, მათხოვე... აქ წავიკითხავ და...
- მერე ამო, მოგცემ.
კიდევ კარგი ლიფტი მოვიდა. ნახე, სერგოს რა სექსუალური განსწავლა დაუწყია?
ახალი დახატული ნაშები მომინდომა.
ნიცა...
და ჰა, ჩემი რედაქციის ჭრიალა კარი. ჭრიალა არა რომანტიკული გაგებით, არამედ
პირიქით. აქ არის... ეჰ და მოკლედ... მე აქ ვარ დაახლოებით ისე, როგორც
დევნილი პრინცი რომელიღაც პროვინციულ ქალაქში, რომელშიც,საპატიო
პატიმარივითაა გამწესებული და მასაც ბავშვივით უხარია, რომ გარშემო ყველა
ეფერება, მრეცხავი გოგოთი დაწყებული, ბურგომისტრით დამთავრებული; თანაც
პრინცი ჭირვეულობს და ამით უფროა საყვარელი და მომხიბლავი.
უუუუუუუ!.. სიგარეტის ყიდვა ისევ დამავიწყდა.
აბა, ვისაც სიგარეტის ყიდვა ავიწყდება, ის მწეველი არ არისო? „მაგნა”, ჩემო
ძვირფასო ნაგავო, შენზე ამბობენ, ამერიკაში მძღოლების და პუერტორიკოელი
ნაბიჭვრების, ეგრეთ წოდებული ლატინოსნების სიგარეტიაო. მაგრამ ჩვენც ხომ
ლატინოსები და ლატინოსებზე უფრო ლატინოსები ვართ ლატინოსობაში. ამას
ვინმე უარყოფს?
ოთახის კუთხეში, ჩემს მაგიდასთან, ზედ მარადონას სურათის ქვეშ, თემო და
ზურა სხედან, შუაში ერთი პატარა და შავგვრემანი, თან სევდიანი გოგო უზით
გრძელი სიგარეტით და არანაკლებ გრძელი ფრჩხილებით. ყავის ფინჯნებით არაყს
ურტყამენ და რაღაც ქვასავით ნამცხვარს ღოღნიან. უუუჰ, დილიდან არაყი. მაგრამ
თემო ბიზონია და ზურაც მის გუნდშია; ეს გოგო კი ზის და არც სახელი მახსოვს
მისი, არც სხვა რომელიმე საკონტაქტო საშუალება. საერთოდ, კაცს თუ ორი წელი
მაინც არ ვიცნობ, სახელს ხეირიანად ვერ ვიმახსოვრებ. სევდიანი თვალები კი არ
არის ჩემი მინუსი. უფრო, დიდი, შავი თვალებია, სწორად რომ ვთქვა, სისუსტე.
მაგრამ, ესეც ისე რა, შეფარდებით.
- სკდებით?
თემო ყავის ჭიქას მაწვდის.
- სიცივეა, მოდი, ჩახრახნე.
- საწერი მაქვს.
- მიდი კაცო, ჩახრახნე. მეც საწერი მაქვს. დღეს ბზეჟინსკისთან მივდივარ.
- ვისთან?
- „ამ დილით თბილისში ჩამოვიდა ცნობილი ამერიკელი მეცნიერი და
პოლიტიკუტი მოღვაწე ზბიგნევ ბზეჟინსკი...” - ჩაამაცნევა თემომ - ხუთ საათზე
აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტში წაიკითხავს ლექციას „რა ცუდია აქ და რა
კარგია იქ”.

- მერე სვამ?
- ჯერ ათია. ათჯერ გამოვფხიზლდები. რომც არ გამოვფხიზლდე რა? ასი წელი და
ოცი თვე... „ბზეჟინსკი ესაუბრა ჯონდოს და ბონდოს”. ახლავე დავწერ, მაგას რა
უნდა. ორმოცი მშრალი სტრიქონი გამოვა.
თუ ოთხმოცი გამოვა. ას ოცი, იქნება ას ოცი.
- მაგათ თუ ესაუბრა, მაგარ ამბავს წაიღებს, - თქვა უცებ გოგომ!
- ზვიადისტი ხარ, ჭუკლი? - რატომღაც გაეხარდა ზუტას და გოგოს ხელი გადახვია.
- შენ ხარ ზვიადისტი, ეგენი ცნობილი ისენი არიან...
- ვინა? - ზურას ფუნთუშა ლოყები აქვს. რომ იცინის უფრო ებერება.
- ისინი.
- ვინ ისინი? - ჩავეკითხე მეც.
- დალიე, რ, - მოეწყინა თემოს.
მეც ავიღე და გადავუშვი, სულ გაყინულ ჯანებში წავიდა. ბოლომდე.
- დაანამცხვრე!
- არ მინდა, - და გამახსენდა რომ სიგარეტი ვერ ვიყიდე. - მომაწევინე.
თემომ „კოლხეთი” გააძრო.
- მოიცა, მე მოგაწევინებ, - ეს გოგო გაიქაჩა.
- ოჯექი,იჯექი.
მაინც ადგა და გავიდა.
- ევასები, - გაიბერა ზურა.
- მიდი, მიახვიე აქედან, სახელიც არ ვიცი.
- ნანა, ტო, როგორ არ იცი.
- რა ვიცი. კაი ტიპშაა?
- რავი, - თემოს არ ახასიათებს შემთხვევითი კავშირები.
ნანა შემოვიდა. რა იციან ამ ქართველმა ქალებმა ყველაფრის შავის ჩაცმა. ისედაც
შავები არიან და თან... ისე, გაუფორმდებოდა, ჩემმა მზემ. ქართველი კაცები კი
ბინძურები არიან.
„სენტ მორისი” მოიტანა.
- ო მორე,მორე,-გაეხარდა ზურას და კოლოფს წაეტანა.
- ხელი! - მოასწრო ნანამ - შენთვის კი არ მომიტანია. თან „მორე” არ არის. „მორე”
რა, ქაჯი ვარ?
- აბა, ამას ეპადხოდები? - გაიკრიჭა ზურა.
- ამას რატო უშვებთ აქ? ლაო,ლაო პატარა ბიჭი?
- უხარია, ბავშვია, - დაეჯღანა ნანა.
- თითოც დავლიოთ, იქნება სამი, - ჩამოასხა თემომ.
- არაყი საიდან?
- კრიშიდან ღმერთისა.
- კიდევ ნანას გაუმარჯოს, - თქვა თემომ - ო, მორე,მორე,გაგიმარჯოს ნანა.
- შენთან მინდა ვახტანგური სექსი, - თქვა ზურამ და ისევ გაებერა ლოყები.
- ნახე, რა უზრდელია. ასწავლეთ რა? - შეგვევედრა გოგო.
- გაგიმარჯოს ნანა,-ვუთხარი მეც, - იქით ვინ არის?
- გოგოები, დათო და კემპესა.
- მერე კემპესა არ სვამს?
- არა. გავარტყი კემპესას. კომპიუტერშჩიკი და სვამს?

- ჩემს გარდა, - გაიკრიჭა ზურა.
- შენა შვილო...
ოჰ, ხანგრძლივი და ზუსტი, მეტისმეტად მოსაწყენი სტენოგრამაა. თუმცა,
ქართველ კაცებს, შეგვიძლია წაბინძურება და თავზე ხელსაც ავიღებთ ამ საქმეში,
სვინდის-შინაგან ხმაზე რომ არაფერი ვთქვათ, მაგრამ არის ჩვენში რაღაც... არა,
ანტიკური ჩვენში არაფერი არ არის, ღვინოს თუ არ ჩავთვლით. არის ჩვენში
ერთგვარი თეატრალური, ეს გაცვეთილი და გამოცვეთილი, ხიბლი.
თავის მოწონება შეგვიძლია.
- თითოც, ნანოჩკას მძინარა თვალების მზემ,- ეს თემო თანდათან ხდება ქართველი
და მთელი ამბავი.
-Позовите Герца, маленького Герца, он нам всем исполнит в иашей синагоге...
-Очень популярный отходняк!-დამიმთავრა ზურამ - რაღაც კარგ ხასიათზე ხარ!
- ალაგ-ალაგ.
- თითოც-მეთქი, თითოც. გაიგე?
- თითოც და თითოც, რა გაგვიხურე, მიმიშვი მარტენთან,- გაუცინა ზურამ და
ბოთლს დასწვდა.
- მოდით, ახლა თქვენ გაგიმარჯოთ, ძალიან კარგები ხართ სამივე და ძალიან
მიყვარხართ, - თქვა უცებ ნანამ და გადაჰკრა.
- ნახე, როგორ ვყვარებივართ? - გაიბადრა თემო - ნანააა,ნააანინა,ნააანაააა...
- ნანა სპარსული სახელია,- დაიჯღანა ზურა - ნუნე უნდა იყოს.
- ნუნე არა ნაზიბროლა, - ეწყინა გოგოს.
- შენ პეტრიაშვილი ხარ? გურამი?
- მე ვარ ზურა ბაქრაძე და ისა... - შეყოვნდა - „ბულოჩკა”
- რა?
- რა და... - ზურამ ეშმაკურად დაატრიალა თვალები, - მომე რა? - შეაცქერდა ნანას.
- იდიოტო, იდიოტო, იდიოტო! - წამოხტა ნანა.
- კაი, რა გაახურე, - წავეშველეთ მე და თემო.
- სულ ამხელაზე, სულ ამხელაზე, - ფრჩხილი დაგვანახა ზურამ.
- დეგენერატო, დებილო! ნახე, კიდევ რას მეუბნება? გამიშვით, იქით გავალ.
გოგო ძლივს დავსვით და თემომ კიდევ ერთხელ ჩამოასხა. ესეც გადავკარით და
წამოვიშალეთ.
- რედაქტორი არი? - ვიკითხე გასვლის წინ.
- არ მოსულა. მოდი, დაჯე,-მითხრა თემომ, - იქით რა გინდა?
- ქეთა ხო არ მოსულა?
- არ ვიცი. დაჯე, რა.
კურტკა გავიხადე, ნანას სიგარეტს დავწვდი და დავჯექი.
- ხიდზე გადმოხვედი? - მკითხა თემომ.
-ჰო.
- თოლიები ნახე?
- კი.
- ვაჟკაცურად, ადრე იყვნენ?
- რავი, იყვნენო.
- თუ ძმა ხარ... ყველა და ყველაფერი გადაირია. რა უნდათ აქ თოლიებს?
- ეგებ არც თბილისია აქ.

თემოს გაეხარდა.
-არა, ტო, არ არის. ახლა რომ გვითხრან, შავი ზღვააო, არც გამიკვირდება.
თბილისი ვარნაა, ვარნა თბილისიაო. ეს ატლანტიკააო, ჰა?
ავდექი და გამოვედი. ეგებ ქეთა მოსულია, ძმაო სიმპსონ, ლარი ბერდ? არა,
ნიცაში ამინდს არ წავახდენდი ნამდვილად. მიხრა-მოხრა, ქალაქური
სიტყვა-პასუხი. ო,მორე,მორე, ბეზ მინია, ეტო გორე...

 ქეთა

ყველა ამბობს, რომ კარგი ხასიათი მაქვს. ჯერ არავინ შემხვედრია ისეთი, რომ
ეთქვას, აუტანელი ხარო. დიდი-დიდი მითხრან, ძალიან გვღლიო. ნუ, პირდაპირ
არ ვიცი, ისეთი გადასარევი ხასიათი მაქვს. ოცდაოთხი საათი შემიძლია
მხიარული ვიყო და მინდა მჯეროდეს, რო ამ დროს არავის ვღლი. პირიქით, დიდი
შემტყუებელი ვარ, თუმცა ეს ძალაუნებურად გამომდის. ახლა ლაქლაქი? იმდენს
ვლაქლაქებ, რომ... თან ძალიან ხმაურიანი ვარ. ახლა იფიქრებთ, რომ, როცა გოგო
ამდენს ლაპარაკობს თავის ხასიათზე, ძალიან უშნოაო. ლამაზი? არ ვიცი, არ ვიცი.
ყოველ შემთხვევაში, მიყვარს სიტყვა მომხიბვლელი. ცოტა სერიოზული რომ ვიყო
და მეცხრამეტე საუკუნეში ვცხოვრობდე, იტყოდნენ, ფრიად მიმზიდველი პატარა
ქალიაო. ლამაზს ნამდვილად არ მიწოდებდნენ.
თუმცა, რა ვიცი. ასეთი თავქარიანი რომ არ ვიყო...
ჩემი საყვარელი წიგნია ემილია ბრონტეს „ქუხილიანი უღელტეხილი”. ემილია
ბრონტე შარლოტა ბრონტეს დაა. ძველმოდურია, არა? „ჩემი საყვარელი წიგნი”,
თანაც ემილია ბრონტე. სიმართლე რომ გითხრათ, სულაც არ ვარ ძველმოდური.
თუმცა, რომ შემომხედავ, ორმოცს გადაცილებული, ჩაქაფულზე მოლაპარაკე
ქართველის თანამეცხედრე, მეუღლე თუ კიდევ რაღაც ასეთი გეგონები. რა ვქნა,
ცოტა დიასახლისური მომხიბვლელობა მაქვს. თანაც, ნუ, რაღაც ფანტასტიკურ
საჭმელებს ვაკეთებ...
ჰო, მართლა, ყოველივე ამასთან ერთად, ვარ მერიაზე მიმაგრებული
რეპორტიორი. ჩემი უვიწროესი სპეციალობაა ჰუმანიტარული დახმარებების
კუდში დევნა, მათ შესახებ წერა და პრეზენტაცია-მიღებებზე სიარული
ამ მიღებებზე კი ჩემით ძალიან ერთობიან. უფრო სწორად, ასეთ მაღალ და
დიდმნიშვნელოვან რაუტებზე,გინდათ თუ არა, ყურადღებას ვიპყრობ და ყველა
მიცნობს. რა თქმა უნდა, არა იმით, რომ მადონასავით ვიქცევი. პირიქით,
გარკვეულ მომენტამდე ჩრდილშიც კი ვიმყოფები და დიქტოფონიც კი ჩანთაში
მიდევს. მაგრამ დგება წამი და... მოკლედ, ლეგენდარული ხიფათა ვარ. თავის
დროზე ორივე ხელი მოტეხილი მაქვს, ასევე ყველა თითი ხსენებულ ხელებზე.
ბავშვობაში ორჯერ მქონდა ტვინის შერყევა, ჩაიდანი ათასჯერ მაინც გამვარდნია
ხელიდან და ხუთასი თეფში და სამი ამდენი ჭიქა მაინც მექნება დამტვრეული.
არაფერს ვამბობ ლიფტში გაჭედვასა და ქუჩაში გაშხლართვაზე. საერთოდ არ
მახსოვს, რომ წაბორძიკების გარეშე ავსულიყავი კიბეზე და სკამიც რატომღაც,
ყოველთვის მორყეული მხვდება.

აი, გუშინწინაც, ლანგარი გავაგდებინე „მეტეხელ” ოფიციანტს. ეს ერთ-ერთ
საელჩოში მოხდა და არა რომელიმე ეროვნული ფონდის რიგით პრეზენტაციაზე.
თვითონ სამხედრო ატაშემ დააძრო თოვლისფერი ცხვირსახოცი (ყველა უცხოელი
დიპლომატი თავს ვალდებულად თვლის, პავაროტიზე დიდი და თეთრი
პირსახოცი ჰქონდეს) და ჩემი გვარიანად დანამული მკერდის მშრალება დაიწყო.
მაგრამ, მოდით, საქმეს მივხედოთ, როგორც ჩვენი რედაქტორი ამბობს, ჲეტ’ს გო
ტო ჳოკჰისი.
დილა, მე თუ მკითხავ, მშვენიერია და არაფერია ტრაგიკული იმაში, რომ
სინათლე არ არის და ცივა. პირადად ჩემთვის მაინც. ერთი საბანი, მეორე საბანი,
მესამე საბანი და მორჩა, ხუთ წუთში თავისუფალი ხარ. ყველა რედაქცია მუშაობს
და გაზეთებიც, მგონი საუცხოოდ იყიდება. რაც მთავარია, შუქი არის და ჩემი
მაგიდის ქვეშ ლეგენდარული რეფლექტორი „დს-მ-10” დგას. აქვე უნდა აღვნიშნო,
რომ მაგიდის შიდა მხარე ერთიანად შებოლილი, გამომწვარი და დანახშირებულია,
რადგან ის, ხსენებული „დს-მ-10”, როგორც ჩვენები ამბობენ, ჩემი საყვარელია და
თან გამოურთველად თამაშობს.
მე ვიჯექი და ვწერდი „ხსნის არმიის” დახმარებათა შესახებ. საკმაოდ მოსაწყენი
საქმე იყო და საერთოდ ეს, აქ ჩასმული დამხმარე ტიპები ცოტათი სევდიანები
არიან. მოგვაქვს რაღაც საჭმელები და სანაცვლოდ კაცს შენს ჭკუაზე ნათლავ.
შეიძლება არც უნდა მიახალო ასე პირდაპირ, მაგრამ რა ვიცი, არ მჯერა ამ
თანამედროვე მისიონერების, არც მათი კოტლეტები მინდა, არც სხვა რაღაც.
დგანან ქუჩაში და ავრცელებენ სუპებს და ვიღაც ჰალსტუხიანი წინასწარმეტყველი
წიგნებს. ხედავთ, რა რელიგიური ვარ? ამ დროს, არაფერი განსაკუთრებული.
უბრალოდ, არ მომწონს საჭმლით და გამარტივებული ქადაგებებით დამშეულთა
სულებზე ნადირობა. არ მომწონს და მორჩა. აი, დედა ტერეზაზე ხომ არაფერს
ვამბობ. ან, რა უნდა ვთქვა.
მოკლედ, ისევ საერო საქმეში ჩართულ უცხოელებზე ლაპარაკი სჯობს, მაგრამ
მათაც გვარიანი დახურებები აქვთ. პირდაპირ, გასაგიჟებელი. სადაც არ მიხვალ,
ისე დაგხვდებიან, რომ საკუთარ თავში შეგეპარება ეჭვი, ათჯერ მაინც გკითხავენ
„თქვენ ნამდვილად ამა და ამ წელს დაიბადეთ? მამათქვენი რა ვითარებაში
გარდაიცვალა? ავტოკატასტროფაში? რატომ? აჰ,ინფარქტით? ჰქონდა პრობლემები
ალკოჰოლთან?” შენ კიდევ ზიხარ და უსმენ. უცხოელია, ჩვენ კიდევ უცხოელებს
რატომღაც ვეფერებით. ბოლოს დაფიქრდება, სახელდახელოდ შევსებულ ანკეტას
ჩახედავს და ამოიბლუკუნებს: „მე შევისწავლი თქვენს თხოვნას ინტერვიუს
შესახებ, დღეს და ხვალ ვიმსჯელებთ, ზეგ ფრანკფუტში უნდა გავფრინდეთ,
ტვირთია მისაღები და ამის შემდეგ მობრძანდით და უკვე გადაწყვეტილი გვექნება
გესაუბრებით თუ არა, ესე იგი, თქვენ კუროს ნიშნის ქვეშ ხართ დაბადებული,
არა?” „ასე გამოდის”. „არ გიყვართ ჰოროსკოპები?” „არა, მისტერ სმიტ”. და ასე
დაუსრულებლად. მაგათ მტერი გადაეკიდა. მიხვალ და, არ ჩამოსულაო, კიდევ
მიხვალ და ხვალ ჩამოვაო, კიდევ მიხვად და ეს გულკეთილი და გადასარევად
სერიოზული მისტერ სმიტი აგიხსნის, არ მიგვაჩნია მიზანშეწოლილად ჩვენი
საქმიანობის და ორგანიზაციის აფიშირება, ამიტომ, სულ ტყუილად
გაისარჯებითო. ეს ყველაფერი დაახლოებით ისე გამოსდის, რომ მე შენზე თეთრი
ვარო. მაშინ რაღაც ჯახირობ და რაღაც აკლავ თავს აქაურობას...
მობრძანდა. დეგენერატი. შემოაღო კარი. ახლა ყველა მისკენ გაიხედავს, ეს რაღაც

სისულელეს წამოაყრანტალებს და სიცილ-ხარხარი ატყდება. მერე რომელიმე
მაგიდას მიუჯდება (თავისი არა აქვს. ან რად უნდა, არაფერს არ წერს, ათასში
ერთხელ, დაჯდება და რამეს გადათარგმნის) და დაიწყებს ლაქლაქს.
მერე იტყვის:
- მაკუჭ,მაკუჭ, ყავას რომელ საათზე ვსვამთ ამ ზავედენიეში?
ესენიც მიაწყდებიან.
- ახლავე ზაზა, გენაცვალე, ახლავე ზაზა, ძვირფასო და სანატრელო, - ვითომ
ესენიც ხუმრობენ, სინამდვილეში, გული მისდით და ჟრუანტელი უვლით.
მოუდუღებენ ამ ყავას. შენ გგონია დალევს? ერთს მოხვრეპს და მერე თუ აქვს,
ამოიღებს სიგარეტს და თუ არა და იმასაც ვინმე აჩუქებს. გააბოლებს და იტყვის:
- როგორც ფილადელფიის საუკეთესო ოჯახებშია...
მეტი არაფერი უნდა. უახლოესი ერთი საათი მაინც. დეგენერატი, სუფთა
დეგენერატი. უსაქმური დეგენერატი.
აჰა, გაიხადა თავისი გახუნებული, ორგან გამოხეული ქურთუკი. დალაქავებული
და ადგილ-ადგილ ამომწვარი. რატომ აცვია ეს ნაგავი, ვერ გავიგე. ერთხელ ერთად
გაგვგზავნეს საელჩოში და არ შემოუშვეს. იცით რა ქნა? წავიდა და ოც წუთში,
ზუსტად ოც წუთში, სლავა ზაიცევივით მოვიდა. ძველი ტანსაცმელი მიყვარსო. და
კიდევ ეგ მყრალი ბათინკები. ომის დროს აჩუქა ვიღაც გვარდიელმა. შე-გვჭა-მა.
სულ იმ გვარდიელზე ლაპარაკობს. აი, გაუპარსავ ნიკაპზე მოისვა ხელი.
მე ვწერ. არ მაინტერესებს და არც დამაინტერესებს. პირობას ვდებ.
- ზაზა, როგორა ხარ?
- ზაზა, რას შვრები?
უჰ, რა მიეფარცქვალენ? პირდაუბანელი დეგენერატი და გულკეთილი ნაშოჩკები.
- რას ვშვრები და ფრჩხილს ვიზრდი ნეკზე, ეგება უფროსად დამნიშნონ რომელიმე
დაწესებულებაში.
- სად ჩაცეცხლე, - ეკითხება კემპესა.
- კულულებს მიხედე, ძმაო. თმების მოშვებას ჯობია, ნეკზე ფრთხილი მოუშვა,
ნაღდად რამე თანამდებობაზე დაგნიშნავენ.
იქით დალია,რომ კითხო, სმა ეზიზღება. ყველაფერს დასცინის, მარტო ის
გვარდიელი უყვარს. ვიღაც გვარდიელი, იმიტომ, რომ იმან ბათინკები აჩუქა. არც
მიყურებს და არც მე შევხედავ. ეყოფა ბიჭს. დილიდან ნერვები მომიშალა. სუფთა
იდიოტია, ახლა ბებიაჩემს როგორ ელაპარაკება? „გამარჯობა, ქალბატონო
მარგო,როგორ ბრძანდებით?გუშინ სოლოლაკში მოვხვდი და თქვენ
გამახსენდით,საოცარია არა? ქალბატონო მარგო, თუ არ შეწუხდებით, ეგებ ქეთას
მიაწოდოთ ყურმილი”. მომაწოდებს და:
„როგორა ხარ ღვთისმშობლის წილხვედრთა დარდზე დაფიქრებულო?” ვითომ
სასაცილოა. მერე მოდგება და ისე გაგლანძღავს, ერთს არ დაფიქრდება. გუშინწინ
გამლანძღა. მთვრალი იყო. სამხრეთ აფრიკაში წავიდეთო. აქ არაფერს აკეთებს და
იქ რას იზამს? დავუკიდე. დღეს ვითომ არაფერია. საწყალი დედამისი.
ყველას უყვარს. ყველა უცინის. დეგენერატია აბა, რა. რას ამომიჩემა. ან მე რას
ამოვიჩემე. მთელი წელიწადია უკვე. იცი რა? ეგ საშინელი ეგოისტია, მე კიდევ
პირიქით. მეცოდებასავით. საშინელებაა ასე ყოფნა. ისე, როგორც ეგ არის. ჩვენი
ერთად ყოფნაც საშინელებაა. ვერაფერს გაიგებ. თან რაღაც საიდუმლო რომანი
შექმნა - ვითომ დიდი მეგობრები ვიყოთ. ყველამ იცის, რომ დიდი მეგობრები

ვართ.
ზის და რაღაცით ერთობა. აი, „შანსი” აიღო. არ წაიკითხავს. არც კითხულობს. რას
მიკრავ თვალს, შე დეგენერატო, რა გინდა.
- მომაწევინეთ, რა?
- უჯრაშია „80”.
აჰა, მომიცუცქდა.
- შენ, იმ გოგოს რა ჰქვია? აი, ის როა ახალი, პატარა, შავი და ისა...
ფანჯარასთან...ჰო.
- ნანა.
- ჰო, ნანა. ვინ არის? საიდან არი?
- სააგენტოდან გადმოვიდა.
- მე მეგონა ლიტერატურული წრიდან მოვიდა.
ჩავიფხუკუნეთ. აი, ასეთია. მაინც გამოგიყვანს მდგომარეობიდან.
- რატომ?
- თვალები აქვს, რაღაცნაირი, ლიტერატურულ-გულჩათხრობილ-ინტელექტუალუ
რი. „სენტ მორისი” წააგდო. ვინ არის, პროკურორის შვილია?
- გაჩე, გაიგონებს.
- აბა, ირტყამს?
დეგენერატი, დებილი, იდიოტი, დეგენერატი. ეგეთი მაინც იყოს. გოგოსთან
ყოფნისას ღიმილით და ტკბილი სიტყვით კმაყოფილია. მეტი არაფერი უნდა. მე არ
ვიცი? თუ რაღაც ისეთი, მეათე პლანზე. ვითომ არც ყოფილა. არ ეძებს ეგეთ
რაღაცას. თუ გამოვიდა, ისე, ექსპრომტად, ჰო კარგი, არა და წავა. წალაყუნდება.
ვთქვათ, დარეკავს ღამის ორ საათზე. იცის, რომ მარტო ვარ. თუ თავი გაიგიჟა,
რაღაცას შეიძლება გამოჰკრას ხელი. „მოვალ რა?” ამ ყინვაში. „არა”. „მოვალ”. „არა”.
„მოვალ” და მოვა. მოვა და თხუთმეტ წუთში წავა. ძალიან საინტერესოა, არა? არა,
შეიძლება არც წავიდეს, მაგრამ არც მოდის, იმაზე ნამდვილად არ ფიქრობს. ისე
მოდის, ვითომ მოვენატრე. ისე კი ძალიან უყვარს, ჩემები რომ სახლში არ არიან.
დედაჩემი რომ მოსკოვში მიფრინავს მამაჩემთან, ბებია დეიდასთან გადადის,
ასეთი უცნაური წესი აქვთ, ჩემი და კი, მოგეხსენებათ, თავის ქმართანაა. ამიტომ,
ხშირად მარტო ვარ. მოდის და ვჭორაობთ. „ქეთა, ქეთა, მაგრა მიტყდება ხელის
ფათურის დაწყება. მაგას ჯობია, მოდი მარჯვენა ლოყაზე გაკოცებ...” - აი ასეა.
დეგენერატი.
საერთოდ ძალიან ბუნებრივი იყო ყველაფერი. მე რომ გაზეთში მოვედი, ეგ უკვე
აქ ეგდო. გუშინდელივით მახსოვს, კუთხეში გაწოლილიყო რაღაც მაგიდაზე, ხელი
თავქვეშ ამოედო და თვალებმოჭუტული ეწეოდა. გარშემო ვიღაცები
შემოსხდომოდნენ, მგონი „კინგს” თამაშობდნენ.
- აი, ქეთა, - თქვა რედაქტორმა, - ჩვენი ახალი რეპორტიორი.
გოგონებმა ღიმილით გადმომხედეს, მოთამაშეებმა მსუბუქად დამიკრეს თავი. ეს
წელში გასწორდა და რედაქტორს მიმართა:
- შენი ჭირიმე, ეგეც სექსოლოგიის ინსტიტუტს არ მიამაგრო!
აი, ასე აყენებდა ადამიანს სულელურ მდგომარეობაში. ყველანი
მოკრძალებულად იცინიან, ხითხითებენ მაინც, შენ კი დგახარ და ცდილობ
გაიღიმო, იმიტომ, რომ ასეა მიღებული.
- მთელი დღე უნდა თამაშობდეთ? - იკითხა უცებ რედაქტორმა, - სამსახურია, თუ
რა არის?
ყველა გაჩუმდა.
- რა მიდგომაა ესა, - უცებ გაცხარდა რედაქტორი და რომელიღაცას მიუბრუნდა, -
გააკეთე ისა?
- ვაკეთებ, - დაიბნა ისიც.
„აი, რედაქცია”- ვიფიქრე მე.
- გააკეთე დროზე, გააკეთე და შემომიტანე. მუშაობა თუ არ გინდათ... აქ ხალხი
მუშაობს. მთელი დღე რომ უჭახუნებთ ამ იდიოტობას... შემომიტანე, - თქვა
ბოლოს და ტელეფონს მიუჯდა.
და უცებ სიმღერა გავიგონე.
- თუ არ მოხვალ მოვკვდები, დამრჩები პირშავადა, ჭირიმე, შენი ჭირიმეეეე,- ეს
იყო, ის გაბურძგნული უზრდელი.
და ოთახიდან გავიდა.
დავჯექი. იდიოტივით დავიწყე ჭერში ყურება. ბიჭებმა თამაში შეწყვიტეს და
წამოიშალნენ. გოგონებმაც რაღაც ქაღალდებს დაავლეს ხელი და ბუნდოვანი
სიარული და ჩურჩული წამოიწყეს. ის კი იჯდა, არც განძრეულა.
- თქვენი ვაკელი ხართ? - მკითხა უცებ და ძალიან ზანტად გასწორდა წელში.
- დიახ, - გავუღიმე მე.
- ვაკელებს ვიცნობ, მეც ვაკელი ვარ, - თქვა და ახალი სიგარეტი ამოიღო.
- ვერელებსაც ვიცნობ, საბურთალოელებსაც და, პლეხანოველებს ხო ვცნობ და
ვცნობ. გოგონების ცნობა უფრო ძნელია, მაგრამ მაინც.
რა უნდა უპასუხო, ლაყბობის ხასიათზეა.
მერე წამოდგა და წავიდა.
აი, ასე ვნახე პირველად და ვიფიქრე, რომ თვითკმაყოფილი დეგენერატია. იმავე
საღამოს სახლში მივდიოდი და მანქანა კინაღამ დამეჯახა. უფრო სწორად, მეგონა,
რომ დამეჯახა. ზედ ფეხებთან დაამუხრუჭა. ვხედავ, მძღოლის გვერდით ეს
თვითკმაყოფილი არ ზის? კარი გამოაღო და მეუბნება.
- სად მიდიხარ?
- სახლში.
- „ნივაში” ჯდები?
- ?!
- რა ვიცი, გოგოები არ ჯდებიან, რომ მოგვიტაცებენ, ვერ გადმოვხტებითო.
ჩავჯექი და წამიყვანეს.
- თქვენ რა გქვიათ? - ვკითხე ბოლოს, მანქანიდან რომ გადმოვდიოდი.
- მენა? მენა ზაზა, ამას კიდენა კაკუჩა ქვია.
- მადლობთ, - ვუთხარი ცივად და კარი მივხურე.
- სიგარეტი დაგრჩა, - მითხრა უცებ და ფანჯრიდან „ასტრას” კოლოფი გამომიწოდა.
- დეგენერატო, - მე თვითონ არ მახსოვს, როგორ წამოვისროლე.
ის კაკუჩა გაიხია სიცილით.
მოვტრიალდი და სადარბაზოსკენ წავედი.
- კლდემამოსილი მანდილოსანია, პაპიროსს არ ეწევა, - დამადევნა უდარდელად
და მანქანა დაძრა.
აი, ასეთი აუტანელი იყო. სამსახურში, შეიძლება ითქვას, გავურბოდი, ვერაფრით
ვერ ვეგუებოდი, თანაც ყველას მშვენივრად შევეწყვე. ნუ პირდაპირ, ნუ, ნუ, არ

ვიცი, ისე გიჟდებიან ჩემზე. ერთ კვირაში მადამ რეკამიესავით ვიყავი, ეს კიდევ,
აივლიდა, ჩაივლიდა და ვითომ არაფერი. მეც შეძლებისდაგვარად ვუბღვერდი.
ისე კი, რომ გითხრა, სულაც არ ვბრაზდობდი. პირიქით, როგორღაც ველოდი
ხოლმე. ყველა საოცრად მხიარულობდა, ის რომ მოდიოდა, პარალელურად
ჭორებს ვისმენდი. უჰ, რეებს ყვებოდნენ. მოკლედ, გაზეთებში მეტად რთული
ამბები ტრიალებს. ამბიციები, ინტრიგები, მთელი კარიერისტული ფილოსოფია,
ამას კიდევ, სულ იმ თავის სუნიან ბათინკებზე ეკიდა, უხეშად რომ ვთქვათ. თუმცა,
კარგი ჭორიკანა ჩანდა. ყველაფერი იცოდა, ყველაფერში ერკვეოდა და ა.შ. მაგრამ
ხმა, კრინტი. ერთადერთი ის იყო, რომ ვინმეს მიუჯდებოდა და ხანმოკლე
ჩურჩულით და ხითხითით იგებდა რედაქციის ამბებს. და აი, ერთხელ რა მოხდა.
ოთახში შევედი. მის გარდა არავინ იყო. მხოლოდ ეგ იდგა - ფანჯრიდან
იყურებოდა და ეწეოდა.
- გაუმარჯოს, - ვთქვი და ჩანთა დავაგდე მაგიდაზე. რაღაც გამორჩეულად კარგ
ხასიათზე ვიყავი.
მოიხედა და გამიცინა. როგორც მომეჩვენა, ძალიან თავშეკავებულად. ეტყობა, ვერ
იყო ხასიათზე. მაგრამ, როგორც მერე გავიგე, უხასიათოდ მხოლოდ მარტო
ყოფნისას იყო, ისე კი, ყველას უცინოდა და მაინცდამაინც მხიარული ეგონათ.
ფანჯარასთან იდგა და ერთგვარი სიმწვანეც გადაჰკრავდა სახეზე.
- რა იყო, ცუდად ხომ არა ხარ?
- არა, - თქვა და სიგარეტი მოისროლა ფანჯრიდან.
- აბა, რა მოხდა?
- არაფერი, მეძინებასავით.
- არ გეძინა? - ვკითხე და მაგიდაზე შემოვჯექი.
მეტად არაქალიშვილური ჩვეულებაა, მაგრამ რას იზამ.
- რავი, მეძინა, - შენ რა დედაჩემივით მეკითხები.
მერე ისიც მაგიდის მეორე კიდეზე შემოჯდა და ერთხანს ასე ვისხედით, ჩუმად.
- ვერაფერს ვერ ვაკეთებ, - თქვა უცებ, - უაზროდ ვარ.
- ვინ აკეთებს რამეს, - დავამშვიდე მე.
- მაიცა, რა, - როგორღაც განაწყენებული ჩანდა, - სხვა რაში გაინტერესებს? შენ
უნდა გააკეთო რამე...
- დაწერე ეგ რამე, - შევთავაზე მე, თუმცა ვიცოდი, რომ რედაქციისთვის თითის
გამძრევი არ იყო.
- ადრე ვწერდი.
- მერე?
- მომბეზრდა სულ ვიღაც იდიოტებზე წერა. ამან ეს თქვა, იმან ის, ეს ასე მოხდება.
ეგ არი ჟურნალისტობა?
- ეგ არი, ალბათ.
- არა. თავისუფლება არ არის. აი, მართლა თავისუფლად ვერ დაწერ. უამისოდ
მოსაწყენია. მე რავი, ეგრე მგონია.
რა ვქნა? შეიძლება ეს მართლიც იყოს, მაგრამ მე ხომ ასეთი ბედი მაქვს - ყველა
ჩემს ხელში უნდა გაგიჟდეს, ყველამ მე უნდა გადამიშალოს გული.
- მაშველთა კორპუსში შევალ.
- ეგეთი საშველი ხარ?
- არა, მე თვითონ მივეშველები ვინმეს. მიწისძვრა, რამეები...

