გრიგოლ ორბელიანი - სადღეგრძელო

თამარის დროშა გაშალეს,
შეკრბა დიდუბეს ლაშქარი;
კახი ფარ-შუბით, თუში ხმლით,
ფშავ-ხევსურს შვენის აბჯარი,
მკლავით ძლიერით ქართლელი,
ვით ციხე-ბურჯი მაგარი,
ოსი ფეხ-მარდი, მთიული
ბრძოლაში შეუპოვარი!

მესხი სწავლითა ქებული,
გმირი იმერი ზრდილობით
და მშვილდოსნობით აფხაზი,
გურული, მეგრი მკვირცხლობით...

გმირნო, მამულის მადიდნო,
თქვენა ხართ ჩვენი დიდება!
თქვენთა სახელთა ამაყად
წარმოსთქვამს შთამომავლობა!
თქვენთა საქმეთა მოთხრობით
მოხუცს ცრემლ-მოედინება,
მხნეობით აღტაცებული
ჭაბუკი ხმალსა მისწვდება!

სხვა საქართველო სად არის,
რომელი კუთხე ქვეყნისა?
ერი - გულადი, პურადი,
მებრძოლი შავის ბედისა?!
შავთა დროთ ვერა შესცვალეს
მის გული ანდამატისა,
იგივ მხნე, იგივ მღერალი,
მოყვარე თავის მიწისა!..

Grigol Orbeliani - Sadgegrdzelo
გრიგოლ ორბელიანი - სადღეგრძელო

3 comments:

  1. მადლობა. ისტორიაში გამომადგა და ძალიან ლამაზი ლექსი ეს საქართველო ძაან მიყვარს.

    ReplyDelete