ვალერიან გაფრინდაშვილი - წუმწუმების სიმღერა

დღეს წუმწუმები დაიწვა ბევრი,
მკვდარ პეპლებივით ქუჩაში ყრიან.
ხმაურობათა დადუმდა ტევრი
და წუმწუმების ისმის არია:
"როგორც მიზრაფნი სწრაფად ვიალებთ,
კოლოფი არის სკრიპკა ირიბი,
ჩვენ პაგანინის ხელში ვტრიალებთ,
და თავისმკვლელი გვატარებს ჯიბით.
ჭლექი ასულის კვლავ მოლანდება
ეს მოგონება მაინც კარგია: -
როგორც კაპრიზი ჩვენი ანთება
უყვარდა ლილი მეუნარგიას.
არავინ ფიქრობს ჩვენს გასვენებას,
და კატაფალკი აღარ მოვიდა,
ამაოდ ველით ლოცვით ხენებას,
თუ ვინმე ნაზი დაგვიგლოვიდა!
ჩვენი იღბალი, ჩვენი დარდები
ვინ დაიტირა გულით კეთილით?
დღეს თუ ხვალ ტალახს ჩვენ ჩავბარდებით,
ბორბალით, ფეხით გადათელილი.
არა! მოაწევს მაჩაბლის ღამე.
ქარი დაბერავს სხვა გარინდებით,
და რომ ვარსკვლავთა ვნახოთ სიამე,
ვით წეროები, გადავფრინდებით.

Valerian Gafrindashvili - Wumwumebis Simgera
ვალერიან გაფრინდაშვილი - წუმწუმების სიმღერა

No comments:

Post a Comment