მუხრან მაჭავარიანი - არგვეთის წვიმა

ჩვენს აივანზე მერცხალი გალობს, -
ყმაწვილს მწყურია მერცხლის ალერსი...
ცა იყოს თითქოს მართალი კალო,
როგორც ხორბალი - კევრის ნალეწი, -
წვეთები წვიმის
ცვივა
ციდანა...

სველდება ველი გადაცელილი.
ვხედავ სიმინდის დაულვაშებას.
გადაათეთრა მშვიდად წერილი.
გამოიტანა ზალიდან სკამი.
დაჯდა.
ცხამისკენ გაექცა თვალი
და
გააბოლა ბაბუაჩემმა.

. . . . . . . . . .

ლეღვის ფოთლებზე თქარუნობს წვიმა.
წიფლის იატაკს მერცხალი დამზერს.
ჩემს პატარა დას ცრემლები სცვივა,
ვზივარ
ბაბუას საყვარელ სკამზე.

. . . . . . . . . .

სასაფლაოზე - ლაშარულის გაღმა -
მარხია ჩვენი ბაბუა ახლა.

. . . . . . . . . .

ჟუჟუნა წვიმა იკარებს უცებ,
აღფრთოვანდება უეცრად ყველა.
სხვადასხვა ფერის -
სხვადასხვა ბუზებს
დაედევნება მერცხალი ველად.

- ირბინე!
უხმოდ გეძახის ველი.
- იფრინე! -
უხმოდ გეძახის ზეცა.
ფრინველებივით გალობენ ხენი.
დიდება მიწას!
დიდება მზესა!

Muxran Machavariani - Argvetis Wvima
მუხრან მაჭავარიანი - არგვეთის წვიმა

No comments:

Post a Comment