- არ გინდა გაზეთში?
- ნდომებით სპიჩრაიტერობა მინდა. მაგარი რამეა, სხვას რომ უწერ სიტყვებს და
მერე ტელევიზორში უყურებ, ვიღაც ბიძა რომ მონდომებით კითხულობს შენს
ნაწერს და ცხვირსახოცს ისმევს ნიკაპზე...
ბრაახ! ორივენი იატაკზე ვეყარეთ. ჩემი ოკრობოკრო ბედის ამბავი მოგეხსენებათ,
ეს დეგენერატული მაგიდა კი, თურმე, ასრიალდა. აყირავდა, თუ რაღაც ჯანდაბა
და საკმაოდ ელეგანტურად ავპლაკე ფეხები. თუმცა, უკეთეს დღეში არც ის იყო.
ისეთი ამოიკვნესა, ვიფიქრე, ნამდვილად რაღაც მოიტეხა-მეთქი. უცებ სიცილი
ამიტყდა და არ გაგიკვირდეთ, თუ ვიტყვი, რომ გადამდები სიცილი მაქვს. ასე
ვიწექით იატაკზე და ვხარხარებდით. სწორედ ამ დროს ზურამ შემოაღო კარი და
ასეთ დღეში დაგვინახა, მასაც სიცილი აუტყდა.
ამ დეგენერატმა იმწუთში შეწყვიტა სიცილი და წამოჯდა.
- რა გაცინებს, რა, - შეუყვირა ზუტას, - დაახვიე აქედან, ვერ ხედავ, რომ ვზასაობთ?
ზურას ღიმილი შეაცივდა სახეზე და დაბნეული, ოდნავ შემცბარი გატრიალდა.
ის იყო ვიფიქრე, ახლა ჩავთხლიშავ ამ დეგენერატს და იმ სულელ თავს
გავუხეთხავ-მეთქი, რომ უცებ თვალებში შემომხედა. უკვე გამხიარულებულიყო,
რაღაც ეშმაკები დაურბოდა სახეზე. ყველაფრის დაწიწკნა გადავწყვიტე და უცებ არ
დამაცხრა? პირდაპირ ტუჩებზე, თან რაღაც სულელურად. ხელები მტაცა მხრებში
და წამომაჯინა. ისე დავიბენი, რომ... თანაც ეს ტუჩები ტუჩებზე, საკმაოდ
უხერხული და მოულოდნელი რაღაც იყო. მალე გამიშვა, რომ მეგონა, რაღაც ახალი
დაიწყება-მეთქი, სწორედ მაშინ გამიშვა ხელი. ძლივს ამოვისუნთქე, თითქოს
ავმჩატდი და უცებ გამახსენდა, რომ უნდა მეთხლიშა.
- დეგენერატო, - ვთქვი ჩუმად.
- არ გაგიტყდეს, რა, - შემომაცქერდა ვედრებით, - ძალიან კარგი გოგო ხარ.
წამოვდექი და კაბა გავისწორე.
- უხერხულია, არა? - თქვა და გადაყირავებულ მაგიდას მიეყრდნო, - ისე დათა
თუთაშხიასავით კი გამოვიდა, შპიონკა რომ ყავს სახლში, არა?
ძალიან ცდილობდა, ხასიათზე მოვეყვანე. არაფერი არ მითქვამს, ოთახიდან
გამოვედი და კარგი გავიხურე.
აი, ასეთი რაღაც გამოგვივიდა, თითქოს მოულოდნელი და შემთხვევითი, მაგრამ
ძალიან ბუნებრივი. მთელი დღე არეული ვიყავი. სახლში ორი ფინჯანი გავტეხე
და რომ ვეღარაფერი მოვიფიქრე, ლოგინში ჩავწექი. მერე ავდექი, უაზროდ ვჭამე
კაკლის მურაბა, ტელეფონების წიგნი ავიღე და ისევ ჩავწექი. თქვენ
წარმოიდგინეთ, პირველივე ჯერზე სწორად დავრეკე, თუმცა რა გამოცნობა
უნდოდა, მისამართი, უფრო სწორად, უბანი ხომ ვიცოდი.
- დიდი ბოდიში, ზაზას სთხოვეთ თუ შეიძლება?
- ზაზა არ არის შვილო, სახლში, - ქალს მოწყენილი და დაღლილი ხმა ჰქონდა.
- უკაცრავად.
- რამე ხომ არ გადავცე?
- იცით, მე რედაქტორის დავალებით ვრეკავ. ჩემს ტელეფონს დაგიტოვებთ და რა
დროც არ უნდა იყოს, დამირეკოს.
- და მაინც, რა ვუთხრა, ვინ იყო-თქო?
- ქეთა, ქეთამ დარეკა-თქო.
- თუ ძალიან გვიან მოვა?

- არა აქვს მნიშვნელობა.
- ორზეც? შეიძლება ძალიან გვიან მოვიდეს.
- არა უშავს, მეც ძალიან გვიან ვიძინებ.
დედამისსაც საკმაოდ ყვარებია ლაპარაკი. შუქი ჩავაქრე და ცდა დავიწყე, მხოლოდ
საათის წიკწიკი მესმოდა, დაახლოებით ისე, ფილმებში რომ სჭირთ ნერვიულ
ქალებს, მერე რომ აიღებენ საათს და იატაკზე დაანარცხებენ, ის კი მაინც წიკწიკებს.
მგონი ვცახცახებ კიდეც. ახლაც არ ვიცი, რატომ დავრეკე. ეტყობა, მინდოდა
დავრწმუნებულიყავი, რომ ცუდი არაფერი მომხდარა. თუმცა, ისე ვღელავდი, რომ
აღარც კი ვიცოდი, რა მექნა. ტელეფონი ჩავიხუტე და საბანი თავზე გადავიფარე.
ერთხანს ასე ვიწექი, მერე დაძინება გადავწყვიტე, თუმცა რაღაც საშინლად
სწრაფად ვფიქრობდი სისულელეებზე და აუწერელ თავისუფლებას ვგრძნობდი.
ახლა რომ ვთქვა, „ო, ეს იყო სიყვარული-მეთქი”, დაახლოებით ისე გამომივა,
როგორც „ქეთო და კოტეშა”:„ეს იყო პეტერბურგში”. მოკლედ, რბილად რომ
ვთქვათ, სისულელე იქნება, იმიტომ, რომ იმას, რაც ჩვენ გვჭირს, ძნელად
დაერქმევა ასეთი რამ. დღეს უკვე ვიცი, რომ რაღაც უცნაური, დაუმთავრებელი
რომანის მსგავსი ურთიერთობა გამოგვიდს. თითქოს სადღაც, მივარდნილ
ადგილად გავჩერდით, ქარიან და უმთავრო ღამით, პროვინციული სადგური
ჩიხში, მხოლოდ ერთმანეთის ლანდებსთა ვარჩევთ და ამიტომაც კმაყოფილები
ვართ.
და ბოლოს დარეკა. ყურმილის აღებაც კი აღარ მინდოდა, მაგრამ იქით დედაჩემი
აიღებდა და უნდა მეჩქარა.
- ანგელოზების მარკიზა, ჩიხტიკოპი მოიხსენი?
დეგენერატი.
- რა მოხდა, რა რედაქტორიო?
- რა ვიცი, ისე დაგირეკე, - აღარ ვიცოდი, რა მეთქვა. თან ხრინწი შემეპარა ხმაში.
- მართლა, რამე ხომ არ მოხდა?
- არა.
- ახლა რომ მანდ ვიყო, ისევ გაკოცებდი.
- დებილო. მაგიტომ არ დამირეკია...
გაჩუმდა.
- რას აკეთებ?- მკითხა მერე.
- ვწევარ.
- ოოო, მაშინ არ გაკოცებდი, უხერხულია. შიშველ თანამშრომელთან საწოლ
ოთახში... თან ღამის საათებში.
- დებილი ხარ.
- მე?
- არა, მე...
მოკლედ, საუბარი არ აეწყო, მაგრამ ერთი საათი მაინც ვილაპარაკეთ.
- კარგი გოგო ხარ, - მითხრა ბოლოს - კაროჩე, ქაჯებს არ ვკოცნი...
აი, ხედავთ? „თანამშრომელი”, „ქაჯი” და ასე შემდეგ.
- ხვალ მოხვალ იქ?
- რედაქციაში?
- ჰო, იმ სევდის სახლში.
მაგრამ ამის შემდეგ ბევრი არაფერი შეცვლილა, უბრალოდ, გამუდმებით

ვლაპარაკობთ ხოლმე და ერთმანეთს არაფერს ვუმალავთ. რედაქციაში რაღაც
ნახევრადგასაიდუმლოებული ურთიერთობა გვაქვს. ეს ყველაფერი თვითონ
გამოიგონა, რატომღაც ასე მოხდა. ახლა მეც არა მგონია, რომ რაიმე უფრო
დიდისთვის ვიყო მზად. თუმცა, რაღაც სილამაზე ამასაც აქვს. აი, მარტო რომ ვარ
სახლში, მაშინ კი ფანტასტიკურად ვგრძნობ თავს, ვიცი, რომ მოვა, შეიძლება
ძალიან გვიანაც, დაღლილი, მოწყენილი, ან საერთოდ, მშვენიერ გუნებაზე.
- მოვედი ბიცოლ, - რატომღაც ამოიჩემა ეს „ბიცოლა”.
აი, ახლაც, მომიცუცქდა. მებუტბუტება რაღაცებს.
თქვენ გგონიათ არ ვიცი?
უჩემოდ არ შეუძლია, მაგრამ თავის ლაყბობასაც ვერ ელევა. დეგენერატი. ზის და
აჟუჟუნებს თვალებს. თავის მოვალეობად მიაჩნია, გაუცინოს ყველა ჩერჩეტს, გიჟს,
დებილს, ახვარს, მკვლელს, ყაჩაღს, ერთუჯრედიან კლიენტს. იმიტომ, რომ
ფეხებზე ჰკიდია, იმიტომ, რომ მისთვის სულერთია, იმიტომ, რომ ეგეთი ხასიათი
აქვს.
აჰა, წამოდგა.
- სიგარეტს ვიშოვი, - და ეშმაკურად მიყურებს, - მამიკო როგორ არის?
დააინტერესა.
- წავიდა დედაჩემი. გუშინწინ ჩაფრინდა.
- გესმის, ჰორაციო, და მე ამას მიმალავენ. მარგარიტაც გადაფრინდა სხვა ბუდეში?
- დიახ.
- გასაგებია. შენს განრიგში ვზივარ. თუ ვინმე იარაღიანი ამბალი იშოვე და იმასთან
ერთად სვამ ჩაის ნაშუადღევს?
- დეგენერატო.
ვიცი, რომ დღეს საერთოდ ამის გასაგებად მოვიდა. ახლა გავა, სიგარეტს
მოუკიდებს და სადღაც წალაყუნდება.
- ზაზააააააა!
ნუ, პირდაპირ გენიალური ქალი ვარ, გულთმისანი. ფანჯრიდან ვიყურები და
ვხედავ ქვემოთ, სადღაც შორს თეთრი ფერის მანქანა დგას, მის შორიახლოს კი
ვიღაც შავი, ამ ყინვაში პერანგისამარა თავგანწირული ტიპი და ღრიალებს. ხუთ
სართულს ხომ უნდა ამოსცდეს მისი ხმა.
- ჩაიცვი, წამო, - მეუბნება ჩუმად, - გავიკატავ-გამოვიკატავოთ.
 მამუკა

ააა? მაშინ აკაციები ყვაოდა და იქ ვცხოვრობდით-მეთქი, რა ქვია? სამოთხეში,
სადაც სულ რტოები ირხეოდა და პრეზიდენსკი პენსია გვქონდა, ვერ ვიტყვი, მარა,
სიმონ, ამიგო, სოტერო, ჩემო ერთგულო მეგობარო, არი რაღაც სილამაზე
სექტემბერში და იმაში, რო, მარიაჟობაშიც არის სილამაზე, კოწიკა როგორც ამბობს,
ჩვენთან კიდევ, თუ რამე ხდება, მარიაჟობაც იქვეა და ლიშნი ბაზარი-ვაგზალი და
დუხოვანი სემინარია, მაგას არ უნდა, იმიტომ, რომ ჯერ ეგ ერთი, რო, მე ძაან, ძაან
კარგად რომც ვარ ხოლმე, სექტემბერი მახსენდება და რატომ მახსენდება, აზრზე

არა ვარ, ნიტო, რაღაც სხვა, მარა ეგ სხვა, ჩერესჩურ ბევრნაირია და ახლა, რამდენიც
არ უნდა იფიქრო, დიდი-დიდი, ქუჩაზე ავლილი გოგოს ლამაზი ფეხები
გაგახსენდეს, ან ლენდროვერის სალონში გამჯდარი „მალბოროს” სუნი და რაღაც
ეგეთი რამეები, რასაც სხვა დროს და სხვა ქვეყანაში, ალბათ, ვერც
დაიმახსოვრებდი, ისეთი ჩვეულებრივი რამეა იქ და ყველგანაც, აქაურობის გარდა,
ტყეში რო ცხოვრობდე, ტყეში, ვითომ ის რო ვიყო, აი, განდგომილი თუ, კაროჩე,
სულ რო ლოცულობს და მაგრა მშვიდად როა, მაინც, სულ ის სექტემბერი
გამახსენდება, იმიტომ, რომ ცამეტი ტყვიის დედა ვატირე და აი, იმ სექტმებრის
მერე კარგად აღარ ვყოფილვარ, თუმცა კარგად რა, იცი რაზე ვამბობ კარგად
ყოფნას? აი, დარდი არ უნდა გქონდეს, რო, კაროჩე, შენთვის იყო და კარგად და
საკაიფოდ, ისე რო, შიში და რამე კი არა, დარდი, თორე შიშის ასი წელი დედაც,
თან ჩემი შეშინების, რო კაროჩე, მე ისე უნდა დამაზახოდო, რომ რამესი
შემეშინდეს, მარა მაგის ვარიანდი არ არი, ნოლი ვარიანტია, გაიგე და დარდი
უფრო მურტალია, თორე შიში, მე არ ვიცი, ასი წელი ძმაო, მარა, ეგრე ჩანს, რომ
შიში ერთი წამია, თუ ნაბიჯი გადადგი, შეიძლება გაქრეს კიდევაც, დარდი კიდევ,
აი აგერ, წევხარ და გინდა ყვავილები ყოველდღე აიტანე საფლავზე, გინდა ნაღდი
ვარდები აიტანე, გინდა ყოველდღე დალიე, გინდა პირველი ნაჭა ითრიე და მორჩა,
ქვეყანა რომ შენი გგონია, უცებ გაგახსენდება, რომ, ამხელა ვალი გადევს, ამხელა
დარდი გიდევს გულში და შენ კიდევ ჩაილოჩობ, რო დაივიწყო და ძველ
ცხოვრებას ისე დაუბრუნდე, ის სექტემბერი არ გაგახენდეს, ეგრე კარგად რო
გიზის შიგნით და არ გშორდება, თუმცა, რა კარგად, როცა, მაშინ, იმ სექტემბერში
ავირიე, მაშინ გავაფრინე პირველად და ეგ, თავიდან რომ ვერ ვამბობ ხოლმე,
იმიტომ არი, სულ ამ სექტემბერს რო ვაწვები, რო, ვითომ, ეგეთი კარგი რატომ იყო,
არ ვიცი, არ ვიცი, რომ სექტემბერში ბოლო დღეები იყო, რაც ერთად ვიყავით, მე
და დათუშკი, ჩემი დათუშკი. დილით დამიძახებდა ხოლმე: „ამიგო!” მერე
წავქოქავდით და დავაწვებოდით. სულ ერთად ის ბოლო დღეები და მერე, უცებ
ყველაფერი უკუღმა, როგორც წესია, ისე, ზუსტად ისე, რო, კაცი რო აეწყობა და
უკვე რო გონია რო, მორჩა, მაგრად ვართ, საკაიფოდ კაროჩე, უკეთ ვიქნებით,
იმიტომ, რომ აწყობილები ვართ და დროც ისეთია, რო, კაროჩე, შენ გაწყობს და
ყველაფერი ისე იქნება, რო მაგრა გაგისწორდება და აი, ეგრე, სადარბაზოსთან
ვდგავართ, მე და ერთი საშურა და დათუშკიმაც მოაყენა და მეთქი, ჩავჯექით,
საშურ, შენც გაგიყვანთ და მერე გასასვლელები ვართ და მაგ დროს ზუსტად, ბეჟი
„სემით” გამოიარეს, ეგრე, ნელა, ბოზი ვიყო, არაფერს არ ველოდები იმიტო, რო,
არაფერი არ იყო და დათუშკის არაფერი არ უთქვამს, რომ ეგრე და ვიღაცებთან
რაღაცა ქონდა, არ უთქვამს, პროსტა, არაფერი და გამოიარეს და საშურამ დაიყვირა,
მამუკ დაწექიო და მეთქი რა, იმიტო, რო ვერც მოვიადე, რო რამე და მოუშვეს,
მაგათი დედის ტრაკი, ერთი მოუშვა, ავტომატით და მოწყვიტეს ეგრევე და
დათუშკი აღარ ჩანდა მანქანაში და მეთქი, მოასწრო და ჩაწვა და რო ჩავიხედე,
მეთქი, თქვენი დედას, თქვე ბოზებო, დათუშკი ეგრევე გადმოვარდნილიყო და
თავში ჰქონდა სამი ტყვია და პროსტა, ნაღდი აზრზე არ ვიყავი, ვინ, რა, რატომ და
ვისი ხელით, იმიტომ, რომ, კიდე ვამბობ, დათუშკის ჩემთვის და არც არავისთვის
არ უთქვამს, რომ ვინმესთან რაღაც ისეთი ზავარშუკა ჰქონდა, რო, აი, მამუკ, უნდა
დავიმალო და რამე, პროსტო დავიმალო და მივაწვები, იმიტო, რო ახლა, არ გამოვა,
არ უთქვამს და ვინ ოხერი, მე რა ვიცოდი, თან სულ ერთად ვიყავით და სხვა, ვინც

იყო ჩვენთან ერთად ხოლმე, იმათაც არაფერი არ იცოდნენ და ეგრე ჩავასვენეთ
ჩემი ძმა, ჩემი დათუშკი, რავი, თუ შეიძლება, რომ ვინმესთან ბოლომდე ძმა იყო,
ორი კაცი იყოს, მე და დათუშკი ვიყავით, მერე კიდევ, აი, ეგრე, ავასვენეთ ახლა
საბურთალოზე, მარჯვენა მხარეს, ქვიან სამარეში ჩავაგდეთ და წამოვედი, ისე,
რომ არაფრის აზრზე არ ვიყავი და იარაღი, შენი ნაჩუქარი ვალტერი მიჭირავს
ხელში და არ ვიცი, ვის მივაცალო შუბლში, რო დავისვენო და შენი, ჩვენი ძმობის
და ერთად ყოფნის, იმ სექტემბრის ბოლო დღეების ვალი გადავიხადო რო, სიმონ,
სოტერო, შენ გიყვარდა ხოლმე ეგეთი რამეების თქმა, დავისვენო და აი, ეგრე
ვიყავი, რო, არაფერი არ ვიცოდი და გადაგდებას არ ვაპირებდი, ისევ შევჯექი,
ვერც ვეძებდი და ვერაფერი და როგორ უნდა მოძებნო, როცა აზრზე არა ხარ,
იმიტო, რომ, ეგ იგივეა ვაკის პარკში ნემსი ეძებო ღამის სამ საათზე, და კაროჩე,
ბედის ამბავია, იმიტო, რომ ღმერთმა თვითონ გამომიგზავნა მაგათი თავი...
 კაკუჩა

ეგ ქეთა იყო უცნაური. იყო, რა, არი ალბათ, უცნაური. მე აღარ ვნახულობ და რა
ვიცი. ისე უცნაური იყო. ხუშტურები ჰქონდა. მოკლედ, ეგენი ერთად იყვნენ და
ვერც იყვნენ ერთად. ისე კი, უხდებოდნენ ერთმანეთს. მე მომწონდა, მარა, მე რა
კლიენტი ვარ? ხო იცი, მე რა კლიენტიც ვარ? მე ვარ, გიტარა და ჩქარი ტაში. მე
მიყვარს, რომ მიცინიან. მე რომ ვღადაობ, მართლა ვღადაობ და უნდა გაიცინო: თუ
ქაჯი არა ხარ, გაიცინებ. შე ჩემისა, მოვდივარ, მიხარია, რომ შენ და ჩემი ძმაკაცი
ერთად ხართ, იქ ავედით, აქ გამოვედით, შევედით, გავერთეთ, კამერპაჟივით
გექცევი, იმიტომ, რომ ჩემს ძმაკაცთან კარგად ხარ, ვხედავ, რომ ისიც კარგად არის
შენთან და თან, რაღაც სხვანაირად ხართ. არ არის ჩვეულებრივი რაღაცა, შენც არ
ხარ ჩვეულებრივი და არც ზაზაა ჩვეულებრივი, არა? ერთი გამიცინე,რა. მოვდივარ
და გემსახურები, გისწორებ, ვჩალიჩობ, რომ გესიამოვნოს, თორემ, მე, ასი წელი,
ჩემს ძმაკაცთან ხოშიანად ვარ, ფანტასტიურად, უშენოდაც, ასი წელი და
სემირამიდას ბაღები.
ამას ისე ვამბობ, თორემ, რავი, ზაზა კი მაგრად იყო, მაგასთან და ეგეც...
თვალდახუჭული ამოუღამებდნენ ერთმანეთს, მაიაკები ჰქონდათ და სხვა ათასი.
სულ არ მინდა მაგის ნახვა, შემხვდება და გადავკოცნი თბილისურად. ღრმა
პონტი არ იქნება, საერთო ცუდად ყოფნაც არ იქნება. როგორ გამოუშვა, როგორ
შეიძლება, რო ეგრე კაცი გამოუშვა... მე ზღაპრების არ მჯერა, მოსკოვს ცრემლების
არ სჯერა, საერთოდ არ მჯერა ცრემლების და გადარეული ქალების. ქალებს,
ოღონდ ისტერიკა მოაწყობინე, ეგრე კარგად არ არიან არასდროს. თან ცუდად
არიან, თან კარგად. აი, როგორ პანაშვიდებზეა. ცუდად ხარ, ცუდად და თან რაღაც
სიმსუბუქეა, თითქოს ცაში ხარ, მერე ატყდება ხითხითი და ვეღარავინ ჩერდება.
ღამეს რომ ათენებ და სიცილი და ტირილი რომ ცვლის ერთმანეთს, გასაჭირი
მსუბუქი ხდება, ქალებსაც ეგრე ემართებათ, ისტერიკით დაფრინავენ ცაში. ამიტომ
კაკუჩას ცრემლების არ სჯერა, თუ დედა არ ტირის, ცოტა ბავშვურად გამომდის,
მაგრამ, ეგრეა, ქალი დაფრინავს, ტრაგიკული და უბედური მაინც დაფრინავს.
ჰო, ბენზინი მესხა და ერთი ოცდახუთი დოლარი მქონდა. დილით დედაჩემი
გავიყვანე და მეთქი, ავალ, ვნახავ, ზაზას ვნახავ და შევუბერავთ სადმე. მაყუთი არ
ჰქონდა მაშინ და მეთქი ტრუსიკის ძმები ვართ და ის ხო არ არი, ქეთასაც
წავიყვანთ მეთქი, ვიფიქრე. მე და ზაზა ერთი ვართ. ერთი პონტია. ზაზა რო
რბილია, მე უფრო ისეთი ვარ და ერთად მაგარი რამე გამოდიოდა. ისე მურტალი
დღე იყო. სლიაკოტ. მე რა, კი არ მცივა, მაგრამ დილიდანვე დავითარსე, ბავშვი
გადმომიხტა და ძლივს წავურტყი ტორმუზი. მეთქი შენი დედიკოს ასაკი მაჩუქე
და გაიქცა. ეგ ფოტოობიექტივის სამხილი, ეგა. საერთოდ, ისე დადიან, ამ შუა
რუსთაველზე, გეგონება ტყვიავის ბირჟაზე დაგულაობენ და ეგრეც არი, მთელი
სოფელი აქ არი, ცალკე აფხაზეთის ამბავი და ისა... არ იცის, ძმაო ამ სოფელმა
ქუჩაზე გადასვლა და მოკალი. დაეჯახები და ყარე მაყუთი და ანთე სანთლები,
კაცის სიცოცხლე გადევს კისერზე...
აი, ეგრე ვიარე დილით და მერე მაგათი კანტორის ეზოში შევაყენე. ქვემოდან
დავუძახე. მაღლა ასვლის თავი არ მქონდა. ცალკე, იბოდიალე სირისტიანი
ტიპებით გამოტენილ ოთახში. მე ბოქსი მიყვარს, ძმაო. ბოქსი და რაგბი, იქ კიდევ,
მასტები სხედან კომპიუტერთან და დილიდან საღამომდე უბერავენ
ვარსკვლავეთის ომებს. ზუსტი თორმეტი საათი კომპიუტერთან. გვერდით გოგო
აივლის, ჩაივლის, ამოიკვნესებს. ქალის სურნელი. ალ პაჩინო ბრმა ხედავდა
ქალებს, ესენი კიდევ... არა, ძმაო, მე იმას კი არ ვამბობ. თვალი მაინც გააყოლე. ვერ
ხედავ, რომ უნდა, რომ გააყოლო? შენ ზიხარ და ბომბებს ისვრი ტელევიზორში.
არ შემიძლია დილიდან ეგეთი რაღაცების ყურება. ქვეყანაზე არი ხინკალი,
აბსოლუტ ვოდკა, ბუდვეიზერი და ვაია კონ დიოს, შენ კიდე აცმაცუნებ ტუჩებს და
არ უყურებ გოგოებს, იმიტომ, რომ უყურებ მონიტორზე დახატულ დეგენერატებს.
დავუძახე. გადმოიხედა. მეთქი, ჩამოდით. ეგეთ პონტში ვანიშნე, რომ ჩამოდით.
მარტო ჩამოვიდა.
ქეთა-მეთქი და ქეთას საქმე აქვსო, გამიცინა.
დაჯე-მეთქი. დაჯდა და ჩვენ ტრუსიკის ძმები ვართ, ეგრევე მოვიადე, რო არ
წამოიყვანა. აი, არ უნდოდა და მეც რომ დამინახა, აღარ წამოიყვანა. ხო აზრზე ხარ,
კაის მეტი არაფერი, ასი ნაბიჯი წინ და უკან აპარსული კისრით. პირიქით, სულ
ვუცინოდი, იმაზე ასჯერ მეტად, ვიდრე ზაზა გაუცინებდა, მე რომ მყოლოდა ვინმე.
ზაზა ხო ეგეთი რბილია, მარა ყველა ეშაყირებოდა, ქაჯომეტრი გიყენიაო და ეგრეც
იყო. ოდნავ რაღაცა და ისეთს ჩაარტყამდა, რომ გინდა ესროლე, გინდა შენს თავს
ესროლე, თუ არა და ადექი და წადი.
წავედით. მეთქი მუხაძეზე ავიდეთ. ვაკეში სახინკლეა ეგეთი. სახინკლე კი არა,
სახლია და პირველ სართულზე დეიდები ხინკალს ახვევენ. ნესტანი კედლებია,
ორი მაგიდა და ავსტრიული ლუდი თეთრ ქილებში. სხვაგან არსად არ არის ეგ
ლუდი. ბანკირების „საპერერივო დირკაა”. ვაკური პონტი. შმაისერიანი
შემადგენლობებიც შემოირბენდნენ ხოლმე, სანამ მაყაშვილზე „ოაზისი”
გაეძრობოდა. მიყვარს მუხაძე, მიყვრას რა, ჯვარი კი არა მაქვს დაწერილი, მაგრამ,
მოყუჩებულ პონტში, მამენტ, მოაკდები. აი, მე და ზაზას რო გვევასება, ისე. ათი
კაცი რომ წახვიდეთ, მაინც მოყუჩებულია, სითბო, იქით ბუხარია, გაზი. თითქმის
სამზარეულოში ზიხარ.
- სადმე გააჩერე, სიგარეტი უნდა ვიყიდო, - მითხრა და ფანჯარა ამოსწია. მე ხომ
სულ ორპირი მაქვს, არც მცივა და არც მცხელა.
უჯრა გამოვაღე და „HB”-ს კოლოფი ამოვიღე.

