მურმან ლებანიძე - "თათარაიძის პატარა ქალო"

თათარაიძის
პატარა ქალო,
შენ შენი გული
პოეზიის ცეცხლს მიეც უშრეტს,
თავდავიწყებით
შენ შენსას ჰგალობ -
იხარე, შვილო,
ესახელე ჩვენს ბედკრულ თუშეთს!
ჩიტუნას ჰჰგავხარ
პაწაწუნას, რომელიც სჭყივის
და გაჩქარებით
ათასნაირ ტკბილ ხმას გამოსცემს;
ტირილ - წუხილთან
სიხარულიც შენს ხმაში სჭვივის,
გაოცებულხარ, -
გაოცება შენი გვაოცებს.
შენ არ გეწყინოს,
არ თქვა: რჩევა ადვილად ითქმის!
მე შენ ერთს გკადრებ,
არას გეტყვი მრავალსართულად:
შიგდაშიგ, შვილო,
ეგ ყვავილი თუშური სიტყვის!
სთქვი უფრო ნათლად,
ცოტა უფრო მთავარ - ქართულად!
სხვა რა გირჩიო?!
გახარებას ლექსით გვპირდები -
„ჩემ დედო" უთხარ
დედას მთავარს, ვინაც შეგიგრძნო!
ხომ მოგვეწონა
დაქსოვილი შენგნით ჩითები?!
ხომ მოგეფერა
საქართველო როგორც შეიძლო?!
თავდავიწყებით
შენ შენსას ჰგალობ...
მადლი შენს გამჩენს,
შენს გამომცემ ქორბუდა თუშეთს!
თათარაიძის პატარა ქალო,
გვირილას შენსას
ბერიკაცი იმედით უჭვრეტს!

Murman Lebanidze - Tataraidzis Patara Qalo
მურმან ლებანიძე - თათარაიძის პატარა ქალო

No comments:

Post a Comment