ვაჟა-ფშაველა - აღარ მწადიან ვიმღერო

აღარ მწადიან ვიმღერო,
მინდა დღედაღამ ვგალობდე:
მე რომ არ მწყალობს უფალი,
მე მაინც ვისმე ვწყალობდე;
მკლავს ნდომა დაუსაბამო,
მოყვასისათვის ვწვალობდე.
ვიცი, ტანჯული ამგვარად
უნდა ბოლო დროს ვხარობდე.
ვინც მიყვარს, გარდა იმისა,
მინდა სხვასაცა ვყვარობდე.
პირველისადმი ტრფიალსა
მეორეშია ვსახავდე;
ახ, ნეტავ, სადმე შემყარა,
ასეთს არსებას ვნახავდე!
თვალებს დავეძებ სხვაგვარსა:
სატრფოში სატრფოს მჩინარსა,
ფრთებს შევისხამდი ახალსა,
გულს მოვირჩენდი მტკივანსა;
დაგუბებული გრძნობები
ქარს ემსგავსოდა მხვივანსა,
და აზრიც მამაცობითა –
არწივსა, მთაზე მყივანსა.
იქნებ მეშველოს, გავცოცხლდე,
შევვედრი უფლის მდივანსა:
ხმა მიმიწვდინოს ღმერთამდე,
შევიქმნე ჩანგის მფლობელი;
გულს მესვას ვნების ეკალი,
საღმთო ჰიმნების მშობელი,
კვლავ ვიყო აღტყინებული,
კეთილ ხმათ ხმებზე მწყობელი;
ჩემის ქვეყნისა გმირების
სახეთ შეფრქვევით მცნობელი, –
მიყვარდეს მოძულებული
ოხერი წუთისოფელი.

Vaja-Fshavela - Agar Mwadian Vimgero
ვაჟა-ფშაველა - აღარ მწადიან ვიმღერო

No comments:

Post a Comment