- ყაზბეგთან ვიყიდე, - ახალი შემოსული იყო მაშინ ეს „HB”.
- აქეთ უფრო იაფი ღირს.
- იქ სხვა მუღამი აქვს, ტაიმს სკვერია, - ვუთხარი მე.
ვაკეში ყიდვას სხვა მუღამი აქვს. აქ რომ ყიდულობ, ესე იგი კარგად ხარ.
განსაკუთრებით ყაზბეგთან რო ყიდულობ. ყველაფერი ძალიან ძვირია, თითქმის
ორმაგი ფასი ადევს და რო ყიდულობ, კლიენტი ხარ.
პრესტიჟი, მოკლედ.
მუხაძეზე ავედით. ქუჩა გამოირჩევა მუდმივი გუბეებით, განსაკუთრებით
შემოდგომაზე, ზამთარში და გაზაფხულზე, მაგრამ კარგია.
ორი ცუდად ჩაცმული ბიძა იჯდა პატარა მაგიდასთან. უბნის სასტავი. იქ რომ
იცნობენ და ნახევარ ხაჭაპურზე რომ სვამენ ბორჯომის ბოთლში ჩასხმულ არაყს.
თან გაპარსულები, თან გაუპარსავები, რაღაცნაირად დაჭმუჭნულები რომ არიან.
აი, ბოილერის და კლასის ინტელიგენცია. დავსხედით და ეგრევე სიგარეტი
გვთხოვა ერთმა, ჩამოფხატულწარბიანმა. მივეცი და ორი ღერი აიღო. მეთქი,
საღოლ.
ვჭამეთ, ვილაპარაკეთ, აქეთური, იქითური. უბნის ჭორებს რა ჯობია? მარტოები,
მე და ზაზა და სულ სხვანაირი ვხდები, სულ არ ვარ ეგეთი ბრაზიანი და ბოღმა.
არც აღვნიშნავ ეგეთ, ცუდ რამეებს, რაზეც გელაპარაკე. ძალიან მაგრად ვართ
აწყობილი. აი, როჟებმა რომ იციან, გულის გადაშლა ერთმანეთისთვის და მოკლედ,
რომ გაიხსნებიან ორი ჭიქის მერე, გულისნადებები და მთელი ამბავი რომ წავა,
ჩვენ ეგეთი რამე არ გვქონია არასდროს. არც გვჭირდებოდა არასდროს, იმიტომ,
რომ ერთმანეთისას ვხვდებოდით და გაგეცინება, სულ ჩვეულებრივ რაღაცეებზე
ვლაპარაკობდით. ამბებს ვყვებოდით. უბრალო ამბებს. მარადონადან დიმა
ბათიაშვილის სიარულის მანერამდე ვარჩევდით ყველაფერს. ეს ფუტლიარი
ბაზარი კი არ იყო. უბრალოდ, ეგრე ვიყავით და მაგის უკან, გვესმოდა ერთმანეთის.
საერთოდ, ჩვენი სასტავი ეგრე ვიყავით ერთმანეთში. გულის გადაშლები არ
მოსულა. წერილი, მოკითხვამდე.
ერთი ლუდი დალია. უფრო სწორად, თითო ლუდი დავლიეთ და გავაბოლეთ.
ძალიან მიყვარს, ხინკალს რომ ტიხარს გაუკეთებ სიგარეტით. საერთოდ წესი
ყოფილა, რომ სანამ სუფრიდან არ წამოდგები, სიგარეტს არ უნდა მოუკიდო,
მაგრამ მე არ მიყვარს ეგ წესი. ჩვენ სხვანაირი წესები გვაქვს. აქ ვიღაცამ დაიძახა
ქესტუმი...
- მტკვარზე თოლიებია, - იმ დღეს თოლიები ჰქონდა ამოჩემებული, - რას უნდა
ნიშნავდეს?
- რა ვიცი, - მართლა რა ვიცი. ახლაც არ ვიცი - თოლიები კი არა, ხალხი
გამოქლიავდა.
- არასოდეს არ ყოფილა. მე არ მინახავს.
- ერთი მაგათი... თოლია რაღა საყურებელი და საფიქრალია. დაფრინავს, რა...
ძიმას რო აუფრენია...
- კიდე, ტო?
- კიდე, ჰო, მოსკოვში მიყავთო.
- ვერ ვნახეთ.
- რა ვნახეთ, ტო, ჩაკეტილი იყო და მერე დაუწყია რაღაცეები. ნახვა უფრო
გაუტყდებოდა.

- არ გაუტყდებოდა, პირიქით. უხაროდა. მე რომ მივედი, გაუხარდა. წამალი მაქვს
დამალული როიალში და დედაჩემი რომ წავა, უნდა გავიკეთოო, ტყუილი, ტო.
ორი საათი მელაპარაკა მაგ წამალზე. მზეში უნდა დავდგეო, სად იყო მზე, საღამო
იყო. სულ ვან გოგი ვეძახე. ან დილით სად არი მზე.
- შენ როდის იყავი?
- მაშინ რო ვიყავი.
- ჰო, მახსოვს, მამაჩემმა დვიჟოკზე წამიყვანა.
აი, ეგეთ რამეებზე ვლაპარაკობდით და გამოსვლას ვაპირებდით უკვე, რომ კარი
გაიღო და კლიენტი შემოვიდა.
სქელი ჟილეტი ეცვა და სიგარეტს ეწეოდა. კაი მაღალი იყო და ერთი ბეჭედიც
ეკეთა.
კარებიდანვე დაუძახა ქალებს.
- წაღება მინდა, რა, რამდენ ხანში გამიკეთებთ?
- ორმოც წუთშიო. - ამათ.
- ოც წუთში მინდა, რა, ორმოცი წუთი რა ამბავია? ოც წუთში მელოდებიან.
ვიცნობ ეგეთებს. ნაშები ელოდებიან. კაი სასტავშია მომჯდარი, წოვს რომელიმე
დაწესებულებას. უყვარს ამარეტო და ხინკალი, მეტეხში ადის, ცხელ წყალს იჭერს,
წესრიგდება და ოთხი-ექვსი კუბი უყვარს. მე ვიცნობ ეგეთებს. ახლობლებიც მყავს
ეგეთები. ლაპარაკობს საჭმელზე, სასმელზე, ტანსაცმელზე, ფეხსაცმელებზე,
მანქანაზე და იარაღზე. მოსწონს კაგდატა ვ ამერიკე, ლიცო სა შრამამ და
კარლიტოს ვეი. როჟაა, კაზანჩოკებში და სამშობლოს რომ დასჭირდება, მის
პირველ დაძახილზე იქ არის.
მე არა ვარ იქ, იმ პირველ დაძახილზე და არც ზაზაა იქ. იმიტომ, რომ ვერ
მეძახიან კარგად. თვითონ სამშობლო არ მეძახის. უბრალოდ, ვიღაცეები გვეძახიან
ხოლმე. მერე ამ ვიღაცეებს ან ჩასვამენ ან მოკლავენ, და თურმე ტყუილად იხოხე
ტალახში ნახევარი მაგაზინით.
- ხო გააკეთებ ოც წუთში?
- ოცი წუთი მოხვევას უნდა და მოუხვეველად ხო არ ჩავყრი?
- ამდენს რომ მელაპარაკები, უკვე მოახვევდი, - ოო, დერსკობას აქვს ადგილი. ჩვენ
ვსხედვართ, ვეწევით. ძიებიც არაყს ხუხავენ.
- ჰო, ისა, ქვაბი არა მაქვს და რამეში ჩამილაგე, საღამოს ამოგიტან. გაიგე?
- რამდენი მოვახვიოთ?
- ასი, რა. ასი. გელოდები, აგე, მანქანაში ვზივარ...
გავიდოდა და ჩვენც მოვწევდით წყნარად. ამ მთვრალმა ბიძას კიდევ მოერიდა
ჩემთვის სიგარეტის თხოვნა და ამას არ მიუბრუნდა?
- ძმაოჯან, ერთი მოგვაწევინე, ქალაქელი ხალხი ვართ!
ეს უკვე კარებში იყო და მაგრად არ ეამა. ხო ვერ იტანენ, ხელი რომ ეშლებათ?
ჩაიყო ხელი შარვლის ჯიბეში, ამოიღო მალბორო და ამ ბიძას უყურებს.
ბიძა მთვრალია და აიჭრა. იფიქრა, აუდგომლად მივწვდებიო და სკამიდან
გადაიწია. თითებით იჩალიჩა, მაგრამ ვერ მიწვდა. მან არ გადმოდგა ნაბიჯი,
კოლოფიც არ გაუწია.
აშკარად გაუტყდა. მაგათ ხომ კომპლექსები აქვთ, რომ მაგარი როჟები არიან და
ვინმესთვის დახმარება მომსახურებას ნიშნავს.
- მე მოგიტანო, თუ რა არი, ვერ გავიგე, - ისე უთხრა, გეგონება მართლა რაღაც იყო.

ბიძა კიდევ, ღარიბია, მაგრამ ამაყი. ქალაქური უჭირავს. ის მეორე ბიძა ზის
გატრუნული, ჭერში იყურება.
- არ მინდა ძმაო, გაიარე, - გამოაცხადა უცებ ამაყმა ბიძამ, ჩვენ რომ გვთხოვა, იმან.
- რა? - დაიჭმუჭნა ხინკლის შემკვეთი.
- გაიარე, ძმაო და ზრდილობა ისწავლე.
ეს მალბოროს პატრონი გაჩუმდა, თითქოს დაიბნა და მერე კეთილი კაცივით,
წირვაში დაღლილი მღვდელივით უთხრა:
- მოდი ერთი, მოდი აქ...
და კარი გააღო.
ბიძა წამოდგა, თავისი გაწეპილი კურტკა შეიკრა და გავიდა. გავიდა, კარი
გაიხურა და გავარდა კიდეც.
ეგრევე წამოვხტით და კარს ვეცით. როგორი ამბავია. მე და ზაზა, თორემ ის ბიძა
ისევ უყურებს ჭერს. კარი გავაღეთ და ის ტიპი, ხინკალის მოყვარული, მანქანაში
ჯდება. ჩვენ რომ დაგვინახა, გვერდზე გაიხედა და ამბობს:
- ზრდილობას ისწავლი, შე ნაბოზარო. თხუთმეტ წუთში მოვალ და აქ დამხვდი,
გაიგე?
ჩაჯდა და წავიდა.
აქეთ გამოვიხედეთ და ეს ამაყი და უქონელი ბიძა არ ჩაკუზულა? გაფითრებულია
და ხელებს იჭერს ფეხზე. თითებს შუიდან სისხლი მოსდის.
მთლად გაფითრებულია ბიძა და ხმასაც არ იღებს.
დაუჭრია, იმას, მაგარს.
ერთი ეგ თქვა, შვილიშვილად მერგებაო. კინაღამ ვუთხარი, არსენა ყაჩაღი რომ
შვილად გერგებოდეს და შენ მათხოვარი იყო, რას იზამდი-მეთქი.
- ჩქარა, მეცხრემდე ჩავიყვანოთ, - თქვა ზაზამ და წამოაყენა. ჩავსვით. სისხლის
გუბე კოვრიკზე, ზამთარი, სიბნელე და სამშობლო ხევსურისა. მალე ჩავასრიალეთ.
ზაზა უკან იჯდა.
ავაფორთხიალეთ მაღლა და დავახვიეთ ქირურგები. უპატრონო დაჭრილი ძნელი
მისახედია. გული შეუფრთხიალდა ჭეშმარიტ ექიმს. სულ იმას გვეკითხებოდა,
თქვენ ვინ ხართ ამისიო.
მე ვეუბნებოდი, კოლეგები-მეთქი, ზაზამ კი ყვირილი დაიწყო, დროზე
მიხედეთო. ეგრე იცოდა. დახედეს და არაფერიო, განაკაწრიაო. ეტყობა შეაშინა
იმან. კრისი ყოფილა, რა, თუ ეგრე გაკაწრვა უნდოდა გაკაწრა. მე მაინც მეგონა, რომ
შემთხვევით მოარტყა. შეშინება უნდოდა და მორჩა, გათავდა.
საილენს.
ამასობაში ეს მუნიანი ბიძა გამოცოცხლდა.
პალასატის ჩავიცმევ და მაგას არ შევარჩენ, მანქანას მაინც გავუფუჭებო.
მეთქი, დააყე.
არა, მაგარი ვარო. მე იცი, ვინ ვიყავიო?
და ძლიერ დაგვაინტერესა მისი ძმობილის ბედმა. შენი ძმაკაცი რატომ არ
მოგეხმარაო, ზაზამ ჰკითხა. ის რა ჩემი ძმაკაცია, მალიარიაო, მე ქალაქელი კაცი
ვარო, ისე თქვა, თითქოს ევროგაერთიანების წარმომადგენელის თანამდებობა
ჰქონდა.
ავდექით და გამოვედით. ექიმებმა გამოგვაყოლეს ნერვიული თვალები.
ჩავსხედით, დავქოქე და ვკითხე, სად წავიდეთ-მეთქი.

- ნიცაში, ნიცაში წავიდეთ, - მითხრა და თვალი ჩამიკრა.
ეგრე ვჭამეთ ხინკალი.
- კიდევ კარგი, ქეთა არ წამოვიდა, - ისე შევაპარესავით.
- არ ეცალა, - გგონია გატყდებოდა? - კიდევ კარგი, არ ეცალა.
- შენა, გაუშვი გაზეთში ეს ამბავო, კრიმინალური ქრონიკის ამბავში.
- ახლა რომ ამერიკაში ვიყოთ, სასამართლოში დაგვიბარებდნენ მოწმეებად. დიდი
ამბავი აიწეოდა.
- მე ვიტყოდი, რო თვალი ვარ, მოწმე კი არა და გამიშვებდნენ ციხეში. სად
წავიდეთ?
- ნი-ცა-ში.
- სეზონი არ არი. წამო პეტრუჩიოსთან ავიდეთ, დავუძახოთ. სხვა არავინ იქნება
სახლში. გინდა შამპანური ავიღოთ და ქეთა მოძებნე, ისიც ავიყვანოთ, ან რავი...
- წავიდეთ, პეტრუჩიოსთან, მაინც ლოგინში იქნება. შენა, იცი ქეთას ბაბუის მამას
იცი რა ერქვა?
- რა ვიცი, ბაბუაჩემის მამის არ ვიცი.
- ალმასხან!
- ნი ხ... სებე. კარგია თუ ცუდი?
ახლა რომ დაარქვა შვილს ალმასხანა, მტკვარში გადახტება.
- გენერალი იყო, ტო, ის კი არა. სურათი აქვთ ეგეთი, აფუებული წვერითა, ჩინ
მედლებითა, დჟინდჟილებითა, ქვეთ ლექსია მიწერილი:
 Русские брали ардаган,
 Долго били в барабан,
 Отличился только он
 Микеладзе Алмасхаи.
- მაგარი ბიძა ყოფილა. ადრე იყვნენ მაგარი ბიძიები.
- სახეები ჰქონდათ სხვანაირი, ამილახვრები, რამე. სულ ეშმაკისფეხი ტიპები
იყვნენ, მაგრამ აი, ეგრე, შეხედვა, გამოხედვა, მიხრა-მოხრა. მოქცევა. ტვინიც
სხვანაირად ჰქონდათ მოწყობილი.
- მეფის დროს ვინ იქნებოდი, ოფიცერი? - თვითონაც არ ვიცოდი, რატომ ვკითხე.
- რა ვიცი, ვიღაც
- მე მღვდელი ვიქნებოდი...
ბევრი ვიცინეთ მაშინ ამაზე.
არაყიშვილზე ავედით და ბარნოვზეც შევუხვიეთ. მე დედას ვფიცავარ, თუ ამდენი
ტალახიანი მანქანა საერთოდ მენახოს.
ცუდი დღე იყო.
ვიფიქრე, შამპანურს ავიღებთ, პეტრუჩიოსთან ავალთ, ზაზას იქ დავტოვებ,
მანქანას დავაყენებ და ფეხით გადმოვალ-მეთქი. არ მინდოდა მთვრალს დაჯდომა,
მე ხო მოვსრიალდი დეკემბერში. მაგარი ბუხოი ვიყავი და გადავრჩი. პეტრუჩიოს
დავუძახეთ, ზაზამ შამპანურები აიტანა და, ათ წუთში გადმოვალ-მეთქი,
დავუბარე.
ვერ გადავედი. ვერც ათ წუთში და ვერც ათ საათში. სახლში რომ მივედი და
გარაჟი გავაღე, მამაჩემმა გადმოიხედა და რაღაც შემტენა. მერე უკვე დამეზარა,
ხელები მქონდა მაზუთიანი და სანამ წყალი გაცხელდა და ვიბანავე, ის
შამპანურებიც დალეული ექნებოდათ უკვე.

 ზაზა

არის ხალხი, რომელიც სულ ქუჩაშია. არის ხალხი, რომელიც ხან ქუჩაშია, ხან
სახლში და, რაღა თქმა უნდა, არიან ისეთი ადამიანებიც, რომლებიც სულ სახლში
არიან. როგორ ახერხებენ ამას, ჩემთვის საიდუმლოა.
პეტრუჩიოს ცხოვრების და მოღვაწეობის არსი ჩემთვის სრულიად გაუგებარია.
პეტრუჩიო ცოტას ჭამს, ცოტას სვამს, ცოტას კითხულობს. ცოტას წერს სრულიად
ბუნდოვან ნოველებს, რომელთა გამოქვეყნებასაც არ ცდილობს, ცოტა ძინავს და
გამუდმებით წევს ლოგინში.
ამასთან, ჩვენ კლასელები ვართ და ის ბავშვობიდან ასე იქცევა. ნული კლასიდან
წევს ლოგინში.
ეჰ, პეტრუჩიო... მე რომ ნიცაში მინდა, მას ლოგინში ურჩევნია. ამაში დამნაშავეა
მათი სახლი და მისი ოჯახის ისტორია. პეტრუჩიოს წინაპრები გამოჩენილი
მოღვაწენი იყვნენ. ამიტომ, სანამ მის ოთახს მიადგები, ათი-თორმეტი კარი მაინც
უნდა შეაღო. ეს დიდი პლუსია. პეტრუჩიო რომ არაბი იყოს, პრობლემა საერთოდ
არ იქნება. იწვება იმ თავის ბალიშებში და იტრიალებს აქეთ-იქეთ. ამხელა სახლში
ადამიანი წყნარდება, ასე სჭირს პეტრუჩიოსაც, რომელიც არ ღელავს, არ შფოთავს,
არაფერში ერევა და მცირე სასულთნოს ფლობს. მას შემდეგ, რაც გამოჩენილი
ბაბუა გარდაიცვალა, პეტრუჩიომ დაითავისა მისი ლეგენდარული კაბინეტი,
უმცროს ძმას კი თავისი ოთახი მიუგდო.
მაგრამ ექსკურსი იქით იყოს.
ადამიანი არასდროს არ გამოიყურება იმაზე უფრო იდიოტურად, როცა დაკეტილ
კართან დგას ჩვილივით ატატებული შამპანურის ბოთლებით და მასპინძლის
გამოჩენის მოლოდინში იღიმება.
ჩვენ ქვემოდან დავუძახეთ და გადმოიხედა პეტრუჩიომ შვიდ-კარლსონიანმა.
კაკუჩამ დამტოვა და მანქანის დასაყენებლად წავიდა. დავთვრებიო, მიმტკიცებდა
და მერე საერთოდ აღარ მოვიდა.
პეტრუჩიო ზუსტად თხუთმეტ წუთს მოუნდა აივნიდან სადარბაზოს კარამდე
მოსვლას და თავისი აპარტამენტისკენ გამიძღვა.
- ცივა, არა?
- ცივა.
- ჩემთან თბილა.
ალბათ ბაბუის სახელი თუ ათბობს.
გავიარეთ თორმეტი გათოშილი ოთახი და კლასიკოსის კაბინეტში შევედით.
დიდი არეულობაა. ნაპოლეონის ნაქონ მაგიდაზე მადუღარა დგას.
- გადარეული სადაა? ნახე, რა ნავთის ქურა მოიტანა მამაჩემმა.
- ვინ გადარეული?
ვითომ არ ვიცი. გადარეული კაკუჩაა.
- სისხლის გუბე უნდა გააქროს მანქანაში... მოვა, დავაყენებო.
- რა სისხლის გუბე?
- გვესროლეს...
- მართლა, მართლა...

- ვიღაც ლოთი დაჭრეს ფეხში და ჩვენ, როგორც კეთილშობილმა ადამიანებმა,
ამბულატორიამდე მივაცილეთ.
პეტრუჩიოს გაეხარდა, გიშრისბეჭდიან ბაბუას შეხედა კედელზე, მერე
მოოქროვილი ბროკპაუზები ჩამოათვალიერა და დივანზე მიფენილ საბნებში
შეძვრა.
- მეც შემოგიწვე? - ვკითხე ბოლოს.
- ავდგები, ჰო, - მითხრა უხასიათოდ. და ახლა ბოთლები შეათვალიერა, - ეს სულ
მე და შენ უნდა დავლიოთ?
- არა, მოვა და დალევს თვითონ, ამდენს რა დამალევინებს?
- ნუ, რაღაც კეთილშობილური რამეები დასჩემდა, რაც მანქანა იყიდა. გახსოვს,
ტაქსის შოფრებს რომ აგინებდა?
- ხინკალი ვჭამეთ.
- კარგია, რომ არ გშიათ. ჩაიდანი გამოიტანე, რა?
განძრევაც ეზარება.
- ბაბუაშენის წიგნი არ უნდა მაჩუქო? - ვუთხარი უცებ.
სახლშიც ბლომად გვიყრია ამ გამოცდილი ადამიანის ნაშრომები, მაგრამ განგებ
ვეუბნები ხოლმე, - ბავშვობიდან ვეხვეწები...
- ნუ დასცინი გარდაცვლილს, ჩაიდანი მოიტანე. ჭიქებიც მოიტანე, ბოკლებიც და
ლიმონია მაცივარში.
ლაქიად გაქცევს, თუ გამოგიჭირა.
- თქვენები სად არიან?
- საგურამოში. თოვლი მოვიდა და სახლი არ ჩამოინგრესო. მიდი, მიდი და
ჩავიცმევ.
მოვათრიე ის ძველისძველი და დაბზარული ფინჯნები და ორას ოთხმოცდასამი
წლის ბოკლები. რომ იცოდეთ, როგორ ამაყობს ამით. ამაყობს თორემ რა, ჯერ
დავლიო, მე ვიცი, რასაც ვეტყვი. პირდაპირ გამოვუცხადებ, რომ, რომ არა დიდი
ოქტომბრის საბჭოთა რევოლუცია, ეს ჭიქები ახლა სადღაც სხვაგან იქნებოდა.
უკვე ფეხზე იყო. ოცდამეშვიდე ჯემპრს ირგებდა.
- ფანჯარა გამოაღე.
- გაგიჟდი?
ძალიან კარგად ვართ ერთად. ახალა ველურიც მოვა.
- მისმინე. ბაბუაჩემი დიდი მწერაილი იყო. ნახე, ოღონდ არ გააბაზრო.
და რაღაც დაფლეთილი წიგნაკი გამოაძვრინა.
- აი, 1928 წელი, გამომცემლობა „ფედერაცია”, კონსტანტინე ბანძელაძე „შორეული
ცისარტყელა”. აი, ამას გაჩუქებ; ოღონდ არ გააბაზრო. ოჯახური რელიქვიაა. აი,
იკაიფე: „შორიდან მოიკლაკნება მდინარე იორი. სიჩქარეს უმატებს და მოსახვევებს
მოაპობს ისეთი დაუნდობლობით, რომ შორიახლო გაშენებული სოფლები
კანკალებენ, ვაითუ არ გადმოვიდესო.
ადოლინი იდგა და უმზერდა ბუნების ამ დაუნდობელ სტიქიის ბრუნვას.
„სწორედ აქ, აქ უნდა აშენდეს წყალსაცავი, ზემო იორის სარწყავი სისტემა. ოთხ
წელიწადში დაქსელავს მთელ კახეთს და გაიხარებენ საუკუნო ბნელეთიდან
გამოსული გლეხები, - ფიქრობდა იგი.
ადოლინი მთავარ ინჟინერს მიუბრუნდა”.
ა! როგორია? მარკ ტვენის დონეა. მსოფლიო იუმორი... ივლინ ვო... ნახე, რას
გჩუქნი.
- ძალიან მაგარია.
მართლა ძალიან მაგარია. მე თუ მკითხავ, ბოლშევიკური წიგნები მხოლოდ ასე
უნდა იკითხო. იკითხო და იცინო, იცინო და იკითხო, ვინმე გულჯავრიანი
პატრიოტი შეიძლება კითხულობს და ამბობს სახელგანთქმულ აფორიზმს,
სასაცილოა, სატირალი რომ არ იყოსო, მაგრამ მაგათი გონება ხომ სხვანაირად არის
მოწყობილი. საერთოდ, ამ საზოგადო მოღვაწეების ტვინი ისეა შეკოწიწებული,
რომ გამუდმებით ჩანს მათი მამულიშვილური დრტვინვა... ნახე, რა სიტყვა
გამახსენდა? და შეჭმუხნული შუბლები, მაგრამ ეს ხელს არ უშლით იმაში, რომ
ლოთებიც იყვნენ, ბოზებიც და შულერებიც და არც იმაში უშლით ხელს, რომ
იძახონ, ჭორია, ძმაო, ჩემი ლოთობა და ბოზობაო. მე თუ მკითხავ, ამ სამ ჰობში, თუ
პროფესიაში, სასირცხვილო არაფერია და ზოგჯერ კაი ბოზი უკეთესია, ვიდრე
გლახა რეჟისორი. ზოგჯერ კი არა, ყოველთვის. მაგრამ ესეც ბოლშევიკების
ბრალია. აბა, როგორ შეიძლება ოთხასი მწერალი, სამასი აკადემიკოსი და ათას ასი
მსახიობი ერთ სახლში, თერთმეტსართულიანში ცხოვრობდეს? ესეც სოსელომ
მოიგონა. დააქლიავა ხალხი. ახლა ეს დაფები კედლებზე... „აქ ცხოვრობდა პრივატ
დოცენტ ჯაშიაშვილი ინდიკო პოლიევქტის ძე”. შეიძლება ჰამსუნის სახელზეც
დაფა იყოს და აგრონომ ჩარექიშვილის აპარტამენტზეც?
ნიცაში მინდა.
- შენ თუ გინდა, შამპანური დალიე, მე ჩაის დავლევ... ჯერ ნახე, რა ფეჩია.
სამურაების.
- სამურაების კი არა, ბედუინების. სამურაებს რა უნდათ?
- ეეე, მოდი, გახსენი.
გავხსენი და დავასხი.
მაგიდის კიდე სულ გაწეპილია. ამ ისტორიული მაგიდის, რომელსაც
ნაპოლეონისას კი ვუწოდებ, მაგრამ, აშკარად რომელიმე გუბერნატორს ედგა
საშინაო კაბინეტში.
- რას აკეთებ ამ მაგიდაზე, ტორტებს აცხობ?
- ლიქიორი დაექცა ჩუბიკას. მთვრალი იყო და ხელებს უქლასუნებდა უცნობი
ილუზიონისტივით. ნახე რა ჩაია, ისრაელის, ვიტამინებია შიგ...
პირდაპირ დივნის ქვემოდან გამოაძვირინა კოლოფი.
- სიგარეტი გაქვს?
- ე, მანქანაში დამრჩა.
თქვენ ცრუობთ, ტომ სოიერ. კაკუჩას მანქანაში დამრჩა. კაკუჩას სიგარეტი. „მაგნა”
კი, ჩემი ძვირფასი „მაგნა”, ისევ ვერ ვიყიდე კვლავ და კვლავ.
- ორი ღერი მაქვს, სანამ მოვა, მოვწიოთ. გინდა ახლა მოგცემ, გინდა ჩაი დალიე და
მერე. მე ხომ იცი, მარტო როტმანსს ვეწევი.
სულ ორი ღერი აქვს და არასდროს არ უმთავრდება. სულ იმეორებს, რომ დღეში
სამ ღერს ეწევა და ოცდასამი მაინც გამოდის.
- ადრე გამაღვიძეთ.
- რაღა ადრეა.
- უ, ოთხზე დავწექი. ჩუბიკამ მოიყვანა ის თავისი ნიკუნა და ისე დათვრა, ხომ იცი,
ხელებს რომ იქნევს ხოლმე. აყირავებდა რაღაცეებს. მურაბაში ჩააწყო თითები,
გრილიაო. ძლივს გავისტუმრე.
- რაო, მერე იმ ნიკუნამ.
- ფეხები ეწყება ევერესტიდან, ჭიპამდე ვწვდები, უხერხულია ბოლოს და ბოლოს.
- იკისკისა?
- მიდი დალიე, თორემ ის ამოვა და თხუთმეტ წუთში დალევს.
არ მინდა, აჰა, ერთი მოვსვი. მეორეც.
- პრინციპში იკისკისა. ისე უხაროდა, ეს რომ ჩემს ავეჯს აყირავებდა და ლეწავდა,
რომ... ერთგვარი შოკი იყო, ჩემმა მზემ. ჩუბიკამ თქვა, მაგიდაზე სექსი კარგიაო,
მაგასაც მივაღწევო, ძაან მთვრალი იყო და გადიო, მანიშნებდა. ბაბუაჩემი ამ
მაგიდასთან რომ ჯდებოდა, ბებიაჩემი ყველას ფაჩუჩებს აცმევდა სახლში,
კონსტანტინე მუშაობსო, მაგან თაფლობის თვე არ დამიწყო? სანამ ცოტათი
ფხიზელი იყო ... დალიე ეს ჩაი და ჩაალაგე ეგ ბოთლები, ვერც შენ დალევ და ვერც
მე... ჰო, შენ და ზაზა ხართ მეჯვარეები, ვიქორწინებთო.
- ვაჰ, - ნათელ-მირონიც შევიქენი.
- მოკლედ, ნორმალური გოგოა.
- პრინციპში ყველა გოგო ერთნაირია. ზოგჯერ კარგი და ზოგჯერ ცუდი. მთავარია,
ზოგჯერ იყოს ძალიან კარგი და ზოგჯერ არ იყოს ძალიან ცუდი. თუ ეგეთს იპოვი,
უნდა შეირთო, - ამბობს პეტრუჩიო როტერდამელი.
აჰა, და მიადგა თემას.
- ქეთა რასა იქმს? რად არ მოგიყვანია? - უყვარს რეტრო კილოკავზე საუბარი.
- ბარემ მაგ იმერულ საბნებშიც შემოგიწვენდი. რას შვრება და მოღვაწეობს. ისე,
ძველებურად.
- ჩაი დალიე, სასარგებლოა. ვერ მოუკიდებ მაგ ფეXიდან, დაგწვავს ცხვირ-პირს,
ჩუბიკას წარბი აართვა გუშინ.
- ადრე წავიდა?
- ეგრე, თორმეტზე. მერე ჩავწექი და ვკითხულობდი. ჯაკოს ვუსმენდი, თან
გამოკვლევა დავასრულე.
ოჰ, ამის გამოკვლევა. გამუდმებით რაღაცას იკვლევს და რომ გამოიკვლევს, აღარ
წერს.
„ შეიძლება დავწერო ორიათასგვერდიანი წიგნი თბილისის შესახებ, მაგრამ არ
დავწერ, რადგან ბებერი ჯინგოისტები მომივარდებიან სახლში და ანათემას
გამიჩალიჩებენ. თანაც ამის ღირსეულად გამოცემა დამიჯდება ათას რვაასი
დოლარი, რასაც, რა თქმა უნდა, მამაჩემი არ გაიღებს და რომც გაიღოს, იცით,
რამდენი კოლოფი როტმანსია ათას რვაასი დოლარი? შვილიშვილებიც კი
გააბოლებენ”, - აი, ასეთ აზრებს გამოთქვამს.
- რაღაც, მონსტრი არ ჩანს, - საათს ავხედე მე.
საათიც ისტორიულია.
- მისმინე, სხვას ფიქრობ და სხვას ლაპარაკობ ხოლმე?
დაიწყო.
- რა თქმა უნდა.
- აი, ძალიან ცუდ რაღაცეებზე რომ ფიქრობ, ვთქვათ, აი, ოლაჟუანის ოღლიებზე
მეოთხე მეოთხედში, მაშინ თუ ლაპარაკობ ვარდებზე?
- ვცდილობ. აი, ნიცაში მინდა... ჰო, მართლა, ალიკამ დამირეკა.
- მეც დამირეკავდა, ტელეფონია გამორთული.
- ხედავ, უკვე რეებს გვიბედავენ?
- აბა? რავი, კარგად ვარო, გოგო მყავსო, მამამისი ექიმია და თევზაობს და
სანადიროდ დადის აფრიკაშიო.
- ჰემინგუეის შვილი გაიცნო?
- არა, ექიმიაო.
- ჩემს მეტს ყველას გოგო ჰყავს. ხომ არ იცი, რატომ?
- აი, შენი გოგო, - დივანზე მივუთითე.
- მშვენივარად ვარ. თქვენზე კარგად მაინც, - ასეთი რამეები სწყინს.
- ცნობილი ამბავია.
- მე ჩაის დაგისხამ, შენ ეგ სექტი დამისხი. მართლა არ გშია? ტყიური იგვიანებს,
ეტყობა დიდმა გამოიჭირა. თითო მოვსვათ ეს ცრუ შამპეინი, ქართული სექტი.
ჩვენ ამათ გაგვიშვეს ვირის უკანალში.
- ვინ ამათ?
- აი, ამათ, - ცერი გაიშვირა.
- ამიტომ, მეც გავუშვი ესენი უკანალში, გაიგე?
ამათთვის არაფერს არ ვაკეთებ.
- ამათთვის რატომ? შენთვის გააკეთე.
- ნუ, ვერ ვყიდი ამ სნიკერსს და რა ვქნა?
- ნუ ყიდი. ამათ რა, კომუნისტების დრო კი არ არის, კოტრიალისთვის რომ
შეგინახონ? - ძაან მომივიდა და თან სულელურად.
- მისმინე, ბაბუაჩემი...
- გაუმარჯოს ბაბუაშენს. ძალიან გვიყვარდა. ერთად დავყავდით ვაკის პარკში.
- არა, ბაბუაჩემი ვერც ერთ დროს და ვერც სხვა ქვეყანაში, მწერალი ვერ
გახდებოდა. დიკენსს ჩემთან ერთად კითხულობდა. მეშვიდე კლასში ერთად
ვკითხულობდით დავიდ კოპერფილდს... ეგ სწორია, მაგრამ, რატომ მაგდებ?
- ვინ გაგდებს? ფეხებზე კიდიხარ და მორჩა. არც ფიქრობენ მაგდეს.
- ბაბუაჩემს სახელმწიფო პრემია ჰქონდა. სტალინური პრემია და ჯანდაბა. აი, ხო
ესროლეს ლოთს, ცოტა მარცხნივ და შენც მოგხვდებოდა. იცი, რა მომივიდა
გუშინწინ? ორმოცი ძაღლი გამომეკიდა ფალიაშვილის ქუჩაზე.
ისეთი სიცილი ამიტყდა, რომ ბოკალი გადავაყირავე. ფეხიანი და უხერხული.
- აჰა, ჩუბიკა ნომერ დვა...
- სად გამოგეკიდნენ?
- ფალიაშვილზე, კაკუჩასგან მოვდიოდი. ღამის ორ საათზე.
- მერე.
- მერე მაგული ვარ? ხეზე ავასწარი. ერთი ნახევარი საათი ვიჯექი. მანქანამ
გამოიარა და იმას გაეკიდნენ. ჩამოვხტი და ეზოებით ავარდი სახლში.
- ხომ არ ჩაიფსი?
- შეიძლება ჩავიფსი. შენ გგონია, მახსოვს?
გავჩუმდით.
- აბა ბაბუაჩემს გამოკიდებოდნენ?
- მანდატს დაანახებდა?
- აგე, მანდატი, ჩარჩოში, - თქვა და ჩაიხითხითა.
დავლიეთ.
- უნდა დავაწვეთ, - ვთქვი ბოლოს.
- სად?
- ნიცაში.
- მეეზოვედ? არ მინდა მეეზოვედ, მიმიშვი და იქაურობას გადავხნავ.
ჯაფარიძეებთან რომ გერმანელი იყო, ხომ იცი? ექვსი გაზეთის პატრონი. მე ეგეთი
დეგენერატი საერთოდ არ მინახავს.
ვკითხე, თურქული სკოლები რატომ არ არის გერმანიაში და თურქული
გაზეთები რატომ არ გამოდის-თქო. ანკარიდან მოდის იმავე დღეს გაზეთებიო. მე
ვუთხარი, აწი, იმათ გამოუშვან-თქო. ეწყინა, შენ რა ინფორმირებული ყოფილხარო.
- და შენც რაში გაინტერესებს, ჩე გევარა ხარ?
თვითონ იციან და თურქებმა.
- არა, თქვენ აფხაზები არ გიყვართო. მე ვუთხარი, თქვენ თურქები არ
გიყვართ-მეთქი. ჯაფარიძეებმა სულ დაიკვნიტეს ფრჩხილები, არ გაგვიბრაზო,
უვიზოდ ვრჩებითო.
- ნუ ლაპარაკობ ამ პოლიტიკაზე და აფხაზებზე. რა აზრი აქვს? ხო წევხარ შენთვის
და იწექი.
- მაგიტო კი არ ვწევარ. ეგეთი ვარ და მორჩა.
- ახლა ჩეჩნებზე არაფერი თქვა, თორემ ჩავაწყობ თითებს მურაბაში.
- ჩეჩნებს... მისმინე, რა ხდება იმ შენს გაზეთში?
- რა უნდა ხდებოდეს გაზეთში? არაფერი.
- გამოკვლევა დავიწყე,
- რა გამოკვლევა? თამარის სახე ბეთანიაში? თუ ქართულ პოეზიაში?
- არა. ფალიაშვილის ქუჩის ძაღლები. გუშინ შევისწავლე საკითხი და ღამე დავწერე.
გამოაქვეყნებენ იმ შენს ოხერ ფლაგმანში?
- რედაქტორს ვეტყვი.
- არ გამოაქვეყნებენ. შიგ არც სენსაციაა, არც ნაციონალიზმი და არც
ინტერნაციონალიზმი. დემოკრატია მითუმეტეს არ არის.
- ვეტყვი, - რა გამოქვეყნება აუტყდა?
- კაკუჩა არ ჩანს. მოდი რამეს ვუყუროთ. შუქი გვაქვს.
- წავა, კასეტა გვჭირდება.
- ჩავაგდებ რამეს. ნიპრაშჩონნი მაქვს. ისტვუდი, მთელი ამბავი. არ გინდა? ფეჩი
გამოვრთოთ. ძალიან მაგარი ნავთის ქურა მოიტანა მამაჩემმა.
- გავიგეთ, ჰო.
- შენ რომ დალაყუნობ, გგონია რამეს აკეთებ?
- რა ვიცი.
- მოდი, მოდი, ვუყუროთ.
აი, ასე. პელიკანები უდაბნოში, თუ რაღაც კიდევ უფრო ოლაჟუანური, როგორც
პეტრუჩიო იტყოდა.

