ვაჟა-ფშაველა - არწივი და ყვავი

I
გაზაფხულია. მოფრინვენ
საოთები და წერონი,
ცას ღარადელად აესხნენ
დიდრონნი, გასაშტერონი.
ცა მოწმენდილა. მთებზედა
აღარსადა სჩანს ნისლია.
პატარა ფიფქი მოსულა,
ქედები დაუქირსლია.
კარგი მგზავრობის დრო არის:
გზა გაირჩევა კარგადა.
სამს დღეს მინდორზე ათიეს,
ამინდს ელოდენ, ამადა.
ახლა–კი დროა, წერონო,
ცას აეკიდნეთ ბარგადა!
აფრინდა ერთი, შეჰყვირა,
აალახლახა მხრებია;
წიოკით, ჟღავა–ჟღუვითა
იმას თან მიჰყვნენ სხვებია,
ბოლივით აღმა წავიდენ,
თითქოს ძირს ცეცხლი გვნთებია.
წავიდენ, მაღლა წავიდენ,
ძირს დარჩა დიდი მთებია.
ჯერ არეულად მიფრინვენ,
არ დაწყობილან მწკრივადა;
ჭყივილით ბელადს მისდევენ,
გზის მაჩვენებელს წინასა.
“მივდითო”, არე–მარესა
ერთხმად უხმობენ იმასა.
როგორ უხარისთ მგზავრობა,
ჭკვიანდ ისხდენ დილასა!

ΙΙ
მთას იჯდა ბერი არწივი,
შაღერებული ფიქრითა.
სადავლოდ გამოსულიყო
ვაჟკაცი იმავ დილითა.
ინღვირებოდა მამაცად,
მთა–ბარს თვალებით ჰსუტავდა,
ყველას ჰგრძნობს, ყველასა ჰხედავს,
სადაც–კი რამა ჰსუნთქავდა.
მიმოიხედა მრისხანედ,
თითქოს გულსა ჰკრეს ისარი.
ადგა, მიუპყრო ცივს ნიავს
უდრეკი გულის ფიცარი.
დინჯად წავიდა, ჭკვიანად,
მხრებს ათამაშებს ქარზედა
და დაიღუპა ცაშია
თვალის დახუჭვის ხანზედა.
ნეტავ, სად მიდის ვაჟკაცი,
ვის–რა მიუვა კარზედა?

ΙΙΙ
აგერ წერონიც დამწკრივდენ,
წინანდლებრ აღარ ჰყვირიან,
მხოლოდ ბელადი უკივის,
დაწყნარებულნი მიდიან.
მოისმა ჭექა, გრიალი,
თითქოს ცა მიწას დაეცა.
მთას მონადირე ვიდოდა,
ხამად ბანდული ჩაეცვა, –
არწივის ომის უნახავს,
შიშით ხმა მუცელს ჩაექცა.
ჰფიქრობდა: “ვაჰმე, კლდე მოსქდა,
ან მთიდან მოსწყდა ზვავია…
საბრალოს ჩემსა ცოლ–შვილსა
დღე გაუთენდა შავია…
საცაა, მოვა, წამიღებს
შეუბრალები ზვავია.
რად არ ვუჯერე სიზმარსა,
როცა რომ ვნახე ავია”.
კიდევ გაისმა ხვივილი…
ცა გატყვრა… ნიავ–ქარია…
ყურს უგდებს: ციდან მოესმის
გლოვა–გოდების ზარია.
დამწკრივებულნი წერონი…
რა იყო? რამ–რა არია?!.
ბელადს თავში სჭირს ნახმლევი,
დაბლა მოგორავს მკვდარია,
ბუმბულს–კი მიეზიდება
წაღმა–უკუღმა ქარია…
თან მოსდევს ლეგ–ჩოხა ბიჭი,
ის ხომ არწივი არია!
გაჯობა, ნუ გეწყინება,
შენსას სჯობს მაგის გვარია!
გაცქერდა მონადირეცა,
შუბლს ხელი მიუფარია.

ΙV
ამ დროს–კი ყვავი არწივსა
უთვალთვალებდა გორითა,
ყველაფერს კარგად ჰხედავდა,
შურსაცა ჰგრძნობდა შორითა.
რამდენჯერ ცდილა, არწივი
მას დაემცირა ჭორითა!..
ბევრჯელ უამბო ფრინველთა
მისი სილაჩრე, ფლიდობა
და დაუძრახა ათასჯერ
არწივსა კაი–ბიჭობა,
მაინც ვერ მოაშლეინა
მისი ხათრი და რიდობა.
ჰხედავს, ახლაც რომ ნადავლსა
მკაცრად დაევლო თავზედა.
სჯიჯგნის, სწეწს გააფთრებული,
ფრთაებ–გაშლილი განზედა.
იმას–კი კუჭი ეწვება,
კონკებ–შემოკრულს ტანზედა.
აენთო, მეტად გაბრაზდა,
მორთო უშნოვოდ ჩხავილი:
ხან თავის ხმაზე მოსთქვამდა,
ხან მელს მიუგავს ხავილი,
ძნელია შურით აღძრული
ბრაზი და გულის ქავილი!
არ იქნა, ვერ აისრულა
ყვავმა თავისი ქადილი.
ის ქუდოსანი ბიჭია,
ამას თავს ჰხურავს მანდილი,
რატომ არწივი არ ვარო,
აღეძრა მისი წადილი.
არწივი კარგად დანაყრდა
და გაათავა სადილი.
კლანჭები მხრებზე გაწმინდა,
ნისკარტი კიდევ – კლანჭითა,
შეინავარდა ჰაერში
ვაჟმა მხარ–ბეჭის მანჭვითა.

V
ყვავი ჯერ დაბლა დაეშვა,
იქ ნასისხარზე ჩაფრინდა;
მარტოკა ბუმბული ჰპოვა
და თავისათვის დაფიქრდა:
“უნდა ვეომო არწივსა,
უნდა ვაჩვენო თავია.
იმას ხომ მაინც იტყვიან –
ყვავი როგორი ავია!
უნდა შევაკვდე. ამ ყოფნას
მის ხელით მოვკვდე სჯობია,
არწივის ხელით მოკლული
ყვავი რა დასაგმობია?” –
სთქვა ეს და ისიც აფრინდა,
თან “ყვაა–ყვასა” ჩხაოდა.
არწივთან ბრძოლას უგნური
თავის ჭკვაშია თაობდა.
გაუთამაშა თვალებს–წინ,
შესჩხავლა უგემურადა,
თან ფრთაზე გაეხახუნა
არწივსა უკეთურადა,
მაგრამ ყოველი მის ღონე
რჩებოდა უბედურადა.
ხან შორით გამომალდება
გამწარებული სწრაფადა,
იფიქრებ, გამზადებულა
არწივის გასაკაფადა…
არწივი ყურსაც არ უგდებს,
თითქოს იქ ბუზი ბზუოდა.
ყვავს–კი, შრომისგან დაქანცულს,
ტანს ხვითქი გადასდიოდა.
რა ექნა? არწივი გაძღა,
იმას, ხომ ვიცით, ჰშიოდა!
აღარ შეეძლო მას ფრენა,
მთას დაჯდა, მწარედ ჩხაოდა,
არწივი ცაში ცურავდა, –
ვით ედემს ვარდი ჰყვაოდა.

Vaja Fshavela - Arwivi Da Yvavi
ვაჟა-ფშაველა - არწივი და ყვავი

No comments:

Post a Comment