ჯანსულ ჩარკვიანი - მე

სინგურისფერი დაჰკრავს
მზისგან დალეწილ სახეს,
რწევით ვუმღერი სამკალს -
ქართველის შნოს და სახელს.

ჰა, შემომხედე, ვინ მგავს -
წესით, კანონით, რიგით,
მე რომ სხეულში მიდგას,
ღმერთის სისხლია იგი.

სუყველა მიცნობს კაცად
ყველგან, იქაც და აქაც,
მე კი, ხელების ნაცვლად
მტევნებით ვუხმობ ძმაკაცს.



ჩემი სიმღერა მკაცრი
მიეფიცხება მზის გულს,
მე ვარ ვენახი - კაცი,
მე ღმერთის სისხლი მიდუღს.

მივალ, ცხოვრების გზაწვრილს
მივყვები ფხიზელ-მთვრალი,
როგორც შეშვენის ყმაწვილს -
თარი თარალოო, თარიი...

Jansul Charkviani - Me
ჯანსულ ჩარკვიანი - მე

No comments:

Post a Comment