 პეტრუჩიო
 უპატრონო ძაღლების პირადი ცხოვრება

„დავიწყოთ ისე, როგორც იწყებდნენ რომანტიზმის ეპოქაში.
ბნელი და ქარიანი ღამე იყო. მე ვბრუნდებოდი ერთი გაწელილი წვეულებიდან.
თოვდა და წიოდა და რაც ასევე აღნიშვნის ღირსია, არანაირად არ მეთქმოდა
მთვრალი. მსუბუქად შეზარხოშებულიც კი არ ვყოფილვარ. ამისდა მიუხედავად,
აღმოვჩნდი ფალიაშვილის ქუჩის განთქმული ხეივნის ერთ-ერთ ჭადარზე.
სწორედ რომ რუსული სკოლის პირდაპირ.
ყველაფრის თავიდათავი ის არის, რომ თავს დამესხა უპატრონო ძაღლების
გუნდი. წარმოიდგინეთ, რომ სულაც არა ვარ განსაკუთრებულით გამორჩეული
მშიშარა და მხდალი ხომ მითუმეტეს არ გახლავართ. ახლო და შორეულ
წარსულში არაერთი ოთხფეხა გამიქცევია, ან დამიმარცხებია, მაგრამ ამგვარად
გაბოროტებულ და თამამ ურდოს არასდროს შევყრივარ. ბრძოლა ჩვენს შორის სამ
წუთს მაინც მიმდინარეობდა და რაკიღა შევატყვე, რომ უეჭველად შემჭამდნენ,
რადგან ვერც აგური მოვიგდე ხელთ და ვერც სხვა რამ, რითაც შევუტევდი,
მოაჯირისაკენ გავიწიე და ხეზე ავძვერი.
მე ტოტზე ვიჯექი. ძაღლები კი არსად წასულან, სწორედ ისე, როგორც
მონადირეთა ნაამბობში არ მიდიან ხეზე ამძვრალი კაცის მოდარაჯე მგლები.
ნახევარ საათზე მეტხანს იდგნენ ხის ძირას და მელოდებოდნენ, მთად გავიყინე. ამ
დროს, ჩემდა ბედად, მანქანამ გამოიარა და განაწყენებული თავდამსხმელები მას
გაეკიდნენ. ხიდან ჩამომხტარმა ბარნოვზე ამოვირბინე და მღლად წამხდარი
შევვარდი სახლში.
ამის შემდეგ გადავწყვიტე მოხეტიალე, გინდათ მაწანწალა ძაღლების რაობა
გამომეკვლია, რაც არცთუ ძნელი საქმე გამოდგა, რა თქმა უნდა, დღის საათებში.
მოქალაქეთა და უპატრონო ძაღლთა ურთიერთობა, რა დასამალია და, მტრულია.
განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც ძაღლების მსპობი ორგანიზაციები აღარ
აქტიურობენ.
სადღეისოდ, შეიძლება ითქვას, რომ ძაღლებმა შექმნეს გარკვეული
სტრუქტურები, მთელი თემები და კომაქტური დასახლებები. მე პირადად
ვაკვირდებოდი იმავე ფალიაშვილის ქუჩის ერთ-ერთი ( არა იმ აგრესიულ, ეს სულ
სხვა შემადგენლობაა) ბრბოს ცხოვრებას და ამის მაგალითზე ვეცდები
წარმოვადგინო ძაღლური ყოფის შინაგანაწესი და ყოფა.
ჯგუფი, რომელშიც ექვსი ძაღლია, ადრიან დილიდან თავს იყრის ქუჩის
ნაგავსაყრელთან. თავიდანვე უნდა ითქვას, რომ მაწანწალა გუნდი არ ბინადრობს
ნაგავსაყრელის შემოგარენში. საინტერესოა ისიც, რომ ქუჩის მეორე მხარეს ორი
უპატრონო ძაღლი ცხოვრობს, რომლებიც იქვე, ეზოში ბინადრობენ. უფრო ქვემოთ
კი ცხოვრობს კიდევ ერთი მარტოხელა ძაღლი, რომელიც მეზობელ ეზოში
მოღვაწეობს. ურთიერთობა ამ სამ ძაღლს შორის გაურკვეველია. ნაგავსაყრელის
ექვსი ძაღლი ფლობს ნაგავსაყრელს და მიმდებარე ტერიტორიებს, დაახლოებით
ათი მეტრის რადიუსში. თუკი ისინი ნაგავსაყრელთან საქმიანობენ, მოპირდაპირე
მხარის ორი ძაღლი სათოფეზე არ ეკარება ნაგავს. თავის მხრივ, არც „გუნდელები”
გადადიან მეორე მხარეს. მაგრამ საკმარისია „გუნდმა” ტერიტორია დატოვოს და
რაღაც საქმეზე გავიდეს (ასეთი რამ საკმაოდ ხშირად ხდება და რატომ, ქვემოთ
ნახავთ) ორი ძაღლი, (ისინი, მგონი, ძმები არიან) წამსვე ნაგავსაყრელთან გაჩნდება
და მუშაობას იწყებს. ქვემოთა ეზოს მარტოხელა ძაღლი კი საერთოდ არ მოდის
ნაგავსაყრელთან, მას ძალიან უნდა უჭირდეს ორმაგი კორდონის გარღვევა.

სამაგიეროდ, ის თავის ეზოს სწორუპოვარი ბატონია და ძნელად თუ გაატარებს
ვინმეს შეუყეფავად. მისი უბანი ოცი-ოცდახუთი მეტრის სიგრძისაა და
საპირისპირო მხარის ტროტუარამდე მიდის. ეს ძაღლი მოქალაქეთა კეთილი
გულის წყალობით იკვებება, რადგან ეზოში მდგარი მანქანების დარაჯადაც ვარგა.
მისი სიავე სამაგალითოა მამაკაცების მიმართ, სხვა ძაღლებთან ურთიერთობას კი
გაურბის.
მაგრამ დავუბრუნდეთ ექვსძაღლიან გუნდს. მისი წევრები ნაგავსაყრელზე
არეულად მოდიან. შეიძლება ექვსივე ერთად გამოცხადდეს, შეიძლება ორ-ორად,
ან სამ-სამად დაყოფილები, ან სულაც ცალ-ცალკე... თუმცა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ
ნაგავსაყრელის ერთობა შემთხვევით კავშირს წარმოადგენს. არავითარ
შემთხვევაში. ეს გუნდია და მასში (არ ვიცი, მეცნიერები რამდენად მეთანხმებიან)
ორი მამალი და ოთხი დედალი ძაღლია. ნასაუზმევს, ისინი, ჩვეულებრივ,
ისვენებენ, ან ტერიტორიის კონტროლით არიან გართულნი.
შემდეგ ძაღლები მიდიან. შეიძლება ექვსივენი ერთად წავიდნენ, შეიძლება ორად
გაიყონ.
ბუნებრივია, იბადება კითხვა, სად მიდიან?
მგონი გასაგები უნდა იყოს. ისინი მოკლე გარბენებს ახორციელებენ ახლომახლო
ქუჩებზე, ასე ვთქვათ, „არავის მიწებზე“. ეს მეტად სასარგებლო საქმე უნდა იყოს
მათთვის, რადგან ზედმეტი ლუკმა ყელზე არ დაადგებათ და ახალი გავლენის
სფეროც ხელს არ შეუშლით.
თუკი ასეთი გარბენების დროს აქა თუ იქ სხვა ძაღლებიც შემოეყარნენ, გუნდი
ჩხუბს ერიდება, ათვალიერებს, უკვირდება, სწავლობს შემხვედრთა ხასიათს,
ბრძოლისუნარიანობას, რაოდენობას და ა.შ
ჩხუბის მოსწრება ყოველთვის შეიძლება. ამ შემთხვევაში ისინი თითქოს არკვევენ,
შემთხვევითია თუ არა შეხვედრა „არავის მიწაზე”.
ნაგავსაყრელის გუნდს ჰყავს მეთაური, რომელიც ასეთ ამბებში წინ უძღვის
თავისიანებს და საერთოდ, ნებისმიერი გადაადგილების დროს მეთაური წინ
მიდის. თუ რომელიმე ძაღლმა გადაუსწრო, ეს უკანასკნელი აუცილებლად
შეანელებს ნაბიჯს. თუმცა, შეტაკების დროს მეთაური დიდად არ იქაჩება,
შეიძლება სხვებმაც გადაუსწროს. მის მეთაურობას უფრო წინამავლის
მნიშვნელობა აქვს, ვიდრე ბელადისა.
შემდეგ ძაღკები ისევ ნაგავსაყრელზე ბრუნდებიან და იქ ატარებენ დროს.
შეიძლება წაუძინონ კიდეც, ან გაერთონ ერთმანეთთან ღლაბუცით.
აი, მოსაღამოვებულზე კი ახალი ცხოვრება იწყება. შეიძლება ითქვას, რომ
ძაღლები ერთგვარი სამხრეთული დღის მიმდევრები არიან. მთელს შუადღეს
მცონარობაში ატარებენ და დილით და საღამოს საქმიანობენ.
ცდება ის, ვისაც ჰგონია, რომ ძაღლები იქვე, ნაგავსაყრელის ახლოს იძინებენ.
როგორც დასაწყისში აღვნიშნე, ისინი მოდიან ნაგავსაყრელზე. ისინი მოდიან
თემებიდან. ძაღლთა თემები კი ჩვენ მიერ განხილულ ტერიტორიაზე სამია:
ზოოპარკის ხევში, კუს ტბის ტყეში და ვაკე-საბურთალოს გზის ახლომდებარე
ხევში.
ჩვენი ექვსეული ზოოპარკის ხევში მიდის ღამის გასათევად. გუნკი კვლავ
დაცალკავებული მოძრაობს. მან უკვე იცის იმ დროის ამბები. ძაღლური ფოსტა
საუცხოოდ მუშაობს. ყეფა ჩვენთვის არის ყეფა, თორემ ძაღლისთვის ინფორმაციაა.

ვერაზე დაყეფილი ვაკეში წამოწოლილ ძაღლს ასჯერ უკეთ ესმის, ვიდრე ადამიანს.
თანაც ძაღლს ყნოსვა აქვს განვითარებული, რასაც ჩვენ ვერ დავიკვეხნით. ყოველ
გუნდს ღირსების საქმედ მიაჩნდა დიდ ყეფა-გნიასსა და ჩხუბში ჩაბმა. საკმარისია
მოშორებით ყეფა ატყდეს, რომ გუნდიდან ერთი მაინც გაიქცევა ამბის შესატყობად.
დანარჩენები კი შორიახლოს მიძუნძულებენ.
ზოოპარკის ხევის ამბავსაც მოვყვეთ.
ამგვარი თემი სხვა არაფერია გუნდისთვის, თუ არა ღამის გასათევი ადგილი. აქ
არ არის როგორღაც ცენტრალიზებული ურთიერთობები. თემში ათი-თორმეტი
გუნდი იყრის თავს. ესენი აქ უკვე გუნდ აღარ წარმოადგენენ და ყველა ძაღლი
თავისთვისაა. თავისთვის ყოფნა შობს მაწანწალა ძაღლის სრულად ახლა ტიპს,
რომელსაც პირობითად შეიძლება „მარტოხელა გმირებიც” კი ვუწოდოთ. ამ
კასტაში შეიძლება ჩაირიცხონ მარტოდ მოარული ძაღლებიც, რომლებიც
ერთკაციან გუნდებს წარმოადგენენ და ზოოპარკის ხევში თავის (დილამდე
დაშლილ) გუნდს დროებით ჩამოშორებული მოუსვენარი ძაღლებიც. აქ ისიც უნდა
გავიხსენოთ, რომ არსებობენ მშვიდობიანი და ავი ძაღლები. ამ უკანასკნელთ
გარკვეული ბოღმა დაჰგროვებიათ ადამიანთა მიმართ და ისე ებრძვიან მათ,
როგორც თავიანთი გამოცდილება ჰკარნახობთ. სწორედ ესენი არიან მარტოხელა
მებრძოლები. თემში თითქოს ყველას უნდა ეძინოს, მაგრამ მარტოხელა
მებრძოლები ვერ ისვენებენ. როდესაც მშვიდობიანები იძინებენ, მებრძოლები ვერ
წყნარდებიან. სწორედ მათგან იქმნებოდა ძაღლთა ღამის ბრბოები. დღის
გუნდებისგან განსხვავებით, ეს ერთი ღამის ნაკრებებია ყველაზე აგრესიული,
ბრაზიანი და კაციჭამია. ეს იმის ბრალიცაა, რომ ბრბოში ინდივიდუალისტები
იყრიან თავს და შინაგანად ყველა ბელადია. ერთმანეთის წამხედურობით ისინი
„მაგარ ძაღლობას” თამაშობენ და ჩამორჩენის შიშით შიშის ზარს სცემენ ღამის
ქალაქს. გამთენიისას ისინი ხევში ბრუნდებიან და თავთავიანთ გუნდებს
უერთდებიან.
აი, მოკლედ ის, რისი გამოკვლევაც მოხერხდა ფალიაშვილის ქუჩის ძაღლების
მაგალითზე.
რა თქმა უნდა, შეიძლებოდა უფრო ღრმად ჩავწვდომოდით ძაღლურ ყოფას,
მაგრამ ამისთვის მეტი დროა საჭირო და გაზაფხულზე კაცს ძაღლი აღარ
გაახსენდება”.
უსაქმურმა ზაზა კობახიძემ, რომელიც ამავე დროს ერთი ბულვარული გაზეთის
საქმეს ჩამოცილებული რეპორტიორიცაა, ამ გამოკვლევაში შენიშნა პოლიტიკური
მოტივები, რაც წმინდა წყლის სისულელეა და იმის ბრალია, რომ ადამიანის ტვინი
ამ ბნელ ქვეყანაში მეტად უცნაურადაა მოწყობილი - ძაღლებში ხედავს
პოლიტიკურ მოღვაწეებს, ძაღლურ ცხოვრებაში ცხოვრებაში პოლიტიკურ
ცხოვრებას და პირიქით, პოლიტიკოსებში ძაღლებს და პოლიტიკურ ცხოვრებაში
ძაღლურ ცხოვრებას. ამ ზაზა კობახიძეს, რომელიც გამოირჩევა უთავბოლო
სიარულით ქალაქის ქუჩებში და გაუთავებელი სტუმრობებით სხვადასხვა ოჯახში,
შევახსენებ, რომ ეს არის მხოლოდ და მხოლოდ მეცნიერული გამოკველება ქუჩის
ძაღლების ცხოვრების შესახებ და მეტი არაფერი და მისი ტილიანი გაზეთი ვერ
ეღირსება ამის გამოქვეყნებას. ნაშრომი ინახება კლასიკოს კონსტანტინე
ბანძელაძის საწერი მაგიდის ქვემოდან მეორე უჯრაში.
თოფ სექრეთ.

მოქალაქე კობახიძე კი, რომლის ოცნებაც კონსტანტინეპოლში სუტენიორად
მუშაობაა, ვთხოვთ, მეტი იმუშაოს საკუთარ თავზე და მოეშვას ოცნებებს.

 მამუკა

ჰა-ჰა-ჰაა!.. ამიგო! ეგრეა, ეგრე, მარცხნიდან, მარჯვნივ, შუაში, მესამე, შენ ხარ, ჩემო
დათუშკი. მარცხნიდან, მარჯვნივ, მეორე მე ვარ და დანარჩენებიც არიან, მარა,
ტეხასში ბანკი მარტო ტეხასელებმა უნდა გაიტანონ, ხო თქმულა და რაც კეთდება,
და რაც გაკეთდება, დათუშკი, ჩემგან უნდა გაკეთდეს, იმიტო, რო ეგ არი, მთავარი,
თორე, შენ ძმებიც ბევრი გყავდა და, კაროჩე, მე ჩემ გასაკეთებელს, გავაკეთებ და
ჩემგან იქნება, შენთვის იქნება და ჩვენ ძველებურად ვეღარ ვიქნებით, მარა, ტო,
ტირილი მოგინდება, მე მომინდება, რა, ჩვენ რო ერთად, და ეგ არი, სოტერო, მე
დაგანახებ, მანდ დაინახავ, შენ ხო ცაში ხარ და ხედავ რო მე უშენოდ ეგრე
მივდი-მოვდივარ, მამუკ, რავა ხარ? და მაგას რო მეუბნები, მე კარგად ვერ ვიქნები,
იმიტო, რო შენი ამბავი რო მახსენდება, გეტყვი, უბიცის უბიცა ცხონდა, მარა, მე
ვერ ვცხონდი ჯერ და ვიყავი ეგრე გუშინდლამდე და შენზე ვფიქრობდი, იმას, იმას
რომ მეუბნებოდი შენო, ქურდის წილი წამლის გამკეთებელი ხარო, მართლა
ეგრეთი ვარ და ვინა, სიმონ, ასი წელი, მაგაზე ვფიქრობდი, რო, მეპოვა, და თან ხო
იცი, რო ვერ ვიპოვიდი, მაგათ, ვინც შენ გესროლა და ვიპოვე.
ასიტაშვილი როა, შენც იცი და მე და მაგან გავიკეთეთ, ერთად ვიკეთებთ ხოლმე
და კაროჩე, ამღებთან გავიკეთეთ და ისეთი პონტია, რო, ამღების ძალიან ლამაზი
დედის, მარა, კაროჩე, ერთი-ორჯერ მაგრა გამისწორდა და თან, მეთქი, დავერიაში
ვიყო, რა იცი, რა ხდება და მანქანა გავატანე ორჯერ, ისე, რო თითო კვირა ჰყავდა
წაყვანილი და იხმარა, კაროჩე, ბოლო ბოზივით და ამ ამღებთან გავიკეთეთ და
ვჭამოღო, მეთი რა უნდა ვჭამოთ, შე ჩემა, მაღებინებს და მეო, სულ ვჭამო, ამ
ამღებმა გაჩითა რაღაცეები მაცივარში და თოხლაობს და ცივ წყალს აყოლებს ამ
ზამთარში, გაიგე? ეგრე უნდაო და აღარ აგერევა გულიო, ეს მაცივრის კარი კიდევ
ღიაა და ლულას ვხედავ, ასიტაშვილს ვეუბნები, მეთქი, სტვოლი გაიჩითა, თან
მეთქი კიტრი ხო არ არი, კი სტვოლიაო, ესეც მეუბნება და ამ ამღებს ვეკითხები,
მაგასაც ჭამ ხოლმე-მეთქი, და ვიყიდე რო არ ევასა პონტი... ვაო, კარი დამრჩენიაო,
გაიცინა, მარა სულ არ უნდოდა გაცინება და მივხვდი რო არც ის უნდოდა, რო
დავინახეთ და ახლო მივედი, ვნახე აკაესია, კაი შენახული და იკაიფე, მაცივარში
დევს, ფუჭდება-მეთქი მაცივარში იარაღი, ვუთხარი და ეგრევე ისეთი დაიჭირა,
გაუშვი ეგდოსო, შენია თუ რაო, ერთმა დატოვაო, შემინახეო და შმონი და რამე რო
იყოს, რაღაცა რო იყოს, იმიტომ შევაგდე მაცივარშიო, თან ვითომ ჭამს და ისე
მებაზრება, მარა ეტყობა, რო მაგრად არ უნდა ეს ბაზარი და მე ხო იცი, როგორიც
ვარ? რო არ მოვეშვებოდი და ეგრეა რა, არც მოვეშვი და მეთქი, ვისია, იარაღი
მინდა, მაყუთს მოვიტან-მეთქი, თხუთმეტ წუთში, წართმევის ბაზარი არ გაუშვი
იმიტო, რო ცაში ღმერთია და იმან ჩამიკაკუნა, ხო ეძებ მამუკ და ეხებე, აზრზე ხარ?
და დობრად ველაპარაკები, თან მიცნობს, ვიცნობ და ისე მიდის ბაზარი, რო,
კაროჩე, ვითომ არაფერი და გადაყლაპა ის დამპალი ლუკმა და მეუბნება, რო,
ჩვენო ახლობლების პონტში ვართო და, მაგის ახლობელს მაგისას, გეტყვიო, რო
დასამალი იარაღიაო, სველიაო კაროჩე და პატრონმა მათხოვა შენთან იდოსო,
კაროჩე, იმიტო, რო ამის გამოჩენა არ მინდაო, ჯერჯერობით და ახლა რო შენ
სველი იარაღი იყიდო და ზედ კაცი ეკიდოს და ნი დაი ბოგ შენგან ამოიღონ, ხო
უნდა აიღო შენ თავზეო, ვითომ ის ვეღარ მითხრა, რო შენ გაბოზდები და ჩამიშვებ,
მე კი ბოზი ვარ და ის უნდა ჩავაგდოო, გაიგე? არა-მეთქი, სიაფანდობ, გაყიდვა არ
გინდა და ცოტა ვითომ შეეშინდა, რას ვსიაფანდობო, კაცის არი და უნდა წაიღოს,
იმას ფული კი არ უნდა, თავისი იარაღი უნდაო, მეთქი, ვინ არი, რა არი, მაიტა,
მალაპარაკე, ვითომ მაგარ მუღამში ჩავვარდი და არა, არაო, ეს იძახდა, მე ვინ
გამოვდივარ, ბოზი გამოვდივარ იმის თვალში, ასე არ არიო? მე კიდევ თავიდანვე
ვიადე, რა, ბოზობა კი არა, ეშინოდა დამაჭედებსო. ვიჯექი ეგრე და ვფიქრობდი, რა
ვქნა, როგორ ვქნა-მეთქი, თავიდან იმიტო ავტეხე ეს ბაზარი, რო პროსტო
ავტომატი იდო და მერე გულმა მიგრძნო რაღაცა, ხო იცი, რო დაგქაჩავს, შევედი,
პირი დავიბანე და მეთქი, მამუკ არ აგერიოს რამსები, ახლა უნდა გაიგო
ყველაფერი და დედას ვფიცავაარ, ასიტაშვილი მეუბნება, გავიდეთო და მეთქი, შენ
გადი და მე ამას უნდა ვებაზრო-მეთქი და არ გაუტყდა? იფიქრა, მიტეხავს
რაღაცასო და გაიბერა მონგოლფიესავით მე მაგის, მეთქი, არა ბიჭო, ავტომატზე
უნდა ვებაზრო და თუ გინდა, დარჩი და არა, გავალო, მაინც არ დამიჯერებდა,
ამიგო! ეგეთი რამე მიდიოდა ჩვენში, რო არ მოდიოდა, იმიტო მოგვივიდა ეს საქმე,
და იმიტო იყო, რო ახვრებმა გადაგვატარეს ოჩერედი. მე რა ვიცოდი, ტო, მე რა
ვიცოდი, თორე არ გაგაკეთებინებდი და ახლა, რო წავიდა ასიტაშვილი,შემოვედი
და, ეგრე არ არი? მეთქი, როდიდან გაქვს შენახული ეგ ავტომატი-მეთქი და მე კი
არ ვკითხე, რაღაცამ მითხრა, ეგრე კითხეო და კაი ხანიაო მითხრა, მეთქი, აბა
ზუსტად ჭუკლი? მითვალა-მოთვალა და შემოდგომიდანო. სექტემბრიდან-მეთქი?
და ისევ თვლა დაიწყო, მოსკოვში რომ ვიყავიო, მერე სევასტოპოლში და
ჩამოვედიო, კი, სექტემბერი იყო, ოცდასამში ჩამოვედი და ერთ-ორ დღეში
მოიტანაო. მეთქი სააღოლ, აღარ გამოჩენილა-მეთქი? იჩითება, როგორ არაო,
იჩითებაო, ის ბოზის გაზრდილი და ვინ არის რო ვკითხე და დაიწყო, არიო, რა, მე
ხომ არ გეკითხები ეგეთ რამეებსო. კაროჩე-მეთქი, ახლა დაგბრიდავ და ვხიე, ვხიე,
დავაგდე და ავიღე ტაბურეტკა და ვცემე, მაგრად. მერე პირსახოცი დავუსველე და
მეთქი, აბა ვინ არი? თან ეს ავტომატიც უკვე დავითრიე და მეთქი ხუთ წუთში
თავში გექნება მაკარას კენჭი, შე ბოზო, და რატო მცემ, მამუკ, რა დაგიშავეო, არადა,
ვიცი, შემხვდება და დანას გამიყრის თუ მნახა სადმე მძინარე, ისე ვერა და მეთქი,
აბა, ვინ არი, ლამაზო? მართლა ლამაზი იყო, თვალი ჰქონდა გადმობრუნებული და
გელა არი ერთიო, გელა და მეთქი გაღმელია, შორეული, იმიტო, რო აქეთ გელა მე
არ ვიცი და გელები არ იჩითებიან, ავტომატებთან ჩვენს სინამდვილეში და მეთქი,
ვინ დაბრიდა? დაბრიდაო, ერთიო, ბრილიანტის ამბავი იყოო, ის მარტო იყო და
ამათ გადააგდესო, ქუჩაში დაბრიდესო და მეთქი, შენი დედა... ეგრე არ არი? ხო
აზრზე ხარ, ამიგო, ხო აზრზე ხარ, ამ ნაბოზრის პირიდან შენი ამბავი მესმის და
რატო არ მითხარი, თუ ჩალიჩობდი, ტო, ბრილიანტის წილსაც გავარტყი, ერთად
ვიქნებოდით, ტო, ერთად, სოტერო, და ის მაყუთი ისევ ჩემთან არ უნდა
დაგეხარჯა? ვიცი, ვიცი, ბაითი გინდოდა, რაღაცეებს ფიქრობდი და თუ ვაკეთებთ
ეგეთ საქმეს, მოდი ერთად და რავი, ეგრე არ არი? მარა შენ იცი, შენ იცი და ახლა
მეც ვიცი და ვუთხარი ამას, მეთქი, დღეს გააძრობ მაგ კაცს, აი, აქ, აქედან,
ტელეფონით ან ფეხით და გრევი იქნება სიცოცხლე და ვერ გააძრობ და ეს კენჭი
უკვე შენ თავში ზის და დაიწყო ტირილი, ჩემთვის რა მნიშვნელობა აქვსო, ის
მომკლავს თუ შენო და ავიღე და ეს აკაესი მივუჭახუნე შუბლზე და ისევ დაეცა,
მეთქი, გააძრობ, ბოზო, მანახებ და მერე გაგიშვებ, ჩემი ჭკვიანი ბიჭი და სად
ვიპოვო ესეო, მეთქი ერთად ვივლით, გაიგე და მივიდა ტელეფონს დაუწყო სინჯვა
და მეთქი სანამ დაიჭერ, აი, აქ დაგელოდები და ჯარიმების წესით ერთიც უნდა
მომიჩუხჩუხო. არა მაქო, ახლა ამაზე დაიწყო ტირილი და მეთქი, ხო, დარეკე, მერე
ვილაპარაკოთ და სავარძელში ჩავჯექი.
ჰა, ამიგო, ჰა-ჰა-ჰაა! ამ ავტომატით, ამ ავტომატით, შენ რომ... თვითონ ამ
ავტომატით დაიბრიდება, შენ გგონია ვიმეს ვეტყვი? არა, მარტო ავალ და
გადავატარებ ოცდაათ კოცნას, ჩემია, გაიგე, ჩემი დილიხორია, ჩემი ვალია,
დათუშკი, სიმონ, ღმერთის ხელია, ეგრე არ არი? ღმერთმა გამომიგზავნა და მეც
გავიგზავნი მაგის ოხერ ტრუპს, მერე დავისვენებ, მაყუთს ვიშოვი და ერთ
ეკლესიას ავაშენებ, ძმაო, შენ სახელზე, ეგრეა, რა, ამიგო, ერთად გვაქვს ბევრი
სურათი გადაღებული, მარცხნიდან მარჯვნივ და რეკვა დაიწყო ამან.
შენ არ ამბობდი, ამიგო, ეტხასში ბანკი მარტო ტეხასელებმა უნდა წაიღონო? ეგრეა,
ძმაო.
კალვერა ბანდა გალისეს, მამუკა იწყებს და იგებს...
ველოდები, ძმაო, დათუშკი...

