მუხრან მაჭავარიანი - ნაცნობი მთვარე

იგი სახლიდან გამოდის ახლა.
ამხანაგები უცდიან გარეთ.
კვლავინდებურად ელვარებს მაღლა
დედაქალაქის ქათქათა მთვარე.

სიცოცხლით სავსე გუგუნებს ქუჩა.
გოგონას სახეს უმშვენებს კდემა.
ტურფად უბრწყინავს თვალები ლურჯი,
მოდის ტრამვაი - ნომერი - 5.
ადის ტრამვაის კიბეზე მარდად.
ისწორებს ხელით ქათიბის კალთას
და
ფანჯარასთან ჯდება.

ტრამვაი მიდის...
განიერ გზაზე
ერთმანეთს სცვლიან ჭადრები, ხალხი.
მარტოდენ მთვარე,
თეთრონი მთვარე -
მისდევს ტრამვაი უცვლელი სახით.

ქუჩაში სუფევს დუმილი ხეთა.

. . . . . . . . . .

ყველაფერი ამას სოფლიდან ვხედავ.

. . . . . . . . . .

გულს ახალისებს ჰაერი სოფლის.
დგას საწნახელში ჭაბუკი ერთი.
შუბლზე წვეთები ასხედან ოფლის, -
ძალუმად სუნთქავს პიტალო მკერდით.

გაწითლებია მტრედივით წვივნი.
თმის წამდაუწუმ ისწორებს ხელით.
მარანს თანდათან ერევა ძილი, -
წითელი ტკბილით ივსება ქვევრი.

გარეთ ფერები დაღვრიან კირის.
სივრცეში თეთრად მოძრაობს მთვარე.
იპირებიან ქვევრები ტკბილით, -
ხუჭავს მარანი მეწამულ თვალებს.

კომშის ტოტებზე ქათმები სხედან.

. . . . . . . . . .

ორთავეს გვხედავს მთვარე კეთილი -
რძის დიდი წვეთი,
თეთრი წერტილი,
და აგონდებ:
ვარაზის ხევთან
შარშან
მე და შენ
რომ გვნახა ერთად.

Muxran Machavariani - Nacnobi Mtvare
მუხრან მაჭავარიანი - ნაცნობი მთვარე

No comments:

Post a Comment