მურმან ლებანიძე - დიდი პოეტი ჩვენ დროდადრო ასეთიც ვიცით

ის ქართლს შეჰხარის,
მის მოწყენილ მშვენიერებას:
გზა ტირძნისისკენ,
კლდეს კასპისას, მეტეხის პურებს;
გრძნობს მათის ჭვრეტით
უზენაეს ბედნიერებას,
ელაციცება
მისი თვალი გლეხკაცს და ურემს.

ის არ სვამს კითხვას!
არ პასუხობს არვისგან დასმულს!
მას, დაღლილს ბრძოლით
და მსოფლიო ნგრევათა ელდით,
სიმშვიდე მხოლოდ!
არაფერი სხვა მეტი არ სურს -
დანთქმული არის
ის ამჯერად სამშობლოს ჭვრეტით,

გზები, მინდვრები,
ფეხადგმული ძნები ახარებს,
ის ქართლს შეჰხარის -
ყურძნის ტბებს და მიწისას ნაყოფს;
„ავჭალის იქით“,
„გავსცდით ხანდაკს“,
„ზვრები გრაკალის“,
ის ქალი ისევ
„მწუხარებით
მიჰყვება ახოს...“

როგორ! ეს არის?
სულ ეს არის ხატი პოეტის?!
რა იქნა გმირი,
მომავალი ნაბიჯით მტკიცით?!
- ერთ გუნებაზე
ვერ იქნები კაცი ყოველთვის!
დიდი პოეტი
ჩვენ დროდადრო ასეთიც ვიცით!

Murman Lebanidze - Didi Poeti Chven Drodadro Asetic Vicit
მურმან ლებანიძე - დიდი პოეტი ჩვენ დროდადრო ასეთიც ვიცით

No comments:

Post a Comment