ტერენტი გრანელი - რკალიდან: კვირის წირვები

თეთრი ხაზებით დავეწევი სასტიკ ზმანებას,
დაისვენებენ ქიმერებზე ჩემი ცოდვები,
შენს მიმქრალ სახეს შემოდგომა მე არ მანებებს,
და აქ, თბილისში, თვით მათხოვარს შევეცოდები.

მე ეს შუადღე გამაოცებს თავის ლოცვებით,
ცოდვის ტაძარში გადავითვლი ფიქრებს გაძარცვულს,
წვიმის ლანდებში ვიმალები ღამის ოცნებით,
ო, ეს წუთები მე მაგონებს ტირილს გარდასულს.

ანთებულ გრძნობით ავაკივლებ ცრემლებს თვალებში,
როცა საშინლად გამაშავებს მთვარის სინესტე.
მეტად მწვავეა ეს ქვეყანა ღამის რკალებში
და ჩემი ლექსი-ყაჩაღების ცრუ მანიფესტი.

კვირის წირვებში ცოდვილ ტაძრებს ასწევენ მკვდრები,
თავის წამება სამრეკლოზე მარტო მე მინდა.
ო, ვიყრი მუხლებს, სინანულით შენ გევედრები,
მე გაჭირვებულს და საცოდავს, ღმერთო, შემინდე!

Terenti Graneli - Rkalidan: Kviris Wirvebi
ტერენტი გრანელი - რკალიდან: კვირის წირვები 

No comments:

Post a Comment