მიხეილ ქვლივიძე - ბეღურასავით

ბეღურასავით
გული გიცემს სულ ერთი ციდა,
შენც უფრთხილდები
შენი ბუდის პატარა სითბოს..
ავალ,
ვარსკვლავებს ჩამოგიყრი ქუჩებში ციდან, -
უკანასკნელი
სევდიანი სტრიქონი იყოს!

ავალ,
ჩამოვხსნი, დავაგორებ სპილენძის მთვარეს,
ადრე თუ გვიან -
დავიწყების გახდება ღირსი..
ოჯახში სითბო არ გაკლია,
დაასხი ბარემ,
შესანდობარი დავლიოთ მისი!

რა ვუყოთ მერე,
გული რომ გაქვს - სულ ერთი ციდა,
სამაგიეროდ ლამაზი ხარ,
ჭკვიანიც თითქოს..
ავალ,
ვარსკვლავებს ჩამოგიყრი ქუჩებში ციდან, -
უკანასკნელი
უნუგეშო სტრიქონი იყოს!

ჩამოვხსნი მთვარეს, მეოცნებე
მგოსნების მთვარეს,
მთვარეს, გროშივით გახუნებულს,
დაგიგდებ ფეხთით,
მშვენიერების სამრეკლოზე დავწყვიტავ ზარებს,
უკანასკნელად დავამღერებ:
”ო, როცა შევხვდით..."

მერე კი, ვიტყვი:
კმარა გულით ოცნების ზიდვა,
ასეა ყველა -
უფრთხილდება პატარა სითბოს..
ავალ,
ვარსკვლავებს ჩამოგიყრი ქუჩებში ციდან, -
უკანასკნელი
სევდიანი სტრიქონი იყოს!

Mixeil Qvlividze - Begurasavit
მიხეილ ქვლივიძე - ბეღურასავით

No comments:

Post a Comment