ვაჟა-ფშაველა - არწივი და კაკაბი

კაკაბმა უთხრა არწივსა:
“გთხოვ, ამიყვანო შვილადა”.
სთქვა და თვალთაგან ცრემლები
გადმოუგორდა წყვილადა.
“შენ რომა მყვანდე ქომაგად,
რას დამაკლებენ ქორები?
დავგოგავ თავისუფლადა,
არავის შევეპოვები.
შიშს ქვეშა ვცხოვრობ დღე და ღამ
და საკენკსა ვკენკ თრთოლითა,
ყოველი ლუკმა, ნაბიჯი
რწყულია შიშის ოფლითა.
ცის ქვეშე ჩემი მფარველი
არსით არ მოიპოვება,
უმწეოდ რომ ვგრძნობ ჩემს თავსა,
დაბნეული მაქვს გონება.
ოჰ, რომ იცოდე, არწივო,
ჩემი ტანჯვა და გოდება,
აღარ მოჰკლავდი კაკაბსა,
არ ჩაუყრიდი ბრჯღალებსა,
მის ხორცს არ დააფეთებდი
მაგ შენს მშვენიერს თვალებსა”.
– რას ამბობ, რასა, კაკაბო,
შე კლანჭ-უძლურო, ნაცარა?
ვინ დაგარიგა, ან ჭკუა
თავში რამ გამოგაცალა?
ხომ წაწყმდა მთელი სამეფო,
ქორ-შავარდნების ბრბოები,
თქვენ დაგრჩესთ სანავარდოდა
მინდვრის და მთათა შტოები!
ბარემ ის მითხრა, – მოკვდი-თქო,
პირდაპირ, მოუფერებლად!
გასწი, გამშორდი თვალთაგან,
ჩემ კლანჭთა მოუღერებლად,
თორემ იქნება ბუმბული
შენი წაიღოს ნიავმა,
მთისა მწვერვალი ახაროს
შენის ბუმბულის ტრიალმა!
განაბა სული კაკაბმა,
იქვე მოძებნა საფარი,
ჩაქრა სხივ-გამოუცემლად
გულს ანთებული ლამპარი.
დაიწყო მწარედ გოდება,
ნუგეშმცემელი სად არი?!
არწივი ცის მკერდს გაეკრა,
ფარფაშობს, როგორც მაყარი,
ცას უპოხს გამხმარს გულ-მკერდსა
ხამუშად მისი ყარყარი.
დასცინის უძლურთ სისუსტეს,
ლოცავს არსებულს წესებსა:
ზოგი რომ აბედი არის,
სხვა ზედ ცეცხლს დააკვესებსა,
გაუპობს ნადავლს გულ-მკერდსა,
დაჰბღუჯავს, დააკვნესებსა.

Vaja Fshavela - Arwivi Da Kakabi
ვაჟა-ფშაველა - არწივი და კაკაბი

No comments:

Post a Comment