მუხრან მაჭავარიანი - შემოდგომა

მთებზე გადმოდგნენ ზამთრის ჯარები -
გადმოათეთრეს მთათა წვერები...
დაფრთხნენ ვაზები,
დაფრთხნენ ჭალები,
დაფრთხნენ ყანები,დაფრთხნენ ველები.

- თავს უშველეთო! - იჭექა ვერხვმა
და...
რაც კი იყო ამჟამად ხილი:
უნაბი,
კომში,
ატამი,
ლეღვი, -
ყველამ ბეღლისკენ იბრუნა პირი.

კაკლები მაღლიდან ხტებიან კანკალით, -
ჯდებიან გოდრებში... გარბიან ბეღლისკენ...
თავპირისმტვრევით ცვივა კაკალი, -
ხელებს იფარებს თავზე ლეღვის ხე.

სიმინდის ტეხვა და აჩეხვაც გახურდა, -
ძარებში დიდრონი ტარონი სხდებიან.
კიდობნის ახდას და კიდობნის დახურვას, -
ღმერთმანი, ვეღარ აუდის ბებია.

ყურძენი ვენახიდან გამორბის კოდებით, -მარანში საწნახლები ივსება ხელად.
ვაშლებმა სასწრაფოდ დაცალეს ტოტები
და სახლის თავზე  მოთავსდა ყველა.

ღრუბლებმა დაფარეს ცის ლურჯი კამარა.
ურმებმა ამოავსეს შარა.
წელზე შემოირტყა სასწრაფოდ ქამარი, -
ყანიდან გაიქცა ჩალა.

და...
დარჩა საქონელს ბურთი და მოედანი.

. . . . . . . . . .

ბუხრის ყელიდან მტრედისფერი ამოდის კვამლი...
წიწილებივით გაფანტვია ძეწნას ფოთლები...
- დამიბრუნდითო! - საცოდავი უმწეოდ კნავის,
ამაოდ უხმობს გაქსუებულთ... შავი ტოტებით.

ბუხრის ყელიდან მტრედისფერი ამოდის კვამლი...
კითხულობს გაზეთს დერეფანში შუახნის კაცი.
იქვე ხელამოდ აუთოვებს თეთრეულს ქალი,
თავი ჩაურგავს
შორიახლო
წიგნებში ყმაწვილს...

და...
სოფელს უსიტყვოდ დაჰქათქათებს მთვარე მკაფიო,
დედამიწაზე ისახება ჩრდილები ხეთა...
მდუმარებაა.
და -
ვინ იცის, მთვარე რას ფიქრობს! -
ეს მთვარე ახლა მსოფლიოს ხედავს.

Muxran Machavariani - Shemodgoma
მუხრან მაჭავარიანი - შემოდგომა

No comments:

Post a Comment