 ნინაკა

ზაზამ დამარქვა - ატირებული სიცილიელი ქალი შეყვარებულის საფლავზე,
შეყვარებული კი მოსისხლეებმა მოკლეს. მერე ამ სიგრძე სახელის თქმა დაეზარა
და პირდაპირ ვენდეტას მეძახდა. უეჭველად შავები უნდა გეცვასო, შავები ბევრს
აცვია და სისულელეა, მაგრამ შენ უეჭველად შავები უნდა გეცვას და ორი დღის
მშიერი უნდა იყოო. მაშინ იქნები მომხიბვლელი და ცოლობას გთხოვს ფედერიკო
გარსია ლორკაო. ესეც რაღაც უცნაურად მოიგონა, აჩემებული ჰქონდა,
დამინახავდა თუ არა, შესძახებდა, ვენდეტა, ჩემო ერთგულო მეგობარო, როდის
დასახლდები პალერმოში და ვიზას როდის გამომიგზავნიო. მერე დაავიწყდა ეს
ყველაფერი, მითხრა, კოკას ეწყინებაო. კოკა ჩემი ძმაა და მთელი სიცილიური
ისტორია მის გამო მოიგონა. კოკა მთელი დღეები მანქანით დაქროდა და
პისტოლეტებს ატრიალებდა, საშინლად აშაყირებდა ზაზა, კაპო დი ტუტო კაპის
ეძახდა და ეკითხებოდა, რას გრძნობ, როდესაც გამოჩენილ ადამიანებს იცავო,
ალბათ, ძალიან დიდი პასუხისმგებლობა გაკისრია, რადგან ასეთი რანგის
ბოდიგარდი ხარო. კოკა რომ ავსტრიაში წავიდა და იქ შვილიც შეეძინა, ზაზამ
მთხოვა, გადაეცი ჩემგან, ჯანკანა დაარქვასო, მე, რა თქმა უნდა, არაფერი
გადამიცია, რადგან კოკას ეწყინებოდა. ფხუკიანია და რად მინდოდა. ისე, კი
უყვარდა ზაზა, მაგრამ არ უყვარდა, რომ დასცინოდა ხოლმე. ვის უყვარს, რომ
დასცინიან? მგონი ზაზას.
ერთხელ მოვიდა ჩვენთან და მთხოვა, ორიათასი მანეთი მასესხეო, მართლა არ

მივეცი? მოკვდა სიცილით. რა იყო-მეთქი და არა, არაფერი, ერთი
გიშრისთვალიანი, მაფიოზური ბეჭედი შევარჩიე და კოკას უნდა გავიგზავნო
ქალაქ ზალცბურგში, სადაც მოცარტი მიმოდიოდაო.
კოკამ კიდევ პარკერი გამოატანა დედაჩემს, კობახიძეს მიეცი ჩემგანო.
აი, ასეთი დაუმთავრებელი და ცოტათი სულელური რაღაც იყო და სართოდ
იმიტომ გამახსენდა ეს ამბავი, რომ იმ დღეს, ზაზა რომ შემხვდა და ერთად
ვიბოდიალეთ კარგა ხანს, კოკაც მოაგონდა. მე გაზაფხულზე უნდა
გავფრენილიყავი ვენაში და მითხრა, წერილს დავწერ და კოკასთან გაგატანო,
მეგონა ხუმრობდა, ან, ვფიქრობდი, ისეთ რაღაცას მისწერს, რომ სულ
გააგიჟებს-მეთქი, მაგრამ ძალიან სერიოზულად გამიმეორა, საქმე მაქვსო, თავისივე
გამოგზავნილი პარკერით მივწერო.
ჰო, ვაკის პარკთან შემხვდა, ზემოთ ამოდიოდა, ხელი მომხვია და აღარ გამიშვა,
მაბოდიალა პარკში და ბოლოს გამომიცხადა: - ღმერთო ჩემო, რა მოსაწყენი ხარ?
„ვაზის ყვავილობაზე” უფრო მოსაწყენი.
- აბა, რა ვქნა? უზრდელო, - რა უნდა მეპასუხა, მიჩვეული ვიყავი.
- უნდა გაერთო, - მითხრა, - აი, მე უკვე ხუთ ადგილას ვიყავი, ოცი ხინკალი ვჭამე,
ფილმი ვნახე, ორი ჭიქა ჩაი დავლიე, ნახევარი კოლოფი მოვწიე და მშვენივრად
ვარ. ფაქტიურად, გამოსული ვარ სიგარეტის საყიდლად, ვერ ვყიდულობ და
დავდივარ. ხომ ხედავ, რა საინტერესო ცხოვრებაა.
- ძალიან საინტერესო, - გავუცინე მე და სკამზე დავჯექი შადრევნის პირდაპირ.
ბავშვობა გამახსენდა, ამ შადრევნის გარშემო რომ დავრბოდით.
- ახლა არ მკითხო, როდის ჩართავენ ამ შადრევანს, თორემ მიგატოვებ სამუდამოდ,
- ისე თქვა, თითქოს გული ამოაყოლაო.
- როდის ჩართავენ ამ შადრევანს? - ვკითხე და თითქოს რაღაც მეწყინა.
ის შადრევანთან იდგა და იქიდან მელაპარაკებოდა. ათი ნაბიჯი იქნებოდა ჩვენს
შორის. შეხუნებული კურტკა ეცვა და გადაჭრილი ძველი ჩექმები. როგორც
ყოველთვის, გაბურძგნული იყო. ზოგჯერ მინდოდა, რომ სულ ერთად
ვყოფილიყავით, მაგრამ არა მგონია თვითონ როდესმე ეგრძნო ეს, როგორღაც
ზედაპირულად გამოსდიოდა ყველაფერი. ბავშვობიდან ვიცნობდით ერთმანეთს
და ბავშვობიდან შუბლზე მეწერა, რომ ჩემი არაფერი გაეგო. უბრალოდ, ვერც
ფიქრობდა ამაზე. იმდენად ვიცნობდით ერთმანეთს, რომ საძებნი და საინტერესო
მგონი აღარაფერი გვქონდა. უფრო ზაზაზე ვამბობ, თორემ მე სულ მეგონა, რომ
ბევრი იყო ასეთი წუთები, სულ მეგონა, რომ... მოკლედ, ველოდი ხოლმე რაღაცას
და როგორც წესი, არაფერი მოდიოდა - მხოლოდ ხუმრობა და შეჩვეული სიტყვები,
სიცილიელი ქალწული და ა.შ
-სად მიდიოდი?
გასვენებაში მივდიოდი. თამუნა დადიანს მამიდა გარდაეცვალა.
- ჰო, დადიანები, უეჭველად ორქიდეები დაგვჭირდება, მაგრამ ფული არა მაქვს და
ვერ გიყიდი.
შემცივდა. წამოვდექი და გასასვლელისკენ წავედი ნელა. მთლად
მოტიტვლებული იყო იქაურობა, ქარი დააფრიალებდა ქაღალდებს და გამშრალ
აუზში ყრიდა. ღმერთო ჩემო, ნეტავ სულ არ შემხვედროდა-მეთქი ვიფიქრე,
მეძნელებოდა ასე წასვლა.
- ხომ არ გამოვისეირნო გასვენებაში? - დამაწია უცებ, - პირადად ჩემთვის იქ ბევრი

რამეა საინტერესო.
რა უნდა მეთქვა?
- როგორც გინდა.
ასეთია ჩვენი წესი. იდიოტური წესი. როგორც გინდა. სანაცვლოდ რაღაც სხვა
უნდა მოიგონო, რომ წამოგყვეს.
არ გავჩერებულვარ. მესმოდა, როგორ აუჩქარა ნაბიჯს.
- მოქალაქევ, რა დაგმართნია? - აი, ასე იტყვის ხოლმე.
- არაფერი, - ტირილი მინდოდა. როგორ მიყვარდა. ამდენი წელი. თმებს
მაწიწკნიდა სკოლაში. ერთად რომ ვისხედით. რომ დავამთავრეთ. ინსტიტუტში
მომაკითხავდა. და არაფერი. მერე მეტყოდნენ ხოლმე, შენი სულელი ძმაკაცი
შეგვხვდა, ილაქლაქა და წავიდა. ჩემი სულელი ძმაკაცი. არასდროს, არავისთვის
მითქვამს. გოგონებისთვის. არავისთვის. ტირილი მინდოდა. ის კი განზე
იყურებოდა.
- მისმინე, - დაიწყო უცებ - დღეს ისტვუდი ვნახე.
- სად, მრგვალ ბაღთან?
- დაახლოებით. მისმინე, იცი, რაშია საქმე? წესით, თურმე, ვერაფერი მოგერევა.
- ?..
- ახალი ფილმია... - და ხელი ჩაიქნია, - როგორ გიყვარს გასვენებები? ვეღარ
დაანებე თავი ამ ადრე დაბერებული შემადგენლობის დევნას?
- რა გინდა? - ცრემლები მომადგა უკვე.
- მე მინდა, - თითქოს დაფიქრდაო, - მე მინდა ნიცაში.
- თვითონაც არ იცი, რა გინდა. პეტრუჩიოსთან გდება გინდა.
- შენ საიდან იცი?
- პეტრუჩიოს მუთაქა ხარ, მეტი არაფერი.
- თუნდაც ასე იყოს, მისს, - განგებ მეუბნებოდა ასეთ რამეებს, - პეტრუჩიოს
მუთაქად ყოფნა მირჩევნია ბენზინის წილში ყოფნას.
- ასე ორად არის გაყოფილი, არა? ან ბენზინი, ან მთქნარება.
- ასე გაყვეს და მე რა ვქნა? სამოთხეში არ ვარ, ვაშლი რომ მოვწყვიტო და ახალი
ცხოვრება დავიწყო.
საშინელი ლაპარაკი უყვარს, საშინელი, დაუნდობელი.
- ისიც არ შემიძლია, მის მერი, რომ ვინმე გამოვიჭირო შორეულ ქალაქ
დიუსელდორფში, ცოლად შევირთო და იქიდან ბალიშა კანფეტები გიგზავნო.
- რას გადაეკიდე ამ ჩემს ძმას? მეტი ვერავინ ნახე? რას გიშავებს?
აი, გაჩერდა და შემომხედა. იცი, რაზე ვფიქრობ ახლა? ძალიან დაღლილი
თვალები ჰქონდა, დაღლილი და დიდი. თავს ძალა დაატანა და გაიცინა.
- ბატონი კონსტანტინე ძალიან მიყვარს, მაგრამ მგონი მდინარე გაჩნდა ჩვენს
შორის.
- ბოროტი ხარ. რომ რეკავს, სულ შენს ამბავს კითხულობს. ნამდვილი ბოროტი.
- მე ვარ ავი მუსაიფი, კახთ ბატონის ირაკლისა.
- ადამიანურად ილაპარაკე. მასხარა.
- თქვენ გასვენებაში არ მიდიოდით?
არც შემოუხედავს, ისე გატრიალდა და მაღლა აუყვა, უცნობი ჯარისკაცისკენ.
ღმერთო, როგორ მინდოდა, რომ დამეძახა და მაინც ვერ დავუძახე, თვალს ვერ
ვაცილებდი და მაინც, მაინც, მაინც წავედი გასასვლელისკენ.
პარკიდან რომ გამოვედი, აღარაფერი მინდოდა ქვეყანაზე. მეგონა, რომ
ვერასდფროს ვეღარ ვნახავდი და უცებ უკნიდან დამაცხრა ვიღაცა. ძალიან
შემეშინდა:
- ფიცი დავდე უცნობი ჯარისკაცის წინაშე, რომ ერთად უნდა დავიტიროთ
ქალბატონი დადიანი, - ძალით გაიცინა, - რა მოხდება, ერთად რომ წავიდეთ სადმე?
- გასვენებაში, არა? მაინცდამაინც გასვენებაში, - თითქოს ყველაფერი დამავიწყდა.
- ფრიად სიურეალისტური რამე გამოვა, ჰა? როგორც კულტპახოდი.
ხელი გამოვდე და წავედით.
სადარბაზოსთან გოგოები მელოდნენ. საკმაოდ ხალხს მოეყარა თავი.
- სასაფლაოზე უნდა წაყვე? - მკითხა ზაზამ.
- არ ვიცი, - იგივე „როგორც გინდა“ იყო. რომ ეთქვა, სადმე სხვაგან წავიდეთო,
აუცილებლად გავყვებოდი.
- ადი, მე აქ საზოგადოებას შევისუნთქავ.
- შენ არ ამოხვალ? - ჰკითხა მაკამ.
- ორქიდეების გარეშე არა? ხედავ იმ ჯიპს? სანამ გამოცვალთ, მე მის პატრონს
მოვკლავ და მერე გაგასეირნებთ სასაფლაოსკენ ჩემი ახალი მანქანით... სად
კრძალავენ?
- ვაკეში.
- მითუმეტეს. აბა, გელოდებით, - და თვალი ჩამიკრა.
- კარგი, - ვუთხარი მე, - ახლავე ჩამოვალ.
- ჭკვიანად იყავი, ბნელ სადარბაზოში, - ჩამჩურჩულა უცებ და ისევ თვალი
ჩამიკრა.
.. რო გამოვედით, აღარ იყო. ვიცოდი, რომ არ იქნებოდა. არ დაიცდიდა.
- დიდი სულელია ეს შენი ძმაკაცი, - თქვა მაკამ.
ეს შენი ძმაკაცი.
დიდი სულელია.
თუ მე ვარ სულელი?
ვიცოდი, რომ არ იქნებოდა. სულ ასე იყო. ყოველთვის.
 თაზო

აქ არის კიროვის პარკი. რადგან არის კიროვის პარკი და კიროვის პარკში არის
დარბაზი, სადაც კალათბურთს თამაშობენ, მეც იქ ვარ. მე არ ვხუმრობ - მე ვარ
საკალათბურთო მიმომხილველი, ჩემნაირი მიმომხილველი ამერიკაში... ეჰ,
ამერიკაში. ჩვენ ერთად ვსხედვართ მესამე რიგში, მთელი ქალაქის
საკალათბურთო მიმომხილველები.
შეიძლება ცივა, თბილა და მრავალი სხვა, მაგრამ მე აქ ვარ. ჩემპიონატი
მიმდინარეობს და სხვა რომ არაფერი იყოს, ფულს მაძლევენ ამაში. თანაც, თამაშიც
გამოერევა ხოლმე ისეთი, რომ დარბაზი იჭედება. მე პარკელი არ ვარ, ცრემლი არ
მომადგება იმის გახსენებაზე, რომ ორმოცდაათი წლის წინ აქ ღია მოედანი იყო და
ჩვენ ყველანი ერთად და ლამაზად ვიყავით. ეს სისულელეა. მე არ ვენდობი

პარკელ გულშემატკივრებს, განსაკუთრებით ერთი შემადგენლობიდან. არა, კი
ვესალები, მე ზრდილობიანი ბიჭი ვარ და რომ წარმოთქვამენ თავიანთ
ავტორიტეტულ აზრებს, მხოლოდ ჩავიღიმებ და არაფერს ვუპასუხებ. აი, ზაზაა
მაგათი ოსტატი. ზაზა, კობახა, ყველამ იცით, მე მგონი, კობახა არც სპორტული
ჟურნალისტია, არც არაფერი. მგონი საერთოდ ჟურნალისტიც არ არის, ყოველ
შემთხვევაში, ასე ამბობს თვითონ, მაგრამ გაზეთში კი მუშაობს და ყოველთვის
ჩვენს გევრდით ზის.
ისე კი, არ იფიქროთ, რომ ამ კალათბურთის ტურებზე გავიცანი. არა, კობახას ასი
წელიწადია ვიცნობ. შეიძლება ითქვას, არც მახსოვს, როდიდან ვიცნობ.
ერთად ვყოფილვართ ბევრგან და ბევრჯერ.
ჰოდა, კობახაა მაგათი ოსტატი.
იმას, რასაც ჩვენ ვერ შევკადრებთ, კობახა შეკადრებს. იმიტომ კი არა, რომ
უზრდელია. უბრალოდ, ისე შეუძლია გააღადავოს ვინმე, რომ ის ვინმე ვერც
მიხვდეს. პარკელ სპეციალისტებთან საუბარი კი დიდი ხიბლია...
მათ რკინის არგუმენტები აქვთ.
- პატარა მიშა არ მოგწონს? რომელი სოფლიდან ჩამოხვედი?
ან,
- შვილო, აი, ამ სექტორში ვარ დაბადებული და გაზრდილი და რა უნდა მასწავლო?
კალათბურთი უნდა მასწავლო თუ ფეხბურთი?
საერთოდ, ეგეთ ხალხთან ძნელია ლაპარაკი.
აი, ვთქვათ რაღაც დაწერე. მოვლენ და გეუბნებიან, მამის ტოლი ხალხი:
- ნიჟარაძეზე ეგ რამ დაგაწერინა? ნიჟარაძემ დაგლიჯა დაცვაში და შენ დაწერე,
პაწიორკაში არ უნდა დაეყენებინაო.
გგონიათ იციან დაცვა რა არის? არა. ალაყებენ ამ პატარა ბიჭებს, და იმათ მამებს:
„გენიალური შვილი გყავს, ძმაო, მიხედე და ენბეაში დავსვამ“. ენბეა ხომ
გაგიგონიათ. დიახაც, აი, ასეთ ეშელონს ებრძვის კობახა, თან ძალიან კარგად.
იმ დღესაც თამაში იყო. „დინამო“ თამაშობდა ლიდერთან და ვიცოდი,
აუცილებლად მოვიდოდა.
„დინამო“, გულის ფიცარზეა ამოჭრილი, იტყოდა ხოლმე. მეც „დინამოს“ მხარეს
ვარ ყოველთვის და ყველგან, მაგრამ ნაწერში ხომ არ გამოვაჩენ? მოიგებენ,
იცოცხლე, მაგრამ რომ წააგონ?
გასახდელის ტრიბუნაზე ვისხედით, ერთი ექვსი კაცი, და დავინახე, როგორ
შემოვიდა საპირისპირო მხრიდან. იქიდანვე დაგვინახა და ხელი ამიწია. ყველას
გაეხარდა, რომ მოვიდა. რატომღაც ასე მგონია, იმიტომ, რომ ყველამ რაღაც თქვა.
დილიდან აუტსაიდერების თამაში იყო, ვიჯექი და სტატისტიკას ვაკეთებდი და
ეს ბოლო, „დინამოს“ თამაში, ოთხზე იწყებოდა.
- სალამი, ბრატან! გამარჯობათ, - ჩემს გვერდით დაჯდა, - რა ხდება?
- არაფერი, - ვუთხარი მე.
- ვიგებთ?
- ვიგებთ, ალბათ.
- სულ წაგებულები არ ვართ?
„დიანმომ“ მართლა წააგო და შუქიც გამოირთო შუა თამაშის დროს და
ყველაფერიც ისე იყო, როგორც წესი და რიგია, ვისხედით და ვხითხითებდით
რაღაცეებზე, ზოგი რას ყვებოდა, ზოგი რას, მაგრამ საერთოდ, რატომ მოვიგონე ეს

ამბავი?
დაწყებამდე ცოტა ხნით ადრე ბორია მოვიდა და ჩვენ წინ დაჯდა, რა თქმა უნდა,
ნაზირ-ვეზირებიც ახლდნენ. ბორია ისეთი კაცია, უყვარს, რომ უსმენენ, ამიტომ,
თანმხლები პირები სჭირდება. თანაც ბორიას ახალგაზრდების შორიახლოს უყვარს
ყოფნა, ვინაიდან მათაც სჭირდებათ მისი აზრები კალათბურთის რაობაზე.
საზოგადოდ, ბორია მეტად კეთილი და ნაკითხი კაცია. მან მთელი ძალა და
ენერგია ამ დარბაზის მიდამოებში ჯდომასა და აზრების განვრცობას მოანდომა.
იცით, ვინ არის ბორია?
ნომერი პირველი გულშემატკივარი. ნომერი პირველი სპეციალისტი, ნომერი
პირველი პრომოუტერი და სელექციონერი. თუმცა ამას არავინ აღიარებს, რა თქმა
უნდა, პროფესიონალებს შორის. ამიტომ ბორია ვერ იტანს პროფესიონალებს.
განსაკუთრებით სახელგავარდნილ მწვრთნელებს და ადმინისტრატორებს.
უამრავი რამ იცის მათი ცხოვრების და საქმიანობის უნამუსო მხარეების შესახებ
და მათ არარაობად თვლის. მისი მოღვაწეობა სპორტში, ძალიან ჰგავს
ექსტრასენსების მოღვაწეობას სამკურნალო სფეროში. ისევე, როგორც ექიმები ვერ
იტანენ ექსტარასენსებს და ექსტარენსები დასცინიან ექიმებს, ბორიაც დასცინის
მწვრთნელებს. იყო დრო, როდესაც ბორიას სიტყვა ეთქმოდა მწვრთნელებშიც.
მერე ყველაფერი შეიცვალა.
სხვაფრივ, ბორია საუცხოო კაცია. ახალგზარდა სპორტსმენებზე გადაყოლილი და
მამასაცით მზრუნველი, მაგრა, მწვრთნელებს არ უყვართ, როცა ბორია ბავშვზე
ზრუნავას დაიწყებს. გააფუჭებსო, ამბობენ. ბორიას კი მეტი რა უნდა - ის
სილამაზეს ითხოვს. უნდა, რომ ბიჭი ლამაზი, ტექნიკური და იმპროვიზატორი
იყოს.
ჰოდა, მოვიდა ბორია და დაჯდა.
ჩვენ სალამი ვთქვით, მანაც.
აქეთ-იქეთ ნაცნობებიც წამოიშალნენ:
- როგორ ხარ ბორია? - ბორია მალე სამოცდათორმეტისა გახდება.
- ბევრი არ არის ჩემზე კარგად ვერაზე. გაბუნია ხომ არ გინახავთ?
- რას იტყვი, ბორია? - რა თქმა უნდა, ყველას აინტერესებს, რას იტყვის ბორია.
- ერთი გუნდის სანახავად მოვედი, - თქვა ბორიამ და ქურთუკი გაიხსნა - ერთი
გუნდის, რომელსაც ჰყავს ერთი იგროკი, რომელიც მოიგებს. მეორე გუნდი არ არის,
არც პირველი გუნდია გუნდი, მაგრამ გყავს იგროკი.
- „დინამო“ მოიგებს, - ჩაურთო ზაზამ, განგებ, რა თქმა უნდა.
ბორიამ ისეთი გადმოხედა, რომ... დაცინვით და კიდევ, მიმტევებლურად.
- ოცდახუთი წელია „დინამო” არ არსებობს, - თქვა მკაცრად - იყვნენ იგროკები,
გუნდი არ იყო. საქართველოში მწვრთნელი არ არის. ოცდახუთი წელია.
- ჯემო არ არის მწვრთნელი, ძია ბორია?
- ჯემომ მოკლა ის, რაც ჩვენ გვიყვარდა, ისე, როგორც იმან მოკლა ის, რაც ჩვენ
გვიყვარდა.
- რა გვიყვარდა? - არ მოეშვა ზაზა.
- ქართული ფეხბურთი და ქართული კალათბურთი. - ჩამოქნა ბორიამ,
ძველმოდური სათვალე ამოიღო და დაორთქლა.
- არ ესმის კალათბურთი?
- არა. არ ესმის. რაღაცეები იცის და არ ესმის. თაზო, შვილო, რომელზე იწყება?

- ოთხზე.
ბორიამ სიგარეტი ამოიღო, ყველას ჩამოგვირიგა და მოუკიდა.
- ფენომენალური ბიჭია დუბლებში, - თქვა ისე, როგორც იცოდა ხოლმე -
ფენომენალური. არ აყენებს. შევუთვალე, დააყენე-მეთქი და, ფიზიკურად არის
სუსტიო. თუ არ ავარჯიშებ, სუსტი იქნება, მა რა? ეგ არ ავარჯიშებს.
- რა გვარია? - ჰკითხა წიწილამ.
- ქურდიანი, ქურდიანი. ალეკო ქურდიანი, - სათვალე მოიხსნა ბორიამ - გაიოზა
გამახსენა. ქუსლით აუკენწლა ბიჭო ვარჯიშზე... მერე რივოკი, მიგივით არა
პირდაპირ. იმან სუსტიაო, ვერ დავაყენებ ჯერო. ექვს თვეში გააფუჭებენ და მერე
გადაუგდებენ წყალტუბოს და თერჯოლას. თექვსმეტი წლის ბავშვია, მაგას ახლა
უნდა ფუტბოლი, თორე ოცდაექვსი წლისა ჟორა სიჭინავა წავიდა.
- ჩვიდმეტი წლის მარადონა არ დააყენა მენოტიმ - გაუცინა ზაზამ, - ფეოლამ პელე
არ დააყენა, თავიდან.
- ორივემ მიქარა, - სიგარეტი ასწია ბორიამ და ზაზას გაუღიმა, - შენ ნუ
შემომიჩნდები ხოლმე... მარადონა არ ყოფილიყო იმ ორტისების და ალონსოების
მაგივრად, წააგებდნენ? ან ფეოლას ეყენა პეპე, დიდა და ვიღაცა, სად პელე, გარინჩა
და ვავა, სად პეპე მაცოლა და დინო. მიქარა. მერე ამას მიდარებ, ამ ნეუჩს მენოტის
და სალდანიას მიდარებ?
„ამას მიდარებ“ ძალიან უყვარს ძია ბორიას.
- ყველაფერი შეფარდებითია, - თქვა ზაზამ, - მარადონას და ქურდიანს ვადარებთ?
- მისმინე, - მოთმინება დაელია ბორიას - სლავა რომ არ მიიღეს აქ, ლამის შენხელა
ბიჭი ვიყავი და კარდაკარ დავდიოდი, ვის აგდებთ-მეთქი. არავინ მომისმინა.
დაივოლასთან მივედი და გაშალა ხელები. შენხელა ბიჭი ვიყავი და მერე ისევ
ჩამოსაყვანი გაუხდათ. არავის არ უთქვამს, ბორია ფერაძე ამბობდაო.
- მარადონაც... - დაიწყო ზაზამ და ბორისმა დასჭექა თავისებურად, ხმამაღლა და
შემართებით:
- სლავას მიდარებ, მარადონას? სიტუაცია იცი?
და აქ ჩამოწვა უხერხული სიჩუმე. ვინაიდან, პუბლიკა დაიბნა და დაიბნენ ბორიას
ნაზირ-ვეზირებიც.
სიცილი მეტად უხერხული რამ იქნებოდა ამ შემთხვევაში. ბორიაც მიხვდა, რომ
ეს რაღაც ისეთი წამოსცდა, რასაც მისი ნაზირ-ვეზირები ვიწრო წრეში დიახაც არ
მიაქცევდნენ ყურადღებას, მაგრამ, გარშემო ერთი ოცი კაცი მაინც იყო და
გამოსავალი უნდა მოეძებნა.
- ბიჭო, - დაიწყო ღიმილით, - მე იმას კი არ გეუბნები, რომ... - და ისევ გაიცინა -
მარადონა პირველი კაცია, შენ გგონია, მე ეგ შემეშლება? მე გეუბნები, რომ
საქართველოში ტრენერი არ არის და შენ მეუნები, რომ არგენტინაში ბევრი
ტრენერია. შევთანხმდით?
და ხელი გაუწოდა ზაზას. ამანაც ჩამოართვა და უკვე შემადგენლობების
გამოცხადება დაიწყეს.
ნამდვილი იყო, მაგრამ ზაზაც მაგარია, მხოლოდ მას შეუძლია ასეთი რამ
ათქმევინოს კაცს. მერე ბევრს ვიცინოდით ასეთი შემთხვევების გამო.
ბორიასაც თითქოს სიამოვნებდა მისი ნახვა, მაგრამ ყოველთვის ერთგვარი
სიმწრით იკითხავდა:
- სად არის ჩვენი პროფესორი?

ზაზას აინტერესებდა ბორია. არ ვიცი რატომ. ამაზე არ დავფიქრებულვარ. თუმცა,
რაღაცით კიდეც ჰგვანან ერთმანეთს. რაღაცით. ორივეს რაღაც უკუღმართი ერია.
ასე იმიტომ მგონია, რომ ერთხელ ზაზამ მითხრა სიცილით:
- პოლკოვნიკო ( პოლკოვნიკს მეძახდა), როგორ ფიქრობ, რომ დავბერდები,
ბორისივით ვიქნები?
არა მგონია-მეთქი, ვუთხარი. ჩვენ ხომ ჩუმ-ჩუმად ვაშაყირებდით ბორიას.
- არა, არა, რაღაც ამნაირი ვიქნები, - დაბეჯითებით გაიმეორა.
მერე ვფიქრობდი ამაზე და მივხვდი, არც მალავდა ამას. ბედნიერი ხარ, რომ
შეგიძლია, თამაშიდან რედაქციაში წახვიდე და მიმოხილვა გამოაცხო, მეუბნებოდა.
განა თვითონ არ შეეძლო? გული არ მიუწევდა. მერე ბიჭები ამბობდნენ, უკვე აღარ
მიუწევდა გული რამის გასაკეთებლადო.
თან თითქოს ერთნაირად ლაპარაკობდნენ, ოღონდ, ბორიას სახელის სიმძიმე
აწვებოდა, ზაზა კი მსუბუქი იყო და ამიტომ გამოდიოდა ისე, რომ ბორიას ნერვები
ღალატობდა, ცუდი ნერვები ჰქონდა და ზაზამ ეს მშვენივრად იცოდა, ალბათ
ძალიან მძიმე კაციაო, ამბობდა. ბორია კი პროფესორს უწოდებდა დაცინვით,
თუმცა, რაღაცეებში თანხმდებოდნენ კიდეც. ბორია აღუიარებელად
დაბერებულიყო, თუმცა ბევრი ეწვალა და რაღაც-რაღაცეები კი გაეკეთებინა
თავისი სიყვარულისთვის. მისი ტრიბუნა მხოლოდ აქ იყო შესამჩნევი და
თვალშეუდგამი, მხოლოდ არაფორმალი იყო, ოფიციოზის მოძულე და მტერი. რომ
ვუკვირდები, ზაზაც ასეთი იყო, ვიღაცეები „არ გაიკაროს“ ეძახდნენ. საკმარისი
იყო, რაიმე ოფიციალური გაჩენილიყო ახლოს, რომ ხასიათი წაუხდებოდა.
ერთხელ თამაშის დროს ჩხუბი არტყდა და ჩვენი სპორტის ერთ-ეღთი მესვეური
მოედანზე გადახტა, რათა ხალხი დაეწყნარებინა. ის რაღაცეებს ყვიროდა და
იმუქრებოდა.
ზაზა წამოხტა და დაიყვირა:
- ამას რა უნდა აქ? წადი რა, შენი კოფე სმალაკომ მერსედესი გარეცხე...
ბორია, რომელიც საერთოდ ჩუმად იჯდა თამაშზე და ყვირილით არასოდეს
ყვიროდა, აქაოდა, ბრბოში არ გავითქვიფოო, დინჯად წამოდგა და შესძახა:
- ადიდასები გაყიდე, უსინდისო?
მაგრამ ის დღე ამით არ დამთავრებულა. შესვენებაზე ბორია მოგვიბრუნდა.
„დინამო” თვრამეტ ქულას აგებდა და მას თვალები უბრწყინავდა:
- გითხარი?
- რა?
- ერთი იგორია-მეთქი.
- მერე?
- მერე ექვსი პერეხვატი, სამი დაფარება, თორმეტი ქულა. მეტი რა გინდა. ჩიტივით
არი.
- სხვას არ ათამაშებს, - გაუცინა ზაზამ.
- ვინ უნდა ათამაშოს, შვილო? - ხელები გაშალა ბორიამ, - ამას ვის გადავეკიდე?
თვითონ არის მთელი გუნდა და ვინ უნდა ათამაშოს? გიმნასტია, ვერ ხედავ?
- ეგეთები ფარმკლუბებში ბერდებიან საბერძნეთში, - თქვა ზაზამ.
- მიქელაძე, - მე მომიბრუნა ბორისი, - ეგ არ დაწერო შენს გაზეთში. ასეთი
სისულელე არ დაწერო, ნომერი ჩაწვება. ტირაჟი დავარდება.
და გახარებული იმით, რომ მოხდენილად თქვა, ბორიამ ხელი მოუთათუნა ზაზას.

- დაუქაჩავენ, - არ დაუთმო ზაზამ, - შეიძლება წააგონ, მაგრამ დაუქაჩავენ. აქ
მარტო „დინამომ“ იცის აფეთქება. ორწუთიანები, კოხტად. აი, ნახავ, ძია ბორის.
- ზონაში ვერ დადგებიან, პერსანალკას ვერ უძლებენ, გუნდი არ არი, ცენტრი არ
არი, ატაკა არ არი, ბორჩალოზე უარესია.
- სამი პერსონალური? თორმეტი ქულა და სამი პერსონალური, - გაახსენდა ზაზას.
- ფეხებზე კიდია და იმიტომ, იცის, გუნდი არ არი, - გაუცინა ბორიამ.
„დინამომ“ დაუქაჩა, მაგრამ ბოლომდე ვერა. ბორიას ფავორიტმა მესამე წუთზე
მეხუთე გოლი მიიღო და გავიდა.
- დაცვა არ იცის, - ჩაურთო ზაზამ.
- დაცვას სწავლა უნდა, - უეცრად დაუთმო ბორიამ და მალე გაირკვა, რატომაც
დაუთმო. - მე ვზრდიდი, აი, იქ, დახურულში ვავარჯიშებდი, ბურთი ხომ
პიანინოსავითაა, ზედ უნდა უკრა თითებით. წაიყვანა, წამართვა, - ხელი ჩაიქნია
მოწყენილმა. - გამორჩეული ბავშვი იყო. შეიძლება ცხრა წლის ბიჭი თორმეტი
წლისებს უგებდეს? წაიყვანა, გააფუჭა. იფრენდა. ვინ ასწავლის დაცვას? ეს?
- დაცვის სწავლა ძნელია, - დაეთანხმა ზაზაც, - ცხოვრებაში დაცვაა მთავარი.
- ჰო, რა, - მოლბა ბორიაც - ბანკი უნდა იყოს, სეიფი და მორჩა.
- ისე, ხო ჰქონდათ აფეთქებები?
- ეგ იცის რა, ოცი წელია მაგას აკეთებს. კაცს ასვენებს და შემოაგდებს.
- მარტო მაგან იცის?
- არავინ არაფერი არ იცის. - მტკიცედ თქვა ბორიამ, - ამ ქვეყანაში არავინ არაფერი
არ იცის ისე, როგორც უნდა იცოდეს. ვინც იცის, იმას არ უჯერებენ. ზოგმა იცის
თითო რაღაც და აწვება ბოლომდე.
აი, რაიმონდ პაულსი იცი?
სიცილი აგვიტყდა;
- ჰო,ჰო, რაიმონდ პაულსი... მაგარია?
- მაგარი ქვაა რიყეში, - შეუთამამდა ზაზა.
- ეგ არი. მაგარი კი არა... გაგებაში არ არი, ერთი რაღაცა აქვს დამუღამებული და
აწვება, გაიგე? ეგრე იყოს „ესესესერი“. შენო, ტრენერის კურსები არ გაქვსო, ის
მეუბნება, შობელძაღლი, გავლილიო. მე, შენ და ამას, - ჩემზე მოათითა,-
ტრენერსკი კურსები გვინდა, თამაში რო წავიკითხოთ? ყიფიანს თორმეტი წლიდან
ვუყურებდი. ეგენი? სალდანიას რა კურსები ჰქონდა? რაში სჭირდება სალდანიას
კურსები? სტანდარტის თამაში ნახეს და დედას ვუტირებთო, გავუდებთო. ერთი
წვერგაუპარსავი კაცია და აუტებს აწვდისო, გერეცზე თქვეს, გაიგე? გერეცზე.
კალცის მერე პირველი კაცი იყო, პრავი კრაიზე. ბიჭებს ვერაფერს უზამენო, ვერ
დაკეტავენო. ბიჭო, ვეუბნები, ეგენი აფსაიტებს აკეთებენ. მთელი ბელგია
აფსაიტით გავიდა ევროპის ჩემპიონატის ფინალში, აფსაიტებით მოუგეს მერე
არგენტინას. მარადონას. არაო, იმან თქვა, - საძულველ სახელებს არ წარმოთქვამს -
ჩტობ, ია ეტავა ბორისა ოკოლო ბაზი ნე ვიდელო... მაგის სადღეგრძელო ვსვათ
ლუდით... არავინ არაფერი არ იცის და არც გიჯერებენ. აფუჭებენ ბავშვებს.
კურსები უნდა თურმე, ბორია ფერაძეს, რომ ბავშვში სპორტსმენი დაინახოს...
ამაზეა ლაპარაკი, შვილო, ზაზა, თორემ მე ცხოვრებაში ერთი დღე არ მიმუშავია
ბოლშევიკებისთვის. ერთი დღე არ მივსულვარ სამსახურში. მე რაც ვიმუშავე, სულ
ბიჭებისთვის, თქვენნაირებისთვის. იმედი მივეცი ოჯახებს და ბორია უზრდელი
და გიჟიაო. მე და შენ რომ ვეცუნდრუკებით ერთმანეთს, გვწყინს?

