მურმან ლებანიძე - "შეეწებება ლოკოკინა ქვეშიდან ხის ძირს"

შეეწებება
ლოკოკინა ქვეშიდან ხის ძირს
და კენწეროსკენ
ეშურება, ბეჯითად იღწვის....

ვითომც ლექსების
წიგნია და ფერადი ყდა აქვს _
ზურგსა ჰკიდია
სახლ-კარი და ბეჯითად დააქვს.

უძახე მაგას
შენ პედანტი! დღეგრძელობს, გახლავს!
ეგ უსიკვდილოდ
მოექცევა კენწეროს მაღლა!

რაიო?! ,,ტფუი!
ნაკვალევზე სტოვებსო ლორწოს?!"
შენ, როგორც გატყობ,
უფრო მეტად არწივი მოგწონს!

-კი! ერთს დასჭყივლებს,
გაერევა სავათის გუნდში
და მაგ კენწეროს
დააცხრება ნამდვილად წუთში!

მაღალმა ღმერთმა,
ლოკოკინავ, რაღაც დაგაკლო _
გარემოს შეგრთა,
შეგახამა, ჩაგკლა, ჩაგაქრო.

სამაგიეროდ
სიბეჯითე მოგმადლა სახსრად
და მხრებზე...
სახლი გაოგასხა
შენ ფრთების ნაცვლად...

წყნარად! სიფრთხილით! _
ყოველ ნაბიჯს ეჭვითაც განსჯი _
გასწი, საბრალო
ლოკოკინავ, ბეჯითად გასწი!..

კმაყოფილია
ლოკოკინა ცხოვრების ეტლით:
ბეჭებზე სახლით,
მყუდროებით, კომფორტით, ხვედრით!

არ მიაჩნია
ეგ არწივი არაფრად დიდად!
მოკლე ნაბიჯით
წინ მიიწევს თანაბრად, მშვიდად.

ხანდახან
მაინც გაუელვებს ჩვენს ლოკოკინას:
,,დახე უწესოს!
მაცოდინა ეგ როგორ ფრინავს!!!"

Murman Lebanidze - Sheewebeba Lokokina Qveshidan Xis Dzirs
მურმან ლებანიძე - შეეწებება ლოკოკინა ქვეშიდან ხის ძირს

No comments:

Post a Comment