ვაჟა-ფშაველა - აქა ამბავი დისწულ-დედიძმათი

(ქართლსა შინა მდებარეთი და ქალის
მის მზეთუნახავისა მაჩაბელაისა)
ქართლით მოიდა ამბავი,
გადმაიარა მთანიო,
საით გაიგო ბეჩავმა
ნეტავ საჩარგლო გზანიო?
კითხვითაც აღარა მკითხა,
შემომიმტვრია კარიო.
იმ დროსა მე და ბაჩანა
ერთად ვიყვენით ძმანიო,
ვახშამსა ვჭამდით ერთადა,
იყო საღამოს ჟამიო.
ხონჩაზე ქერის პურ გვედვა,
ხელში კაპრიან ჯამიო,
ვანხევს გრიგოლის ნახვეწი
კაკლის ნუჟრისა არიო.
ვავლიეთ არაყისადა
ვაჟი, ცოლი და ქალიო.
რომ ვერ ვიშოვეთ ვერსადა,
ვჯერვართ, რომ აღარ არიო.
უსასმლოდ არას მოვიშლით
ტყავ-გარექცევან ყმანიო.
დავწყიეთ ღვინო-არაყი,
მთელი იმისი გვარიო,
გაფუჭებელი კაცისა,
როდისაც აღარ არიო.
თუ მოვინდომეთ, იცით რად?
რომ შაგვეწყალა მკვდარიო,
თან გვედღეგრძელა ცოცხლები –
რაზიკაანი ძმანიო.
და რომ არსაით აღმოჩნდა,
არაყს ვარჩიეთ წყალიო.
ამ დროს გვესტუმრა ქართლიდან
ამბავი ნაფრინალიო.
შუბლი შაიკრა სტუმარმა,
როს გადაგვავლო თვალიო,
როდესაც გვნახა ფხიზლები,
ერთიც არა ვართ მთვრალიო.
„მოიტათ, დამალეინეთ, –
გვითხრა, – ხახა მაქვს მშრალიო
აქ რისთვის წამოვჩერჩეტდი
მე ეს თავ-მოსაკვდავიო?
აფსუსო, თედოს სუფრაო,
მაისივითა ჰყვავიო!
რა გინდა, სულო და გულო,
აწყვია როგორც ხვავიო:
დოში, სათალი, მოთალი,
იხვის სხვადასხვა ძვალიო,
კაკაბი, გნოლი, კურდღელი,
მიხაის მონაკლავიო.
ღვინო ხომ მოდის სუფრაზე,
ვით გაზაფხულზე ღვარიო.
დაჰპატიჟებენ სტუმრებსა
დისწულ და დედისძმანიო.
ერთმანერთს დაეჯახება
ზენა და ქვენა ქარიო.
ერთ ყლუპად როდი ეყოფათ
ქსანი, ლიახვი, მტკვარიო.
ვინც ექვს ბოთლს ქვეით დარჩება,
ის კაცი აღარ არიო.
თქვენ კი ხმელს პურს ჰხრავთ, საწყლებო,
სასმელადა გაქვთ წყალიო!
თავში დაჯდება თევდორე,
ი თავ-პირ დამსივარიო.
გვერდს დაუმშვენებს ასიკო,
ირაკლის მონაგარიო.
პირდაპირ უზის დისწული,
პირზე პუდრ-მონაყარიო.
ულვაშებს იგრეხს გაგნიძე,
დემოკრატიის ჯღანიო.
ცოტა არ მოსწონ ქვისლისა
სიტყვა გულ-მოსაფხანიო.
როს საქართველოს სადღეგრძლად
ხელში უპყრია ყანწიო,
ღმერთმანი, თხოვნა სჭირდება:
„აბა, თედო-ჯან, ასწიო!“
დასცლის და დაგაცლეინებს,
არა? სუფრიდან გასწიო!
სულ ბოლოში ზის წყალობა,
ხელთუბნით მონაყვანიო,
დინჯი და დარბაისელი,
როგორც უმანკო ცხვარიო.
სიმამრსა ჰზოგავს თევდორე,
არ ასმევს – ცოდვა არიო,
ბერიკაცია, ვერ შესძლებს,
დავზოგოთ, როგორც მგზავრიო,
ხელთუბანს უნდა წავიდეს,
ღვინო აქვს მოსატანიო, –
ვერ ჰხედავს, წყალობას გულში
როგორი ბრუნავს ალიო!
როგორ აყოლებს ყანწს თვალსა
კუჭის თქმით განაწვალიო.
ვერ დავსდეგ იმის ცოდვითა,
გამოვსხლტი, როგორც ქარიო.
მძიმეს სჩადიან ცოდვასა,
დიდი დგა ცოდვა-ბრალიო“.
– ამბავო, კარგა მიამბე
სიტყვები დანაბარიო,
გამაგებინე ძმებისა
ყველა კარგი და ავიო.