- არა, - უთხრა ზაზამ.
- იმათ სიტყვას ვერ ეტყვი. მესხი გაუშვეს და მურთაზა გაუშვეს. კაცი არ
გაუცილებიათ წესიერად. წიხლებით აგდებდნენ ყველას...
არა, ჰგავდნენ ერთმანეთს. მართლა ჰგავდნენ. ზაზამაც ასე იცოდა ხოლმე.
- ამას იმიტომ ვამბობ შვილო, - „შვილო“ კარგ ხელქვეითს ნიშნავს ბორიას ენაზე, -
რომ არ დაიჩაგროთ. აი, თაზო სწორად იქცევა. აწვება, მე რა შემიძლო, თან ახლა
სხვა დროა. ჩემს ბავშვობაში, რომ...
დარბაზიდან ერთად გამოვედით.
- კარგად ბიჭებო, შვილებო, - დაგვემშვიდობა ბორია.
- მანქანით ვართ, ბატონო ბორის, - დავდნი მე.
- არა, აგერ, მეგობრები გამიყვანენ, - გაგვიღიმა მან და კიდევ ერთხელ
გადმოგვიწოდა კოლოფი.
- სიგარეტის ყიდვა დამავიწყდა, - მოუბოდიშასავით ზაზამ და ერთი კიდევ
ამოიღო.
ბორიამ მიმტევებლურად გაიღიმა.
გარეთ ხალხი იდგა. საერთოდ ასეა ხოლმე ცენტრალური მატჩების შემდეგ.
მასლაათი მიდიოდა. მოთამაშეებიც გამოდიოდნენ და იყო დიდი
გარჩევა-გამორჩევა. „დინამოს“ ერთ-ერთ მწვრთნელს შევეფეთეთ და ახლა
დაგვიწყო:
- ჩემთან მოუნდება ხოლმე, გუშინ ცხრა ბურთი გამაზა, დღეს ერთი, ჩემი
გაზრდილი მაინც არ იყოს, - ხელები გაშალა.
- საერთოდ ეგრეა, - უთხრა ზაზამ და მანქანისკენ წავედით.
- სახლში აგიყვან, - ვუთხარი მე, - ბენზინი არი, რედაქციის კაზიონნი.
- რა კარგი რედაქცია გაქვთ, აი, მანდ ვიმუშავებდი.
- არც ერთი გოგო არ გვყავს,- მართლა ასეა.
- რად უნდა გოგო ფეხბურთს და რაგბის?
უცებ რაღაც ჩოჩქოლი ატყდა, გაწევ-გამოწევა, გინება.
ხალხი შეჯგუფდა და ვიღაც თავგანწირვით აყვირდა:
- ზურა! ზურა!
კალათბურთელია ეს ზურა გარსუაშვილი.
- გარსო! ზურა!
- ზურა! ზურა!
და ისევ გავარდა. მე თვითონაც დავინახე. ხელში მაკაროვი ეჭირა და ამის ხელი
ერთ შვიდ კაცს, მთელს მის გუნდს ეჭირა და ცისკენ იშვერდა.
- დაგბრიდავ, შენი...
მკვდრისფერი ედო.
- რა ხდება?
- ვიღაცამ უთხრა, „დინამოს“ უნდა მოეგოო, დაუძახა, რა. ამან შეაგინა, იმანაც
შეაგინა და გააძრო...
- ბავშვია რა, ბავშვს უნდა ესროლო?
გეგონება დიდს უნდა ესროლო.
ძლივს ჩატენეს მანქანაში და იქიდანაც ყვიროდა. და ვერელები გამოლაგდნენ ამ
დროს. ზაზა წინ გაიჭრა და თითქოს სურათის გადასაღებად ემზადებოდა, გაიჭიმა.
- გამო აქეთ, - დავუძახეთ.

არც მოუხედია.
ვერელებმა მიიხედ-მოიხედეს. რა თქმა უნდა, „დინამოს“ დაუდგნენ და
სიტუაციის თავისებური განმუხტვა შემოგვთავაზეს. ბაბურა გუნდის მანქანასთან
მივიდა, ჩამოწეულ ფანჯარაში თავი შეყო და რაღაცის ლაპარაკი დაიწყო. ტრაპომ
კიდევ ხალხისთვის განაცხადა ის, რასაც მანქანაში თავშეყოფილი ამბობდა.
-რას ისვრი, ტო? რა შენი საქმეა, ბიჭო, იარაღი? მიდი რა, ბურთი აგორავე...
მერე ავტომატი ზანტად მოიხსნა, თავის მანქანაში შეაგდო და ჩაჯდა.
შემადგენლობაც ჩაჯდა და მანქანა ბირჟიდან გავიდა.
ზაზამ ტაში დაუკრა და ხალხმა სიცილი ატეხა.
- ბორია სად არის, ბორია, - ჩაიცინა ზაზამ და ჩავსხედით.
მრგვალ ბაღთან ამოვიყვანე და მერე საბურთალოსკენ გავაწექი, საწერი მქონდა.

 ვატო

გაუმარჯოს... როგორ ხარ, ზაზა?
მე, აი, ვეფიცხები მზეს, რომელიც არ არის. სკვერში ვზივარ, ასე ვთქვათ. შენ,
გახსოვს, ბიუსტი რომ დადგეს? სკოლას ვამთავრებდი, მეგობარო. პედერასტივით
ხომ არ ვლაპარაკობ?
რა ვიცი, რა ვიცი. აი, ტროსტით დავდივარ, ვსეირნობ, მეგობარო. რას ამოვიჩემე
ეს „მეგობარო“? არა, გადავაგდესავით. ვერ ხედავ, ძლივს დავდივარ, რიგში ვიყავი,
დამადებილეს, ძმაო, დღეში ათ ნემსს მიკეთებენ. ვან ბასტენივით დამემართა.
ვააბშჩე, რა ნარკომანი და რა ფეხბურთელი, ადრე გვიწევს პენსია.
სახლში ვზივარ, მეგობარო... ფილმებს ვუყურებ. არა, ძვლები მაქვს ნაყინივით,
დათბება და დავდნები. ისეთ წამლებზე ვზივარ, რომ სახელის დამახსოვრებას
უნდა ერთი თვე.
ექთანი მოდის, ანუკიც მოვიდა.
მისმინე, ზაზა, ფილმების აზრზე ხარ? „შუგარ ჰილი“ ხო არ გინახია? არსად არ
არის და მირცხულავამ ვნახეო და ჰარლემზეაო. მაგრა ჩავმუღამდი, დღეში ოთხ
ფილმს ვუყურებ, ვწევარ.
შუქი მაქვს, გადმოდი ხოლმე, ჩვენთან ხომ ის არის, მამაჩემი და დედაჩემი
ქვემოთ არიან. დვიჟოკი, ჰო. მე და მამაჩემი ვიყავით. ანუკიმ მერე გაიგო. გადმოდი
ხოლმე, რა, ღამეა, რას აკეთებ? არავის არ ვუშვებ სახლში და აესე გამოვდივარ,
მინუს სოროკ. ვზივარ, დავდივარ, რავი. შოკოლადს ვჭამ ხოლმე, თემურასთან
ვყიდულობ. გინდა, აი, ემენდემსი. მაგრა ასწორებს...
მისმინე, მეგობარო.
„მეგობარო“ რა არის?
რაღაც, პედერასტივით ვლაპარაკობ. ჰა0ჰა, აღარც ვიღადავო? მისმინე, ფილმი
ვნახე, სულ ახალი, მოიცა რა ქვია? ჩტივო. ისა, ფალფ ფიქშნ. რა პონტია და... რავი,
ვინ გადაიღო. ყველაფერზე კაიფობს. აი, ჩვეულებრივი რაც არი, ისეთი, რო ყველა
აზრზეა და კაი პონტად რო ითვლება. ან ცუდად რო ითვლება. აი, ეგეთ პონტებზე
კაიფობს. ვითომ, განგსტერების პონტი და თან მაგარი კაიფი მიდის. აი, როგორი

პონტია, იცი ოჯახური პონტები როა, მეგობარო, რატომ ვამბობ ამ „მეგობარს”. აი,
ტიპს საათი აქვს, ძველი და ყვება, რო ეს ჩვენი საგვარეულო სიწმინდეაო და
განძიო, ხო აზრზე ხარ, ქამარ-ხანჯალი ამერიკულ პონტში. და ყვება, რო, ეს საათი
რო გადაერჩინაო, მამაჩემმა უკან გაიკეთაო, შეიტენაო რა, და ხვრელში მალავდაო,
აზრზე ხარ? აი, ეგეთ საკაიფო პონტებს აწვება, რო კარგი რაც გგონია, საასცილოა
და სიწმინდე რო ამყრალდება ხოლმე? რა. ფილოსოფოსი? მე შენ ზაირა ხომ არ
გგონივარ? ოცდათოთხმეტი წლის კაცი ვარ. ზაირაც, კი, მაგრამ, ზაირამ ხარშვის
მეტი არაფერი... მე დავარქვი ზაირა... შავი როა, იმიტომ. აფრიკის პონტში.
ჰო, ეგეთ რაღაცეებს თხრის, აი, ტიპი თავიდან მკვდარია, მერე ცოცხალია, თურმე
თავიდან მერე მოხდა და მერე თავიდან, კაროჩე, როგორც არის.
ეჰ, მეგობარო.
კარგი, ვიტყვი, მაგრამ საიდან მოდის? დამადებილეს, დედას ვფიცავარ, ამ
წამლებით. მეგობარო რა სიტყვაა? თუ მეგობარია, სახელს დაუძახებ და თუ არ
არის მეგობარი, მეგობარს როგორ დაუძახებ?
ეგრეა, აბა რა, ეს ვისი მანქანა იყო? ვეღარ ვხედავ წესიერად. არა, ტო, სულ არ მცივა,
რეაქცია აქვს ეგეთი.
ჰო, მაგ საათზე გამახსენდა და კარგია, რომ შენ მოგიყვები. მთელი დღეა ვფიქრობ,
ვის მოვუყვე-თქო.
გაბანძება და კაიფი ყველაფერზე შეიძლება, მარა, ბაბუა ხო გიყვარდა? გახსოვს
ბაბუა? ბაბუაჩემიც ხომ გახსოვს? შარშანწინ მოკვდა, რა.
ადრე მაგარი ბაბუები იყვნენ. ახლა რომ ბაბუები არიან, იმათ სჯობიან. ესენი
ძალიან ერთნაირები არიან. გიჟდებიან ბავშვებზე და მორჩა, მეგობ...
კაროჩე, გეტყვი.
მეცხრე კლასში რომ ვიყვაი, ბაბუაჩემმა შემიყვანა თავის ოთახში, ქვემოთ. სულ
იოდის სუნი იდგა მაგის ოთახში და არ შევდიოდი ხოლმე. არც უყვრდა, ვინმე რომ
შედიოდა. შემიყვანა და გააძრო საათი. ოქროსი, ერთი ხუფი, მეორე ხუფი. პაველ
ბურე, ძეწკვით, აი, ბალთავოი, ეგეთი.
და მეუბნება: ესო, ბაბუაჩემმა მაჩუქა, გიმნაზიას რომ ვამთავრებდი და შენ შენს
შვილიშვილს აჩუქეო. ყველას ერთმანეთი გვემახსოვრება ას წელიწადს და ამას
არაფერი ჯობიაო. გამოვართვი, უჯრაში ჩავაგდე.
შლაქსების დრო გახსოვს? შენ პატარა იქნებოდი, ხო გახსოვს. აი, ეგეთი თეთრი
ჯინსები მქონდა, ბოლოში ფოჩებით, ქემელ, აი, სიგარეტს რომ აქლემი ახატია,
ზუსტად ისეთი ჰქონდა ამოქარგული. შევიბამდი ამ პაველ ბურეს ზედ და
დავდიოდი და დავკაიფობდი. მერეც, მივეჩვიე და სულ ჯიბეში მეგდო. მზეზე იყო
მაგარი ლამაზი. ესენი პაველ ბურეს მეძახდნენ. მაგრად დავრბოდი მაშინ.
მორფინისტებს გვეძახდნენ. არ გახსოვს? ნარკომანი, ქეში, კაიფარიკი, ეგეთები არ
იყო, მორფინისტი, მარფინისტი. ერთხელ ერთი ჩანთა პლანი წამოიღეს
ორჯონიკიძედან წანწალამ და გველესიანმა და გზაში რეიდის შეეშინდათ და
გველესიანმა უთხრა, გადი მანქანიდან და ტეკს ტყე-ტყე შემოუარე, მე გავივლი და
გზაზე დაგელოდებიო. ეგრე ქნეს და წანწალა ტყეში შევიდა. შევიდა და ვეღარ
გამოვიდა. მთელი დღე იარა და ბოლოს ხედავს, კარვები გაუშლიათ, ტურისტები
თოხლაობენ კოცონთან და ეგრევე დაეცა. თან ჩანთას არ უშვებს ხელს.
მულტფილმი როა, ქალაქის გზას ვერ მიმასწავლიო, ისე. დაბანეს, აჭამეს და
უფროსთან მიიყვანეს.

ეს კიდევ იმაზე ფიქრობს, გველესიანი სად ვიპოვოო და მაგარი აშლილია.
უფროსმა გამოკითხვა დაუწყო, თქვენ, ალპინისტი ხო არ ბრძანდებითო.
- ალპინისტი კი არა, მარფინისტი ვარ და ტრასაზე გამიყვანეთ, თორემ მთელს
ლაგერს ცეცხლს მივცემო.
და გამოიყვანეს. მაშინ ეგრე იყო, მარფინისტები.
ჰოდა მოკლედ, ამ საათით დავდიოდი, მაგრამ, ვარიანი არ იყო ვინმეს ეთქვა,
პაველ ბურე ჩააზალოგეო. არ იყო მაგის ვარიანტი და ფულიც იყო. მაშინ სხვა დრო
იყო, მეგობარო, ახლა სულ სხვაა. პაველ ბურე, პაველ ბურე.
ჰოდა, მისმინე ზაზა.
წამალში ეგრეა, რო, ყოველთვის ჯობია, შენს კუტოკში იყო. ახლობურში. ზოგი
პირიქით ამბობს, მეგობარო, რომ ჩერეხ, ჩერეზ და ვიღაცეებთან ერთად
უკეთესიაო და გეტყვი, ყოველთვის მარტო ჯობია, მაგრამ მარტო ძნელია.
საერთოდ, რაც ცოტანი ხართ, უკეთესია. დამიჯერე. მერე, ჩვენ, ვაკელებს, ორი რამ
გვაქვს კარგი და ორი რამ გვაქვს ცუდი...
თუმცა, ეგ არაფერ შუაშია, დიდი დრო უნდა.
გველესიანი ხო იცი, იცი, აბა რა. ახლა მოსკოვშია. სუქდება და მშვენდება.
წამლით გასუქებლი კაცი ხო გინაცია? ეგ არის. უკვდავია. მოსკოვშიც
ხუთვარსკვლავიანია, ნაკლები არა. თან ვარჯიშობს, თან ზის. დააგდებს, შეჯდება,
დააგდებს, შეჯდება. ერთობა.
ათი წლის ამბავს გეუბნები. დამირეკა გველესიანმა. ზახოდის ფული მაქვს და
პატივს გცემო. მე ვგრიმიტობდი მაშინ და იმიტომ დამირეკა თორე, წუწურაქია,
სკვაზნოის ურტყამს სიბნელეში პროფესორ ხალხს.
ვიფიქრე, წავედით. წავედით. მარნეულში ჰყავს ბარიგა და სულ იქ დარბოდა.
კაპიკი არა მაქვს. კაპიკი. წავედით, ავიღეთ და მოვდივართ. მე მედო. გველესიანმა
სემიჩკა იყიდა და ვაკნატუნებთ სიცხეში. ვფიქრობთ, დროზე ჩავიდეთ, დროზე
ჩავიდეთ. ჰო, ამას იქვე უნდოდა, გავიკეთეთო და მე გამიტყდა. მეთქი, წყნარად
ჩავიდეთ და გავიკეთოთ.
 და გადასახვევთან დგანან... გველესიანი მეუბნება, ფაქტი, ფაქტი მოვწიო და თან
ერთია ეს ფაქტი და ამხელა გზაზე წამოვედით და ვრჩებით ამოგდებულები. მეთქი,
რა ვქნა და დაგვიქნიეს, ვსმისლე, დააყე მოტორი, მეგობარო...
ამოვიღე ეს ფაქტი და ხელში მიჭირავს. ოღონდ როგორ, გველესიანი აზრზე არ
არი, მუჭში სემიჩკა მაქვს და თან ეს და თითო ცალს ვიგდებ პირში. ვერავინ ვერ
მიხვდება, რომ ხელში მიჭირავს ჩეკი, იმიტომ, რომ იმ ხელიდან სემიჩკას ვჭამ.
გადმოვედით და ეგრევე ძალიან მყრალი ბაზარი წავიდა, თქვეს, მარნეულში
აგიყვანთო და გველესიანს ჩხრეკენ. მე მომხედა და მეც შევხედე, მეთქი, ნუ
გეშინია და ამ მაიორს ველაპარაკები. ველაპარაკე, ველაპარაკე, ვაკნატუნე ეს
სემიჩკა და ვაბოლებ, მანქანის ნაწილებზე დავრბივართ, ამ ტრასაზე შეიძლება
დღეს ისევ ჩამოვიაროთ და ყველა ჯერზე თუ ასე გამიკეთე, რა გამოვა-მეთქი.
მიყურა, მიყურა და მეუბნება: ვიცნობ მე შენისთანებსოო. დღეში ასს ვნახულობ
შენისთანა დამპალსო და იქ პუსტაპუსტას ეუბნება, გაჩხრიკეთო. ვითომ მაგრად
გამიტყდა და გავიქნიე ხელი და გავისროლე სემიჩკა და მაგასთან ერთად ჩეკი. რას
აკეთებთ თქვე უსინდისო ადამიანებო-მეთქო. არ არის ფაქტი და გამოგვიშვეს.
როგორ დავიჯერო, რომ ცხოვრებაში არ გაგიკეთებიაო, ამ მაიორმა მითხრა. აქ
აღარ გნახოთო და გველესიანმაც გაუღიმა, მშვიდობით, მეგობრებო. წამოვედით

და გველესიანი მეუბნება, ყოჩაღ, მეგობარო, შენც როგორ დამალე ფაქტიო. რა
საკაიფოდ მოტეხეო. მეთქი, მოვტეხე კი არა, გადავაგდე. არ დაიჯერა. როდის
გადააგდე. აი, სემიჩკა რომ ვისროლე, მაშინ გადავაგდე-მეთქი და დაიბოღმა. აღარ
იღებს ხმას. მოვდივართ.
 მე ხომ ვიცი, ახვარი, ფიქრობს, რომ მოვუტეხე და მარტო გავიკეთებ. მაგის
პრინციპი რა არის? როგორიც თვითონაა, ისეთი ვგონივარ, გაიგე ზაზა? ჩუმად
აწვება გაზს. ფიქრობს, ეს რა გამიკეთაო. იმას კი არ ფიქრობს, ამას როგორ
გამიკეთებდაო. ეს როგორ გამიკეთაო და ზაზა, მე რატომ ვარ ეგეთი? ძვლები
რატომ დამირბილდა? იმიტომ, რომ ასეთ რაღაცეებს ვერ ვუძლებ. ვეკითხები: გზა
იცი-მეთქი? რა გზა. რა გზა და ქალაქის გზა-მეთქი. უტრასოდ თუ ჩამოხვალ
მარნეულში-მეთქი. და ძნელიაო. მეთქი, წამალი გინდა? და ერთი საათი ვიარეთ.
არც უკითხავს, საიდან აიღებ, როგორ, რატომ. მივედით ისევ მაგის ბარიგასთან და
რა ვქენი, მეგობარო? ამოვიღე ეს ჩემი ორხუფიანი, საგვარეულო და კიდევ ოცი
წუთი ვეხვეწე იმ ვირიშვილ თათარს სამ ენაზე, ორ ჩეკში რომ დაეტოვებინა. მერე
კიდევ ოცი წუთი ვეხვეწე, მეთქი, არ გაყიდო, ერთი კვირაში ამოვალ, ფულს
ამოგიტან-მეთქი. წამოვედით, ისევ ტყე-ტყე, მინდორ-მინდორ. უსინდისო ვიყო,
მეგობარო, მთელი ქართლი შევაჯერე და გავუშვი ბაბუაჩემის ახალგაზრდობა
გველესიანის ვენებში. ჩემზე ლეგენდების მოყოლა დაიწყო. ვილიკიაო, ამბობდა.
მეც გავიკეთე, აბა რა, მემკვიდრეობიდან არაფერი უნდა მრგებოდა?
ვერა, ვეღარ ჩავედი. დაიჭირეს ის ბარიგაც. გველესიანი ტელევიზორში აჩვენეს.
მე გადავაგდე, ისევ შევჯექი და ვეღარ გადავაგდე. ბაბუაჩემიც მოკვდა. ის კიდევ
კაიფობს, ბაბუაჩემის საათი მამაჩემმა შეიტენა და გადაარჩინაო. ხო ვიცი, რო
ილაპარაკებდა, ვატომ წამალი მომიტეხა და ვერაფერი ვუქენიო. მარტო ჯობია
სიარული, მეგობარო...
დღეს საერთოდ აღარ ვილაპარაკებ.
წაიღო რა, ამ „მეგობარომ”...
გავიგე, წინაპრების საათი გაიკვეხა და გადაარჩინაო, მე კიდევ გველესიანის
ბედნიერებას და ძვლების დარბილებას გადავაყოლე.
გადმოდი ხოლმე, კარი? ზაზუჩ...
 ირაკლი

ზაზა რომ სახლში დაგხვდება, იქიდან დროზე ვერ გამოეტევი. თუ დაჯექი და
ფეხი ფეხზე გადაიდე, ხომ მითუმეტეს. საათის ხუთისთვის მივედი. ჩვენთან
ფქვილი დაარიგეს და ქალბატონ მანანას წავუღე. ქალბატონი მანანა ჩემი
სიდედრია, აქედან გამომდინარე, ზაზა ჩემი ცოლისძმაა. თამთა ჩემი ცოლია,
გიგლი-ბიგლი ჩემი შვილი. გიგლი-ბიგლი ხუთი წლისაა და ბევრი ლაპარაკი
უყვარს, როგორც ზაზა ამბობს ხოლმე, ბიძას ჰგავს ყველაფრით, განსაკუთრებით,
ეროვნული დაუმორჩილებლობით.
ეროვნული დაუმორჩილებლობის არ ვიცი, მაგრამ ზაზა დიდი ბურძგლიანი
ვინმეა. ამდენი წელია ვიცნობ და ყოველთვის ვიბნევი მასთან ლაპარაკისას.

იმიტომ კი არა, რომ ცუდად მექცევა, პირიქით, ვგრძნობ, რომ უხარია ჩემთან
ყოფნა, მაგრამ ძალიან უხერხულად ლაპარაკობს. ძალიან. განსაკუთრებით, თუ
ვინმე ოფიციალური, შეჭაღარავებული და ღვაწლმოსილი დაინახა. წესიერად
მხოლოდ მაშინ იქცევა, როცა თავისნაირ მოყიალეს და დაბურძგნულს იპოვის.
ჩემთან შერეული მოქმედებები აქვს, ფერებაში შემოველანძღები ხოლმე.
შვიდ-რვა სახელს მეძახის, რომელთაგან ყველაზე შეჩვეულია „ლოცმანი“.
მას შემდეგ, რაც პარლამენტში ვმუშაობ, ეს ლოცმანი პირდაპირ შუბლზე მომაკრო.
შენო, სამშობლო უნდა შეიყვანო თავისუფლების და აღორძინების ნავსადგურში,
ამიტომ, ლოცმანი ხარო. მწერალი ადამიანის სულის ინჟინერია, საპარლამენტო
მოღვაწე კი ადამიანის სულიერი გემის ლოცმანიაო.
იმ დღესაც, რომ მივედი, მოსაღამოვებული იყო უკვე. ქალბატონი მანანაც შინ იყო.
ლოჯში ისხდნენ, ღუმელთან. ქალბატონი მანანა „რეზონანსის“ განცხადებებს
კითხულობდა, ზაზა, როგორც თვითონ თქვა, ანა კარენინას, ოღონდ ბოლოდან,
რადგან ბოლოდან რომ კითხულობ თურმე, უფრო კარგად მთავრდება.
- ახლა იტყვის, - თქვა ზაზამ, - „ქალბატონო მანანა, აი, თქვენი წილი მუგუზალი“.
ბამბანერკებს როდის მოიტანენ პოლიტიკურ მოღვაწეთათვის?
გავუცინე.
- რა უბედურებაა ეს „ქალბატონი მანანა“? მერე მე რაღა დავუძახო, არ ვიცი. არა,
ქალბატონო მანანა?
- ენა გააჩუმე, - გაუწყრა ქალბატონი მანანა, - შენსავით კი არ არის, მუშაობს.
- აბა, მე რას ვაკეთებ?
- ჩაი გინდა, იკა? - მე მომიბრუნდა ქალბატონი მანანა.
- უნდა, როგორ არა, აქედან თათბირზე მიდის, კახური ღვინის გრადუსის ზრდა
უნდა გადაწყვიტონ.
- თქვენ ნუ ილანძღებით, იმ თქვენს გაზეთში, - მივუგე მე.
- მართალი ხარ, მყრალი რამეები წერია. კიდევ კარგი, მეც არ ვწერ რაღაცეებს, - და
მერე უცებ გამოცოცხლდა, - მისმინე, დაივიწყე?
- ვინ?
- ე, ხომ გთხოვე დაივიწყე-მეთქი.
- ვინ?
- დავით აღმაშენებელი. ნიკოფსიიდან დარუბანდამდე და ოვსეთიდან არეგაწამდე
და ასე შემდეგ...
- მეტი რაღა დავივიწყო?
- სისულელეებს ნუ ლაპარაკობ, - გააფრთხილა ქალბატონმა მანანამ.
- ეგრე არა. მიხვდი, რომ აღარ იქნება. თქვი, რომ სისულელეა. არ იოცნებო, ნეტავ
იმას დავემსგავსო-თქო.
- რას შემომიჩნდი?
- მისმინე. მერიაში ხომ გყავს ნაცნობები?
- როგორ არა.
- ქუჩების გადარქმევა ვის ეხება?
- ეხება, ალბათ ვინმეს. რა იყო?
- წინადადება მაქვს. „დ. აღმაშენებლის გამზირს“ ეწოდოს „დაღმაშენებლის
გამზირი“...
- რა ხუმრობაა? - იკითხა ქალბატონმა მანანამ.

- რა ხუმრობაა და რვაასი წლის წინ საქმე ისე ააწყო, რომ დღესაც იმის მოსვლას
ველოდებით.
- ნუ სულელობ, ერთი, - ჩაიდანი გადმოდგა ჩემმა სიდედრმა.
- რას ნუ ვსულელობ, ამ ლოცმანის მეგობრები გამოდიან ტელევიზორში და
ამბობენ, ჩვენი საყვარელი პოლიტიკოსები არიან დავით აღმაშენებელი და
სტალინიო. სტალინს ესენი ვერ დაივიწყებენ და დავით აღმაშენებელი მაინც
დაივიწყონ. დაანებონ საფლავში, დაადგან ფეხი, როგორც თვითონ დაიბარა. ხომ
დაიბარა, დამადგით ფეხიო? დაადგით, რამე ახალი მოიგონეთ.
- მე რას მეუბნები? - გავბრაზდი უცებ, - რა გავაკეთო?
- ფქვილი მოგვიტანე ხოლმე... ჩვენს კორექტორს ხუთი კვერცხი მისცეს
სამსახურში და მეტროში გაუტყდა.
რაღას ურიგებთ, თუ სახლამდე ვერ მიიტანა? - ახლა მე მივაწექი.
- იცი, საერთოდ რა ხდება? რა ამბავია შიგნით, ერთი დაგანახა.
- ლტოლვილი მაინც ვიყო, -თქვა უცებ, - აზრი ექნება ჩემს ცხოვრებას.
- თუ ძმა ხარ, რას დარბოდი მიტინგებზე? ვერ აცალეთ?
- „გვაცალეთ“, არ გამაგონო. მაგ გვაცალეთმა დააქცია ქვეყანა. რა უნდა გვეცლია?
სანამ სანგრებში არ ჩაგვაწვენდნენ? გამოხვიდოდი მერე, რაჟდიონნი ჩიტვიორტავა
იულია. მაინც ივლისში ხარ დაბადებული.
- მაინც ხომ ჩაწექით?
- მაშინ სოღანლუღთან ჩავწვებოდით, ახლა კიდევ ცოტა შორს მაინც მოხვდა.
- რას მეკამათები? ვერ გავიგე.
- სიმშვიდე არ გინდა? რატომ მიდის შუქი? ბავშვები დაიყინნენ. გიგლი-ბიგლი
ამბობს, მულტფილმები მინდაო, სად არის მულტფილმები?
- თუ ძმა ხარ, არ იცი სად ცხოვრობ?
- ახლა არ თქვა, მიღწეულია შედარებით სტაბილიზაციაო, თორემ გავგიჟდები.
- არ არის?
- კი, როგორ არა, დღეს სადაც მივედი, ყველგან სროლა იყო. არიზონაა? ხაროში,
პლახოი, ზლოია?
- აღარ იქნება. ნახავ.
ერთხანს ხმა არ ამოუღია, ჩაის მიუჯდა.
- შენ რომ იყო, რას იზამდი, გნახავდი ერთი/
- მე რატომ უნდა ვიყო?
- შენ ხარ ნომერ პირველი მხვრეტელი და დიქტატორი.
- ჯერ ეს ერთი, არ ვიქნებოდი და მეორეც, მართლა მივაყენებდი ბევრს, ვინც ვერ
დაივიწყებდა.
ძალიან გამეხარდა, ასე რომ თქვა, ვიფიქრე, ახლა მოისვენებს-მეთქი, მაგრამ არა.
- რა სისულელე მათქმევინე? არავის არ დავხვრეტ. უბრალოდ დავივიწყებ. მაგას
რა უნდა, ფული მორჩა.
- მორჩი ამ სულელურ ლაპარაკს, - ჩაერია ქალბატონი მანანა, - რამდენი ხანია
გთხოვე, გოჩას მეორე ხაზი გადმოაყვანინე-მეთქი.
- რად გვინდა მეორე ხაზი?
- ჩვენი ცუდი ხაზია, ნელიმ მითხრა, გოჩა გაგიკეთებსო.
- მერე მთელი საღამო უნდა დავუჯდე იმ შენს გოჩას და ვასვა არაყი. მაგის თავი
მაქვს ახლა?