ჩვენს სადღეგრძელოს არ სვამენ
ნუთუ ის ჩვენი ძმანიო?
„გიამბობთ დაწვრილებითა,
არ მომიკვდება თავიო.
თუ დამიჯერებთ, ნუ მიწყენთ
შავს რო დავარქვა შავიო.
თქვენს სადღეგრძელოს ჭიქასა
ბევრს ასწევს იმათ მკლავიო.
მაგრამა დღეგრძელობასა
სიტყვაც თან მოსდევს მწვავიო.
ისეთ რაღაცებს გწამებენ,
მეკრძალვის იმის თქმანიო.
გაიპე, დედამიწაო,
თავზე დამექცენ ცანიო!
ნუთუ ძმებს ერთმანერთშია
ესეთი გაქვისთ ზავიო?“
– სტყუი, ამბავო, გრცხვენოდეს!
ძმები ვართ, განა სხვანიო!
„მაშ მოკვდეს ჩემი ამბვობა,
გამინაწყრომდეს ღმერთიო,
თუ ნაუბარში სიცრუვე
მე გავურიო ერთიო.
რო მოგატყუოთ, ვიცრუო,
ნეტავ რა მადგა ძალია?
მაშ არ გიამბობთ, არ გითხრათ?
ან კი რა დასამალია!
მიხეილს ჭლექი გაუჩნდა,
მას გული სტკივა ცალია –
მარცხენას ძუძუს თავზედა
ადგება რაღაც მჭვალია.
ღმერთმა დასწყევლოს დიაცი,
მაჩაბელაის ქალია!
ბიჭი იმისგან გაფუჭდა,
ჭლექი იმისი ბრალია…
მე მიხა მიყვარს ძალიან,
არ გვყავს იმისი ცალია.
ვით დარჩეს გადაუხდელი
წუტის დიაცის ვალია!
თქვენ, დედიძმებო, რო ჰბიჭობთ,
წელზე შაიბით ხმალია,
დაკმაზეთ იორღეები,
თოფებს უპირეთ ტალია.
მოიმხრიანეთ ბიჭები,
ვინცა კი თქვენი არია.
ძალიან გამოცდილია,
თან გაიყოლეთ მწარია,
გოგოთურს შეატყობინეთ,
მიხას გვარისა არია.
შაკარით მძიმე ლაშქარი,
ფშავ-ხევსურეთის ჯარია.
დაიპატიჟეთ შემწედა
ლაღი ლაშარის ჯვარია.
ერთს ღამეს მაჩაბელასა
უმტვრიეთ ციხის კარია.
თან გაიყოლეთ თოკები,
კოშკით კოშკს გასაბამია;
მოაბით მაჩაბლის კოშკსა,
ზედ გაიყვანეთ ჯარია.
წინ გაგიძღვებათ გრიგოლი,
როგორაც ნიავ-ქარია.
მოსრეთ მაჩაბლის ლაშქარი,
გამაიყვანეთ ქალია.
რა ჰნახავს ნესტანს ტარიელ,
დაუამდება მჭვალია,
თვალთაგან ცრემლი შეჰშრება,
არ შეაწუხებს გალია,
ეხლა რო პატრონსა სტანჯავს,
თავს აქნევს, როგორც მთვრალია,
ვეღარ აფხიზლებს პატრონი,
თუმც ბევრი ასხა წყალია.
მოვალენი ხართ, იხადოთ
თქვენ დედიძმური ვალია“.
ბაჩანას, ამის გამგონეს,
ცრემლი ჩამოსქდა ცხარია:
„სად არი ჩემი ბერდანკა?
სად არი ჩემი ხმალია?“
დედიძმა ამას იძახის,
განაგონარით მწყრალია.
მაგრამ დამშვიდდა მალედვე
და მე მომაპყრო თვალია.
მე სხვა გზა ვპოვე, ადვილად
ჭირიდან გასავალია.
ეს არის საშუალება,
ჰა ჩემი სამართალია!
ადვილად ასასრულები,
არც არი დასამალია.
მძვინვარე რეაქციის დროს
რა დროს თოფი და ხმალია?!
როცა ჭირს ადვილად დავძლევთ,
არ დაგვჭირდება ძალია!..
. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .
ვნახოთ თუ არ გვეშველება,
არ აგვცილდება ჭირია,
ვნახოთ თუ არ გამოსაღდეს
ჭლექით სნეული მწირია.
საცა თქვენი ჰქუხს ნაღარა,
იქავაც ჩემი სტვირია.

Vaja-Fshavela - Aqa Ambavi Diswul-Dedidzmati
ვაჟა-ფშაველა - აქა ამბავი დისწულ-დედიძმათი

No comments:

Post a Comment