- და ისე აჩუქე ეგ არაყო. აბა, მე ხომ არ ვეტყვი?
- არ შეიძლება. ეწყინება, ხელოსანი ხომ არ ვარო, იფიქრებს.
- აბა, ვერ გადმოგვიყვანია.
- რა ვქნა? რომ არ სვამდეს და სულელური ლაპარაკი რომ არ იცოდეს, ვთხოვდი.
შენი სიძესავით ჩაიზე კი ვერ გადაატარებ. დაჯდება და აღარ წავა ღამის ოთხ
საათამდე. ისეთ სისულელეებს ლაპარაკობს. რასპრედვალებზე და პორშინებზე და
კალოდკებზე და სვეჩებზე და ცალფა პარპპრიზებზე და კაროჩე...
პოეტი მაინც იყოს.
- რატომ?
- პოეტები მალე თვრებიან. მგზნებარებით ეფერფლებათ გულები.
- შენ რომ კაცმა გისმინოს, მეორე ხაზი ვერ გადმოგვიყვანია.
- მერე ივლის კვირაში ოთხჯერ, ვითომ შესამოწმებლად. მე რა, შენ იკითხე,
ჩამოუჯექი ხოლმე. ასვი არაყი და გექნება.
- შენ რომ კაცმა გისმონოს, არაფერი არ შეიძლება და არაფერი არ გამოვა. მე
დავურეკავ, - თქვა ქალბატონმა მანანამ.
- დაურეკე.
- ცოლი უნდა შერთოთ, ქალბატონო მანანა და ის დარეკავს, - ვიხუმრე მე.
- ცოლი არა, - გაეცინა ზაზას, - ცოლიღა გვაკლია.
- რატომ ვითომ?
- ცოლის შერთვას, სარდაფი გავყიდოთ ხუთას დოლარად, - თქვა ზაზამ - სარდაფი
გავყიდოთ და „აიეტი“ დავიყენოთ.
- რად გინდა ეს „აიეტი?
- მსოფლიო შენს ოჯახში, - შესცინა ზაზამ, - თორმეტი არხი. ფეხბურთი,
ყველაფერი. აი, ამათ აქვთ საბურთალოზე მეშვიდე არხი, მაგრამ ჩვენ ვინ მოგვცა
იმის ბედნიერება, რომ საბურთალოელები ვიყოთ?
- „აიეტი“... - ჩაილაპარაკა ქალბატონმა მანანამ და წამოდგა, - სარდაფი არ გინდა?
- აი, რა შავ ქვად მინდა სარდაფი, ბებიაჩემის შირმა გვიდგას და ჟურნალი
„აგანიოკი“ გვიწყვია 1947 წლიდან 1965 წლამდე.
- გადავყაროთ?
- ამოვიტანოთ, ბატონო და აქ გვქონდეს. მტვრით დაფიფქული წარსული. რა
ჯობია? პარიზი გაგვახსენდება... სანკ-პეტერბურგი... ძია სტალინი, გორის ციხე და
ჭადარი რომ ჭადარს ელაპარაკება.
წამოვდექი. წასვლის დრო იყო, უკან უნდა მივბრუნებულიყავი.
- რომელი საათია?
- შვიდი.
- პარლამენტში მიდიხარ? - მკითხა ზაზამ - მეც გავიგულავებ უბნის მიბნელებულ
აპარტამენტებში. დაივიწყე, გესმის? და შორს წახვალ.
- შენ თვითონ დაივიწყე.
- მე დავივიწყე, მაგრამ ყველამ ერთად თუ არ დავივიწყეთ, არაფერი არ გამოვა.
- კარგი, კარგი, - ხელი მოვუთათუნე მე.
- როდის მოგვიყვან გოგლი-ბიგლის? - მკითხა ქალბატონმა მანანამ, - ვეღარ
გამოვედი.
- შაბათს, ან არ ვიცი, თათიამ უფრო იცის, - კარში ვიდექი უკვე.
- ტანზანიაში არ შეალოცმანო სამშობლოს გემი, - გამომძახა ზაზამ.

 სოსო

გარაჟთან ვიდექით. იმან, ჰო, გოჩამ ცეცხლი დაანთო და თან ვთბებოდით, თან
ვეწეოდით. ზაზამ რომ გამოიარა, უკვე ბნელოდა და ციოდა კიდეც. ვფიქრობდი,
დროა უკვე-მეთქი, მაგრამ ესენი რაღაცას აკეთებდნენ და გოჩა ამბობდა, სანამ
სინათლე არ წასულა, უნდა მოვითავოო. ერთი სომეხი იყო მოსული, ლოვიკა, და
რაღაც მავთულებს ალაგებდნენ მანქანაში. მე მანქანის არაფერი გამეგება, არც
რიგლის ( რიგლი ჩვენი უბნელია, ბავშვობაში ჟუვაჩკა ერქვა, ახლა რიგლის
ვეძახით), ისე ვიდექი ცეცხლთან.
- ვთბებით? - ცეცხლთან ჩაიმუხლა ზაზა.
- ვბერდებით, - თქვა რიგლიმ.
- რა ხდება უბანში?
- არაფერი არ ხდება.
- ახლა გამოგვრთავენ, თხუთმეტ წუთში.
- როდის ჩაგვრთავენ?
- არასოდეს არ ჩაგვრთავენ, - სულ ეგრე ვიქნებით გამორთულები.
ინდიელებივით შემოვუსხედით ცეცხლს, ვხითხითებდით და შიგნიდან ლოვიკას
ღიღინი გვესმოდა.
- ასვლა უნდა და აღარ გამოგვრთავენ. ან ასხვლა უნდა და ჩაგვრთავენ, - აღნიშნა
რიგლიმ.
- შენი ფიდერის ნომერი უნდა იცოდე. ფალიაშვილზე ეგრე აკეთებენ. ფულს
აკრეფენ და ადიან. ან სასმელი მიაქვთ.
- ჰო, მაგრამ მაგათ ტრანსფორმატორი დაეწვათ და ახლა იმის ფულს აგროვებენ.
- ჩვენ ყველას დაგვეწვა ტრანსფორმატორი, ბოზი ვიყო, - თქვა ისევ რიგლიმ,-
გაგვიდეს ბაირამ დუდუკში.
- მისმინე, - უთხრა ზაზამ, - ეს ფაზები რა პონტია, აი, სხვა ფაზაზე გადასვლა.
- რეზერვია რა, ქობულეთის ქუჩის ხაზს შემოიყვანენ და თუ არ წავა და იქ იქნება,
გადართავენ და შენ გექნება.
- ქობულეთს?
- ქობულეთსაც.
- თუ კაიფობ, რაებზე ვბაზრობთ,- ძალიან ცუდ ხასიათზე დავდექი.
- ჯერ სადა ხარ, - გაეხარდა ზაზას - დაგვახევენ ყურებს. გაისად სურათი
გადავიღოთ, ანეკდოტი იცი?
- არა...
- ვინც წელს გადავრჩებით, გაისად სურათი გადავიღოთ და
„საქართველო“ დავაწეროთ...
- ბიჭო, სოსო, მომეხმარე რა? - გადმომძახა გოჩამ.
- რა უნდა? - მკითხა რიგლიმ.
- რა ვიცი, - წამოვდექი და გარაჟში შევედი.
- გოჩა, - დაიძახა ზაზამ, - გოჩა, როგორა ხარ, გოჩა?
- ბოზურად, - მაზუთიანი ხელები დაანახა იმან.

- რათა, ძმაო, შუქი გვაქვს და მანქანა.
- მანქანა. მამაჩემის ნაქონია და ვერ ვყიდი თორე, ეს რა გარაჟში შემოსასვლელია, -
თქვა გოჩამ, - დედაჩემსაც გული გაუსკდება, რომ გავყიდო.
- შენა, რიგლი, - როგორ უნდა გავაკეთო ეგ ფაზა?
- ქობულეთიდან უნდა გადმოჭიმო მავთული.
- რა? რობინ ჰუდი ვარ? სხვანაირად არ გამოვა?
- სხვანაირად... ჩვენი სახლის სხვა ფაზაზე უნდა გადახვიდე... სადარბაზოში რომ
ყუთია, შენ სართულზე, ის უნდა გახსნა და...
- სტოპ, სტოპ, სტოპ, ხელახლა, - ხელები გაშალა ზაზამ, - ვერ დავიმახსოვრებ.
- სადარბაზოში... - დაიწყო ისევ რიგლიმ.
- არ მინდა, მაინც ვერ გავაკეთებ, სოსო! საათი არა გაქვს?
- რვა, - ვთქვი და დაბარებულივით
წკაპ!
გამოგვირთეს.
- ფუი, შენი, - შეიგინა გოჩამ.
- ტუტ რებიატა, ვარიანტი არ არის, - თქვა ლოვიკამ, - ტუტ ნახე, ყველა გამორთეს.
უნდა გაყიდო ყველაფერი და ვ ლოს ანჟელეს.
- ნიცაში, ნიცაში ჯობია, - გამოცოცხლდა ზაზა.
- არა, ლოს ანჟელეს.
- ამას იქ უნდა, ბიძა ეყოლება, - ვთქვი მე.
- როდსტვენნიკი იესწ?
- სომხები ბევრნი არიან.
- სიგარეტი არა გაქვთ? გამითავდა, - ითხოვა ზაზამ.
მივეცი და გოჩამაც თქვა:
- ვსო, ვკეტავ.
- მასწავლეთ რა, ფაზა? - ითხოვა ისევ ზაზამ.
- შენით მაინც ვერ გააკეთებ, - უთხრა გოჩამ, - დამირეკე და გადმოვალ, ან აგე,
რიგლის დაურეკე, ოღონდ სინათლე რომ იქნება, მაშინ.
- არაყი ჩემზეა, - გაეხარდა ზაზას.
არც გაახსენდებოდა ეს ფაზა ათი წუთის შემდეგ.
- სად წაიღე ეს ბოქლომი?
- წავალ, ჯანგოს ჩამოვიყვან, ისეირნოს, - თქვა რიგლიმ.
- სიბნელეში რატომ გამოგყავს, შეგვიანებული მგზავრებით რომ გააძღო? - ჰკითხა
ზაზამ და ყველამ გავიცინეთ.
ძალიან ბნელოდა, ნაკვერჩხლებს გვაკარი ფეხი და სახლში წავედი. არც მინახავს
ასეთი შავი ცა. ნაღდი შავი, არც მთვარე, არც ცოტათი მაინც განსხვავებული
ტონები. შავი. ერთი ფერის იყო ცა და მიწა. არაფერი არ ჩანდა.
 მამუკა

 ვართ რა, როგორც აკაციები, ეკლებით და, შენთან ერთად, ამიგო, დათუშკი, ნუ

გეშინია, რო, მე, ისე გავაკეთებ ყველაფერს, როგორც შენ გაგეხარდება და ჩვენ რო
ორივეს გაგვეხარდებოდა, ეგრე ვფიქრობდი და რა არი, რო, ამ ამღებს ვეუბნები,
მეთქი, ახლა ჩიტი გამოფრინდებააა და შუბლზე მოგაფრინდებაა თუ ისე არ
გააკეთებ, როგორც მამუკა გეუბნება და რეკა და რეკა და რეკა, ხან რა უთხრეს, ხან
რა მითხრა და კაროჩე, მაგის პოვნის ვარიანტი აღარ მაქვსო, მეუბნება, გინდა
დამბრიდე და რაც გინდა ის მიქენიო. იცოდა, რომ არ დავბრიდავდი იმიტომ, რომ
ზაცეპკა იყო და მეც სულელი ხომ არა ვარ რო, დავბრიდო და მორჩა-მეთქი,
მივუშვირე და ვეუბნები, ადრე, წამო აბაზანაში, ცოტათი უნდა გაგაგრილო-მეთქი,
მაგრად მოვიფიქრე, რომ არ გონებოდა, ეს არი და თავს დამანებებსო და შევუშვი
დუშში. ცოტათი აზრზე რომ მოსულიყო და რას მიშვები მამუკ, ხომ ვეძებდიო და
მე რა ვქნაო და მე ბოლომდე მოვუშვი, ერთი კარგად გაცივდი და მერე კიდე
ვილაპარაკოთ, ეგებ კარგად მოძებნო, რომ ბევრი ბაზარ-ვაგზალი აღარ
დაგვიჭირდეს-მეთქი და პირდაპირ აივანზე გავისტუმრე შტირლიცის ბავშვივით,
აბა, კარგად გალურჯდება თუ არა-მეთქი, ძალიან მაინტერესებდა და მოვკვდები,
მამუკ, რას მიკეთებ, მამუკო და ჩავჯექი სავარძელში და მივუშვირე, ნუ გეშინია,
ფიგარო, არ მოკვდები, სიკვდილს რომ დააპირებ, მე თვითონ დაგახლი და იჯდა
ეგრე და სულ ხტოდა და მერე ვეკითხები, ამიგო, აბა, გამოფხიზლდი? და
ვკვდებიო და რამე ხომ არ მოგვიფიქრებია-მეთქი და უცებ არ მეუბნება, შენც
დაგბრიდავენ და მეცო, ისეთ რაღაცას შეუჩნდიო, და ჯანდაბას აქ დავიბრიდები
თუ იქო, რატომ-მეთქი და მე რომ წეღან ვრეკე, რა გგონია, უკვე რაღაცას
მიხვდებოდნენ ვიღაცეები და შენს სახლთან უკვე ზასადა იქნებაო.
მე გადავიხარხარე, ამიგო, ხმამაღლა და გამოთქმით, სულ არ მეხარხარებოდა,
მაგრამ მაინც, ეს ფიგარო ვირიშილი ძალიან შეშინებული იყო და ხომ არ
ვაჩვენებდი, რომ მეც ჩავფიქრდი და ვეუბნები, რამდენ წუთში მოვკვდები?
მთლად ლურჯი იყო და მეუბნება, შემომიშვი სახლში, ჩავიცმევ და გავთებებიო
და მე ვუთხარი, როგორც ზოოპარკში, შენ რომ ჩემთვის რკო არ მოგეტანაო? და
კაროჩე, რკოსაც დამპირდა და ჯაგარსაც და შემოვაგდე და მივაგდე
რეფლექტორთან და მეუბნება, ერთგან დავრეკავ კიდევ და თუ გამოვიდა,
გამოვიდა, თუ არა, გინდა დამბრიდე, გინდა, რაც გინდა ის ქენიო და დარეკა.
დიდხანს ილაპარაკა და რა არი, რო, ამიგო, ჩიტივით გაგიფრინდებაო და მე არ
გამიფრინდა, ამან დიდხანს ილაპარაკა და აქეთური და იქითური და მერე შეუგდო,
მაგარი იყო ნაბოზარი, შეუგდო და შეუგდო ტექნიკურად, გელაო, რამე, დილიდან
ვეძებ და ვერ დავიჭირეო და ისიც, ვინც მეორე ბოლოზე იყო, უყვებოდა რაღაცებს
და მაგრად იჭუკჭუკეს და ბოლოს დაუკიდეს ერთმანეთს და გაეხარდა ამ პირში
აფეთქებულს, მომეშვება მამუკაო და მეუბნება, საღამოს იქნება ერთ პონტში,
ვაკეში, ის ბაითი ვიციო და გასწავლიო, და გამისწორდა მაგრად, მარა, ვეუბნები,
ტო, მე რა, გიორგი სააკაძე ვარ, რომ იქ მარტო ავადგე, ან ვინ გამიღებს, ან ვინ
შემიშვებს, ხო იცი რა მბრედელი ვარ, ვეუბნები, უნდა დავბრიდო ეგ გელა და შენც
ხომ არ დაგბრიდავ, უსინდისოდ მექცევიო და მეთქი, კი არ გექცევი, საქმეს
ვაკეთებ, ბოზო და რაღა გინდაო, თუ მბრიდავ, დამბრიდეო და რად მინდოდა ამის
დაბრედვა.
არა, ამიგო, წამომყვები-მეთქი, იმას გამოიყვან და მერე ნა ვსე ჩეტირე, მაგრად
მჭირდებოდა, დავერიეში იყო, ეტყობოდა, და არაო და არადა შენი მეთქი და
კონდახით წავიმუშავე და ვეუბნები ისევ, ღამე ავალთ, მეთქი ჩამოიყვან და წახვალ

და მიყურა, მიყურა და იმას რო ქონდა იარაღი, ნაღდი მსროლელი იყო იმ წუთში,
მარა, იარაღი ყოველთვის იმას აქვს, ვისაც სჭირდება და დათუში, მეთქი
ყველაფერი იქნება ჰეფი ენდ და ასეც ვუთხარი, მეთქი, ვსო, მოკვდა ბაზარი,
ტერენტი.
დამიძახეთ ტროიცა...
 ნიკუშა

სინათლე არ იყო და ფარანი წამოვიღე, დიდი, ჩინური. არ მიყვარს სიბნელეში
სიარული. უცბად გადავირბინე, ჩვენი სადარბაზოები გვერდიგვერდაა. კაცა
საღამოობით სახლშია და ასეა, რაც თავი მახსოვს, ვიღაცეები მაინც სხედან მასთან.
სიბნელეშიც, სინათლეშიც, ზაფხულშიც და შემოდგომაზეც. ნანა და ბავშვები
დაწვნენ და ერთხანს მეც მივწექი ბნელში, მაგრამ მერე ავდექი, ფარანი ავიღე და
გადავედი. შარშან კინაღამ ორმოში ჩავვარდი ბოილერის უკან და იმის შემდეგ ასე
ვარ.
მოვდიოდი და ვფიქრობდი: „როდის მივეჩვევი?“
და რას ვხედავ: კიბეზე, კუთხეში ვირთხა არ მიყუჟულა? ის იყო საომრად
მოვემზადე, რომ მივხვდი, ავად იყო. თითქოს დამალვა უნდოდა. კარგი ნასუქი კი
იყო, ვირიშვილი, რაღაცნაირად გაბუმბული.
ბრრრ, გული კინაღამ გამისკდა.
ორი საფეხური ავირბინე და დავაკაკუნე.
კახას ოთახში სიგარეტის სუნი იდგა. მთლად გაბუღული იყო იქაურობა. ორი
ლამპა ედგათ, სავარძლები გადაწოლილიყვნენ და ლაპარაკობდნენ ასე,
ნაწყვეტ-ნაწყვეტ.
სამნი იყვნენ: თვითონ კახა, თავისი ორმეტრიანი მუნდშტუკით, ზაზა და ერთი
ქვემოდან, ფალიაშვილელი, რომელსაც მალხაზა ერქვა, მაგრამ კორლეონეს
ეძახდნენ ჩახლეჩილი ხმის გამო.
-ნიკუშ, დაჯე, - მითხრა კაცამ, - ხედავ რას გვიშვრებიან?
- ბავშვები როგორ არიან? - მკითხა ზაზამ.
- ვირთხაა სადარბაზოში, კიბეზე ზის, - ვთქვი ახალი ამბავი.
- ერთი მაგის დედაც... - ხელი ჩაიქნია კახამ.
- სვაბოდას მაინც მოვუსმინოთ, - ითხოვა მალხაზამ, რამეს იტყვიან.
- ეგენი ამბობდნენ ოცი წლის წინ. როცა ამბობდნენ, კამზები ახშობდნენ, ახლა
აღარ ახშობენ და არც არაფერს ამბობენ, - თქვა კახამ, - მიდი ჰა, დაიჭირე...
- პავერხ ბარიეროვ, ვიდიოტ კონსტანტინ ნადირაშვილი, - გაიხსენა ზაზამ, - ო, ო, -
მაგ დროს კარგი იყო. სოლჟენიცინი კითხულობდა თავის რაღაცეებს.
- საზიზღარი რამეა,- ვერ მოვითმინე მე.
- რა, სოლჟენიცინი?
- არა, ვირთხა, აი, აქვეა კარებთან და კვდება, ამაღამ მოკვდება და აყროლდება.
- აქ არის? ჩემს კარებთან? - წამოჯდა კახა.
- ჰო, კიბეზე.

- ჭირიანი არ იყოს, ტო...
- ყველა ვირთხა ჭირიანია, - თქვა მალხაზამ და რადიო აახმაურა, - ჭირიანი როა,
იმიტო ამოვიდა, რო ვინმეს აკიდოს და ისე დაიბრიდოს...
- შენ რა, ფოლკლორს დააწექი? - გაეცინა ზაზას, - აკიდოს რა, სპიდია? ყველა
ვირთხა როგორ არის ჭირიანი?
- ნუ ღლიცინებ ყველაფერზე, - გაბრაზდა კაცა, - სახლში არ შემოძვრეს, ვირთხაღა
მაკლია.
- როგორ შემოძვრება? ამხელა რკინის კარია.
- როგორ შემოძვრება და საბურთალოზე გველი ეკიდა სარეცხის თოკზე და ისე
შემოძვრება ...
- როდის?
- როდის და ზაფხულში.
- მერე ახლა ზაფხულია? - არ მოეშვა ზაზა.
- კარგი რა, ვირთხა მინდა ახლა? კარებთან? იმიტომ მოვიდა, რომ შემოძვრეს და
აგვკიდოს რამე. სწორი თქვა ამან, კორლეონემ.
- მე მაგარი ვარ, ტო, რაც მე ვირთხები მიხოცია ბავშვობაში, - გაიქაჩა მალხაზა.
მერე გავჩუმდი.
- რა ვქნათ? - იკითხა კახამ.
- მოვკლათ, - ვთქვი მე.
- მოვკლათ, - თქვა მალხაზამაც და რადიო გადადო.
- მოვკლათ, - მაგის დედაც ვატირე, - წამოდგა კახა და დაიძახა, - დედა!
- რა იყო? - მოისმა ცოტა შორიდან.
- ვირთხა უნდა მოვკლათ.
- აი, რა იცის ახლა თინა დეიდამ, როგორ უნდა მოვკლათ ვირთხა.
- აბა, შენ იცი?
- მეც არ ვიცი.
- მალხაზამ იცის, - ვთქვი მე.
- მე კი ვიცი, მაგრამ აგური მინდა, - ხელები გაშალა მალხაზამ - ახალი ბათინკები
მაცვია და ფეხს ვერ დავადგამ.
- აგური საიდან მოგიტანოთ? - გაუკვირდა ზაზას.
- უნდა მოვკლათ, - წამოვდექი მეც და ავღელდი - ეგ არის ყველაზე ნაბოზარი
ცხოველი, ბოროტია, ბინძური, სისხლისმსმელია.
- გამოქვაბულში ვართ, მაგის დედა ვატირე, - კახამ გარდერობის კარი გამოაღო და
იქიდან რაღაცების გამოყრა დაიწყო, - დაბრიდე რა, კორლეონე?
- აგური მომეცით და დავბრიდავ, მეტი რა ვქნა.
- წამო, აბა, ვნახოთ, შეიძლება მოკვდა და გადავაგდოთ, - ვთქვი მე და ფარანი
ავიღე.
- წამო, მოიცა ჩავიცვა, - გარდერობს მიუბრუნდა კახა.
- რა უნდა ჩაიცვა? აგერ არის, კარს გააღებ და დაინახავ.
- ზემოდან დაანათე, ნიკუშ, - საქმიანად მითხრა კორლეონემ და ოთახის კარი
გამოაღო.
- წამო შენც, წამო, რას დამჯდარხარ, - მიუბრუნდა კახა ზაზას, - გამოაჩინე რისი
ტრაკი გაქვს...
გავიცინეთ.

- ნუ გეშინია, რატომ გეშინია? - დაიქოქა კახა - მიდი, მიდი, ჩემს წინ გადი...
- საერთოდ არ მაინტერესებს, - თქვა ზაზამ და მაინც მძიმედ წამოდგა.
- თუ რამეა, პლეტი, - გაგვაფრთხილა კახამ, - სახლში არ შემოვარდეს.
- რა უნდა შემოვარდეს, ვერ დადის, - თქვა მკვლელმა.
კარი გავაღეთ და მივანათე.
- კორლეონე, გადი, დახედე, - მომესმა კახას ხმა.
მალხაზა გარეთ გამოვიდა და პროჟექტორით შეცბუნებულ ვირთხას დააცქერდა.
- კახა, მოდი, ნახე, - მალხაზას გახარებული ხმა ჰქონდა.
ვირთხა კედელს ეკვროდა შუბლით, გეგონებოდათ, რცხვენიაო.
- შენი დედაც... - შეაგინა კახამ.
- მოწამლულია, - დაასკვნა ზაზამ.
- წამო, წამო, მოკვდება. კვდება, ტო, - თქვა მალხაზამ - კვდება ტო.
ვირთხამ გადაადგილება სცადა.
- პარალიჩი აქვს, - ზაზა სახლში შებრუნდა.
- წამო, წამო, - თქვა ისევ მალხაზამ.
- უნდა დავბრიდოთ, კორლეონე, - კახას ხრინწი შეეპარა ხმაში - მთლად
კორლეონესავით გამოუვიდა.
- თვითონ მოკვდა.
- თვითონ მოკვდება და ჩვენ წაგვიყოლებს, ჭირს გააჩენს. უნდა მოვკლათ,
კორლეონე, გაიგე. შემო, შევიდეთ და ვილაპარაკოთ.
შევედით. ზაზა შიგნით იჯდა.
- ნახე, რა საზიზღარი რამეა? - ეცა კახა.
- ვირთხაა და საზიზღარია, აბა, კოსტუმი ხომ არ ეცმევა?
- როგორ მოვკლათ? - ჩამოჯდა კახა და სიგარეტი აიღო მაგიდიდან.
- აგური გავჩითოთ და დავბრიდავ, - თქვა კორლეონემ, - არა გაქვს აგური?
- აგური რად მინდა, პროლეტარი კი არ ვარ.
- აბა ფეხს ვერ დავარტყამ, ახალი ბათინკები მაცვია.
- მოიცა, მოიცა, - წამოდგა უცებ კახა - ლამპა წამოიღეთ, აივნახე გავიდეთ.
ზაზამ ლამპა აიღო.
- აგური გვინდა, ან რამე დასარტყმელი, - მოისმა კახას ხმა შორიდან, - ვირთხა
უნდა მოვკლათ...
- რომელი საათია? - იკითხა კორლეონემ. მგონი წასვლა მოუნდა, აღარ უნდოდა
ვირთხაზე გალაშქრება.
- არ ვიცი, - თქვა ზაზამ, - რაღა ჩვენ და რაღა...
მეზიზღებოდა ეგ ვირთხა. გული მერეოდა პირდაპირ.
- შენ ხომ ხარ პარიზში ნამყოფი? - მკითხა ზაზამ.
- მე არა, ნანა, პარიზში და სეზონზე ნიცაში.
- მაგას გეუბნები ნიცაში მინდა.
- ჯერ ვირთხა მოვკლათ და მერე წახვალ ნიცაში, - ჩაურთო კორლეონემ.
- არა, უნდა მოვკლათ, - ძალიან მეზიზღებოდა. რაღაცნაირად.
არაფერი არ მინახავს მაგაზე საზიზღარი. გაბუმბულებული, მომაკვდავი ვირთხა,
რომელსაც ერთი წიხლის ჩარტყმა უნდა და ვერ ურტყამ.
- აუ, დავბრიდოთ რა, - ვთქვი მტკიცედ.
- იცი რამდენი მომიკლავს ბავშვობაში?

- ბავშვობაში არ ითვლება, - ჩაურთო ზაზამ, - ბავშვობაში იოლია. არ იცი, რატომ
და რისთვის, თავგადასავალია და მორჩა.
- თუ ძმა ხარ, - ეწყინა კორლეონეს, - რა ცოდნა უნდა. ვირთხაა და ბანძია,
დაბრიდავ.
- ეე, ის თამაშია.
- ვირთხის მოკვლაც თამაში იყო, არა, ნიკუშ?
- უნდა დავბრიდო, - ვთქვი მე და მუშტები შევკარი.
- კიკბოქსინგზე იარე, - მირჩია ზაზამ.
- აგური თუ იქნება, დავბრიდავ, - თქვა ისევ მალხაზამ.
- აგური თუ არ იქნება? - არ მოეშვა ზაზა.
- აგური თუ არ იქნება, ვერა.
- ჭიქა თუ არ იქნება, წყალს არ დალევ? - ზაზა ვერ იყო ხასიათზე. ვერც მე, მაგრამ,
მე ვირთხაზე ვფიქრობდი.
- რა გინდა, რა გამიხურე, - ჩაიხრიალა კორლეონემ, - ახალი ტუფლები მაცვია,
გინდა გავჭყლიტო? მიდი და გაჭყლიტე.
- მე არ ვიქაჩები, - თქვა ზაზამ, - ავუვლი, ჩავუვლი და მორჩა.
- აბა მე რა, იდეინი ვირთხაუბიცა კი არ ვარ, კახას უტყდებოდა და აგური იქნება,
დავბრიდავ, იმიტომ, რომ ბავშვობაში ვხოცავდი...
დერეფნიდან ხმაური მოისმა და კახამ კარი შემოაღო.
- აი, რკინა გავჩითე, - თქვა და რაღაც ჯოხი დაგვანახა, - კორლეონე, გამომართვი
სატევარი...
- ამით ვერ მოვკლავ, მკვლელი კი არ ვარ, რო გავურჭო, - დაიწუწუნა მალხაზამ.
-აგური რომ იყოს, შორიდან ვესროდი.
- ეს ესროლე, ტო, - გაოცდა კახა.
- ეგ წვრილია და აცდება.
- ახლოდან ესროლე, რა გიტყდება ვერ გავიგე, - რკინა აიქნია კახამ.
მალხაზა დადუმდა და მერე დინჯად წამოდგა:
- წამო, ჰა, ვესვრი.
- გაამზადე პრობორი, - მიბრძანა კახამ.
- შენც წამო, - ზაზაც წამოდგა.
გავედით.
ვირთხა ისევ ისე იყო მოყუჟული, ეტყობოდა წასვლას ცდილობდა. ზემოდან
დავანათე. კორლეონემ რკინა შემართა და თქვა:
- კიბე ეფარება, არ მოხვდება.
- ნიჩიუ სლუგი პრიშლი უბიც კარალია, - წაიჩურჩულა ზაზამ.
- ნუ ღლიცინებ, - ხმამაღლა თქვა კახამ და დასჭექა, - დასცხე, კორლეონე!
ჯგლაცან!
რკინა საფეხურის წინ გამოწეულ ადგილს დაასკდა და ქვედა ბაზანზე ჩაგორდა,
ვირთხა შეინძრა, თითქოს აქსუტუნდაო.
- გავმაზე, - თქვა კორლეონემ უდარდელად.
უცებ ფანრის ღილაკზე დამეჭირა ტიტი და სინათლე ჩაქრა.
- ახლა რომ გაცოცხლდეს, - თქვა კორლეონემ და სახლში შევარდა.
ერთი ზედახორა გავმართეთ, კარებში გავიჭედეთ, მერე თითქოს ჯებირი
გადავანგრიეთ და ჰოლში შევცვივდით.

- კარი, კარი, - შესძახა კაცამ, - არ შემოვარდეს.
კარს ვეცი და მივაჯახუნე.
სიცილი აგვიტყდა. იატაკზე ვეყარეთ და ვიცინოდით. ძალიან მაგარი რაღაც
გამოვიდა.
- რატომ ჩააქრე, ტო, - მკითხა ბოლოს კახამ.
- შემეშინდა, არ დაჯდეს-თქო, კიდევ დაგვჭირდება.
- მახსნოსავით დავიხიეთ, - წამოჯდა ზაზაც.
- ხომ ვთქვი, აგური გვინდა, - გაიმეორა კორლეონემ.
- აგური კი არა, იარაღი გვინდა, - გამახსენდა მე. დიდი სისულელე კი იყო, მაგრამ
მაინც.
- ვის ვთხოვოთ? - საქმეზე გადავიდა კახა.
- ვინ მოგვცემს იარაღს, თუ ძმა ხარ, - თქვა ზაზამ.
- თვითონ მოვიდეს და მოკლას, თუ არ მომცემს, - კახას ვეღარ დავაკავებდით.
- აგური. - გაიმეორა კორლეონემ. - აგური გვინდა. იარაღს ვერ ისვრი სადარბაზოში,
რიკოშეტი, რამე, რუმე.
- წამო, აბა, ბუნკერთან ვნახოთ, - წამოდგა კახა და ისევ მიბრძანა - მომინათე.
თქვენ კარი მოკეტეთ...
- რა ხდება? - შემოვიდა თინა დეიდა.
- ვირთხას ვებრძვით, - წამოდგა ზაზაც.
- მოკვდება და გადავაგდოთ, - თქვა თინა დეიდამ, - არ მოგაფრინდეთ, მოხტომა
იცის. მოკვდება და დილით მე თვითონ გადავაგდებ.
- შენ რატომ გადააგდებ, შენია? - გაბრაზდა კახა, - ყველას ფეხებზე კიდია და ჩვენ
უნდა ვკლათ. ასეთი მყრალი ხალხი, აქ რომ ცხოვრობს, არსად არ არის. ნაგავი
ჭამთ და ერთს არ გაიხედავენ გვერდზე, ოღონდ კარის წინ იყოს სუფთა...
- კარგი, ჰო, - გატრიალდა თინა დეიდა, - გინდა და მოკალი...
- მოვკლავ! - დაიყვირა კახამ, - წამო, - და კარი გამოაღო...
- რა უნდა?
მივუნათე. ბუნკერთან მართლაც ვიპოვეთ რაღაც ნამტვრევი, თან კიბეზე
ჩავირბინე და ჩვენი სატევარი ამოვიტანე.
ვირთხა ისევ ისე იყო მიყუჟული.
- კი არაფერი, - თქვა კახამ, - მარა, უნდა დავბრიდოთ, ტკბილად დაგვეძინება.
- ძალიან მინდოდა, რომ ეს ჯოხი დამერტყა და გამეჭყლიტა. არ შემეძლო. თან
მეცოდებოდა, თან მეზიზღებოდა.
- ვერ ურტყამ, არა? - შემომჩივლა კახამ.
- ვერა.
- ვერც მე, - სახლში შევბრუნდით.
- კორლეონე, ეს გამოდგება. უნამუსო ვიყო, აგურს ჯობია, - დაანახა კახამ
ნამტვრევები.
კორლეონემ ჩამოართვა და საქმიანად დაათვალიერა ლამპის შუქზე.
- მთავარია არ დაიფშვნას, - თქვა სერიოზულად.
- ექსპერტივით იქცევა, - ჩაურთო ზაზამ.
კიდევ გავედით, დავანათე „ზემოდან“ და კორლეონემ კვლავ შემართა ხელი.
- კარგად დაუმიზნე, მალხაზ, - გააფრთხილა კახამ.
და მალხაზამ დაუშვა. ვირთხა აწივლდა და დავინახე, როგორ ჩაცურდა ქვედა

საფეხურზე.
- ცოცხალია, - თქვა ზაზამ.
- სისხლები, - შეწუხდა კორლეონე, - დავჭერი, - აგური რომ ყოფილიყო,
მოვკლავდი, ეს დაიფშვნა.
- დაჭრილია, - თქვა კახამაც.
ვირთხა კედელს აეკრო და კუდი შეანძრია.
- რა ვქნათ? - ძალიან ცუდად გავხდი. ვერ ვკლავდით და ეგ იყო.
- წამო შევედით, - ხმა გაებზარა კახას, - შევიდეთ, მაგის დედაც...
შევლაგდით და კახას ოთახში შევბრუნდით.
დავეყარეთ და ასე ვისხედით ჩუმად.
- მე წავალ, - თქვა უცებ მალხაზა, - ღამეა და ჩავალ, ჩემი ძმა მარტოა.
- ფეხსაცმელები არ დაგესვაროს, - ჩაიხითხითა ზაზამ.
- ახალი ბათინკებია, ტო, - თითქოს შეწუხდა კორლეონე, - აგური რომ ყოფილიყო...
- მოიცა, გაგაცილებ, - წამოდგა კახა, - კარს დავკეტავ.
- აბა, კარგად, - დაგვემშვიდობა კორლეონე.
ასე ვისხედით.
- იარაღი უნდა გვქონდეს, - თქვა კახამ.
- მაგარი საჭიროა, - ვთქვი მე.
- იეჰ, - თქვა ზაზამ.
უცებ ოთახის კარი გაიღო და ძია ნოდარმა შემოიხედა. მაღალი, წელში მოხრილი,
გამელოტებული, მკაცრი ჩანდა ამ სინათლეზე. ისედაც ეგეთია, დღის შუქზეც.
ძია ნოდარი კახას მამაა.
- გამარჯობათ, ძია ნოდარ, - წამოვიწიეთ ჩვენ.
- რას დაბრაგუნობთ? - გვკითხა მსუბუქი წყრომით.
- ვირთხას ვკლავდით, - უთხრა ზაზამ.
- მერე?
- დავჭერით, იქ აგდია, კიბეზე.
- და მოკალით, რას ელოდებით, მერე გადააგდეთ, აქ არ დატოვოთ.
- ვერ ვკლავ, - წაიბურტყუნა კახამ, - „მოკალით“.
- რატომ?
- გვეზიზღება და ვერ ვეკარებით, აგური კი ვერ ვიპოვეთ, - ავუხსენი მე.
- და რა იპოვეთ?
- რკინა.
- მერე დარტყით რკინა.
- ვერ ვურტყამთ, ვერა, - დაიძაბა კახა, - კვდება, ბებერია, მიყუჟულია, დებილია,
საზიზღარია, ბინძურია და ვერ ვკლავთ...
ნოდარმა ერთიც შეგვათვალიერა და ზაზას უთხრა:
- რკინა მომეცი და მომინათეთ ლამპით.
- ფარანი გვაქვს, - ვუთხარი მე.
- აი, მაგით მომინათე, - ისევ ზაზას მიმართა.
წამოვდექით და გავყევით.
ის დინჯად მიდიოდა, მსუბუქი რწევით. ხელში რკინა ეჭირა.
- სად არის, ვერ ვხედავ, - თქვა თავისებურად, ოდნავ უხეშად. როგორც იცის
ხოლმე, - მოდი ახლოს, მომინათე.

ზემოდან დასცქეროდა ვირთხას, რომელიც საერთოდ ვეღარ ინძრეოდა.
ზაზა უფრო ახლოს მივიდა და კიდევ ერთხელ დავინახე ეს გაბუმბულებული,
ბებერი და მომაკვდავი.
მერე დავინახე ძლიერი, ხმელი და ძარღვიანი ხელი, რკინის ჯოხი რომ ეჭირა.
ძია ნოდარი დახრილიყო, თითქოს უმიზნებდა. მერე სწრაფად ასწია ხელი და
ვირთხას თავზე დააწვა ჯოხით. დააწვა და დააწვა. კინაღამ ღებინება დამეწყო.
კახამ ჩემს ზურგს უკან ამოიხვნეშა.
მამამისი მშვიდად, მონდომებით ურტყამდა ჯოხს უკვე მკვდარ ვირთხას.
- ეყოფა, - თქვა ბოლოს და ზაზას მიუბრუნდა, - ბუნკერში არ ჩააგდოთ, გაიტანეთ
და ქუჩაში გადააგდეთ, დილით აღარ იქნება. - მერე თავისთვის ჩაილაპარაკა:
- რად უნდა ამდენი ჭიჭყინი.
და სახლში შევიდა.
- დაბრიდა, - თქვა კახამ.
- დაბრიდა, - თქვა ზაზამაც.
თითქოს ლოდი მომეხსნაო.
- რაც მაგას ვირთხები ჰყავს ნაბრედი, - კახამ სიგარეტს მოუკიდა, - ლაგერში, ძია
სტალინთან.
- რაც მაგას ნანახი აქვს, - ამოისუნთქა ზაზამ, თითქოს გული ამოაყოლაო, - იმას
კიდევ ბათინკები უყიდია, იმ ჩემისას.
- რა გინდა, რა გაახურე, ხო კლავდა, - ვინმეზე თქვი რამე კარგი.
- მოდი, გადავაგდოთ, - ფარანი დავდგი მე.
ვირთხა მუყაოს ნაგლეჯზე შევაგდეთ და ქვემოთ ჩავიტანეთ. გზაში
ვხითხითებდით და სისულელეებს ვიძახდით.
ვირთხა შუა გზაში დავაგდეთ.
- დონ ჟუანმა რომ დააგდო დონ კარლოსი, ნაშუაღამევს, გზაჯვარედინზე,
გულგანგმირული! - შესძახა ზაზამ.
- შეგიდეთ? შენი დედაც, - დაადასტურა კახამ და მოგვიბრუნდა:
- წამო, ახლა ხელები დავიბანოთ ცხელი წყლით და მაგრად ვჭამოთ, თავის
შამპანურით. შამპანურს ვხსნი, ფრანგულს. ორი ბოთლი მაქვს. თინას აქვს.
- ატენზე უნდა ჩავიდე, - თქვა მოულოდნელად ზაზამ, - თუ დროზე მოვბრუნდი,
ამოვალ...
- რაღას მიდიხარ? ამო, დავსხდეთ...
არა, არა, თუ მოვბრუნდი ამოვალ, ჯერ ადრეა.
და ქუჩას დაუყვა მრგვალი ბაღისკენ.
- არ ამოვა, - მომიბრუნდა კახა და უცებ მიაძახა- არმომსვლელი იყოს კარელ გოტი!
- ამოვალ, - არც მოუხედია ზაზას.
კახამ ხელი მომხვია და მითხრა:
- წამო, მაგრად უნდა გათოხლავო, ნიბელუნგებივით მოვიქეცით. რო კლავდა,
ვაგნერი უნდა ჩაგვერთო.
- გაგიჟდებოდა.
- აუ, როგორ გაუჩეჩქა, - და ხელისგული გამოიშვირა დასარტყმელად:
- დაკა, ქერიმ აბდულ, თასი ჩვენია...

 ქეთა

- არ მელოდით?
როგორ არა. დეგენერატი.
- მარტოობამ ხელი დაგრია? ჩამოგეძინა კეთილი რაინდის ცდაში?
ჩამომეძინა, აბა რა, ამ სიბნელეში. დეგენერატი. ნამცვარი გამოვაცხვე და
ჩამომეძინა. ნავთზე გამოვაცხვე. ეს კიდევ... დეგენერატი.
- კანდელაბრები შემოგიდგამს, აჰ, ღმერთო ჩემო...
ოტელ რიტც“, ლაზურნი ბერეგ...
სულაც არ ჰქონდა მხიარული ხმა. თავიდანვე შევატყვე და იქნებ... მაგრამ
სწორედ იმიტომ მოხდა ასე, რომ ხასიათზე ვერ იყო.
- რა საჭიროა საერთოდ სინათლე? მით უმეტეს, როცა შენი თვალები ანათებენ... ჰა,
რა გიძევს გულში?
და მეტაკა.
დეგენერატი. როგორც მეტაკა, ისე ვეტაკე და სავარძელში ჩაჯდა მოწყვეტით.
- მომიარე, რა? - მითხრა უცებ.
გამეცინა და თავზე გადავუსვი ხელი.
- იცი როგორ მომიარე? აი, სახურავის ბინადარ კარლსონს რომ უვლის თავისი
ძმაკაცი, შოკოლადებისგან რომ უკეთებს წამალს, ყელზე რომ შარფს მოახვევს და
საბანს რომ უსწორებ, მე ვიკრუსუნებ, შენ თერმომეტრი დაბერტყე.
- მაგის დრო მოვა, - ვუთხარი მე.
ხელი ჩაიქნია და ჯიბეები მოიქექა.
- სიგარეტი, რა თქმა უნდა, არ გაქვს, - დეგენერატი.
- არა, მაქვს ხუთასი მანეთი.
სამზარეულოში გავედი და ხელის ფათურით მოვძებნე უჯრა. დედაჩემი
ყოველთვის იქ ინახავდა სიგარეტს. მართლაც ეგდო კოლოფი.
- სენტმორისით დაიწყო და მალბოროთი დაამთავრო. უმამულო აზნაურის
ცხოვრება... რა ხდება რედაქციაში?
- არაფერი, - რა უნდა მომხდარიყო რედაქციაში - ვისხედით...
- რატომ არ წამოხვედი?
ეჰ, ეჰ, ეჰ. ვიღლები თქვენთან ერთად.
- ვერ იტან კაკუჩას, არა?
- არა, რატომ...
- რატომ და იმიტომ, რომ დიდი ხელები აქვს, დიდი ფეხები, დიდი მუცელი,
დიდი თავი და დიდი გაქანება.
დეგენერატი. ყველაფერს გრძნობდა. მეც რა, რამე ავადმყოფური ზიზღი კი არ
მქონია, უბრალოდ, ძალიან უხერხული ვიღაც იყო ჩემთვის. თავხედური თვალები
ჰქონდა და მანერებიც, რაღაცნაირი. თუ შემეძლო, ყოველთვის დავუძვრებოდი
ხელიდან.
- ჩემზე რას იტყვი?
- მოწიე და გაჩუმდი, - ვუთხარი მე.
- ახლა მოგივლი კარლსონივით, - ჩაის დავადგამ - ნამცხვარი გამოვაცხვე.

- ვახ, დაიწოს შენი დამწველი, ქეთევანი რომ არ გერქვას, აქედანვე მოგიტაცებდი.
დეგენერატი.
- რა გამოაცხვე, „სიგუა“? უშაქრო, უკარაქო და უკვერცხო?
- არა, „სიგუა“ არ გამომიცხვია, - ასე ეძახდნენ რაღაც ძველებურ ნამცხვარს, სიგუას
პრემიერობის დროს.
- ქარბუქი იწყება, იცი? შეიძლება აქედან გასული ქარმა წამიღოს.
- წაგიღოს და წაგიღოს, იქნები ქარწაღებული. წყალწაღებული ხომ ხარ და ახლა
ქარწაღებული იქნები.
- აბა, შვილივით მოგივლიო, უნდა დაგაპუროო? შენ უნდა გეთქვა, ზაზა, ძვირფასო,
დარჩი აქ, ბებიაჩემი შინ არ არის, სხვა რომ არაფერი იყოს, გატყობ, წასასველი
არსად გაქვს...
- კიდევ რა გინდა?
- სექსზე ნუ ვილაპარაკებთ, კარლსონზე ვილაპარაკოთ და ფანტასტიურად
ვიქნებით.
არასოდეს, არასოდეს, არასოდეს დამავიწყდება ასეთი, იმ საღამოს რომ იყო.
ხეირიანად ვერც კი ვხედავდით ერთმანეთს იმ სანთლის შუქზე და ვიცი,
გაგიკვირდება - თითქოს ვღელავდი კიდეც. თუმცა, ყველაფერი ჩვეულებრივად
მიდიოდა, არაფერი იყო განსაკუთრებული. და მაინც ვგრძნობდი, როგორც
ყოველთვის, როცა ასე მარტოები ვრჩებოდით ხოლმე, რომ რაღაცის თქმა უნდოდა,
შეიძლება მე მინდოდა, რომ რაღაცეები მეთქვა, რაც მე მინდოდა ის, რომ კარგია,
როცა ერთმანეთს ვხვდებით, რომ კარგია, როცა მე ველოდები და საერთოდ,
ვუცინით ერთმანეთს და... არა, სიყვარული არაფერ შუაშია. უბრალოდ, არის
რაღაც პატარა სიხარული, სულ ერთი ციცქნა სიამოვნება ამაში. მინდოდა, რომ ეს
თქვა და არ ამბობდა, თორემ ისე, ისე კი იგრძნობოდა თავისთავად, რომ კარგად
იყო, კარგად ვიყავით და მე მიხაროდა, მართლა მიხაროდა, როცა ვხედავდი და
ვგრძნობდი, რომ სულ ასეთი იქნებოდა, რაღაცნაირად მოუვლელი, შეურიგებელი,
თითქოს დაუმთავრებელი და ამიტომ იყო, რომ ყოველთვის ველოდი.
- სექსზე ნუ ვილაპარაკებთ, - დავეთანხმე მე.
- როგორ დავბერდი, - თქვა უცებ.
- აბა, აბა. ხო თქვი, სექსზე ნუ ვილაპარაკებთქო.
სიგარეტს მოუკიდა სანთელზე და ჩემთან გადმოჯდა.
- ერთი უნდა ჩაგეხუტო...
და ასე ვისხედით, ხმა არ ამოგვიღია არც ერთს.
- ჩვენ რომ ერთად ვართ, იცი რას ჰგავს?
- ?...
- აი, ტელევიზორში რომ მთელი დღე ბანძი გადაცემებია და ოცწამიანი საკაიფო
რეკლამა რომ მიდის, მაგრამ იშვიათად მიდის. დედიკოც იშვიათად მიდის
მოსკოვში. როდის მოუვლი სახურავის ბინადარ კარლსონს?
- არ ვიცი, - ვუთხარი მე. შევკრთი. ეს შეკრთომა კარგად მახსოვს.
- სახურავის ბინადარ კარლსონს სახურავზე სახლი არ აქვს. ვერაფრით ვერ
მოუტყდები ვერაფერს.
- რას, ვერაფერს?
- აქაც შეიძლება კარგად ყოფნა.
- არა, ახლა არა და მერე არ ვიცი.

ვინ იცის, ეგებ მართალიც იყო. ეგებ იმიტომ ვიყავით ასე, რომ ერთად ვიყავით,
არაფერი გვეკითხებოდა ერთმანეთის და საერთოდ... რაღაც ანეკდოტის მსგავსი
იყო. ანეკდოტივით დაიწყო და ანეკდოტივით დამთავრდა. იდიოტური შავი
ანეკდოტები რომაა, ისე.
- ნიცაში კამკამა ზღვა და თეთრი სახლებია, იქ შეიძლება ზღვის პირას მიწაც
იყიდო, მაღალი მესერი შემოავლო და ჩამოჯდე, სულ მარტო.
რაღაც ძალიან ლიტერატურულად ლაპარაკობდა.
ავიღე და წკიპურტი დავარტყი.
- მარტო, არა?
- თან მარტო, თან ერთად, ძვირფასო სელესტინა.
- თან მარტო, თან ერთად. მალე ზამთარიც გავა...
- მოვა ზაფხული და წყნეთის გზაზე აკაკანდება ავტომატი. მერსედესი
მოითხვრება სისხლით. სახეს დასერავს შუშის ნამსხვრევები და კოკა-კოლას
ბოთლებს გადმოყრიან მანქანის ფანჯრიდან ხევში...
- დეტექტიური ლექსები პროზად, - ვთქვი და სანთლის წვალება დავიწყე
თითებით.
- სულ ასე ხომ არ იქნება? აი, მერიაში სულ რაღაცეები ხდება.
- რაო, მერიაში ხდება? თქვენ, გოგოებს, სამი რამით შეგიძლიათ გამოიჩინოთ თავი.
თუ გაჩუმდებით, თუ მოეფერებით და თუ მოეხმარებით. მერია შეიძლება ცაშიც
აფრინდეს, აქ კიდევ არაფერი შეიცვლება.
- კი, შეიცვლება.
- და ისევ ადამიანები გავხდებით?
- ჩვენ ვართ ადამიანები, - მართლა ძალიან მინდა, რომ ასე იყოს.
- ჩვენ ვართ მეფე ერეკლეს ბოზი კურდღლები, კარაქი რომ უყვართ.
- კარგი, დეგენერატო, - ვუთხარი რბილად, - ნუ გაბრაზდები, როცა აქ ხარ, არ
გაბრაზდე ხოლმე, კარგი?
- არც ვბრაზდები, მკითხე და გითხარი.
- ჩაის ვნახავ.
- ჯერ არ იქნება. ქარბუქი ხომ არ ამოვარდნილა?
- ჯერ არა, ალბათ მალე ამოვარდება.
- სადა აქვს ამოვარდნის თავი?
ავდექი და სამზარეულოში გავედი, ჩაიდანს დავხედე. მართლაც, არ დუღდა.
უკან რომ მოვბრუნდი, ტელეფონი მიეჩოჩებინა და ლაპარაკობდა.
- დედაჩემი მოვიკითხე, ვთხოვე ჩაიდანი გადმოედგა და არ დამლოდებოდა...
ჯერჯერობით, - თავი ჩაღუნა და ახითხითდა, - მრეკეთ ქალბატონო მარგალიტა,
მრეკეთ, რაა?
- არაფერი მითქვამს, ან რა უნდა მეთქვა. ადრე თუ გვიან გადაწყვეტდა ამას და
ალბათ ყველაფერი შეიცვლებოდა. ო, როგორ მინდოდა, რომ ლამაზად ყოფილიყო
ყველაფერი.
- კონიაკი ხომ არ გინდა ჩაიში, კამიუ, ნახევარი ბოთლია, იცი როდინდელია? შენ
და კაკუჩა რომ მყავდით, - შევაპატე, მართლა ვფიქრობდი, უნდა მოვუარო
სახურავის ბინადარ კარლსონს-თქო.
- რა ვიცი, ჩამოიტანე, ჩაასხი, ვითომ ლორდი კავენდიში ვარ, სიგარასაც ჩავაწებ
შიგ და თქვენობით დაგელაპარაკები, „გუშინ საუცხოო დერბი შედგა ასკოტში,

გარნა, ვერაფერი მოვიგე, კოკნიმ და მისხმა მხედარმა გამიცუდეს“... მოიგონე
რაიმე და მიპასუხე, ჩქარა...
დეგენერატი, რა იცის ეს შემოტევა.
- მოიგონე, რამე, მოიგონე. რა მოგივიდა?
- რა მოვიგონო?
- რამე ინგლისური. ვთქვათ, „ ჩემი პინჩერი ავადაა, სერ ჯონ“.
- ჩემი პინჩერი ავადაა, დეგენერატო.
- აი, ეგრე.
- ჰო, ჭიქებიც, მოდი, ახლავე დავლიოთ, ჩაისთვის ნუ გააფუჭებ, კარგი?
აბა რა. ზუსტად ასე ვფიქრობდი. თქმით კი ვუთხარი:
- როგორც გინდა.
- ოღონდ შენც დალიე.
- ჰო, ცოტა.
- რამდენიც გინდა. დამიჯერე, ეგრე აჯობებს.
გამეცინა და ვუთხარი:
- კარგი.
დავლიეთ და ერთმანეთს მივაშტერდით.
- ქარბუქი არ ჩანს, - ვუთხარი მე.
- და ყინვა, თუ ყინვაში შეიძლება გააგდო ერთგული მეგობარი, რომელსაც
მოტორი გაუფუჭდა?
- გაჩუმდი, - ვუთხარი და თითქოს ქუთუთოები დამიმძიმდა. და გაჩუმდა. როგორ
მინდოდა, რომ ყველაფერი ლამაზად ყოფილიყო, ძალიან ლამაზად. მუსიკა და
თან სიმშვიდე. ვიცოდი, რომ ერთად ვიქნებოდით, ვიცოდი, ვიცოდი, ვიცოდი,
რომ სულ ერთად ვიქნებოდით.
და ამ დროს დარეკა, ზუსტად ამ დროს ამ იდიოტმა, საზიზღარმა, გაბერილმა და
ბებერმა საათმა. თქვენ გგონიათ არ მახსოვს, როგორ გადავაგდე აივნიდან დილით
და როგორ დაასკდა მიწას? ბებერი, ჭიებით შეჭმული, საზიზღარი, მედიდური
საგვარეულო კედლის საათი. ძინ, ძინ, ძინ, ძინ... და ასე თორმეტჯერ და რა მექნა,
რა უნდა მექნა, რომ ზაზა ასეთი იყო. ასეთი უცნაური, მატყუარა და ფანტაზიორი.
რა უნდა მექნა. ახლა კი ვიცი, რომ მომატყუა, რაღაც მოუნდა სულ ცოტა ხნით.
სულ ერთი წუთი და ისევ დაბრუნებოდა. მაშინ კი მართლა მეგონა, მართალი
მეგონა, მერე კკი, მერეც მართალი მეგონა, ვფიქრობდი, რაღაცაში გაეხვია და
ამიტომ მოხდა ასე-თქო, სანამ ის არ მოვიდა. ის, ის, ის, არ ვიცი, ვინ და რა.
საშინელება...
დარეკა თორმეტი და ვაიმეო, თქვა უცებ ზაზამ, თორმეტიაო.
- რა იყო? - ვკითხე და რაღაცის შემეშინდა.
- გადაიხედე რა, ძალიან გთხოვ, მანქანა თუ დგას ქვემოთ?
- რა იყო?
- აუ, უბნელებს რაღაც შევპირდი და გავუგე. ვუთხარი, თორმეტზე აქ ვიქნები-თქო.
ერთი ასჯერ მოვუყვანივარ აქ, დურუ ხომ იცი, დურუ? ჩავირბენ და ვეტყვი. აუ,
გადაიხედე რა?
გადავიხედე, აივანზე გავედი და გადავიხედე. რა ვიცოდი. ოცაათი მანქაა იდგა,
მეზობლების, ქუჩის, რა ვიცი, ვისი აღარ.
- რომელია? რა მანქანაა? - გამოვძახე იქიდან.

გამოვიდა და ქუჩას დააცქერდა სიბნელეში. მხოლოდ სიგნალიზაციის პატარა
წითელი ნათურები ხტოდნენ აქეთ-იქეთ. ერთი მანქანა მართლაც იდგა და მგონი
ვიღაც ეჯდა შიგ.
- აგე, აგე, - მოსულა.
- ტელეფონი ვერ მიეცი? ამ სირბილს, - ვუთხარი მე.
- აი, რად უნდა დურუს შენი ტელეფონი. ჩავირბენ და ორ წუთში აქ ვარ, შინ
შემოდი, შემოდი, ნუ დგახარ მანდ. - და სახლში შემიყვანა. და სავარძელში ჩამსვა.
- ჩაი ადუღდებოდა, ორ წუთში აქა ვარ, - და ჰოლში გავიდა.
კარი არ დაუკეტია. აი, ეს მაკვირვებს ყველაზე მეტად. კარი არ დაუკეტია, წასვლა
რომ დომებოდა, გაიხურავდა. იცოდა გაუფრთხილებელი წავსლა, ან
მომიზეზებებით, მაგრამ არ მინდოდა დამეჯერებინა, რომ ახლა გაიქცეოდა და
ხვალიდან ისევ ხელახლა დაიწყებოდა ეს იდიოტობა.
ვერ მოვითმინე და აივანზე გავედი.
ბნელოდა, მაგრამ მაინც დავინახე, თან გამახსენდა, რომ კურტკა არ წაუთია და
გამეხარდა. სადარბაზოდან გამოვიდა. თითქოს ისვენებდა.
ღმერთო ჩემო, ნეტავ დამეძახა, ნეტავ დამეძახა:
- ზაზა!
და მაშინ არაფერი მოხდებოდა. არაფერი. მოტრიალდებოდა და ამოვიდოდა.
მერე გავიგე მანქანის კარის ხმა და დავინახე, როგორ გადმოვიდა ვიღაც.
ვიფიქრე, „ ახლა ეტყვის და ამოვა“.
და გავარდა. გავარდა კი არა, გრძელი ჯარი იყო, საშინელი. ტყვიები ანათებდა
იქაურობას და ვერ მივხვდი, რა ხდებოდა.
წითელი ტყვიები, წითელი ტყვიების ჯერი. ვინც ისროდა, რაღაცას ღრიალებდა.
მერე უცბად ჩაჯდა მანქანაში და ხმაურით დაძრა.
ზაზა ეგდო. ძირს ეგდო, ვერ მივხვდი, ვერაფერს მივხვდი. არც კიბე მახსოვს, არც
არაფერი. მახსოვს, ხალხი რომ ეხვია გარშემო.
ღმერთო ჩემო, რა მოიგონა, რატომ გავიდა გარეთ?
რატომ გავიდა გარეთ?
ჩემო საწყალი, გადარეული, წყალწაღებული სახურავის ბინადარი კარლსონი...
ის.
 მამუკა

რა არის ჩემი დარჩენილი ცხოვრება, ამიგო? ჩემი დარჩენილი ცხოვრება არის,
გასროლილი ვაზნა რომ დაეცემა ძირს და კაროჩე, წკრინ და დიდი ვალი რო
გადევს, ეგ, მარა, სიკვდილი ბოზებს და მე ვერ წამაქცევს, ასი წელი და ილიჩის
ახალგაზრდობა, ერთი მყავდა დასახვრეტი და ახლა ორი მყავს, ორი მყავს და
მესამეც მყავს, მარა, ის მესამე, ის მესამე მოიცდის, იმიტო, რო ეგრე არ არი? იმ
მესამეს... ჯერ ორი მყავს გასახვრეტი, ეგრეა და რა ახლა, აიღე და წაიღე სადაც
გინდა, ერთი ის, რომ ჩემი დათუშკის მკვლელი, ჩემი დათუშკის დაბადების
დღეზე მკვდარი იქნება და მეორე, ის ნაბოზარი, ახლა რო დაბერა აქედან და რო

მემალება ლენინგრადში, რაც უკვე აზრზე ვარ და იქ გავხვრიტავ და მერე
ვილაპარაკებ შენთან, შე ჩემის კაი ბიჭო, მამუკა ჭყოიძე, და აბა, აიღე აპრავდანია,
ვერ აიღებ და კაროჩე, რაც იმან გააკეთა, იმ ბოზმააა, ეგეთი რამე კაი ბიჭს არ უნდა
დაემართოს.
ხო დავარეკინე და ეგრე არ არი, გაიგო ყველაფერი და მერე კიდე დარეკა, რო,
ვითომ, კაროჩე აზუსტებს და რამე, მეთქი, აღარ გავიდეთ? და ერთ თხუთმეტ
წუთშიო, ვითომ რამე აზრი აქვს გაიგე, მაბოლებს, ეს ჩემისა და გავედით. მეთქი,
დაეგდე მანქანაში და დაქოქე და კაროჩე, ვაკეშიო და ჩამიყვანა და გავაჩერეთ.
დიდი სახლია, რა, თუ ვაკეში ვყოფილვარ, ვიცი, ვარიანი არ არი და გავაჩერე და
მეთქი, აბა, ავიდეთ და რას მეუბნება, მაშინ უნდა მეაზრა, რო მაბოლებს, არაო,
ვარიანტი არ არიო, შენც დაიბრიდები და მეცო, შეიძლება ისიც დაბრიდო, მარა,
კაროჩე ჩვენც ტრუპები ვართო და მეთქი, ხ..სტაბოი. რას იზამ? ავალო და კაროჩე,
ვეტყვი რო, სალაპარკო მაქვს, ავტომატის ამბავში და ჩამოვიყავნო, რო ჩამოვიყვან,
გინდა სამნი იყვნენ, შენ მაინც მოასწრებ და მეთქი, რო გითხრათ დაჯე აქ
ვილაპარაკოთ, რა-მეთქი და მე ისე დავებაზრები, რომ ჩამოვაო და კაროჩე, თუ არ
ჩამოვედი, აგე, მეორე სართულია, აქეთ ფანჯრები და რავიო, რამე მოვიფიქროთო.
და დამანახა ამ სიბნელეში, თან ბნელა, ამიგო და მეთქი, ხარაშო, გადადი და თუ
მიტყდები, ასიანი, ტყვია გეწევა, შენთან ვზივარ მეთქი და თუ არა გიპოვი და
პირში კაროჩე, რა, არაო. მამუკო, ჩემი დედაო, ჩემი... ეგ ბოზი, ეგ ბოზი...
და ავიდა, ავიდა, კაროჩე და ერთი თხუთმეტი წუთი, ვზივარ და უკვე ვიცი, რო
დღეს ტრუპი მაქვს, ან ეგ, ან ის ბოზიშვილი, რო ვიფიქრე, რო არ ჩამოდის და
ვხედავ, გაიჩითა და მეთქი, ძმაო ზატვორ და თან კარი შევაღე, რო თუ კიდე ვინმეა,
ეგრევა დაუშბა და მარტოა და დაჯდა მანქანაში და კაროძე, იქ ბაზარი მიდის და
ჩამოვაო, ცოტა დამელოდეთო, მითხრა და მეთქი არდამლოდებელს და მეთქი, თუ
მასიაფანდებ, და არ ჩამოვა, ერთად ავალთ და წინ შენ შეხვალ, როგორც
კონცლაგერში და არა გრცხვენია, მამუკო და ველოდებით კაროჩე, ველოდებით და
მეთქი, ხომ არ ავასეირნოთ, ძმაო, რომა? და არაო, ცოტაც დაველოდოთო, კაროჩე
ველოდებით და როჟა არ იჩითება პადიეზდიდან და ეგრევე, ძმაო ზატვორ და
ხელი მაგრად და ამას ვეკითხები, მეთქი, ეს ვინ არი? და ამ ბოზმა, ეგ არიო, ეგ არი
და, ფეხი ჩამოვდგი და ეს როჟა დგას და, საით იყურება ვერ ვხედავ და ფეხი
ჩამოვდგი და დავუშვი და დავუშვი ბოლომდე და მეთქი, შენი ბოზი დედა, აქ მე
გაგკუზე, იქ დათუშკი გაგკუზავს, და დავაცალე კაროჩე და პოლნიმ გაზამ
წავსრიალდი. მაგაზინი მივეცი, კაროჩე და გავხვრიტე, გავხვრიტე კლიენტი, ტო,
ვიღაც კლიენტი, მესნი ოქრო ბიჭი და კაი ბიჭების ახლობელი, პროსტო გოგო ყავს
იმ უბანში და გაიჩითა.
ეგ რომ გავიგე, მეთქი, შე ბოზო და არ არის, სად არი, სად არის და კაროჩე,
მოტყდა, სახლთან რო დავტოვე, თურმე ჩანთა აიღო და დაახვია ეგრევე და კაროჩე,
ეს კლიენტი, ეს საცოდავი, ყველა გაზეთში ეხატა და ეგრე არ არი, ყველა სურათზე
იცინოდა და სუ მეგონა, რო მე დამცინოდა და კაროჩე, ორი ეკლესია მაქვს
ასაშენებელი, და მეც მანდა ვარ და კაროჩე, ის გოგო ვნახე.
ვერ გავძელი, რა, რო ვნახე, იმიტო, რო მე იმის კივილი არ გამიგონია მარა,
შეიძლება რაღაც ვარიანტში, მე თვითონ ვარ ის გოგო და კაროჩე, ავედი მაგის
სამსახურში და ვნახე, დერეგანი იყო ეგეთი გრძელი, გრძელი და იქ ვიღაც როჟებს
ვკითხე, მეთქი, ქეთა რომელია, ეგეთ პონტში და დამანახეს და მეთქი ერთი

წუთით, ამ გრძელ და ბნელ დარბაზში გამოვიყვანე და ისე იყო რო, ეგრე არ არი,
ნაღდად კაი გოგოა და, მეთქი, დაიკო, ჩვენ ერთი მტერი გვყავს და ვინ ხარო, და
მეთქი, მე ერთი თბილისელი კაი ბიჭი ვარ და მე და ზაზა, კაროჩე, რაღაც
ვარიანტში ერთად ვიყავით და ატირდა და ჩავეხუტე, დედას ვფიცავარ, მეთქი,
ჩვენ ახლობლები ვართ, მე და ზაზა და თუ არ გეცნობი, ჩემი ბრალია და ეგრე
ვეფერე, კაროჩე და კარებებიდან იჭყიტებოდნენ ვიღაც პედარასტები და არ
მითქვამს, რო გასრიალდით და ერთი ეგ ვკითხე, დაიკო, მეთქი, დაბადების დღე
მითხარი, ზაზასი, მე პროსტო, არ ვიცი და მითხრა, და ვაკოცე ორჯერ შუბლზე და
რაც იქნება, ისიც ვუთხარი, რო მეთქი, ზაზას დაბადების დღეზე, ზაზას ვის გამოც
ეგრე, მეთქი, დაიკო, ცოცხალი აღარ იქნება.
აი, ეგრე ვუთხარი და თვითონ ხმა არ ამოუღია, მეთქი, გიპოვი დაიკო და ერთად
ვიტიროთ.
გიპოვი, ერთად ვიტირებთ ჩვენი მოკლულების ამბავს და არ გაგვეხარდება,
ალბათ, არასოდეს, არაფერი, მარა ისინი წავლენ. გასახვრეტი უფრო ბევრია, მეთქი,
დაიკო.
და ჩვენ, მაინც, მეთქი, ერთად ვიქნებით.
მერე ვიჯექი მანქანაში და ვტიროდი, მარჯანიშვილის მოედანზე.
თქვე ბოზებო, მოვდივარ!

No comments:

Post a Comment